მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მოვაწყოთ სამლოცველო კუთხე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2011 23 კომენტარი | 37,492 ნახვა

სალოცავი კუთხე წმიდა გამოსახულებებით გამშვენებული ადგილია სახლში, სადაც იკრიბება ოჯახი სალოცავად. მისი დანიშნულებაა, დაიფაროს ოჯახი ბოროტი სულებისაგან და ოჯახის მორწმუნე წევრებს შეუქმნას ლოცვითი განწყობილება მოძღვრის მიერ მათთვის დადგენილი ლოცვითი კანონის აღსრულებისას.

ხატი კურთხევის წყალობით იძენს მის ძალას, ვინც მასზეა გამოსახული. სწორედ ამის გამოა, რომ ამა თუ იმ ხატის მიერ არა ერთი სასწაული აღესრულება. ისინი შეეწევიან პიროვნებას განსაცდელში. გარდა ამისა, ლოცვა ხატის წინ – ესაა უშუალო ურთიერთობა უფალსა და წმიდანებთან, ამიტომ სალოცავი კუთხის ქონას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

სალოცავ კუთხეში უნდა მოვათავსოთ ის სხვადასხვა საეკლესიო სიწმიდეებიც, როგორიცაა: ნაკურთხი წყალი, საეკლესიო სანთლები (რომლებიც აუცილებლად ტაძარში უნდა იყოს შეძენილი), სეფისკვერი, არტოსი, ნაკურთხი ზეთი (სხვადასხვა წმიდა ადგილებიდან).

რა დანიშნულება აქვს სეფისკვერს და როგორ მივიღოთ იგი?

სეფისკვერი, ანუ “სეფე კვერი” – “რჩეული პური – არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა. წირვის შემდეგ სეფისკვერი განიყოფება და ურიგდება მორწმუნეებს ნიშნად მათი ერთიანობისა და ურთიერთთანაზიარობისა ეკლესიის წიაღში.

სეფისკვერი უნდა მივირთვათ უზმოზე ლოცვის შემდეგ. მისი მიღება შეგვიძლია როგორც ტაძარში, ასევე სახლში. კარგია, თუკი საზრდელის მიღებამდე სწორედ სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს ვიხმევთ.

ცნობილია, რომ მდინარე იორდანეში ჩასვლითა და ნათლისღებით უფალმა თავად წყლის ბუნება განწმიდა, ამიტომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წყალმა უდიდესი მნიშვნელობა და დანიშნულება შეიძინა: წყალში ინათლება ყოველი ქრისტიანი, წყლით იკურთხება ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.

ნაკურთხი წყლის მიღება სასიკეთოა როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვის (ჯანმრთელობისთვის). ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი დღე სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებით დავიწყოთ.

რა არის არტოსი და რა დანიშნულება აქვს მას?

არტოსი არის სეფისკვერი, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე დაბრძანებულია საკურთხეველზე და უდიდეს მაკურთხებელ ძალას იძენს. არტოსი უდიდესი სიწმიდეა. მისი მიღება შეიძლება ავადმყოფობის, ან დიდი სულიერი განსაცდელის ჟამს. მიღების წინ უნდა ვილოცოთ.

როგორ მოვაწყოთ სამლოცველო კუთხე?

პირველ რიგში, სწორად უნდა შევარჩიოთ ხატები. უფლის, ღმრთისმშობლის, ან წმიდანების ყოველგვარი გამოსახულება არ შეიძლება ხატად ჩაითვალოს. მართლმადიდებლურ ხატს აქვს თავისი კანონიკა, რისი წყალობითაც იგი თავისუფლდება ყოველგვარი მიწიერისგან და მასზე გამოსახული წმიდანის სულიერ პორტრეტს წარმოაჩენს. ამიტომ არამართლმადიდებლურ (მაგ.: კათოლიკურ) ხატებს არ გააჩნიათ ლოცვითი ღირებულება და სალოცავ კუთხეში არ შეიძლება მათი მოთავსება.

ხატები უნდა განლაგდეს აღმოსავლეთ კედელზე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის – ჩრდილოეთ, ან სამხრეთ კედლებზე. შესაბამისად, ქრისტიანიც ლოცვისას პირით აღმოსავლეთისაკენ დგება.

რა მნიშვნელობა აქვს ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებას?

ეს წესი, სხვა მრავალთან ერთად, წმ. მოციქულებისაგან მომდინარეობს. იგი იმიტომ შემოიღეს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, “მზე სიმართლისა” აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებებში იგი ხშირად “აღმოსავალად” მოიხსენიება. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა. და ბოლოს, მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ველით, ამიტომ აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

როგორ განვალაგოთ ხატები?

ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს უნდა მოთავსდეს მაცხოვრის ხატი, მარცხნივ – ღმრთისმშობლისა, ქვემოთ წმიდანებისა, საერთოდ, ეს ზოგადი წესია, კანკელის მაგალითიდან აღებული. დანარჩენი კი თითოეულის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა სასურველია დავიცვათ იერარქია: წმიდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ რომ არ მოხვდეს. სამღვდელო კურთხევანის მიხედვით, უფლისა და ღმრთისმშობლის ხატების შემდეგ დაცული უნდა იქნას ხატების განლაგების შემდეგი იერარქია:

1) წმ. იოანე ნათლისმცემლის,

2) წმ. წინასწარმეტყველთა,

3) წმ.პეტრესი, წმ. პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა,

4) წმ. მღვდელმთავართა,

5) სხვა მოციქულთა და წმიდა მოწამეთა,

6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა,

7) წმ. უვერცხლო მკურნალთა,

8) წმ. იოაკიმესი და წმ. ანასი.

რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმიდა სამების, მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატები. აგრეთვე, ქართველთა განმანათლებლის – წმ.ნინოს, წმ. გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის – წმ. ნიკოლოზის ხატები.

სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმიდანების, წმ. იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფრაველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები. ასევე, იმ წმიდანთა ხატები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.

ცნობილია, რომ ესა თუ ის ხატი შემწეა ამა თუ იმ ხორციელი თუ სულიერი უძლურებისას. ამიტომ ხატების შერჩევისას უნდა გავითავალისწინოთ ეს ფაქტორიც. კარგია თუ გვექნება, მაგალითად, წმ. პანტელეიმონის ხატი, როგორც ყოველთა მკურნალისა, წმ. გური, სამონ და აბიბოს და წმ. ნატალიასა და ადრიანესი, როგორც ოჯახის სიმტკიცის მფარველისა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი “შეუსმელი ბარძიმი”, რომელიც ლოთობის ვნების საწინააღმდეგოა, ან “პანტანასა”, როგორც სიმსივნიანთა მკურნალისა. გონებაგაუხსნელ ბავშთათვის – წმ. იოანე კროშტანდტელის, ან წმ. სერგი რადონეჟელისა, მატერიალური გაჭირვების ჟამს – “ბარაქის” ხატი, სხვადასხვა ოჯახური პრობლემებისას – წმ. მატრონასი და წმ. ქსენია პეტერბურგელისა და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ხატის შეძენა არ არის საკმარისი სულიერი თუ ხორციელი პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებელია ჩვენი ღრმა რწმენა და გულმხურვალე ლოცვა. სასურველია წავიკითხოთ ამ ხატებისთვის შექმნილი სპეციფიური ლოცვები და “დაუჯდომლები” მოძღვრის კურთხევით, ხშირად ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიცხოთ ზეთი. წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში მოვიძიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეწევა უფალი.

რა მნიშვნელობა აქვს ჯვარს ხატების კუთხეში?

ჯვარი არის დიდება ქრისტიანეთა, “ქებათა ქება”, ნიშანი ჩვენი გადარჩენისა, ეშმაკის მონობისაგან გათავისუფლებისა, ქრისტეს სიმდაბლისა; “საჭურველი მშვიდობისა”, “უძლეველი საძლეველი”, ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ, ჩვენი მფარველი, მცველი.

რა შეიძლება გვქონდეს კიდევ სალოცავ კუთხეში?

კარგია თუ გვაქვს კანდელი, სასანთლე, სასაკმევლე (საცეცხლური), სასულიერო წიგნები.

რა მნიშვნელობა აქვს კანდელს?

კანდელის სანთელი არის სიმბოლო ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმიდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მათ ხატებსაც აქ, დედამიწაზე მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, როგორც ზეციური ნათლის სიმბოლო.

ძველ აღთქმაში მკაცრი მოთხოვნა იყო იმაზე, რომ უფლის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. ახალ აღთქმაში, წმ. იოანე ღმრთისმეტყველის “გამოცხადებაში” იგი ხედავს მაცხოვრის საყდრის წინაშე ანთებულ 7 ცეცხლოვან სასანთლეს და მათ შორის – იესო ქრისტეს.

რა მნიშვნელობა აქვს სანთელს?

სანთელი ზოგადად გამოხატავს ჩვენი გულის სითბოსა და სიყვარულს ღმერთისადმი. სანთლის ცვილი კეთილი საქმეების, ხორციელ და სულიერ შრომათა სახეა, პატრუქი – რწმენისა. გათვითცნობიერებული რწმენა სწორად შეხამებული საქმეებთან, ღმერთის მადლით, ადამიანს ზეცაში აღიყვანს. მაგრამ ესეც არ კმარა: აუცილებელია, რომ სანთელი წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში აინთოს (შინ კი – როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრის “სახლის ეკლესიაში”).

რა მნიშვნელობა აქვს კმევას?

სიწმიდეების წინაშე კმევა სიმბოლოა ჩვენი გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც საკმევლის ბოლივით ადის ღმერთთან. აგრეთვე, იგი არის ხილული ნიშანი სულიწმიდის კეთილსურნელებისა. საკმეველი სიმბოლოა ქრისტიანის შინაგანი ლოცვისა და სულიერი განცდებისა.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამლოცველო კუთხის მოწყობისას?

ეს კუთხე არ უნდა იყოს ცოლ-ქმრის საძინებელ ოთახში (თუ გამოსავალი არ არის, ფარდა უნდა გაუკეთდეს, რომელიც ლოცვის დროს გაიხსნება). ხატების კუთხისათვის უნდა შევარჩიოთ საუკეთესო ადგილი, როგორიც ეკადრება წმ. გამოსახულებებს. ხატების წინაშე არ უნდა ვიაროთ ნაწილობრივ შეუმოსავებმაც კი. არ უნდა ვეწეოდეთ სიგარეტს და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რაიმე სიტყვითა თუ მოქმედებით არ შეურაცხვყოთ წმ. ხატები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორი გულმოდგინებითაც მოვეკიდებით თითოეულ საქმეს, რომელიც ღმერთს უკავშირდება, ასეთივე კეთილგანწყობით გვიპასუხებს უფალი. და, პირიქითაც, ჩვენი დაუდევრობისა და სიწმიდეებისადმი ზერელე მოპყრობისათვის მკაცრად ვაგებთ პასუხს საშინელ სამსჯავროზე, რისგანაც ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, შეგვიწყალოს და გვაცხონოს, ამინ!

მოამზადა ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

23 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი