როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები?
სააღდგომო კვერცხის შეღებვა არავისთვის არ არის სიახლე. გთავაზობთ მცირე რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც არა მარტო ლამაზი, არამედ გემრიელი სააღდგომო კვერცხი გამოგივათ. “ამბიონი” ქალბატონ ირმა ტუხაშვილს ესაუბრა, რომელიც არაერთი რეცეპტის ავტორია.
ირმა ტუხაშვილი:
“სასურველია შესაღები კვერცხები იყოს ოთახის ტემპერატურის.
თუ მაინც პირდაპირ მაცივრიდან აღებულ კვერცხებს ღებავთ, 10-15 წუთით მაინც გააჩერეთ ოთახის ტემპერატურის წყალში.
რაც შეეხება სოფლის შინაურ კვერცხს და ფერმის კვერცხს – შეღებვისას განსხვავება არ აქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გემრიელად და ჯანსაღად რომ მიირთვათ, ვისაც აქვს შესაძლებლობა – სოფლის კვერცხს აქვს უპირატესობა.
რაც შეეხება შესაღებ საშუალებებს – უპირატესობას ვანიჭებ ენდროს, რადგან ის ყველაზე საუკეთესო, უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა სააღდგომო კვერცხების შესაღებად.
სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ენდროს დაუმატოთ ხახვის ფურცლებიც (ამით ძალიან დიდ განსხვავებას ვერ მიიღებთ, მაგრამ ხახვის ფურცლებიც თავის საქმეს აკეთებს).
შეღებვის პროცესი
ავიღოთ ქვაბი, რომლის ენდროთი შეღებვაც არ დაგენანებათ. ჩავყაროთ მასში კარგად გარეცხილი და კარგად დანაყული ენდრო, დავასხათ ცივი წყალი და ავადუღოთ (შეგიძლიათ სურვილის მიხედვით ხახვის ფოთლებიც ჩაყაროთ). ვადუღოთ 10-15 წთ.
გავაციოთ ეს ნახარში და ჩავალაგოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხები, დავუმატოთ 2 ან 3 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი და მოვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ადუღებიდან 40 წთ-ის შემდეგ ამოვიღოთ უკვე შეღებილი კვერცხები და ჩავალაგოთ ცივ წყალში.
იგივე ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხების მეორეჯერ მოხარშვისას, მაგრამ კვერცხები რომ არ დასკდეს – ნახარში გააციეთ და კვერცხები მეორეჯერ ისე მოხარშეთ.
კარგად რომ გაცივდება – უკვე მშრალი კვერცხები გავაპრილოთ ზეთიანი სალფეტქით ან ნაჭრით (ან ზეთიანი ბამბით).
რაც შეეხება მოხატულ კვერცხებს, მრავალფეროვნებისთვის იყენებენ ან ხელით მოხატვას ან ნაყიდ აპლიკაციებს.”
მიირთვით ჯანსაღად, ნატურალურად და გემრიელად.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.