მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მივაჩვიოთ მოზარდი ეკლესიურ ცხოვრებას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.10.2012 2 კომენტარი | 5,048 ნახვა

მორწმუნე მშობლები, რომლებიც ტაძარში ხშირად დადიან, შვილის სარწმუნოებრივად აღზრდის საუკეთესო მაგალითები ხდებიან. ბავშვი და ეკლესია თუმცა ყველა მშობელი თავის როლს როდი აცნობიერებს… რა მნიშვნელობა აქვს ბავშვების ეკლესიურ ცხოვრებას? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე “ამბიონს” წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი მალხაზ ყიფიანი ესაუბრა:

“მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემით, ბავშვის აღზრდა ჯერ კიდევ დედის მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. როდესაც უკვდავი სული დედის წიაღში ჩასახლდება, ბავშვის აღზრდაზე გავლენას ახდენს დედის ემოცია, ცხოვრების წესი, ოჯახური გარემო, აღარაფერს ვამბობთ იმ გენეტიკურ კოდზე, რომელსაც ატარებს ბავშვის უკვდავი სული… ჩვენ კი ხშირად გვგონია, რომ ბავშვის აღზრდა მისი დაბადებიდან, ან ცნობიერების შეძენის შემდეგ იწყება. როცა ერთ ბრძენს ახალი ფეხადგმული ბავშვი აღსაზრდელად მიუყვანეს, მან თქვა, რომ მისი აღზრდა უკვე დაგვიანებული იყო. მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვს დედა მუცლადყოფნის პერიოდში უნდა ესაუბრებოდეს, მამაც ესიტყვებოდეს, რადგან მას ყველაფერი ესმის.

დედა, რომელიც მორწმუნეა და მუცლადყოფნის პერიოდში ეკლესიურ წიაღში აცხოვრებდა ბავშვს, ასეთი მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან ეკლესიის, ღვთისა და სასულიერო პირების სიტყვების, საგალობლების მიმართ. ჩვენს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ხშირია.

დედამ განსაკუთრებული ყურადღება შვილის სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებას უნდა მიაქციოს. ადამიანს აუცილებლად უნდა დაერქვას წმიდანის სახელი. ახალშობილი უნდა ატარებდეს ნაკურთხ ჯვარს და მის საძინებელ ოთახში უნდა გვქონდეს მისი სახელობის წმიდანის ხატი. როცა ბავშვი წამოიზრდება, მას უნდა გავაცნოთ ამ წმიდანის ცხოვრება და თავიდანვე შევაჩვიოთ ეკლესიურ ცხოვრებას, უნდა იცოდეს, რატომ უნდა მოიყაროს მუხლი, რატომ უნდა დაანთოს სანთელი, გადაიწეროს პირჯვარი…

დედა მაგდალინა გვეუბნება: სიცოცხლის პირველ დღეებში ჩვილი მთლიანად დედაზეა დამოკიდებული, მაგრამ სულ თავიდანვე მამის სიყვარული და ალერსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამის სასიცოცხლო აუცილებლობა ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია სულიერი თვალსაზრისითაც. თანამედროვეობის ერთ-ერთი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ძალზე ბევრი ბავშვისათვის მამის სახე ნეგატიურია, ან საერთოდ არ არსებობს. ეს წარმოადგენს საშიშროებას მათი ურთიერთობისათვის ღმერთთან, ზეციურ მამასთან. მამებმა უნდა დაატანონ თავს ძალა და გამოძებნონ დრო შვილებთან ურთიერთობისათვის. ბავშვის პირველი სასიცოცხლო წელი მნიშვნელოვანია მისი ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი ზრდისათვის. სწორედ ამ დროს ყალიბდება ხასიათი და შეიძლება მშობლების შრომა მეტად დამღლელი და დაძაბული იყოს, მაგრამ ეს ძალისხმევა არ არის ამაო. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: ნუ დაიზარებთ შრომას. თქვენ ხომ თქვენთვის შრომობთ. რამეთუ თქვენი ცხოვრება ადვილი იქნება, თუ თქვენი შვილები აღივსებიან სათნოებით და ამ შრომაშიდაც თქვენი მიმბაძველნი შეიქმნებიან. ამ მაგალითის როლი ბავშვების ცხოვრებაში დედის მუცლადყოფნის პერიოდიდანვე მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და უდიდესი როლი და დანიშნულება ენიჭება.

ვისურვებდი, დედა მაგდალინას წიგნი “ფიქრი ბავშვებზე დღევანდელ მართლმადიდებელ ეკლესიაში” ყველა დედას წაეკითხოს და სამაგიდო წიგნი ყოფილიყოს ბავშვის აღზრდაში.”

როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს ღვთის სიყვარული?

ამ თემაზე ძალიან კარგად, მუხლობრივად აქვს ჩამოყალიბებული თავისი აზრი დედა მაგდალინას. ცხადია, ყველა მშობელი შვილს კარგს ურჩევს, მაგრამ მთავარია კარგი მაგალითი. როცა გსურს, ბავშვმა იაროს ეკლესიაში, ქმნას სიკეთე, საკუთარ ოჯახში თუ ვერ ხედავს ამის მაგალითს და ძალით მიგყავს მოძღვართან, აჩეჩებ მას, რომ აზიაროს, ამ დროს შენ არც აღმსარებელი ხარ და ეკლესია მხოლოდ იმისთვის გინდა, რომ გაგიგონია, კარგია და გსმენია, შენი შვილების კეთილდღეობისათვის აქ მისვლა აუცილებელია, ეს არ არის პოზიტივი მშობლების ცხოვრებაში. შენ როდესაც ასე ცხოვრობ, შვილი რჩევის გარეშეც თავად აღიქვამს, რამდენად კარგი ყოფილა ეკლესიაში სიარული. ის ხედავს, როგორი მოსიყვარულეები არიან მშობლები, როგორი ურთიერთობა აქვთ და მშვიდ გარემოში ცხოვრობენ. ამ ოჯახურ, სარწუნოებრივ გარემოს შვილიც აუცილებლად აყვება. როდესაც საპირისპირო რამ ხდება, ბავშვი უკვე წინააღმდეგობაში ხვდება. როცა მშობლები მორწმუნეობით არ გამოირჩევიან და ეკლესიურად არ ცხოვრობენ, ამ დროს კი შვილს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობისკენ აიძულებენ, ეს მისთვის გაუგებარია და მასში იწვევს სამართლიან წინააღმდეგობას.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა ლოცვების შესწავლა, ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, მუხლის მოდრეკა წმიდა ჯვრისა და ხატების წინაშე, აღსარების თქმა?

ეს დამოკიდებულია ოჯახურ გარემოზე. ზოგჯერ ახალი ფეხადგმული ბავშვები, რომლებიც მშობლების მუხლდრეკას, სანთლის დანთებას, ეკლესიურ ცხოვრებას ხედავენ, ისინიც იმეორებენ ამ ქმედებას. ასევეა ლოცვაზეც. ეკლესია ამბობს, რომ ბავშვმა 6-7 წლის ასაკიდან აღსარება უნდა თქვას. 6-7 წლიდან 12 წლამდე მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევ დღეს უნდა შეინახოს. 12 წლის ასაკიდან შემდგომ შეიძლება ის მარხვები სრულყოფილად დაიცვას, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ შესაძლებელია, ოჯახი ბავშვის 6-7 წლის ასაკის დადგომას არ დაელოდოს და მანამდეც შეაჩვიოს მარხვის შენახვას და ბევრი ამის მოწადინეც არის.

რა მნიშვნელობა აქვს საბავშვო-საეკლესიო ლიტერატურის კითხვას?

ეს კეთილი მარცვალი საეკლესიო ლიტერატურის კითხვისა დროზე უნდა ჩაიდოს ხნულში. ამას აქვს გარკვეული წლები, პერიოდი. ბავშვთან ამ საკითხებზე ურთიერთობა მიზანმიმართულად უნდა მიმდინარეობდეს. არ შეიძლება ბავშვს პატარაობის წლებიდანვე ესაუბრო სიღრმისეულ საკითხებზე, რაც შეიძლება დამთრგუნველიც იყოს მისთვის. მაგრამ ზომიერად უნდა მივუთითოთ სასულიერო შინაარსის ნაწარმოების კითხვისაკენ. ბავშვის სული არის მისი გრძნობების სამყოფელი, ის სულიერი დაფა, რომელსაც ძალიან ფრთხილად, მოწიწებით უნდა მოეპყრას მშობელიც, ოჯახის წევრიც და ის ადამიანებიც, რომელთაც მასთან ურთიერთობა უწევთ.

ეკლესიაში მოსული ბავშვები ხშირად თავიანთი ქცევით – ტირილით, ეკლესიაში სიარულით, ხმამაღალი წამოძახილებით ხელს უშლიან მრევლს წირვა-ლოცვის მოსმენაში, როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

დედა მაგდალინა გვეუბნება: როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, არ გვაძინებს, ლიტურგიის მოსმენის ან ბოლომდე დასწრების საშუალებას არ გვაძლევს, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ღვთის ქმნილებაა, ბავშვი არის ღვთის წყალობა და ამაზე ფიქრით დავძლიოთ ჩვენში ეს გაღიზიანება. თავისთავად, არა ყვირილით, არა აგრესიით მივუთითოთ სიწყნარისაკენ თუნდაც ეკლესიის წიაღში, ან ეკლესიის გარეთ, არამედ შეგონებით, თბილი დამოკიდებულებითა და რჩევით ჩამოვაყალიბოთ ამ ბავშვში მოსმენის კულტურა, რომ ეკლესიურ წიაღში მისი საქციელი არასათანადოა და მოწონებას არ იმსახურებს. ამ გარემოში ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს მშობლის დაჯერებას და ეკლესიაში მსახურების მოსმენის კულტურა უნდა გამოიმუშავოს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

ზოგჯერ მოძღვრის მკაცრი თხოვნის საფუძველზე მშობელი იძულებული ხდება, ბავშვი ეკლესიიდან გაიყვანოს და ხშირად შვილი ტაძარში აღარც მოჰყავს…

ვფიქრობ, ამის მიზეზი მშობლის ნაკლები სარწმუნოებაა. ერთია სასულიერო პირთა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ბავშვი ხან იტირებს, ხან გაიცინებს და მშობელსაც იმიტომ მოჰყავს შვილი ეკლესიაში, რომ ეკლესიურ გარემოში გამოიწვრთნას, ჩამოყალიბდეს და უკეთესი გახდეს. მოძღვარმა და მრევლმაც მშობელსაც და შვილსაც თბილად უნდა მივუთითოთ. გავიხსენოთ, ჩვენ პატარები არ ვიყავით, არ ვტიროდით?! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მრევლთან სათქმელს როგორ მიიტან. რისხვითა და გულისწყრომით არ შეიძლება ადამიანის განსწავლა. სიყვარული, სითბო და ზოგჯერ ზომიერი სიმკაცრეც საჭიროა.

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი მოძღვართან ურთიერთობას?

სანამ ბავშვს პირდაპირ მოძღვარს ჩავაბარებდეთ, მანამდე ის ტაძარში უნდა მივიყვანოთ, სასულიერო პირს დავალოცინოთ. ეკლესიურ გარემოში, ან ისეთ ოჯახურ ყოფაში მოვაქციოთ, სადაც მოძღვარია. სანამ სასულიერო პირი გავხდებოდი, თავადაც მერიდებოდა ჩემი პატივისცემის გამოხატვა სასულიერო პირთა მიმართ, მაგრამ მოძღვრის რჩევითვე გადავლახე ეს ბარიერი და ჯანსაღი მამაშვილური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

როცა სასულიერო პირთან ურთიერთობა არ გქონია, პირდაპირ აღსარების თქმა რთულია. ბავშვის სული უნდა მოვამზადოთ, რათა მოძღვართან დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს და მერე ამ ნდობის, ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე აღმოცენდეს მათ შორის ის მამაშვილური ურთიერთობა, რაც უნდა სუფევდეს სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის. სხვა შემთხვევაში გაუცხოება შეიძლება მოხდეს. დაძალება თუნდაც მოძღვართან ურთიერთობაზე არ არის შედეგის მომტანი. ბავშვი თავის არჩევანსა და გადაწყვეტილებაში თავისუფალი უნდა იყოს. მას უნდა მიეცეს არჩევანის საშუალება და შესაბამისად, მისი აღსარება სულიერ მოძღვართან გულწრფელი იქნება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.