მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მივმართოთ მღვდელმსახურებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2020 | 1,032 ნახვა

„…კურთხევაჲ უფლისაჲ თქუენ
თანა, გაკურთხენით თქუენ
სახელითა უფლისაჲთა“
(ფსალმ. 128, 8)

„მამა!“ – ასე უწოდებენ მღვდლებს, როგორც საიდუმლოთა აღმსრულებლებს, რომელთა მეშვეობით ადამიანები სულიერი ცხოვრებისათვის იშვებიან. ჩვეულებრივ – სიტყვა „მამა“-ს შემდეგ უმატებენ მღვდლის სახელსაც, მაგალითად, „მამა პეტრე!”

მართლმადიდებელთა საუბრებში ხშირად გაისმის სიტყვა „მამაო“. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ მღვდელმსახურისადმი მხოლოდ პირდაპირი მიმართვისას წოდებით ბრუნვაში. მაგალითად, „მაკურთხე (დამლოცე) მამაო“ და შეცდომაა თქმა „მე მაკურთხა მამაო გიორგიმ“, არამედ „მე მაკურთხა (დამლოცა) მამა გიორგიმ“.

ასევე არ არის მიზანშეწონილი მღვდელმსახურებს მივმართოთ სიტყვებით – „წმინდაო მამაო!“, როგორც ეს ე.წ. „კათოლიკურ“ ქვეყნებშია მიღებული. ადამიანის სიწმინდე მხოლოდ ღმერთმა უწყის, რაც მისი სიკვდილის შემდეგ გაცხადდება ხოლმე.

მღვდელმთავრებს – ეპისკოპოსებს, მთავარეპისკოპოსებს, მიტროპოლიტებს უნდა მივმართოთ სიტყვით „მეუფე!“, რადგან ისინი შემოსილნი არიან უმაღლესი სასულიერო ძალაუფლებითა და საეკლესიო ხელმწიფებით.

ზოგჯერ საჭიროა ხოლმე წერილობით მივმართოთ მღვდელმსახურს. ასეთ შემთხვევებში მღვდლებს უნდა მივმართოთ სიტყვებით „თქვენო ღირსებავ!“, დეკანოზებს – „თქვენო მაღალღირსებავ!“, ეპისკოპოსებს – „თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ!“, მთავარეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს – „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!“, ხოლო პატრიარქს – „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!“, ან მხოლოდ „თქვენო უწმინდესობავ!“

სექტანტები, რომელთაც არა ჰყავთ სამღვდელოება, ხშირად გვსაყვედურობენ ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომ თითქოს ჩვენ ვარღვევთ ქრისტეს სიტყვებს: „…მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა“ (მათ. 23, 9). მაგრამ ცხადია, რომ სიტყვებს „ნუვის ჰხადით“ აქვთ მნიშვნელობა – „ნურავის სცემთ თაყვანს“, იმიტომ, რომ სხვაგვარად უფლის სიტყვებს უაზრობად გადავაქცევთ. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მახარებელი იოანე თავის კათოლიკე ეპისტოლეებში ქრისტიანებს მიმართავდა სიტყვით „შვილნო“ (იხ. 1 იოან. 2, 1, 12, 28). საპასუხო მიმართვაც, ცხადია, შესაბამისი იქნებოდა. საქმე სიტყვაში კი არ არის, არამედ მისადმი შინაგან მიმართებაში.

ყოველ მორწმუნე ადამიანს, მღვდელმსახურთან შეხვედრისას, თავის მოვალეობად მიაჩნია სამწყემსო კურთხევა, დალოცვა სთხოვოს მას – იგულისხმება ჯვარის გადასახვა და დალოცვა.

როცა მღვდელმსახური გვაკურთხებს, თითების წყობა ისეთი აქვს, რომ ისინი ბერძნულ ასოებს „ი.ს. ქ.ს.“ (Ic. Xc.) გამოსახავენ, ანუ იესო ქრისტეს. ეს ნიშნავს, რომ მღვდლის მეშვეობით ჩვენ თავად უფალი იესო ქრისტე გვაკურთხებს. ამიტომ, ასეთი კურთხევა განსაკუთრებული მოწიწებით უნდა მივიღოთ. როცა კურთხევის მისაღებად მივდივართ მღვდელმსახურთან, ქედი უნდა მოვუხაროთ და ხელის მტევნები ჯვარედინად დავაწყოთ – მარჯვენა – მარცხენაზე, ხელისგულებით ზევით. კურთხევის მიღების შემდეგ ჩვენ ვეამბორებით ქრისტეს მაკურთხეველ ხელს (ანუ გადაჯვარედინებული ხელით ჯვარს ვქმნით, ზედ დადებულ მარჯვენას კი როგორც მაცხოვრის ჯვარცმულ და ჩვენს მაკურთხეველ ხელს ისე ვემთხვევით).

მღვდელმსახურისაგან კურთხევის მიღება მხოლოდ მაშინ კი არ შეიძლება, როცა ის საეკლესიო შესამოსელით არის შემოსილი, არამედ მაშინაც, როცა სამოქალაქო – ერისკაცის ტანსაცმელი აცვია, ამასთან, არა მხოლოდ ტაძარში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც. ასევე კურთხევის აღებით უნდა დაემშვიდობოს ერისკაცი მღვდელმსახურს. თუკი რამდენიმე მღვდელმსახური დგას ერთმანეთის გვერდით, კურთხევა უპირატესისგან უნდა აიღოთ, დანარჩენებს

კი თავის დაკვრით მიესალმოთ, თუმცა თუ თქვენ მაინც გსურთ ყველასაგან აიღოთ კურთხევა, მაშინ საჭიროა ჯერ სამღვდელო ხარისხით თუ პატივით უპირატეს მღვდელმსახურთან მიხვიდეთ კურთხევისათვის და შემდეგ – სხვებთან. სამღვდელო კურთხევის მეორე მნიშვნელობა არის ნებართვის მიცემა, გზის დალოცვა. ყოველი საპასუხისმგებლო საქმის დაწყების წინ, გამგზავრების წინ, აგრეთვე ყოველგვარ მძიმე ვითარებაში ჩვენ მღვდელს უნდა ვეკითხებოდეთ რჩევა-დარიგებას და ვთხოვდეთ ლოცვა-კურთხევას თავისთავად პრაქტიკიდან გამომდინარე.

არ შეიძლება კურთხევისათვის მისვლა შეუფერებელ დროს: როცა მღვდელმსახური მორწმუნეებს აზიარებს, აღასრულებს ტაძრის კმევას, ზეთს სცხებს.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი