მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

როგორ იწერება წმიდანთა პარაკლისები და დაუჯდომლები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2013 19 კომენტარი | 10,544 ნახვა

“ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი და წმინდანთა პარაკლის-დაუჯდომლებს შევადგენდი, თუმცა გამოუკვლეველია გზანი უფლისანი…”

ქალბატონი თინათინ მჭედლიშვილი 10 წელია წმიდათა ღვაწლის, პარაკლისთა და დაუჯდომელთა შემდგენელ-გამომცემელია. დაუჯდომელი თავდაპირველადვე იცოდა, რომ ჯვარი, რომელიც იტვირთა, ადვილად სატარებელი არ იქნებოდა. ცდილობს, უფლის მიერ დაკისრებული ჯვარი ღირსეულად ატაროს. თუ როგორ იქმნება წმიდანთა პარაკლისები და დაუჯდომლები, “ამბიონს” თავად ქალბატონი თინათინი ესაუბრა.

თინათინ მჭედლიშვილი: “1991 წელს ჩემი დის – მედავითნე თამარ მჭედლიშვილის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ახლად გახსნილი ეკლესიებისთვის პარაკლიტონებს ბეჭდავდა, დიდი მოთხოვნილების გამო იძულებული გავხდი ეს საქმე გამეგრძელებინა. რა თქმა უნდა, ნუსხა-ხუცურად კითხვაც კარგად ვიცოდი და 1991 წლის 27 აგვისტოს, მიძინების დღესაწაულის წინადღეს, საღამოს მსახურებაზე ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრის, მამა ვახტანგ ასათიანის დაჟინებული თხოვნით, ყოველგვარი წინასწარი სწავლისა და მომზადების გარეშე დავდექი მსახურებაზე და იმ დღიდან გავხდი ამ ტაძრის მედავითნე, შემდგომში ქართული გალობაც შევისწავლე და ჯერ იქვე ვგალობდი და შემდეგ სხვადასხვა ტაძრებში მომიწია როგორც გალობა, ასევე კითხვა. ვინაიდან ლიტერატურის კითხვა ადრეული ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ (1988 წ.) წმიდა წერილის შესწავლასთან ერთად სისტემატურად ვეცნობოდი სხვა საეკლესიო ლიტერატურას და განსაკუთრებით ძველ ქართულად გამოცემულ ჰომილიებსა და წმიდა მამათა ცხოვრება-პატერიკებს.

2002 წელს ჩემს მეგობართან წმინდა ნიკოლოზის მირონმდინარე ხატი მობრძანდა და დაუჯდომელი რომ წავუკითხეთ, არ მომეწონა, რუსულიდან ძნელია ლოცვის თარგმნა. მე, როგორც მედავითნე, ულამაზეს ლოცვებსა და საღმრთისმსახურო ტექსტებს ვიყავი ჩვეული და ჩემი ერი კი რუსულიდან გაურკვეველი პიროვნებების მიერ თარგმნილ დაუჯდომლებს კითხულობდა. გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი ლოცვა ამომეკრიბა საღმრთისმსახურო წიგნებიდან და მრევლისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა. პირველად წმინდა ნიკოლოზის რვახმიანი საგალობელი ამოვკრიბე პარაკლიტონის ხუთშაბათის საკითხავებიდან, პარაკლისი შევადგინე მეორე ხმის საშუალებით, ხოლო დაუჯდომელი რუსულ დაუჯდომელს შევადარე და გავასწორე შეძლებისდაგვარად. ამას ხელნაწერის სახით ვავრცელებდი ქსეროქსზე გამრავლებულს. ვცდილობდი მენახა ვინმე, ვინც თავისთავზე აიღებდა გამოცემას. თუმცა ვერავინ მოვძებნე, ვისაც ვანდობდი ამ საქმეს და თვითონ გამოვეცი. შემდეგი წმიდა გიორგის კრებული იყო, რომელშიც შეძლებისდაგვარად შევკრიბე მასზე შექმნილი საგალობლები, პარაკლისი კვლავ ძველი საგალობლიდან ამოვკრიბე და დაუჯდომელიც გავასწორე. მესამე კრებული იყო „ლოცვანი სინანულისანი, მარხვისანი და შესვენებულთანი“, სამივე ნაწილი შევადგინე 33 ლოცვისა და 33 ჩასართავისაგან. ეს დასდებელნი გამოვკრიბე უძველესი იადგარიდან, პარაკლიტონის სინანულის კანონებიდან და მარხვანიდან. მაშინ შევამჩნიე, რომ VII –X საუკუნეთა ლოცვები უფრო ლამაზი და ადვილად საკითხავი იყო, ვიდრე გვიანდელი, XVII-XVIII საუკუნისა. სწორედ ამ ენაზე ქმნიდა ანტონ პირველი თავის საღვთისმსახურო წეს-განგებებს და ძირითადად ამ ენაზე ადგენენ დღესაც დაუჯდომლებს. შემდეგი უკვე ათონელი ქართველი მამების კრებული იყო, სადაც მათ ისტორიასთან ერთად დავბეჭდე მათზე შექმნილი საგალობლები (1041 წლის კრებულიდან). აი, აქ კი უკვე ვაპირებდი შეჩერებას, რომ ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის მღვდელმა ზაზა კირვალიძემ მთხოვა წმ. გრიგოლ ხანძთელის დაუჯდომლის შედგენა, რომლის სახელობის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს საირმის გორაზე და ხატიც დაწერეს. ამ პარაკლის-დაუჯდომლის შედგენას დაახლოებით ერთი წლის შრომა დასჭირდა.

დაუჯდომლის შედგენისას, ჯერ წმიდანის ისტორიას ვამუშავებ და გამოვყოფ იმ ადგილებს, რასაც საგალობელში გამოვიყენებ. ამავე დროს დავამუშავე ყველა ღირსი მამის წეს-განგებანი საღმრთისმსახურო წიგნებიდან (სადღესასწაულო; თვენი), და ტექსტის შედგენის სპეციფიკაზე ვიმუშავე. თუმცა დროთა განმავლობაში, წმიდა გრიგოლის პირველად გამოცემული კრებული კვლავ გადავამუშავე და თავიდან გამოვეცი. წმ. გრიგოლ ხანძთელის კრებულს წმინდა თამარ მეფის ღვაწლი და პარაკლის-დაუჯდომელი მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც თამარის „ცხოვრებანის“ გარდა, ქართულ ენაზე არსებული მეფეთა ცხოვრებანი და წეს-განგებანიც გადავამუშავე, ვიყენებ ძველ ქართულ და მთაწმინდელთა მიერ თარგმნილ ჰომილიებსაც (შეიძლება დიდი ტექსტი გადავამუშავო და სულ ერთი ან ორი წინადადება ან სიტყვა გამოვიყენო), ასე ნელ-ნელა ქართველ და შიგადაშიგ არაქართველ, მაგრამ ქართველი ერისათვის საყვარელი წმინდანების კრებულები შევადგინე და გამოვეცი.

წმინდანთა საგალობლების შედგენა ძალიან მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობაა, ამიტომაც თითქმის ყველა განმეორებით გამოცემას ხელახლა ვამუშავებ. შედარებით სასიამოვნოა მუშაობის დასრულების პროცესი, როდესაც შედეგს ვხედავ. რაც უფრო დიდია წმიდანის ღვაწლი, უფრო რთული და შრომატევადია მასზე მუშაობა. შედგენილ საგალობლებს მედავითნე-მგალობლებს და ძველი ქართულის ენის სპეციალისტებს ვაცნობ, საჭიროების შემთხვევაში, ვითვალისწინებ რჩევებს და ტექსტში შესწორებები შემაქვს (რთულ სიტყვებს სინონიმებით ვცვლი). მთავარია, ძველი ქართული ენის სტრუქტურა არ დაირღვეს და თითოეული მორწმუნისთვის ადვილად წასაკითხი და სალოცავ-შესამეცნებელი იყოს.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი და წმინდანთა პარაკლის-დაუჯდომლებს შევადგენდი, თუმცა გამოუკვლეველია გზანი უფლისანი. როდესაც მზა კრებულს ვკითხულობ, სრულიად გაუცხოვებულია – ის მე აღარ მეკუთვნის, ის ქართველი ერის კუთვნილებაა!“

ქალბატონი თინათინის მიერ შედგენილია:

ლოცვანი სინანულისანი, მარხვისანი და შესუენებულთანი (V-X ს-ის საღმრთისმსახურო წიგნებიდან გამოკრებული);

ცხოვრება და მოღვაწეობა, სავედრებელი პარაკლისი და საგალობელი კანონი: ღირსთა ათონელთა მამათა – იოანესი, გაბრიელისა, ექვთიმესი და გიორგისა.

ცხოვრება და ღუაწლი, სავედრებელი პარაკლისი და დაუჯდომელი საგალობელი: წმ. ნიკოლოზისა; წმ. გრიგოლ ხანძთელისა; წმ. მეფისა ვახტანგ გორგასლისა; წმ. კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. წმ. ღირსი მამისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა; წმინდა ელია წინასწარმეტყველისა; ღირსი ათონელი მამებისა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე-თორნიკისა და ეფთვიმი და გიორგი მთაწმიდელთა; ღირსი გიორგი მთაწმიდელისა. [ისტორიული მიმოხილვა (საქართველოს გაერთიანება: დავით დიდი კურაპალატი; მეფე ბაგრატ III; მეფე გიორგი I; მეფე ბაგრატ IV)]. წმიდისა ცოტნე აღმსარებლისა;

პარაკლისი და დაუჯდომელი წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენის, არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისა

წამება და ღუაწლი, სავედრებელი პარაკლისი და დაუჯდომელი საგალობელი: წმ. გიორგისა; წმ, დიდმოწამე აბოსი; წმ. მოწამისა მეფისა არჩილისა; წმ. მოწამისა მეფისა ლუარსაბისა; წმიდათა ათთა ბევრთა (ასი ათასთა) მოწამეთა, ხვარაზმელთაგან ტფილისს მოწყუედილთა; წმ. შალვა ახალციხელისა; წმ. მთავარ-მოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმ. დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა. წმიდისა დიდმოწამისა ბარბარესი;.

წამება და დაუჯდომელი საგალობელი: წმიდათა და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი; წმიდისა მოწამისა ბონიფანტესი; წმიდისა დიდისა მოწამისა მარინესი (პარაკლისიც მაქვს შედგენილი, მაგრამ არ გამომიცია).

ცხოვრება და ღუაწლი, სავედრებელი პარაკლისი: წმიდისა საკვირველთმოქმედისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა.;

ღვაწლი და პარაკლისი წმინდა მეფისა და წინასწარმეტყველისა დავითისა, ფსალმუნთა მთქმელისა;
გარდამოცემანი, პარაკლისი და დაუჯდომელი საგალობელი: ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა, ქართულად (გრუზინსკაიად) წოდებულისა, რომელ არს რუსეთს; ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა, „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭისად“ სახელდებულისა, რომელ არს ათონს; დიდუბის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა.
სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისა (გამოუცემელი)

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისა და სხვათა უჴორცოთა ზეცისა ძალთა – ცხრა დასთა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა, ძალთა, უფლებათა, მთავრობათა, ხელმწიფებათა, საყდართა, და ქერუბიმ-სერაბიმთა (გამოუცემელი)

სავედრებელი პარაკლისი წმიდათა მთავარანგელოსთა: მიქაელისა და გაბრიელისა; რაფაელისა და ურიელისა, სელაფიელისა და იეგუდიელისა; ვარაქიელისა, იერომიელისა და ტახნილისა (გამოუცემელი)

სავედრებელი პარაკლისი და დაუჯდომელი საგალობელი: წმიდისა იოთამ ზედგენიძისა, მეფისათვის თავდადებულისა.

სადღესასწაულო განგებანი

ივერიის დედა ღმრთისმშობლის ხატისა, პორტაიტისად წოდებულისა; წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისა; განგება წმიდათა ასი ათასთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისს წამებულთა; ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა არქიმანდრიტისა უდაბნოთა კლარჯეთისათა და აღმაშენებელისა ხანძთისა და შატბერდისა; ღირსისა მამისა ჩუენისა სერგი რადონეჟელსა იღუმენისა და აღმაშენებელისა სამებისა ლავრისა; სადღესასწაულო განგება ნაწილთა აღმოყუანებისა ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა სერგი რადონეჟელსა; იღუმენისა და აღმაშენებელისა სამებისა ლავრისა; წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისი; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენის, არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისა.

ლოცვანი

ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ; ლოცვაჲ ქალწულისა მიმადლებისათჳს ღმრთივსათნოჲსა მეუღლისა; ლოცვანი და დასდებელნი სინანულისანი; ლოცვანი და დასდებელნი მარხვისანი; ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთანი; სადიდებელ-სავედრებელნი გალობანი წმიდისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა; ტროპარ-დასდებელნი წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისი.

გამოსაცემად მზადდება: წმინდა დავით აღმაშენებლისა; წმინდა მოციქულთასწორ ნინოს და წმინდა ევსტათი პლაკიდას კრებულები; ასევე მიძინების პარაკლის დაუჯდომელი.

ქალბატონ თინათინს ბევრი ნამუშევარი აქვს, რომელსაც ხშირად ვერ გამოსცემს, თუმცა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს, რათა მორწმუნეთათვის ლოცვები ყოველი მხრივ ხელმისაწვდომი იყოს. იმედი აქვს, უფლის შეწევნით აქტიურ მუშაობას მომავალშიც განაგრძობს და სურს, რომ ადამიანებმა ქართველი წმიდანები შეიყვარონ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

19 კომენტარი »

  • შოლტი says:

    ღმერთმა გააძლიეროს თინათინ მჭედლიშვილი…დღედაღამ ღვაწობს ამ წმიდა საქმისთვის… უფალმა შეუწიროს და მისცეს ძალა კუალად მრავალი ლოცვის შედგენისათვის..

  • თეა დოლიძე says:

    ღმერთმა ძალა მოგცეთ, თინათინ! თქვენი შრომა მართლაც დაუფასებელია! მართლაც, საოცარი სიამოვნებაა თინათინის მიერ შედგენილი დაუჯდომელისა თუ პარაკლისის კითხვა. ეს არის ძველი წიგნებიდან ამოკრებილი მძივებით აწყობილი ულამაზესი და უმდიდრესი ტექსტები. ღმერთმა გვიმრავლოს თინათინისნაირი ადამიანები! ამინ!

  • უფალმა გაგაძლიეროთ ქალბატონო თინათინ.რასა თქვენ ჩვენთვის აკეთებთ…მადლობა უფალს რომ თქვენი თავი აჩუქა ქართულ ეკლესიას და მრევლს +

  • inga zhgheria says:

    tinatin,dzalian mixaria,rom sheni saxit aseti natlia hyavs chems shvils,gmertma gagadzlieros da dzala mogces,rom sheni gvawlit taobebi gaaxaro da rwmenashi ganamtkico!miyvarxar da meamayebi!bodishs vixdi,rom latinurad miwevs komentaris dawera,radganac jer-jerobit borjomshi qartuli shrifti ver davayene…

  • dato says:

    warmatebebs gisurveb tiniko shveni eris sasiketod,da bednierebas.

  • ბერთა დოვლათი says:

    თინიკოს არსებობა ამქვეყნად ჩვენთვის დიდი ნუგეში და მაგალითია უფლის სიყვარულისა და მისადმი თვდადებისა…მე მახსოვს თინას წაკითხული პირველი ექვსფსალმუნება და მისი დიდი მონდომება და კრძალვა უფლის წინაშე…თვდაუზოგავი მსახურება უფლის და წმინდანების სიტყვის ჩვენამდე მოტანისათვის…დაუსრულებელი და გულმხურვალე ლოცვა ჩვენი სამშობლოს გაბრწყინვებისათვის….საქართველოს მტრების წინააღმდეგ ხმალამოღებული, უკომპრომისო ბრძოლა და ამ ბრძოლაში უფლის შეწევნით მუდამ გამარჯვებულის მანტიით შემოსვა…ჩემი მხრიდან ამდენი საქებარი სიტყვის თქმა ალბათ არ ეგების,და იქნებ დათვური სამსახურიც გამომდის, მაგრამ ადამიანების მხრიდან ამ სიკეთეების დაუნახაობა ალბათ უმადურობა იქნებოდა…არ ვიცი, შეიძლება არც კი უნდა დამეწერადა ვიცი გამიბრაზდება თინიკო, მაგრამ მე მადლობის ნიშნად ამის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე…შემინდე თინიკო…მე მარტო შენი ღვაწლის დაფასება მინდოდა,თამარის სულის ცხონებამ…

  • ღმერთო უმრავლე ქართველ ერს თინათინ მჭედლიშვილის “ნაირი” მამულიშვილები, ხელი მოუმართე პატრიოტულ საქმეში, დალოცე და გააძლიერე სულიერად. ეს ჩვენთვის, უბრალო ერსკაცთათვის დიდი ნუგეშია.

  • ნინო says:

    შეუფასებელ საგანძურს ფლობთ ქალბატონო თინათინ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. თქვენი პარაკლისები და დაუჯდომლები იმხელა სიყვარულითაა შედგენილი, ეს ყოველივე იგრძნობა. მადლობა ასეთი შრომისათვის. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს თქვენი თავი,ძალიან გაფასებთ.<3

  • madona says:

    ღმერთმა ჯანით+მრთელად და უფლისგან გაძლირებული+იყავით ჩვენდა სასიკეთოდ!!! გაიუხარეთ!!!

  • გიორგი says:

    +++ დიდება უფალსა და დედა ღვთისასა, ამინ!!! ამინ!!! ამინ!!! ++++

  • გიორგი says:

    თეა დოლიძე ამინ!!!

  • მაგდა says:

    ჩემთვის როგორც მორწმუნე ქართველი ემიგრანტისთვის, ძალიან დიდი სიხარული და საამაყო მოვლენაა თქვენი ალალი შრომა და სულიერი ღვაწლი თინათინ! ღმერთმა გაძლიეროთ ყოველთვის! ულევად გქონოდეთ სულიერი ძალა და შემართება მორწმუნე მრავალჭირნახული ერის ზრუნვის საქმეში! თქვენ ბედნიერი ქალბატონი ხართ, მიუხედავად დიდი ბრძოლებისა, რაც სამწუხაროდ გადაგაქვთ თანამემამულეთა მხრიდან, რადგან უფლისგან ხართ მოწოდებული, ანუ იცით მიზეზი და საით მიდიხართ! გაიხარეთ თინათინ! თქვენ ძალიან ძლიერი ხართ უფლით! დიდი მადლობა რომ გამაცანით ეს წმინდა ნაშრომები. ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატს არ ვიშორებ ძვირფასო აქ, სამშობლოსგან შორს და მოძღვარსაც გადავეცი თქვენი გზავნილი. მოხვდა მასთან, ღირსეულ ხელში! გფარავდეთ ჩვენი ივერიის ღვთისმშობელი ყველგან!

    • tina says:

      გაიხარეთ, მაგდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის მეოხება არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლით!

      • ირაკლი says:

        გაიხარეთ ქალბატონო თინათინ, უფალმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეგიწიროთ თქვენი სათნო ღვაწლი!

        ახლახან საიტზე orthodoxy.ge წავიკითხე თქვენ მიერ შედგენილი “ცხოვრება და ღვაწლი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარისა”. პირველად გავიგე “თამარის გულის” შესახებ – დიდება უფალს ! ძალიან დავინტერესდი ამ სასწაულით. შემინდეთ კადნიერება – ვინაიდან მე არ მაქვს თქვენთან დაკავშირების არანაირი გზა, უმორჩილესად გთხოვთ, როგორმე ან ტელეფონით (591191918) ან ელექტრონული ფოსტით (i.kandelaki@gardabanitpp.ge) შემეხმიანოთ, ორი-სამი კითხვა მაქვს “თამარის გულის” შესახებ.

        დიდი მადლობა წინასწარ
        ირაკლი კანდელაკი

  • გურამი says:

    ღმერთმა წყალობა მისცეს და მადლი უმრავლოს თინათინ მჭედლიშვილის, უანგარო მამულიშვილს!

  • Liana Hoffmann says:

    Dzalian kargi statiaa, dges timotes,jesus 70 motzapis dgea, auzilebelia sadilis gazema da eklesiaschi mati sachelis mochsenieba, ar dagawizkdet, tu tkwen gaichsenebt mat, isiniz gaichseneben tkwens sachels. Tkwenschi kowelschi zchowrobs upali,rogorz moekzewit isetia isiz. Sadaz michwalt tkwit mschwidoba am sachls. Tu ki raime gischlit chels zadit da schesziret mtredebi iesu kristes an zmindanebs puli ,gasamjelo da schestchowet: gamoiskide tschemi zodwa/zinaprebis zodwa/ scheni chuti tschrilobis pasad, ar momizgo tschemi zodwit, sitkwit da sakmit ,aramed scheni mimteweblobit da didmozkaleobit, gamzminde scheni samschwerplos nakwertschalit da yzupit,daapatarawe gansazdeli, martschwene sad aris tschemi schezdoma, mitschwene gza chsnisa, maszawle scheni mzneba .amin

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი