მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მოვემზადოთ ზიარებისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2020 | 8,861 ნახვა

წმინდა ზიარებისათვის მომზადება მოიცავს შემდეგს:

• ზიარების წინ უნდა ვიმარხულოთ;
• ზიარების წინადღით დავესწროთ საღამოს ღვთისმსახურებას;
• წავიკითხოთ დადგენილი ლოცვითი კანონი (ზიარების წინა ლოცვები);
• თავი შევიკავოთ საჭმელ-სასმელის მიღებისაგან თვით ზიარების დღეს, ანუ ზიარება უნდა მივიღოთ აუცილებლად უზმოზე;
• მღვდელმა აღსარების ჩაბარების შემდეგ ნება უნდა დაგვრთოს – კურთხევა მოგვცეს ზიარებისა;
• ზიარების დღეს უნდა დავესწროთ საღვთო ლიტურგიას.

ჯერ განვიხილოთ, თუ როგორ უნდა აღასრულონ ეს პირობები ზრდასრულმა მორწმუნეებმა, შემდეგ კი დავაზუსტოთ, თუ რა იცვლება მათში ბავშვებთან მიმართებაში.

მარხვის შენახვა ზიარების წინ ეკლესიის მიერ იმისთვის არის დადგინებული, რომ მორწმუნეებს შეეძლოთ განწმენდილი სულითა და სხეულით მიეახლონ ამ წმინდა საიდუმლოს. თუ როგორი იქნება ეს მარხვა (იგულისხმება მარხვის სიმკაცრეც და დღეების რაოდენობაც) ამას საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად შეურჩევს მოძღვარი მორწმუნეს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ზიარებისწინა მარხვა, ისევე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მარხვა, გულისხმობს თავშეკავებას არა მხოლოდ სახსნილო საზრდოსაგან და ზომიერებას სამარხვო საზრდოს მიღებაში, არამედ თავის არიდებას გართობა-სიამეთაგან, რათა მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს სულს, განსაკუთრებულად ვიგულმოდგინოთ ლოცვაში და სულისათვის სასარგებლო ლიტერატურის კითხვაში, ასევე აუცილებელია ზოგიერთი ბუნებრივი შეზღუდვებიც საოჯახო, მეუღლეობრივ ცხოვრებაში, – ყოველივე ეს ძალზე შეგვეწევა იმაში, რომ კარგად მოვემზადოთ ზიარებისთვის და ღირსეულად ვეზიაროთ უფლის წმინდა საიდუმლოთ.

ზიარების წინდღით ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ დავესწროთ საღამოს ღვთისმსახურებას ტაძარში. თუკი ამას ვერ მოვახერხებთ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაშინ უნდა ვეცადოთ აღსარებისას ვუთხრათ მღვდელს ამის შესახებ.

ლოცვითი წესი ზიარების წინ შემდეგისაგან შედგება: ზიარების წინადღით, საღამოთი, გარდა ძილად მისვლის ლოცვისა, ანდა დილით, გარდა დილის ჩვეულებრივი ლოცვებისა, უნდა წავიკითხოთ ზიარების წინა ლოცვები.
იმ ადამიანისათვის, ვისაც ახალი დაწყებული აქვს საეკლესიო ცხოვრება, კარგი იქნება, თუკი ის თავის მოძღვარს ჰკითხავს რჩევას ამ საკითხში, და მღვდელიც განუსაზღვრავს მას მისი ძალების შესაბამის და მისთვის მისაღებ ლოცვით წესს.

ზიარების წინ საზრდოს მიღებისაგან და წყლის დალევისაგან თავის შეკავება, საეკლესიო წესდებულებით, საჭიროა წინა საღამოს 12 საათიდან. ეს მოთხოვნა სავსებით ბუნებრივია: ზიარება – ქრისტეს სხეულისა და სისხლის მიღება არ შეიძლება, როცა კუჭი, სხეული საზრდოთი გვაქვს დამძიმებული (თავისთავად იგულისხმება, რომ ეს შეზღუდვა თამბაქოს მოწევასაც განეკუთვნება იმათთვის, ვინც ამ მავნე ჩვეულებას დამონებია: დილიდანვე, ზიარებამდე მოწევა არამც და არამც არ შეიძლება). ამ მიმართებით ერთადერთ გამონაკლისს სულიერი მოძღვრები დაუშვებენ მხოლოდ სნეული ადამიანებისთვის, რომელთაც რეგულარულად ესაჭიროებათ გარკვეული საკურნებელი საშუალებების მიღება (მაგალითად, როცა მორწმუნე დიაბეტით არის დაავადებული).

იმ მორწმუნემ, ვინც ზიარებისათვის ემზადება, აუცილებლად უნდა ჩააბაროს მოძღვარს აღსარება, რათა მისი კურთხევით იქნას დაშვებული ზიარებაზე. აღსარების ჩაბარება შეიძლება კვირის ნებისმიერ დღეს, ანდა საგანგებოდ დანიშნულ დღეებშიც.

ზიარების მიღებისათვის ბოლო პირობაა – დასწრება საღვთო ლიტურგიაზე. ეს იმას გულისხმობს, რომ თუკი ზიარებისათვის ვემზადებით, ადრე, საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე უნდა მივიდეთ ეკლესიაში. ხოლო თუკი რაღაც მიზეზის გამო თქვენ საგრძნობლად დაგაგვიანდათ წირვაზე მისვლა, ჯობს არ შეიშფოთოთ სული და არ დაარღვიოთ საეკლესიო წესდებულება – და სხვა დღისათვის გადადოთ ზიარების მიღება.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი