მთავარი » ქრისტიანობა

როგორ ვებრძოლოთ სიცრუის ცოდვას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2012 | 5,952 ნახვა

“ვისთვისაც უცხო არ არის, დახვეწილი ტყუილი, არ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტიანად”

სიცრუე ცოდვებს შორის ერთ-ერთი გავრცელებულია. მას გულწრფელი სინანულითა და აღსარებით უნდა შევებრძოლოთ. ქრისტიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტი სარწმუნოების თანაზიარია, ტყუილის თქმა დაუშვებელია.

ეშმაკის განდევნა ადამიანიდან თუ რა არის სიცრუის ცოდვის გამომწვევი მიზეზი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ცოდვას და რამდენად ფრთხილად უნდა დებდეს ქრისტიანი აღთქმას, ამ თემის შესახებ გვესაუბრება მამა დავით თავაძე (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი):

გვესაუბრეთ სიცრუის ცოდვის შესახებ. რა უნდა მივიჩნიოთ სიცრუის გამომწვევ მიზეზად და რა კატეგორიის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი ეს ცოდვა?

სიცრუის სათავე ბოროტისულია, ეშმაკია, რაც მისი სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს. ბერძნულად “დიაბულოს” ეწოდება და ცილისმწამებელს ნიშნავს.
სიცრუეს წინ ღვთის დავიწყება უძღვის. დავიწყება იმის, ვისაც მალაქია წინასწარმეტყველი “სიმართლის მზეს” უწოდებს.
სიცრუის გამომწვევი მიზეზი, გარკვეულწილად, ამპარტავნებაა. მატყუარა ადამიანს მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს. მაგრამ დროთა განმავლობაში გრძნობს საკუთარ სისუსტეს. ამის გამო მასში ისადგურებს შიში და იმისათვის, რომ საზოგადოებაში თავი ძლიერად წარმოაჩინოს, ცრუობს, საკუთარ თავზე გმირობისა და გამორჩეულობის ამსახველ ტყუილ ისტორიებს თხზავს.

თავდაპირველად კაცობრიობის მტერმა ადამიანის ცოდვით დაცემისათვის ტყუილი გამოიყენა , მოატყუა ღვთის უცოდველი ქმნილებანი – პირველი ადამიანები, როდესაც უთხრა, რომ თუ სამოთხის აკრძალულ ნაყოფს შეჭამდნენ, კი არ მოკვდებოდნენ, არამედ იქნებოდნენ ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი. მას შემდეგ ყველანი ვტყუვდებით და ხიბლში ვართ( ხიბლი – ეს არის არასწორი,მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი გამორჩეულობისა და სხვებისგან აღმატებულობის შეგრძნება).
ეშმაკის ყველაზე მძლავრი იარაღი კაცობრიობაში ხიბლის მიმოთესვაა.

წმ. ალექსი ბერი წერს: “ვეცადოთ, ძმანო, რაცა ვართ, ისე გამოვჩნდეთ… ნუ ვიცვლებით ფერუმარილითა… სწორედ ესრეთ არს ყოველი მაჩვენებლობა.” ამ სიტყვებში იგულისხმება ხვედრი იმ ადამიანებისა, რომლებიც შეპყრობილნი არიან ტყუილით ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, ეხმიანება იოანე ღვთისმეტყველის ნათქვამი: ზეციურ იერუსალიმში არა შევიდეს “ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაი და ტყუილისაი”(გამოცხ.21.27). ხოლო დავით მეფსალმუნე წერს: “წარწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა.” ასევე, “რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალთა ჩემთა”(ფს.5.7).

ტყუილი განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანისათვისაა დამახასიათებელი. როგორც წმიდა მამები ამბობენ, კაცობრივი დიდების სიყვარული შობს სიცრუეს. მეტწილად ხიბლისადმი მიდრეკილი ადამიანები ცრუობენ.

სიცრუე დამახასიათებელია, ასევე, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანებისათვის. იმათთვისაც, ვისაც ამპარტავნების გამო ღმერთი დავიწყებია და შიშსა და ძრწოლას მოუცავს.
ქრისტიანი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჭეშმარიტების მსახურია. ამიტომ ვისთვისაც უცხო არ არის შეფარული, დახვეწილი ტყუილი, არ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტიანად.

სამწუხაროდ, დღეს მართლაც საკმაოდ გავრცელებულია ცოდვის ეს სახეობა. სოციოლოგიური გამოკითხვებითა და ფსიქოლოგიური ტესტირებებით დადგენილია, რომ ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთ ტყუილს მაინც ამბობს,რაც იმის მაუწყებელია ,რომ ჩვენ,ერმა თუ ბერმა, დროზე უნდა დავრეკოთ ზარები,რათა სიცრუის ცოდვა ადამიანებს ჩვეულებად არ გვექცეს.

როგორც წმიდა მამები ამბობენ, თვალთმაქცობა სიცრუის დედაა. იგი გულწრფელობის საპირისპირო ფენომენია. თვალთმაქცობის შესახებ წერს წმიდა ილია მართალი თავის უკვდავ პოემაში “განდეგილი.” იგი ასე ახასიათებს ამ სოფელს: “სად თვით სიტურფე და სათნოება ეშმაკის მახე და ცდუნებაა.” სწორედ თვალთმაქცებს მიმართავს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: “სანთელი გუამისაი არს თვალი.უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს ,ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.უკუეთუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენმე?.”(მთ.6.22.23).

რამდენად ფრთხილად უნდა იძლეოდეს ქრისტიანი დაპირებას და თუ დაპირება უკვე მიცემულია, როგორ უნდა იმოქმედოს?

ქრისტიანი ყოველგვარი დაპირების გარეშე უნდა ცდილობდეს, წარემატოს სიკეთესა და სათნოებაში, მაგრამ თუ რამეს დაჰპირდება მოყვასს, აუცილებლად უნდა აღასრულოს დანაპირები, რათა პირის გამტეხად არ წარმოჩინდეს და მადლი ჰპოვოს უფლის თვალში. გარდა ამისა, დაპირება ,როგორც წესი, ხდება სიტყვით. ამიტომ ვინც არ ასრულებს მოყვასისადმი მიცემულ სიტყვას, გარკვეულწილად, უქმისმეტყველების ცოდვაში ვარდება და როგორც სახარებიდან ვუწყით, “ყოველი სიტყუაი უქმი,რომელსა იტყოდიან კაცნი,მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა, რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.”

რამდენად მძიმე ცოდვას წარმოადგენს ფიცის გატეხვა? დარღვევა დაპირებისა, რომელიც სიწმინდეების წინაშეა დადებული?

სიწმინდეებისა და ღვთის წინაშე დადებული აღთქმის გატეხვა უმძიმესი ცოდვაა. ადამიანურ სისუსტეთა გათვალისწინებით, უნდა მოვერიდოთ აღთქმის დადებას და თუ მაინც დავდეთ, ყოველნაირად უნდა შევეცადოთ აღსრულებას, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ზოგი ადამიანი არასწორად ლოცულობს, არასწორად ითხოვს უფლისგან,ზოგიც არასწორ აღთქმას დებს, ან არასწორად აღასრულებს მას. ამიტომ აღთქმის შესრულება მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

როგორ შევეწინააღმდეგოთ სიცრუეს?

სიცრუეს, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოდვას, გულწრფელი სინანულითა და აღსარებით უნდა დავაღწიოთ თავი, ხშირი ზიარებით, გააზრებული ლოცვით (როცა გულითა და გონებით ვუსმენთ ჩვენ მიერ აღვლენილ ლოცვებს), საკუთარი თავის იძულებით, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლოთ ამ და სხვა ცოდვას.…
გარდა ამისა, აუცილებელია წმიდა წერილისა და სხვა საეკლესიო ლიტერატურის კითხვა.

როგორც ვიცით, უფალი თავისი უსაზღვრო მოწყალების გამო უშურველად გვაძლევს სულიერ და ხორციელ სიკეთეებს. ამიტომ არ გვამართებს ამაო ზრუნვა და დრტვინვა მათი მოპოვებისათვის,რადგან ღმერთმა თავად უწყის “რაი გვიხმს ჩვენ”. ამიტომ მადლობით უნდა ვიღებდეთ იმ ყოველივეს, რასაც კაცთმოყვარე უფალი ჩვენთვის გამოიმეტებს. უნდა ვმადლობდეთ ღმერთს უმცირესი წყალობისათვისაც კი ,რადგან ჩვენ, გარდა ცოდვებისა, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ამიტომ როცა უფალი დაინახავს, რომ ერთბაშად კი არ ვითხოვთ მისგან ყოველივე საუკეთესოს, არამედ ვმადლობთ მას ყველაფრისათვის, მაშინ მისი უმწვერვალესი სათნოებისა გამო “მრავალსა ზედა დაგვადგენს ჩვენ”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი