მთავარი » ქრისტიანობა

როგორ უნდა მოვემზადოთ აღსარებისათვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2014 | 7,144 ნახვა

როგორ უნდა მოვემზადოთ აღსარებისათვის? “ამბიონს” ამ თემაზე კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური არჩილ ხაჩიძეს ესაუბრა:

“საკუთარი თავის გამოკვლევით, ძიებით მიდის ადამიანი აღსარებამდე. აღსარება არის იმ საიდუმლოს გარეგანი გამოვლინება, რომელსაც ეკლესია სინანულის საიდუმლოდ იცნობს. ზარი სინანულის უმთავრესი თვისება ისაა, რომ ადამიანის სულში იწყება ეს მდგომარეობა და აღსარება არის უკვე მისი გარეგანი გამოვლინება. ზოგადად, მართლმადიდებლურ საიდუმლოთა და მთელი ჩვენი ეკლესიური ცხოვრების შინაარსი გახლავთ ის, რომ ადამიანი უნდა გამთლიანდეს, გამთლიანდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც იგი ცოდვამ ჩააგდო. დავაკვირდეთ, რას იწვევს ცოდვა ჩვენში? იწვევს რაღაც შინაგან გაუცხოებას, ეჭვებს, შინაგანად გვანგრევს, გვამსხვრევს ძალიან ბევრ ნაწილად. ეს შინაგანი დამსხვრეულობა უნდა გამთლიანდეს ადამიანში. მთელი ეკლესიური ცხოვრება და აზროვნება ამისკენაა მიმართული, ამ გაჯანსაღებისა და გამთლიანებისაკენ. ამის მკაფიო მაგალითია სინანულის საიდუმლო, რომელიც შიგნით, სულში იწყება, გარეგანად კი ფიზიკური სხეულის მიერ აღსარებით მთავრდება. აღსარება და აღიარება ერთი და იგივე ცნებაა. აღსარებით, ანუ საკუთარი მდგომარეობისა და იმის აღიარებით, რაც ადამიანმა დააშავა და ინანა, პიროვნება ღვთისგან იღებს მიტევებას. სინანულს აქვს აუცილებელი, წარუვალი თვისება, რომ აღარ გვინდა გავიმეოროთ ის, რასაც ვნანობთ, აღარ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, რისაც შეგვრცხვა.

ვთქვათ, სიგარეტის მოწევა. ამ მავნებელ ჩვევას შეიძლება მთელი წელი ვერ დაანებოს ადამიანმა თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამას უნდა შეეგუოს, რომ მან მაინც იგივე უნდა ჩაიდინოს და აღსარებას არ იტყვის ამიტომ. ვერც ერთი ოჯახისშვილი ვერ დამიმტკიცებს, რომ რაღაც განსხვავებული ჭუჭყი ყრია მასთან სახლში, მაგრამ ყოველ დღე იქნება, თუ კვირაში ერთხელ, ყველა მაინც ალაგებს თავის სახლს. ვინმე მეტყვის, რომ განსხვავებულად ისვრება, რომ მიდის სახლში და აბაზანას იღებს? არა! ამიტომაც შეიძლება არაფერს განსხვავებულს და ახალს ჩვენ არ ჩავდიოდეთ, მაგრამ ის აღსარება მაინც უნდა ვთქვათ, კვლავაც უნდა დავაფიქსიროთ ღვთის წინაშე, რომ მე ამას ისევ ვნანობ, ისევ ვცდილობ და ვიბრძვი, რომ ეს გამოვასწორო. თუ ის დაიცალა იმ შინაგანი მდგომარეობისგან, რაცაა, მართლაც, სინანული და დარჩა მხოლოდ რაღაც გარეგან კონსტატაციად ფაქტებისა, ეს უკვე სინანული აღარ იქნება. სინანული არის ბრძოლა და სიხარული, რადგან ქრისტე ამბობს: მე ვარ ანი და ჰოე, სინანული არ არის მხოლოდ წუხილი, სინანული საოცარი სიხარულია, სიხარული იმისა, რომ ღმერთმა მოიღო მოწყალება და დამანახა ჩემი მდგომარეობა. გიორგი მთაწმიდელი ამბობს, რომ ფიცხელ არს სენი, მაგრამ უფიცხლეს უმეცრება სენისაო, ანუ ერთია, რომ ადამიანი ავადაა და მეორეა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ავადაა და საერთოდ არ მკურნალობს. ასე რომ, ადამიანმა თუ ეს გააცნობიერა, იგი აუცილებლად დიდი სიხარულითაა სავსე და მადლობას უხდის უფალს იმისთვის, რომ მან საშუალება მისცა, დაენახა თავისი მდგომარეობა, მიანიჭა განწყობა, რომ ეს მდგომარეობა გამოესწორებინა, უბოძა სწორი აზროვნება, რომ მან გაიაზრა ამ მდგომარეობის ავი და კარგი და ძალა მისცა, შეეცვალა ის, რისი შეცვლაც სურდა და ა.შ. ანუ სინანული, უპირველეს ყოვლისა, არის სიხარული, რადგან ამ დროს ხდება აღმოჩენა ჩვენში იმ ზედმეტობისა, იმ გაუკუღმართებისა, რაც აუცილებლად უნდა მოვიცილოთ.”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი