მთავარი » ქრისტიანობა

როგორ დავიცვათ თავი მძიმე სულიერი კრიზისისგან?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.10.2019 | 1,863 ნახვა

“ამბიონს” ესაუბრა წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

– მამაო, დღეს, როცა ამბობენ, რომ დრო დაჩქარდა, ადამიანებს ნაკლებად რჩებათ დრო სულიერებაზე ზრუნვისათვის. ცხოვრების ტემპს აყოლილ მორწმუნე ადამიანებსაც კი ხშირად ავიწყდებათ სულზე ზრუნვა…

თუ დავაკვირდებით თანამედროვე ცხოვრების რიტმს, დავინახავთ, რომ საოცარი სისწრაფით ვითარდება ჩვენ გარშემო მოვლენები, ელვისებურად ენაცვლებიან ერთმანეთს თვეები, წელიწადის დროები, გადის წლები და ადამიანი უკან მოხედვას ვერ ასწრებს. მართლაც რომ წუთია ეს სოფელი…

ასეთმა რეჟიმმა ჩვენს სულიერებაზეც ჰპოვა ასახვა. უკიდურესად მატერიალისტები გავხდით. ვცდილობთ ბევრი შევქმნათ, ბევრი მოვასწროთ, გავერთოთ, მეტი სიამოვნება და დივიდენდები მივიღოთ ცხოვრებისგან… ყველაფერს მიედ-მოედება თანამედროვე კაცი და ხშირად ავიწყდება უმთავრესი: ის, თუ რისთვის შეიქმნა, რა მისიით მოვიდა ამ ქვეყნად. ეს მისია კი – ღვთის ხატებისა და მსგავსების მქონე უკვდავი სულის გადარჩენა გახლავთ…

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწა სამოთხე არაა. ეს ჩვენი დროებითი გამოცდის ადგილია. შესაბამისად, როგორც გამოვიყენებთ და საითაც წარვმართავთ საკუთარ თავისუფალ არჩევანს, იმის პირდაპირპროპორციულად მოგვაგებს უფალი. ცნობილია, რომ მორწმუნეს გამძაფრებულად ებრძვის ბოროტი და ცდილობს როგორმე გადაახვევინოს საღვთო გზიდან ეკლესიის წიაღიდან გამოიყვანოს, ქრისტეს მოსწყვიტოს, ჩააგდოს მრავალგვარ ცოდვაში და საკუთარ ტყვედ აქციოს. მოგეხსენებათ, ცოდვას ახასიათებს ტირანია, ბატონობა სულზე. უფალიც ხომ ამბობს ,,რომელმან ჰქმნას ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისაო”, ხშირად ადამიანი ვეღარ ახერხებს თავისი ძალებით დააღწიოს თავი და გამოვიდეს განსაცდელებიდან … მაგრამ, მიუხედავად უამრავი შეცდომისა და დაცემისა, სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ სინანული, გულწრფელი აღსარება ვთქვათ მოძღვართან და გულის ფიცარზე ამოვიბეჭდოთ სიკვდილის გამუდმებული ხსოვნა. ამგვარი მიდგომა აუცილებლად დაგვიცავს მძიმე სულიერი კრიზისებისგან….

– რა არის დროის დაჩქარების მიზეზი, რატომაა სულზე ზრუნვა აცულებელი და ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, როცა მრავალი საცდური და ყოველდღიური საზრუნავია ჩვენ გარშემო, როგორ შევძლოთ, ვიფიქროთ სიკეთის კეთებასა და სულის გადარჩენაზე?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დროის აჩქარება საზოგადოებამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იგრძნო. 21-ე საუკუნის ადამიანისათვის დრო დეფიციტური გახდა. როგორც ჩანს, ეს ფენომენი სამყაროში არსებული კანონზომიერების ნაწილია. თქვენ იცით, რომ სახარებაში უფალი ბოლო ჟამის მოახლოების ერთ-ერთ ნიშნად დროის ცვლილებას წინასწარმეტყველებს. წმინდა ნილოს მირონმდინარეს სიტყვებითაც, ამ პერიოდში „წელწადი იქნება ვითარცა თვე, თვე ვითარცა დღე და დღე ვითარცა საათი“

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრება უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს მორწმუნეს. სწორედ მათი ზეგავლენით, ადამიანთა შორის ურთიერთობები გახდა უფრო ტრაფარეტული, უღიმღამო და გაცივდა. სოციალურმა ქსელებმა და ცოცხალი კონტაქტის უქონლობამ კი სულიერი ინერტულობისაკენ მიდრიკა ბევრი. შესაბამისად, ძველებურად ვეღარ განვიცდით და ვიზიარებთ ერთმანეთის ტკივილსა თუ სიხარულს. თუმცა, როგორც სამოციქულო სწავლება გადმოგვცემს, ღვთისგან ყოველივე კეთილადაა შექმნილი და ჩვენც უნდა ვისწავლოთ ტექნოლოგიური საშუალებების მხოლოდ ჩვენსავე სასარგებლოდ და სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენება…

მე ვიტყოდი, მიუხედავად საცდურებისა და ცოდვის გამრავლებისა, დღეს ღმერთი სულიწმიდის დიდ მადლს და განუზომელ წყალობას გვაძლევს… მაგალითად, ბერ-მონაზვნები მონასტერში ვხოვრობთ. აქ უფრო მეტად ვგრძნობთ და აღვიქვამთ როგორც ღვთის, ასევე ბოროტი სულის უხილავ მოქმედებას… პარადოქსია, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად იგრძნობა, რომ მორწმუნესათვის სატანისგან მოვლენილ ცოდვის ქარებს უფალი სიყვარულის გრიგალით აცხრობს და კურნავს. ნათქვამია, ,, სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემატოს მადლიო” ... უფალმა ხომ ყველაზე კარგად იცის ჩვენი სისუსტეები და უძლურებები, ის მოსიყვარულე მამაა და არ გვიყურებს ჩასაფრებული პოზიციიდან, რომ რაიმეში გამოიჭიროს და ამხილოს ადამიანი. მან სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის შეგვქმნა და მხოლოდ ამ ნიჭების სწორად გამოყენებას მოითხოვს ჩვენგან…. იმისათვის, რომ შემოქმედს არ ვუღალატოთ და ჯვარცმულ მაცხოვარს წყლულებზე წყლული არ შევმატოთ საკუთარი უღირსი საქციელით, საჭიროა მტკიცედ ვიდგეთ დედა ეკლესიის წიაღში, პირად ცხოვრებაში განვახორციელოთ სახარებისეული სწავლება, წმინდა მამათა დარიგებები და რაც მთავარია, ხშირად ვეზიაროთ სულიერი სიცოცხლის წყაროს – ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. რადგანაც მორწმუნეთათვის ამ წინაპირობების შესრულება გახლავთ ერთადერთი გარანტი წარმატებული, მშვიდი და ბედნიერი მომავლისა!

თეონა ნოზაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი