მთავარი » საზოგადოება

როგორ დავძლიოთ შიშის გრძნობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.04.2013 14 კომენტარი | 39,895 ნახვა

შიშის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე შიში “ამბიონს” ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა ესაუბრა:

“შიში ძალიან აქტუალური და დიდი თემაა თანამედროვე ადამიანის ყოფიერებაში. მისი ბუნების რაობაზე უძველესი დროიდან მსჯელობენ მითოლოგიაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში,მაგრამ სამწუხაროდ, მისი ბუნება დღესდღეობით საკმაოდ ვიწროდ და ნაკლებად ცნობილია.

შიში (ბერძნ. φόβος “ფობოს” – შიში) – გახლავთ პიროვნული სისტემის შეძენილი სტრესული ემოციური რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე. პიროვნული სისტემა ეს არის ადამიანის ძირითადი ბირთვი, რომელიც ქმნის ქმედით პროცესს და შედგება, ბიო – გენეტიკური, ფიზიკურ – კინესთეტიური, ემოციურ – შეგრძნებით, ფსიქიკურ – ფსიქოლოგიურ, კოსმიურ – ტრანსცედენტურ ანუ სულიერ, და სოციალურ – ქცევით ასპექტების ურთიერთობისას მიღებული სიგნალისაგან.

სხვადასხვა სისტემებში შიში განიხილება როგორც ადამიანის ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ იქნება მართებული თუკი გავითვალისწინებთ ადამიანის ღვთაებრივ, ტრანსცედენტურ ბუნებას, რომელიც არის ერთადერთი ჭეშმარიტება. ტრანსცედენტური, კოსმიური ერთიანი ველის სივრცე, რომელიც კვანტურ ფიზიკაში განიხილება როგორც ყოფიერების ძირითადი წვენი და ქმნის ხილულ ანუ მატერიალურ და უხილავ ანუ სულიერ სამყაროს ურთიერთობას, არის ადამიანის ხილული და უხილავი ყოფიერების პირველწყარო. მაგალითად, ავიღოთ მართმადიდებლური ბიბლია, ძველი აღთქმა, სადაც მოთხრობილია სამყაროს შექმნის და პირველი ადამიანების ისტორია. საწყისად ადამსა და ევას არ გააჩნდათ შიში, მათ არ იცოდნენ ტანჯვა, სევდა, სტრესი, გააჩნდათ ნეტარი ცხოვრება სადაც ყველა ფერი, ხმა და შეგრძნება ჰარმონიულად ერწყმოდა ბუნებას. მაგრამ მათ დაუშვეს შეცდომა, გადადგეს შემოქმედის სიყვარულის წინააღმდეგ, მატერიალური სამყაროსკენ ნაბიჯი და შედეგად მიიღეს სამოთხიდან განდევნა, რასაც მოჰყვა შიში და სხვა დანარჩენი უარყოფითი განცდები, რომელიც დღემდე ახასიათებს ადამიანებს. მაგრამ ამ საკითხის მხოლოდ რელიგიური მხრივ წარმოდგენა არ იქნება მართებული. მაგალითად, დავაკვირდეთ პირველყოფილი წყობილების ადამიანებს, რომლებიც მრავალი ასიათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ დედამიწაზე. მათ უწევდათ ბუნებასთან მჭიდრო ურთიერთობა, სახიფათო სიტუაციებთან გამკლავება. ტყეში საშიში ცხოველებისაგან თავის დაღწევა. როდესაც ადამიანს მოუწია საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი, ზუსტად მაშინ გაჩნდა შიშის განცდა, როგორც მისი ბუნების თვითგადარჩენის საუკეთესო საშუალება, რადგან სიცოცხლის სიყვარული და საკუთარი პიროვნული თავისუფლება ადამიანის ეგზისტენციური საზრისია.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ადამიანი არ არის დაბადებიდან “Tabula Rasa” ანუ “სუფთა დაფა”, და მას აპრიორი, საფუძვლად, თანდაყოლილად, მრავალათასიანი, ევოლუციური, დროისა და სივრცეში წარმოქნილი, ნეიროფიზიოლოგიაში გააჩნია სისტემური გამოცდილება წინაპრების ყოფისა და ცხოვრების. ჩვენ ვიბადებით ცოდვით, როგორც აღნიშნავს რელიგია (რელიგია – ლათ. religio, რაც, ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე “მიბმა”, “დაკავშირება”), ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვიბადებით პირველი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად მიღებული სტრესული (სტრესი – პიროვნული სისტემური დაძაბულობა) კვანძებით. ამ კვანძებში, რომელიც განთავსებულია ნეირონების (ნეირონი ბერძ. neuron – ნერვი), ნევრონი, ნევროციტი, ნერვული უჯრედი, მთავარი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული ნერვული ქსოვილისა, რომლისაგანაც არის აგებული ადამიანისა და ცხოველების ნერვული სისტემა, და რომელიც ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემას უზრუნველყოფს ელექტრული მუხტის მეშვეობით).დონეზე მოთავსებულია პირველი ადამიანების სისტემურ – სენსორული დამოკიდებულებების გამოცდილება, ანუ ინფორმაცია იმ ცხოვრების შესახებ რომელიც მათ გამოიარეს, მათი სტრესული სიტუაციები და სხვა მრავალი სენსორული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, შიში არის შეძენილი ემოციური რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ადამიანის სისტემამ შეიმუშავა საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ დაბადებისთანავე გაგვაჩნია ეს უნარი, რადგან თანამედროვე სამყაროს ბიოენერგეტიკული ველი გაჟღენთილია უარყოფითი გარემოებებით. ადამიანს უწევს არა ცხოვრება, არამედ ბრძოლა და ომი თვითგადარჩენისათვის, რაც შედეგად დიდ ენერგო რესურსებთან არის დაკავშირებული.”

როგორ ვლინდება შიში?

ადამიანის სისტემურ ბუნებაში არსებობს მზაობა შიშისადმი. იმისათვის რომ ადამიანის განწყობა ქცევად ჩამოყალიბდეს, საჭიროა გარემოში არსებული სიტუაცია, ანუ შიშს სჭირდება გამშვები სტიმული, რომელიც სავსეა ჩვენ გარშემო, მაგალითად, გამოცდა უნივერსიტეტში, ტელევიზიით გადმოცემული მოსალოდნელი საფრთხე, ომი, ძალადობა და სხვა მრავალი მოლოდინი, რომელიც მენტალურ – კოგნიტურ დონეზე, ჩვენს აზროვნების პროცესში ქმნის უარყოფით სიუჟეტებს, სხვადასხვა ხატების და ფილმების სახით. თუ პიროვნული სისტემის ფსიქიკურ – ფსიქოლოგიური ასპექტის ერთ-ერთი ბირთვი, რასაც “მე”-ს უწოდებენ, რომელიც პასუხისმგებელია და აგრეთვე გააჩნია ფუნქცია აქტიურად იმონაწილეოს ადამიანის დამოკიდებულებების მართვაში, თუ ეს კომპონენტი სუსტია და ვერ ახერხებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, იქმნება სხვადასხვა არასასიამოვნო სისტემური განცდები, შფოთვა, შიში და სხვა. მოზარდობის ხანაში, როდესაც პიროვნული სისტემა შესუსტებულია, რადგან მიმდინარეობს სხვადასხვა ბიოფსიქოლოგიური ცვლილებები, ფიზიკური მომწიფების კონტექსტში, ამ პერიოდში მოზარდი ძალიან მოწყვლადია სხვადასხვა სტრესული გარემოებებისადმი, რადგან ის ვერ აკონტროლებს საკუთარ ფიზიოლოგიურ პროცესებს და მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება, შემდგომ ეს ყველაფერი ქმნის თანატოლებთან კონფლიქტებს, გუნება-განწყობილების დაქვეითებას, ამას კიდევ ემატება მისი ადრეული გამოცდილების კონტექსტი, რომელიც შესაძლებელია ფსიქოლოგიურად მძიმე და ტრავმული შინაარსის იყოს.

რა არის შიშის გამომწვევი მიზეზი?

მიზეზები უამრავია, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ სისტემური დამოკიდებულებების მექანიზმი. შიშს ყოველთვის თან ახლავს სტრესი ანუ პიროვნული სისტემური დაძაბულობის მდგომარეობა. ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებში შიშების უმრავლესობა შეძენილია, ამასთან, დაბადებიდან ჩვილს გააჩნია მხოლოდ ვარდნისა და ხმაურის შიში.

გავიხსენებ ერთ ისტორია: ჩემთან მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მოიყვანა 7 წლის ბავშვი, დამიწყო ახსნა – განმარტება, თუ რა შიშები ჰქონდა მის შვილს. მდგომარეობა იმდენად მძიმე არ იყო, რამდენადაც ამ ქალბატონმა ამიღწერა. ვკითხე, როდის და რა ვითარებაში დაინახა ბავშვის შიშების გამოვლინება და მითხრა: “ერთხელ დავაპირეთ პარკში გასეირნება, სადაც ე.წ. “ეშმაკის ბორბალზე” მოგვინდა მეგობრებთან ერთად დაჯდომა და გაკატევება, მოგვიწია ძალიან გრძელ რიგში დგომა და დავიღალეთ კიდეც. როდესაც სალაროსთან ჩვენი რიგი მოვიდა და ბილეთი ავიღეთ, მივედით დასაჯდომად პატარა ვაგონში, ამ დროს ჩემმა შვილმა მორთო ისტერიკა, ტირილი და ღრიალი, იმ მიზეზით, რომ მას არ უნდოდა დაჯდომა, წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია, ამხელა ლოდინის შემდგომ როგორ დავბრუნდებოდით უკან, თან ფული უკვე გადახდილი იყო და რა მექნა? ავიყვანე ჩემი შვილი და დიდი ბრძოლის შედეგად ძლივს ჩავტენე დასაჯდომად ამ პატარა ვაგონში. 15 წუთის განმავლობაში ბღაოდა და ტიროდა, არ ვიცი რა დაემართა. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გადავწყვიტე თქვენთან მოვსულიყავი”. რამდენიმე წუთი გაოცებული სახით ვაკვირდებოდი ამ ქალბატონს, ბოლოს ვკითხე კიდევ უკვირს თუ არა შიშების არსებობა? სამწუხაროდ ვერ მიმიხვდა და მითხრა რომ მართლაც უკვირს. ვიღაცასთვის ეს ისტორია შესაძლებელია კურიოზული კონტექსტის იყოს, მაგრამ ბავშვმა შედეგად მართლაც ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ფსიქოტერაპიულ პროცესში მშობლის ჩართვაც მსურდა, რადგან ბავშვის შიში მშობლის ნევროტული ხასიათის შედეგი იყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ბავშვი დღეს კარგად არის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მშობელი მეორედ არ ჩაიდენს ამდაგვარ ქმედებას. შიშების უმეტესობა დასწავლილია, “არ გახვიდე იქ ბუაა”, “არ დამიჯერებ და ნემსს გაგიკეთებ” და სხვა მრავალი დამოკიდებულება…

რა და რა სახის შიში არსებობს და როგორი სახის შიში შეიძლება გახდეს ადამიანზე მძიმე ზეგავლენის მომხდენი?

პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი შიშის რეაქცია და აკვიატებული შიში. მაგალითად, თუ ადამიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების დროს მას არ გააჩნია საჭირო უნარ-ჩვევები და მაინც კისრის ტეხვით მიდის კონფლიქტის გამწვავებისკენ, ის შესაძლებელია მძიმე შედეგის მსხვერპლი გახდეს და დიდი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. ასეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც ავტოპილოტზე ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და შესაძლებლობების გარეშე სურთ მოაგვარონ საფრთხის შემცველი სიტუაცია. არსებობს ასეთი გამოთქმა, “სადაც არასჯობს გაცლა სჯობს” ანუ თუ თქვენ არ გაგაჩნიათ პრობლემასთან გამკლავების სუსტემური ტაქტიკა და სტრატეგია, აჯობებს თავი აარიდოთ კონფლიქტს და გაეცალოთ სიტუაციას, რა იცით რა ხდება? უმეტესწილად ადამიანი ე.წ. სიტუაციის მსხვერპლია, რადგან დროის უმეტეს ნაწილს მექანიკურად, ბრმად ატარებს და შედეგად როგორც ქაღალდის ნაგლეჯი – მდინარის დინებას, ისე მიჰყვება ცხოვრებისეულ მოვლენებსაც. ეს უკვე სხვა თემაა.

ადამიანს გააჩნია ორი ტიპის რეაქცია სტრესზე, პირველი ბრძოლა, მეორე გაქცევა. ეს რეაქციები კი ზოგ შემთხვევაში სასარგებლოა, ზოგში-არა. უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანის ქცევა, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში ვლინდება საუკეთესოა იმ არსებულისგან რომელიც მის პიროვნულ სისტემას გააჩნია. ეს იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებრივი მუხტი ყოველთვის მისთვის სასიკეთოდ მოქმედებს. დაავადებასაც კი დადებითი შინაარსი გააჩნია, მაგალითად შიზოფრენია, (შიზოფრენია — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება. იგი ქრონიკული, პროგრედიუნტული ხასიათისაა. მიმდინარეობს ფსიქოზური რეგისტრის სინდრომების დომინანტით და უმეტეს შემთხვევაში იწვევს პიროვნების დეფექტს / Shizis – “გახლეჩა” Phren – “სული”) როდესაც ადამიანი მოწყვეტილია რეალობას და სისტემურად ირეალურ სამყაროში იმყოფება, ეს ის სამყაროა სადაც ის ახერხებს ასე თუ ისე იცხოვროს, ჩამოშორდეს დამთგუნველ მოგონებებს.

შიშები არსებობს უამრავი სახის. ყველაფერი ინდივიდუალურია. შიში ზოგ შემთხვევაში გვეხმარება ავიცილოთ საფრთხე. მაგრამ სახიფათოა აკვიატებული შიში, როდესაც საფრთხე არ არსებობს მაგრამ ადამიანს მაინც ეშინია, გააჩნია რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები. ადამიანს ამ დროს უჭირს თავი დააღწიოს შემაწუხებელ ფიქრებს და მუდმივად საფრთხის მოლოდინის ფიქრში ატარებს დროს, რაც თავისთავად სტრესული მდგომარეობაა. სტრესი კი ჩვენს სხეულზე აისახება. ის დაძაბულია და ადამიანი არაკომფორტულად, უჩვეულოდ უსიამოვნოდ გრძობს თავს. არ უნდა სახლიდან გარეთ გასვლა რაგდან აქვს მოლოდინი რომ რაღაც ცუდი მოხდება. ის მუდმივად დაძაბულია და დროის უმეტეს ნაწილს ატარებს ამ მტანჯველი ფიქრების ტყვეობაში. ამ ადამიანის ფსიქიკაში ტრიალებს მუდმივად ერთნაირი ფირი, რომელიც თავად ამ შიშის პროცესს ასახავს. ამ ფილმს გააჩნია ხმები, შეგრძნებები, ვიზუალური მოძრავი ხატოვანი კონტექსტი. უმეტესწილად ადამიანი თავად მექანიკურად, ავტოპილოტზე თავად ქმნის ამ ფილმს და მუდმივად მისი მაყურებელია. რაიმე შემაწუხებელ მოვლენაზე ფიქრი განაპირობებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, შემდეგ განაპირობებს ამ მოვლენისადმი ქცევით დამოკიდებულებებს და ადამიანი მუდმივად, ქრონიკულად ამ მანკიერი წრის მსხვერპლია და ვერ ახერხებს გამოსვლას და გარედან დანახვას, ანუ პრობლემის ობიექტივაციას, გაცნობიერებას. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანი ასოცირებულია ამ ფილმში. როგორც მთავარი გმირი განიცდის ყველა იმ მოვლენას, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ძალიან დიდ ეკრანზე საშინელებათა ფილმს კინოთეატრში, მაგრამ ეს ფილმი არა სამი, არამედ თერთმეტგანზომილებიანია, ანუ ჩართულია ადამიანის სისტემურ – სენსორული ყველა ასპექტი, ხმებით, შეგრძნებებით, გემოთი, და სხვა მრავალი საინტერესო გამაძლიერებელი სანელებლებით.

შიშის დონე დაკავშირებულია სტრესის დინამიკის ფაზებთან. პირველ ეტაპზე ადამიანის შეუძლია გაუმკლავდეს შიშს, მესამე ეტაპზე კი შესაძლებელია ორგანიზმი გამოიფიტოს და მძიმე შედეგები მივიღოთ ფსიქიკური აშლილობების სახით. მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულად წინასაგამოცდო სტრესმაც, თუ ადამიანს არ გააჩნია დაძლევის მექანიზმები. მაგალითად, “მე ვერ ჩავაბარებ გამოცდას” უკვე წინა პირობაა მეშინოდეს გამოცდაზე გასვლა და მისი ჩაბარება. ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა – წარმოდგენები საკუთარ თავზე, რა შემიძლია, რა არ შემიძლია და ა.შ.

ხშირად ადამიანი ნაკლებად აქცევს ყურადღებას “უმნიშვნელო” შიშს (განსაკუთრებით ბავშვებში), შეიძლება თუ არა ეს გახდეს რაიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი?

ადრეულ ბავშვობაში გამოწვეულმა შიშის რეაქციამ შესაძლებელია ძალიან მძიმე შედეგები მისცეს ბავშვს მომავალში. ბავშვობაში ვიწყებთ ურთიერთობების დალაგებას გარესამყაროსთან. ამ პროცესში ზოგჯერ მშობლები, მეზობლები და ნათესავებიც ერთვებიან და საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს ბავშვებს ახვევენ. მაგ., ნემსის გაკეთებით დაშინებამ შესაძლოა ბავშვში გამოიწვიოს მომავალში სამედიცინო საჭიროებებისამდი შიში. ბავშვს ეშინია ნემსის იმიტომ, რომ დედა დასჯის მიზნით ყოველთვის მას იხსენებს, მას ჩამოუყალიბდა სენსორული დამოკიდებულება, რომ ნემსი ეს არის ქვეყნიერების დასასრული და მისი რეაქცია ბუნებრივია, მან ასე ისწავლა. მან შეიძლება არ იცის რა არის ნემსი და როგორ გამოიყურება, მაგრამ მას მისი უკვე ეშინია, რადგან დედამ ასე თქვა. მას შესაძლებელია რაღაც ბუნდოვანი ინფორმაცია გააჩნდეს მის შესახებ და დედის დაშინებამ მისი წარმოდგენა გაადიდა, ანუ როგორც იტყვიან “ბუზისგან სპილო შექმნაო”. ეს წარმოსახვის თამაშებია. ბავშვები კი ამ თამაშის ოსტატები არიან. ამიტომ საჭიროა სწორი დამოკიდებულება და რეალურად სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება ბავშვებთან. არცოდნა ცოდვაა ამ შემთხვევაში. დაიმახსოვრეთ, ბავშვი სწავლობს უფრო მეტს, ვიდრე თქვენ ამჩნევთ მასში. ისინი მეტად მგრძნობიარენი არიან მიკრომოძრაობებისადმი ვიდრე უფროსები. ბავშვი ენდობა სამყაროს და იღებს მას ისეთს, როგორიც ის არსებობს და ასე სწავლობს, მას ამ გამოცდილებით შეეძლება ეურთიერთოს მომავალში გარესამყაროს.

როგორ დავძლიოთ შიშის გრძნობა?

გააჩნია შიშს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაჯილდოებული ხართ და გაქვთ ქუჩის, უპატრონო ძაღლების შიში და გინდათ მისგან გათავისუფლება. კარგით, ეს არ არის პრობლემა, მოგვარებადია, თან თქვენ შეგიძლიათ ამის მოგვარება, რადგან ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 1 % იყენებს, სხვა დანარჩენს შინაგანად სძინავს. რატომაც არა? წარმოვიდგინოთ დავძლიეთ ამ ოხერი ძაღლების შიში და თავს უშიშარ ჰერაკლედ ვგრძნობთ. პირველი ნაბიჯი გვაქვს. ეხლა კი წარმოიდგინეთ, ბრუნდებით სამსახურიდან, ღამეა, დაახლოებით 1– ლის ნახევარი, მიდიხართ სახლისკენ ნელი ნაბიჯით, გსიამოვნებთ საღამოს სასიამოვნო სუსხი, საერთოდ არაფრის გეშინიათ, მამაცი გული ხართ, მაგრამ ხმლისა და ფარის მაგივრად ხელში მობილური ტელეფონი და ჩანთა გიჭირავთ. თავისუფლად მიაბიჯებთ ფიქრში ნანატრ საწოლისკენ, გსიამოვნებთ იმის განცდა, რომ მიხვალთ სახლში და დაისვენებთ. მაგრამ რამდენიმე წამში ატყობთ თქვენ წინ გამოჩნდა რაღაც სილუეტი, უფრო ახლოს უახლოვდებით და უკვე რამდენიმე სილუეტია, თქვენ უკვე ამჩნევთ რომ ესენი ძაღლები არიან. 4 ძაღლი, რომლებიც ღამით ლუკმა-პურის საშოვარზე არიან გამოსულები. უახლოვდებით უფრო ახლოს და ატყობთ რომ მათი სახის გამომეტყველება არც ისე მშვიდია, ისინი გრძნობენ რომ თქვენ მზად ხართ ბრძოლისთვის და უფრო მეტად იძაბებიან, იწყებენ ღრენას, თქვენ? თქვენ კი იღიმით! არ გადარდებთ ისინი და ანიშნებთ მათ რომ უნდა შეებრძოლოთ. ძაღლი ბევრს არ ფიქრობს, ან გარბის, ან იბრძვის, ქუჩის ძაღლებს ბევრი ფიქრი არ უყვართ. ისინი არ დაიწყებენ თქვენთან ინტელექტუალურ სჯა – ბაასს. ცხოველური ინსტინქტი თავისას შვება. თქვენ კი ფიქრობთ? ახლა ამათ ვუჩვენებ სეირს და იმ აზრით რომ ამათ როდესაც გასცდებით სახლში იქნებით, გადადიხართ იერიშზე! საინტერესოა როგორ განვითარდებოდა მოვლენები ასეთ სიტუაციაში? გახსოვთ ალბათ იგავი ორ თხაზე, რომლებიც ხიდზე ხვდებიან ერთმანეთს… ასე რომ დასაწყისისთვის კარგია დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, “იქნებ ეს შიში მჭირდება?”

მართლაც, იქნებ თქვენი შიში ხელს კი არ გიშლით არამედ გეხმარებათ გადარჩენაში და წინსვლაში? შიში ხშირ შემთხვევაში კონკრეტულია. შიშების ბოლო წერტილი კი სიკვდილის შიშია. რატომ? იმიტომ რომ სიკვდილი ადამიანისთვის ამოუცნობელი სამყაროა. ის უხილავი სამყაროა. არავინ არ იცის რა ხდება გაღმა ნაპირზე. ადამიანისთვის სიკვდილი გაურკვევლობას ნიშნავს. გაურკვევლობა კი ადამიანის ბუნებისთვის სტრესულია. ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს შიშს, რადგან ჩვენ არ ვიცით რა, როგორ არის და სამწუხაროდ, უსიამოვნებას უფრო წარმოვიდგენთ ვიდრე სასიამოვნოს. გაიხსენეთ მამა ალექსანდრეს (ელჩანინოვი) სიტყვები – “უნდა იცხოვრო არა “იოლად”, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი “ვითანგავთ” თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.” სიკვდილის მიმართ სწორი დამოკიდებულება და მასზე სწორი ფიქრი ძალიან კარგ შედეგს იძლევა. გამომდინარე იქიდან რომ სიკვდილი არის ადამიანისთვის ამოუცნობი და ყველაზე დიდი შიში, კარგია წარმოვიდგინოთ ჩვენი სიცოცხლის ბოლო ერთი საათი. წარმოიდგინეთ, თქვენ შეიტყვეთ, რომ დაგრჩათ ბოლო ერთი საათი თქვენი ცხოვრების. რას გააკეთებდით? რისი გაკეთება მოგინდებოდათ? და გააკეთეთ ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდით. იქნებ თქვენ გჭირდებათ მეტი ცოდნა ან ინფორმაცია? იქნებ თქვენ წინასწარ ქმნით ისეთ რეალობას საკუთარ თავში რომლისაც გეშინიათ? “მე ასე ვფიქრობ” და “რეალურად რაც არსებობს”, ასეთ დამოკიდებულებათა შორის დიდი სხვაობაა. შიშის დაძლევა შესაძლებელია რესურსის შემოტანითაც. რა არის ამ შემთხვევაში რესურსი რომელიც დაგეხმარებათ? მაგალითად “მე მეშინია რაღაცის”, რა მინდა რომ ამის მაგივრად გამაჩნდეს? ანუ შიშის სანაცვლოდ რა მინდა მივიღო? რა არის ის, რაც შემიცვლის შიშს? როგორი მინდა ვიყო? ანუ მინდა ვიყო უშიშარი? რას ნიშნავს ვიყო უშიშარი? როგორია ეს მდგომარეობა? რას ვგრძნობ ამ დროს? როგორ გავიგებ რომ უშიშარი ვარ? რა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვიქნები უშიშარი? ასეთი კითხვები ჩვენს ცნობიერებაში წარმოქმნის სასურველ ხატებს, იმ მდგომარეობებს რომლებიც გვჭირდება პრობლემური სიტუაციების გადაჭრისთვის.

ადამიანისთვის, რომლსაც აკვიატებული შიში ახასიათებს, რჩევა-დარიგებების მიცემა მარტივი საქმეა, ანუ სხვის ომში ყველა ბრძენიაო ნათქვამია. მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. ჩვეულებრივი, ნაკლებად დამთრგუნველი შიშის დროს ადამიანმა შეიძლება საკუთარი რესურსებით, ინტელექტუალური ანალიზით, დასვენებით, რაიმე სხვა საქმიანობაზე ყურადღების გადატანის საშუალებით შეძლოს შეასუსტოს საკუთარი სტრესული მდგომარეობა. თანამედროვე ფსიქოთერაპიულ სივრცეში არსებობს უამრავი ძალიან საინტერესო მეთოდი, ტექნიკა, რომლებიც ეფექტურ შედეგებს იძლევიან. მეორე მხრივ, მათი ეფექტურობა სპეციალისტის პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული, რადგან უბრალოდ მშრალად რაიმე ფსიქოტექნოლოგიის გამოყენებამ შესაძლებელია შედეგი არც მოგვცეს.

შიშს გააჩნია სტრუქტურა, დინამიკა და პროცესი. მას თავისი მექანიზმი აქვს. მაგალითად, რაიმე უსიამოვნო მოვლენამ შესაძლებელია გამოიწვიოს უსიამოვნო ემოციურ – შეგრძნებითი მდგომარეობა და შედეგად ჩვენს ცნობიერებაში ყალიბდება რწმენა – წარმოდგენა ამ მოვლენის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ეს რწმენა – წარმოდგენა გაზვიადებულია და შედეგად ჩვენი მდგომარეობა მძიმდება. კარგი იქნება რეალურად შევაფასოთ მოვლენისადმი ჩვენი დამოკიდებულება და როგორც დამკვირვებელმა, გარედან დავაკვირდეთ საკუთარ თავს იმ მოვლენის პროცესში როდესაც ჩვენში იწყება და მთავრდება შიშის რეაქცია. ეს შესაძლებელია ჩვეულებრივ სუტუაციის წარმოსახვით გავაკეთოთ. უბრალოდ დისოცირებას, ანუ მოვლენიდან ვიზუალური “გამოსვლა” და გარედან დაკვირვებას ზოგ შემთხვევაში ძლიერი ეფექტი გააჩნია და ემოციურ – კინესთეტიურ დამოკიდებულებასაც ამცირებს.

საერთოდ, ძალიან კარგია როდესაც ადამიანი რეალურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და უნარ ჩვევებს, რადგან უსიამოვნო და დამთრგუნველი შიშის განცდა შესაძლებელია საკუთარი პიროვნების გადაჭარებულ თვითშეფასებამაც გამოიწვიოს ან პირიქით, მუდმივმა თვითგვემამ და “არ შემიძლია”, “სუსტი ვარ” ან მსგავს რწმენა – წარმოდგენებმაც. კარგ შედეგებს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშების ცოდნა, დადებითი ვიზუალიზაცია, თვითშთაგონება, მაგალითად “მე შემიძლია”, “მე მეშინია, მაგრამ მე შიშზე ძლიერი ვარ” და ა.შ. ლაშქრობები რთულ და გაუვალ ადგილებში, არსებულ, კონკრეტულ შიშზე უფრო მეტად მძიმე მოვლენებში მონაწილეობა, შემაწუხებელი მოვლენის გახსენება და ფურცელზე გადმოტანა – ხატვა და სხვა მრავალი შემოქმედებითი მიდგომა. როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებსო და თუ ლომს თვალებში ღიმილით შევხედავთ, ის შესაძლებელია შინაურიც გახდეს. თუ თქვენ თვითნებურად გიჭირთ შიშებთან გამკლავება და ვერ ახერხებთ მათ თავი დააღწიოთ, არსებობენ სპეციალისტები, ფსიქოლოგები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და დაგეხმარებიან დასძლიოთ ის უსიამოვნო აკვიატებული, შემაწუხებელი და მუდმივი შიშის განცდა. გისურვებთ წარმატებებს!

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • მარია says:

    დიდი მადლობა ფსიქოლოგს ასეთი საინტერესო და პრაქტიკული რჩევებისთვის.

    • giorgi says:

      yvelapers tvit chagrmavebaa chirdebaa da situaciis kontrolii dros ar undaa gaaswroo aramed shen unda gemorchilebodes is kargad undaa sheapasoo situaciaa sadac ara sjobs iq gaclaa sjobsoo ara adamianii brdzolisvis aris dabadebulii da ara gagcevisvis gansakutrebit qristianebii naxet wmindaa mamebii da tavad qristes cxovrebac isinii yvelazee mtavarii shishis sikvdilsac ar eshinodat lacharii arc am cxovrebashii da arc momaval cxovrebashii ver daimkvidrebs tavis adgils. nu warmoidgen iluziiebs rac ar momxdaraa nu shemogyavs ararsebulii realobaa arsebobashii da yvelaperii kargad iknebaa. shishi dzalian mravalperovaniaa adamianebii ibadebian martvelebii an martvadebii ai romel jgups miekutnebii es ukvee sxvaa temaa magram yvelapris dadzlevaa sheidzlebaa tu grwams

  • Qeti says:

    Gtxovt damexmarot.maqvs epilepsia 10welia agar mqonia.exa roca mesmis amdeni axalgazrdis dagupva ,gamihnda imis shishi ro mec krumxvashi havardebi dzan shemcxveva.zaan havikete saxlidan gasvla saertod arminda.gtxov gamomexmaurot

    • giorgi says:

      gamoxmaurebas gavaketeb shens komentarzee.. jer ertii es sircxvilii ara da mere meoree saxlshii chaketvaa dzalian cudiaa da epilebsis sindrobad chamoyalibebas uwyobs xels epilepsiaa aris tvinis ubnebis sxvadasxvanairii anu impulsurii ashliloba rodesac organizmis dadgenili kavshirii hemostazii irgveva.. epilebsia sheidzleba iyos genetikurii an shedzenilii romlis qvesh xart jer ar vicii mudmivii kontrolii chirdebaa arsebobs neiroo stimulatorebii melefsiini filevsiini romlebic unda miigot siptomatiurad.. da arsebobs kidev sruliat gankurnebaa epilebsiidan ogon amas dzalian didi rwmenaa da psiqologiaa chirdebaa..pirveligshii me girchevt roo sheeguot garemos da moaxdinot adaptaciaa meoree komunikabelurii unda iyot da ar unda chaiketot saxlshii es shishs iwvevs sazogadoebisadmii da tqven ormagad gazianebt amitom girchevt harmoniulobaa sheinarchunet

  • Lela says:

    Gamarjobat.gtxovt mirchiot rame.ar maqvs arsad wasvlis survili radgan mgonia rom cudad gavxdebi.stumrad ro mivdivar ver visveneb saxlshi minda gamoqceva

  • ნაზი says:

    ავტომანქანის ტარების შიშის დაძლევის ხერხები მაინტერესბეს და იქნებ დამეხმაროთ

  • გამარჯობათ, ძალიან მაინტერესებს ბავშვს რატო შეიძლება ეშინოდეს სარკის , ვარდებოდეს პანიკაში , ან
    რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი .ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ , დიდი მადლობა წინასწარ

  • ნინო says:

    ჩემი შვილი 14 წლისაა,ორწლინახევრის იყო წიგნების თაროს ქვეშ მომიყვა,ვუმკურნალე,ცხრა წლის შემდეგ იყო მშვიდი,ახლა გარეთ გასვლის სურვილი დაეკარგა,მიეჯაჭვა კომპიუტერს,ხშირად,როცა რაიმეს ეკითხები კივილს იწყებს,ისტერიკაში ვარდება ,ზოგჯერ გიღიმის გეალერსება ,დაძინებაც უჭირს,ჭამის მადაც დაეკარგა ,ექიმთან წამოსვლაზე უარს მეუბნება,შეფარვით ვასვი ნევროზალი ოცდახუთი დღე,გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა,ახლა ორი კვირაა წამალი აღარ დამილია და ისევ ცუდად მყავს,გთხოვთ მომცეთ რჩევა.

  • უჩა says:

    ნერვოზი მაქ კაი ხანია ერყხელ სამსახურში გავხდი ცუდად წნევა მქონდა 140 100 და სახლამდე მივასწრო ნეთქი და მის მერე დამჩემდა შიში მარტო ვერ დავდივარ ნეუღლე დამყავს ყველგან და წამლები და აპარატი წნევის სულ დამაქ ეს როგორ გადავლახო გთხოვთ მირჩიოთ რამე

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი