მთავარი » ქრისტიანობა

როგორ უნდა მოემზადოს პატარა ზიარებისთვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.11.2016 | 18,237 ნახვა

“ზიარება არის საოცარი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში”

რა მნიშვნელობა აქვს ზიარებას?, როგორ უნდა მოემზადოს პატარა ზიარებისთვის?, რატომ არ აზიარებენ დიდმარხვაში პატარებს? – ამ თემებზე “ამბიონი” ესაუბრა თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძღვარს – დეკანოზ დავით დათუაშვილს.

როგორ უნდა მოემზადოს პატარა ზიარებისთვის?

– პირობითად, პატარის ასაკი უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ზიარება 7 წლამდე ასაკი და 7 წლის შემდგომი ასაკი – 14 წლამდე. 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ზიარებისთვის არ ევალებათ აღსარების თქმა, ხოლო 7 წლის შემდგომი ასაკის ბავშვებმა ზიარებამდე აღსარება უნდა თქვან. 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაჩვევთ საბავშვო ლოცვანიდან ლოცვების კითხვას, ბავშვს ვასწავლით “მამაო, ჩვენოს”, ვასწავლით პირჯვრის სწორად გადაწერას, მცირე ლოცვებს, “უფალო, შეგვიწყალენ”, ვასწავლით საწყის ცნებებს, თუ რა არის ღმერთი, ანგელოზი და ა.შ. 7 წლის შემდგომი ასაკის ბავშვს ევალება აღსარების თქმა, დილა-საღამოს ლოცვების კითხვა უნდა მოსინჯოს, თუ ვერ შეძლებს, ისევ საბავშვო ლოცვანიდან უნდა იკითხოს. დაახლოებით 10-11 წლის ასკიდან მან უნდა შეძლოს სრული ლოცვის წაკითხვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოძღვართან უნდა შეთანხმდეს, რადგან მოძღვარმა იცის ამ ბავშვის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. შეუძლია მოაკლოს ან დაუმატოს იმ კანონებს, რომელიც მას მიეცემა.

რატომ არ აზიარებენ ბავშვებს დიდმარხვაში?

– დიდი მარხვა არის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ადამიანები ემზადებიან თავისი სულიერი თუ ფიზიკური ძალებით იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოამზადონ საკუთარი პიროვნება სინანულის საიდუმლოებისათვის. ზიარება როგორც წესი, დიდი მარხვის დროს 2-3 ჯერ ცდილობენ აღსარების თქმას. ამიტომაც, აღმსარებელი და მაზიარებელი ადამიანების დიდი რაოდენობა გროვდება. 3 წლამდე ბავშვების ზიარებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება, იმიტომ რომ ბავშვი მიუჩვეველია ზიარებას – ეს ერთი ფაქტორი, მეორე არის ის, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვს გაცნობიერებული არ აქვს ცოდვა და ის ეზიარება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის ეკლესიურობის ხარჯზე. ამიტომ ტიპიკონში მითითებულია, რომ დიდმარხვაში 3 წლამდე ბავშვები არ ეზიარებიან. ვცდილობთ ამ ქმედებით საშუალება მივცეთ სხვა ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში არიან მოსულები, თქვან აღსარება და ზიარება მიიღონ.

რა მნიშვნელობა აქვს ზიარებას?

– ზიარებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, პატარა იქნება, დიდი, ჩვილი თუ ავადმყოფი. ზიარება არის ქრისტეს სისხლთან და ხორცთან თანაზიარება. უბრალოდ, ადამიანს, რომელსაც უკვე აზროვნება და ანალიზი შეუძლია, უნდა იცოდეს, რომ ზიარება არის საოცარი მოვლენა მის ცხოვრებაში. ზიარებით, ის ფაქტობრივად თანაზიარი ხდება ქრისტესი, შემოდის მასში სულიწმინდის მადლით. ქრისტეს სისხლი და ხორცი იწვევს ადამიანის ცვლილებას და ამზადებს მას სასუფევლისთვის. ეს დიდი ადამიანებისთვის განსაკუთრებულია, მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვს გაცნობიერებული არ აქვს, თუ რა არის ზიარება, მას ხომ ვაზიარებთ მშობლის ეკლესიურობის ხარჯზე, მაგრამ მთავარი არის აქ ის მომენტი, რომ გააზრების გარეშეც ქრისტეს სისხლი და ხორცი უდიდეს მადლს ატარებს. როცა ბავშვი ამას ვერ აცნობიერებს, მას ეს მადლი მიეცემა ღვთის წყალობით და ისიც ხდება თანაზიარი ქრისტეს სისხლისა და ხორცისა. ის ფიზიკურად ეჩვევა იმ მდგომარეობას, როცა ის იმყოფება ტაძარში, ისმენს წირვა-ლოცვის ხმას და ეს ყველაფერი გვირგვინდება შემდგომ მისი ზიარებით, ეს ამზადებს მას მომავალი ეკლესიური ცხოვრებისათვის.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი