მთავარი » ქრისტიანობა

როგორ გამოვისახოთ პირჯვარი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.01.2020 | 215 ნახვა

პირჯვრის გადასაწერად ჩვენ პირველ სამ თითს – ცერას, საჩვენებელსა და შუათითს – ვაერთებთ, ერთმანეთზე სწორად ვაწყობთ, ხოლო ორ უკანასკნელ თითს – არათითსა და ნეკას ხელისგულისკენ შევკეცავთ. სამი ერთად შეერთებული თითით ვეხებით შუბლს და წარმოვთქვამთ: „სახელითა მამისათა“; შემდეგ ვიდებთ მკერდს ქვემოთ – მუცელზე და ვამბობთ: „და ძისათა“; შემდეგ

მარჯვენა და მარცხენა მხარზე, სიტყვებითურთ: „და სულისა წმიდისათა“. და ვასრულებთ რა წმინდა ჯვრის ნიშის გადასახვას, თავს ვიდრეკთ ღვთის თაყვანისცემის ნიშნად და ვამბობთ: „ამინ“.

ანდა, როცა პირჯვარს გადავისახავთ, შეგვიძლია წარმოვთქვათ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი! ამინ“, ან შემოკლებით:
„უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი!“. ამით გამოვხატავთ ჩვენს რწმენას ყოვლადწმიდა სამებისა და ჩვენს სურვილს – ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ღმერთის სადიდებელად.

ერთად შეწყობილი პირველი სამი თითი გამოსახავს ჩვენს რწმენას ყოვლადწმიდა ერთარსი და განუყოფელი სამებისა – მამისა და ძისა და სულიწმიდისა, ხოლო ორი სხვა თითი, შეკეცილნი ხელისგულისაკენ, იმას გამოსახავენ, რომ ძე ღვთისა, ქვეყნად მოვლინებისას, იყო რა ღმერთი, ადამიანიც გახდა, განხორციელდა, განკაცდა, და მაშასადამე მას აქვს ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.

ჯვარის ნიშის გადასახვისას – პირჯვრის გადაწერისას – სამ ერთად შეწყობილ თითს ჩვენ ჯერ შუბლზე მივიდებთ – ჩვენი გონების განსანათლებლად და საკურთხებლად, შემდეგ – მუცელზე: ჩვენი შინაგანი გრძნობების განსანათლებლად, შემდეგ კი ჯერ მარჯვენა და ბოლოს მარცხენა მხარზე: ჩვენი სხეულებრივი ძალების განსანათლებლად და განსამტკიცებლად.
პირჯვარს ვიწერთ ლოცვის დროს, ღვთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას, ასევე ღვთისაგან შენდობის, შეწყალების თხოვნისას, ღვთისმშობლისა და წმინდანებისაგან ღვთის წინაშე მეოხების თხოვნისა და მათი დიდებისას.

მაგრამ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პირჯვრის გადასახვა საჭიროა მართებულად და აუჩქარებლად, რწმენითა და მოწიწებით, რაც შიშის ზარს სცემს ეშმაკს, დააცხრობს ჩვენს სხეულებრივ ვნებებს და საღვთო მადლს გარდამოგვივლენს ჩვენ. სხვაგვარად ჯვარს კი არ გამოვისახავთ, არამედ უაზროდ გავაქნევთ ხელს. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ხელის ასეთი განძვინებული ქნევის გამო ეშმაკნი განიხარებენ“.

ჯვარის ნიშის დაუდევარი გამოსახვით ჩვენ უპატივცემულობას გამოვხატავთ ამ სიწმინდისადმი.

პირჯვრისწერის მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში უდიდესია. ამის შესახებ მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი წერს: „როგორადაც სახელი იესო ქრისტესი, ჯვარცმულისა, რწმენით წარმოთქმული ბაგეთა მოძრაობით არის მაცხოვნებელი, ასევეა პირჯვრის გამოსახვაც, რწმენით გამოსახული ხელის მოძრაობით…“.

უფლის ჯვარი საფუძვლად უდევს მართლმადიდებლურ ტაძარს, ჯვარი აგვირგვინებს მის გუმბათსაც. ჯვარის გადასახვა აუცილებელი სამღვდელო მოქმედებაა საიდუმლოთა აღსრულების დროს; ჯვარის გადასახვით და ღმერთის სახელის მოწოდებით წმინდა მოღვაწე მამები სასწაულებს აღასრულებდნენ, აღმოაცენებდნენ წყაროებს, ამარცხებდნენ ეშმაკის ძალას.
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას მონათლულს გულზე ჯვარს ჰკიდებენ; ლოცვის დროს ქრისტიანი პირჯვარს იწერს; მღვდელმსახურნი კურთხევის გამოთხოვისას, ჩვენ ჯვარის ნიშს გადაგვსახავენ; საზრდოს მიღების წინ მას ჯვარის ნიშს გადასახავენ; ძილად მისვლისას ღვთისმოშიში, კეთილმსახური ქრისტიანი თავის გულზე დაკიდებულ ჯვარს ეამბორება; გარდაცვალების შემდეგაც ქრისტიანის საფლავზე ჯვარს აღმართავენ ხოლმე, რომელიც მისი ქვეყნიური ცხოვრების გზას აგვირგვინებს.

ჯვარი – ჩვენი ცხოვრების გზაა. სწორედ ეს აქვს მხედველობაში ქრისტე მაცხოვარს, როცა თავის მიმდევრებს ასე მოუწოდებს: „…რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მათ. 16, 24).

ამგვარად, ჯვარის ნიში მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს ქრისტიანს. ჯვრის გარეშე, არ არსებობს საღვთო საიდუმლო, და მაშასადამე, მის გარეშე, არ არის არც ჭეშმარიტი ცხოვრება და არც ხსნა.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი