როგორ დავძლიოთ ამპარტავნების ცოდვა?
ამპარტავნება ცოდვათაგან ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა. შეიძლება ითქვას, ცოდვის სათავეც, რომელიც მხოლოდ თავმდაბლობით იკურნება. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა მაქსიმე ჭანტურია.
მამაო მაქსიმე, ქრისტიანული სწავლებით რამდენად მძიმე ცოდვად ითვლება ამპარტავნება?
ამპარტავნების ცოდვა ყველა ცოდვის სათავეა. იგი ცოდვათა სათავედაც ითვლება და ბოლოდაც. მას წმინდა მამები ღვთის გმობის ცოდვასაც უწოდებენ, რადგან ამაყი და ამპარტავანი ადამიანი იმდენად რეალობას მოწყვეტილია, რომ მისი განკურნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ამპარტავანი შენიშვნის მიღებას ვერ იტანს, ვერც მხილების მიღებას. შეიძლება ითქვას, მას სიყვარულიც არ შეუძლია, ძალიან ეგოცენტიულია. ამპარტავანის საქციელი რისხვის გამომხატველიცაა. ეს ყოფითი თვალსაზრისით ბევრ რამეში გამოიხატება, რადგან მასაც აქვს სიმაღლეები.
როგორც თავმდაბლობას აქვს გარკვეული სიმაღლე და ზომა, ასევე აქვს ამპარტავნებასაც. არის ამპარტავნების დასაწყისი სტადია, საშუალო და ბოლო. მაგალითად მცირე სახით გამოხატული ამპარტავნება არის ის, რომ ადამიანი გავიდა სახლიდან და არ ილოცა, მიენდო საკუთარ თავს და არა ღმერთს. ამპარტავანია ის, ვინც სხვას არ აცლის საუბარს, ყოველთვის საკუთარ თავს მიიჩნევს მართლად, ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია და არავის დახმარებას არ საჭიროებს. ასეთი ადამიანი რეალობას მოწყვეტილია.
მამაო, საიდან იღებს სათავეს ამპარტავნების ცოდვა?
ერთი წმინდა მამა ამბობს: “ამპარტავნების ცოდვა იბადება იქიდან, რომ ადამიანმა არ იცის რამდენად სუსტია იგი და რამდენად დიდი და დიადია ღმერთი”. სწორედ ამის არცოდნა იწვევს ამპარტავნებას. რატომ არის ეს ცოდვა ძალიან მძიმე? იმიტომ, რომ ადამი სამოთხეში დაეცა ცოდვით. ის რომელიმე ქვეყანაში კი არ ცხოვრობდა, როგორც ჩვენ, სამოთხეშიც კი დაეცა ცოდვით. რა თქმა უნდა, ის მაინც ადამიანი იყო. ანგელოზი, სატანა, ეშმაკი კი როგორც ანგელოზი დაეცა სწორედ ამ ცოდვის გამო. ყველა სწავლებას, ყველა ვნებისა თუ სათნოების არსს რომ ჩავწვდეთ, ყოველთვის ფაქტებს დასაწყისსთან საღვთო ისტორიის განსაკუთრებულ მოვლენასთან მივყავართ. მაგალითად ანგელოზმა, რომელიც ნათლის ანგელოზი იყო, სიამაყით ჩათვალა, რომ ყველაფერი რაც ებადა მხოლოდ მისი იყო და უგულებელყო, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან ჰქონდა ნაბოძები. აი, ამ აზრმა დასცა ის.
როგორ უნდა დავძლიოთ ამპარტავნების ცოდვა?
ამპარტავნების საწინააღმდეგოა თავმდაბლობა. თავმდაბალი ადამიანი ყველაფერს ღმერთს მიაწერს. თავისი ქველი, კეთილი საქმეები არ ახსოვს. არა თუ არ ახსოვს, არაფრად არ თვლის მას. შეურაცხყოფის, ლანძღვისა და ყვედრების ამტანია. არასდროს არავის მიმართ აგრესიული არ არის. ეს არის თავდაბლობის გამოხატულება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ სხვა დონეზეც ადის. თავმდაბალი ადამიანი პირიქით ზოგჯერ ამას ეძებს კიდევაც ისე უნდა თავი დაიმდაბლოს. ამაყი ადამიანი კი ყველაფერ ამას გაურბის. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ამპარტავნება პირველ რიგში უნდა დაძლიოს შეგნებით. იგი უნდა მიხვდეს რამდენად მძიმე ცოდვაა ის. უნდა წაიკითხოს წმინდა მამათა სწავლებანი. უფალი ამბობს: “მშვიდ ვარ და მდაბალი გულით, ისწავლეთ ჩემგან”. ყველაზე კარგი მასწავლებელი თავად უფალია. მოციქულებიც ამას გვასწავლიან.
ჩვენ შეიძლება სახარების სიტყვები პირდაპირ, გულწრფელად და უბრალოებით ჩვენით ვერ მივიღოთ. ამიტომ უნდა ვიკითხოთ წიგნები. იოანე სინელის კიბის აღწერა სათნოების, აბა ტოროტეს სწავლანი, წმინდა მარკოზ განშორებული და სხვა წმინდა მამები, რომლებიც ძალიან ბევრს წერენ თავმდაბლობაზე, ამპარტავნების ვნებაზე. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამპარტავნება არის რვა მომაკვდინებელ ვნებათაგან ერთ-ერთი. ფაქტიურად ის არის თავიცა და ბოლოც ამ რვა მომაკვდინებელი ვნების. ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რომ ის ჯერ დიდებისმოყვარეობით იბადება და მერე ამპარტავნებაში ყალიბდება. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც პატარა ბიჭი და დიდი კაცი, მაგრამ ორივე მძიმე ცოდვაა. ამიტომ ადამიანმა ჯერ უნდა შეისწავლოს მისი გარეგნული ნიშნები, შინაგანი ემოციური მდგომარეობა როგორია ამპარტავანი ადამიანის და მერე ნელ-ნელა უნდა ებრძოლოს მას. საკუთარი ნების უარყოფით, მორჩილებით, შეურაცხყოფის ატანით, ცოდვათა მონანიების დიდი სურვილით. ასე თუ მოიქცევა და ადამიანი ამგვარად გაატარებს თავის ცხოვრებას, მართალია უცბად ის ამისგან ვერ განიკურნება, მაგრამ ნელ-ნელა მიიღებს კურნებას, ღვთის წყალობას, სიმშვიდეს, იმედს და იმ ნეტარებას, რომელსაც უფალი ამბობს ცხრა ნეტარებაში: “ნეტარ არიან გლახაკნი, მგლოვარენი, მშვიდნი”. ამის შემდეგ ადამიანი თავის თავზეც განიცდის და როცა ნახავს თუ რა სიხარული მოაქვს ყოველივე ამას, ის უფრო დაეწაფება მას. ამპარტავანი ადამიანი არავისთვის მოსაწონი არ იქნება. თვითონაც არა აქვს სიყვარულის უნარი. ის საცოდავია, დაღუპვის გზაზე მდგომია. ამიტომ სანამ ცხოვრობს დედამიწაზე, კიდევ შეუძლია თავი დაიხსნას ამ ცოდვისაგან, თორემ შემდეგ მისი მშველელი არავინ არ იქნება.
ვერიკო ბაჯელიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
კარგი სტატიაა.გმადლობთ.
მოგესალმებით! ცოდვა არ უნდა იყოს რაღააც გამოუსწორებელი რამ.
ეს მავნე ჩვევასავითაა, რომელიც ზის ჩვენს შიდა ბუნებაში და არასწორი საქციელისკენ გვიბიძგებს. როდესაც გულწრფელად მივზდევთ რომელიღაცა სულიერ ან რელიგიურ პრაქტიკას, ჩვენი სულის სინათლე გამოდის ნელ-ნელა წინა პლანზე და ასხივოსნებს ჩვენს მიწიერ ცნობიერებას. ჩვენი ბუნება ამით გარდაიქმნება. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ დაყველაფერი გამოსწორდება.
აი ჩემთვის იმედის მომცემი სიტყვები აღმოცნდა:
http://www.self-discovery.ge/codva
მოგესალმებით. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ.ცოდვები გამოსწორდება
ყველამ თუ იმუშავა თავის თავზე, მაშინ კარგი იქნება.