მთავარი » საზოგადოება

როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.03.2013 3 კომენტარი | 7,350 ნახვა

აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია უჭირავს.

აფხაზეთის ომის (1992-1993 წწ.) შემდგომ წლები გავიდა, მაგრამ ქართველ ხალხს იგი არასდროს დავიწყებია და დღესაც აქტუალურ თემას წარმოადგენს აფხაზეთის დაბრუნება. აფხაზეთი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით “ამბიონს” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი ესაუბრა:

რამ განაპირობა აფხაზეთის ომის დაწყება? რა იყო შეცდომა და რა უნდა გაკეთებულიყო ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად?

ქართულ-აფხაზური დაპირისპირება აფხაზეთში და შემდგომ შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება თითქმის ბოლო 100 წლის მანძილზე მზადდებოდა. ის თავიდან ბოლომდე ჯერ ცარისტული, შემდგომ – ბოლშევიკური და ბოლოს დემოკრატიული რუსეთის “შემოქმედება” იყო. რუსეთის იმპერიამ შეძლო საუკუნეების მანძილზე არსებული, ჩამოყალიბებული ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის მოშლა. აფხაზების სეპარატისტული გამოსვლები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ 1917 წლიდან დაიწყო. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ და იმჟამინდელმა აფხაზურმა პოლიტიკურმა ელიტამ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და კრიზისის აღმოფხვრა. აფხაზეთს ოფიციალურად მიენიჭა ავტონომიური სტატუსი.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ და ქვეყნის ნაძალადევმა გასაბჭოებამ ერთბაშად წყალში ჩაყარა ქართულ-აფხაზური ერთობის გზაზე მიღწეული წარმატებები.რუსმა ბოლშევიკებმა და მათ მიერ დამუშავებულმა სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზმა კომუნისტებმა, ქართველი ბოლშევიკი ლიდერების, პირადად, ი. სტალინისა და ს. ორჯონიკიძის წაყრუებით, აფხაზეთი ჩამოაცილეს დანარჩენ საქართველოს და დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. მოგვიანებით, იგივე სტალინი და ორჯონიკიძე მიხვდნენ ამ გადაწყვეტილების აბსურდულობას და აფხაზეთის სსრ-ის საქართველოს სსრ-სთან გაერთიანების საკითხი დააყენეს, რაც მალე, 1921 წლის დეკემბერში განხორციელდა კიდეც, როდესაც
“საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება” დაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთი, ფორმალურად, თითქოს ითვლებოდა სამოკავშირეო რესპუბლიკად, ის “დე-ფაქტოს” ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. 1931 წელს აფხაზეთი ოფიციალურადაც გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და ამ სტატუსით მოვიდა 1992 წლამდე, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალით დამხობის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისით, რაც ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისარგებლეს აფხაზურმა სეპარატისტულმა ძალებმა ვლადისლავ არძინბას მეთაურობით და მოახდინეს შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება 1992 წლის 14 აგვისტოს.

და მაინც, რა მოხდა 14 აგვისტოს საბედისწერო დილას?

ოფიციალური ვერსიით, რომლის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სარკინიგზო მაგისტრალების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილები გადაადგილდა საქართველოს სახელმწიფოს (რომლის სუვერენიტეტი – საქართველოს სსრ-ის 1991 წლის საზღვრებში – აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ) შიგნით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ე. ი. ცხადზე უცხადესია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის პირველი კოლონა მიუახლოვდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან განლაგებულ ე.წ. “აფხაზური გვარდიის” (თავისთავად უკანონო სამხედრო ფორმირების) ბლოკ-პოსტს, აფხაზმა “ბოევიკებმა” მოულოდნელად მათ ცეცხლი გაუხსნეს. მეორე შეტაკება უკვე გულრიფშის რაიონში, აგუძერასთან მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა კონფლიქტის ინსპირირება და ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ აფხაზური მხარეა.

მიუხედავად ამისა, მე არ უარვყოფ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა ცალკეული ტაქტიკური ხასიათის შეცდომები და, ვფიქრობ, შეიძლებოდა ამ პროვოკაციის თავიდან აცილება. ჩვენი აზრით, სახელმწიფოს მეთაური არ უნდა დასჯერებოდა სატელეფონო საუბრებს ვ. არძინბასთან. ე. შევარდნაძე თვითონ უნდა ჩასულიყო სოხუმში, პირადად შეხვედროდა სეპარატისტების ლიდერს და, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირისაგან, ოფიციალურად მიეღო თანხმობა (წერილობით დამოწმებული) საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის შეყვანაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამით, ალბათ, თავიდან აიცილებდნენ ყოველგვარ გაუგებრობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. ე. შევარდნაძეს აშკარად უმტყუნა პოლიტიკურმა ალღომ და მან, როგორც ჩანს, ვერ გაბედა, გადაედგა იმ დროისათვის რამდენადმე სარისკო ნაბიჯი.

როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა რელიგიური დატვირთვა აფხაზეთის ომს და როგორი მდგომარეობაა ამჟამად აფხაზეთში რელიგიური თვალსაზრისით? ტარდება თუ არა წირვა-ლოცვა ეკლესიებში?

რელიგიური დატვირთვა ქართულ-აფხაზური დაპირისპირებისა, ფაქტობრივად, არასდროს არსებობდა. მე-19 საუკუნეში მაჰმადიანი აფხაზობა კი მოექცა ერთგვარ რელიგიურ დაპირისპირებაში ქრისტიანულ რუსეთთან, მაგრამ არავითარი ანტიქრისტიანული დატვირთვა მათ წინააღმდეგ ბრძოლას არ ჰქონია. თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა მუსლიმმა აფხაზებმა 1877 წელს მოკლეს პირველი აფხაზი მღვდელი იოანე გეგია. იგი თავისი ეკლესიის ეზოში, უბეში ჩაახრჩვეს. დღევანდელი ქრისტიანული აფხაზობა და ღვთისმსახურები მას წმინდანად მიიჩნევენ. თანამედროვე აფხაზეთში ღვთისმსახურება ძირითადად რუსულ და აფხაზურ ენებზე სრულდება.

ვრცელდება თუ არა პატრიარქის გავლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე?

იურიდიულად, თანამედროვე აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. განდგომილი მღვდელმსახურები რასაც იქ აკეთებენ, სრული უკანონობაა, მაგრამ პატრიარქი ამას მაინც ფრთხილად ეკიდება. მაგ. მას შეეძლო დიდი ხნის წინ განეკვეთა ბესარიონ ფილია (ამჟამად აფლია). იგი ქართული ეკლესიის წიაღიდანაა გამოსული პატრიარქის მიერ დიაკვნად და შემდგომ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დავით ჭკადუას მიერ მღვდლად ნაკურთხი. როდესაც 1993 წელს ქართველმა სამღვდელო პირებმა დატოვეს აფხაზეთი, ფილიამ დაიწყო ბრძოლა აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსაგან ჩამოსაცილებლად ეკლესიურად. თვით რუს სამღვდელო პირებსაც კი უკვირთ საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის ამგვარი ლმობიერება და ამას მისი დიდსულოვნებით ხსნიან.

თავის დროზე ჩაერივნენ თუ არა უმაღლესი საეკლესიო პირები ამ კონფლიქტში და რა სახით?

აფხაზეთის ომის დროს იქ იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დავით ჭკადუა. მან გამოკვეთილად დაგმო სეპარატისტების გამოსვლა და ამის გამო აფხაზები გაუნაწყენდნენ კიდეც მას.

ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც აიძულებს რუსებს , გაიყვანონ სამხედრო ბაზები?

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა დღესდღეობით. 1992-93 წლებში და შემდგომ პერიოდში რუსეთი თითქოს შუამავალი იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე და არა შუამავალი, მაგრამ არავინ გვიჯერებდა. ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეებიც კი გვეუბნებოდნენ, რომ როგორმე მოგვეგვარებინა ურთიერთობები რუსეთთან. 2008 წლის ომმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ეს პოლიტიკური სიყალბე და აჩვენა, რომ სწორედ რუსეთია ოფიციალურად საქართველოს წინააღმდეგ “ჯვაროსნული ლაშქრობის” მთავარი სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევარბილოთ რუსეთის მხილება დასავლეთის თვალში, რადგან თუ დავიხევთ უკან, დასავლეთიც დაიხევს. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც რუსეთს აიძულებს, გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, არის დასავლეთის მკაფიო და ერთნიშნა მხარდაჭერა ამ საკითხში.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აღიდგინოს ურთიერთობები აფხაზ ხალხთან?

ქართულ მხარეს არასოდეს ჰქონია პრობლემა აფხაზებთან დალაპარაკებისა. ჩემს პირად მაგალითს მოგიყვანთ: მყავდა სტუდენტი ირინა აგრბა, ამჟამად აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, რომელიც აფხაზეთის ტელევიზიაშიც მუშაობს. ამ ტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე დავწერე რამდენიმე კომენტარი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა, არც ირინა, თუმცა კომენტარები არავის წაუშლია და ახლაც დევს იმ გვერდზე. ქართველები გახსნილები ვართ. მე არ მაქვს პრობლემა ვინმესთან გასაუბრების, ყველა აფხაზს დაველაპარაკები. ჩემი აზრით, როგორც კი რუსის ფაქტორი მოიხსნება, აფხაზები ჩვენთან სასაუბროდ უფრო აქტიურად გამოვლენ.

და ბოლოს, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

აფხაზეთს დავიბრუნებთ აუცილებლად, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორიული სამართლიანობა. მისი დაბრუნება, უბრალოდ, დროის საკითხია. მე ამის ღრმად მწამს და ყოველთვის ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა ამ გზაზე ძალიან დიდი პრობლემებია. რაც უფრო გამწვავდება რუსებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა, მით უფრო მეტი ნიშა ჩნდება ქართულ-აფხაზური დაახლოებისა და ხელახალი შერიგებისათვის. ორივე მხარემ უნდა გადააბიჯოს წყენას და დათმობებზე წავიდეს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მე ვერ დავბრუნდები იმ აფხაზეთში, სადაც არ იქნება შარტავას ქუჩა. აფხაზი კი მახვედრებს არძინბას ქუჩას. მე ამ ქუჩაზე ვერ ვიცხოვრებ. აფხაზეთი არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახლი. თუ ვერ შევთანხმდებით და ერთად ვერ ვიცხოვრებთ ამ საერთო სახლში, მაშინ, ალბათ, მოგვიწევს ფიქრი ამ სახლის ცივილიზებულად გაყოფაზე – ყველას თავისი კუთხე მივუჩინოთ და თანაცხოვრება ხელახლა ავაწყოთ.

თამთა ჯიქია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • lautoni says:

    როდესაც ვლაპარაკობთ აფხაზეთის დაბრუნებაზე,აქ პრაგმატული მიდგომაა საჭირო.ცარიელი ლოზუნგები და ემოციური განცხადებები არაფრის მომტანია,უფრო მეტიც კიდევ უფრო გვაშორებს აფხაზეთს და საერთოდ კომენტარებიც მათ მიმართ უნდა იყის კორექტული.რამეთუ ისენიც კითხულობენ ამ კომენტარებს და როცა შენ ბოღმასაა და გესლს ანთხებ მათ მიმართ,ასეთ შემთხვევაში მათ არ ენდომება ჩვენთან ერთად ერთ “ოჯახში”ცხოვრება.ორივე მხარემ უნდა მიუტევოთ ერთმანეთს,ყოველგვარ მართალ-მტყუანის გარჩევის გარეშე.დიახ თანაბარ პირობებში უნდა შევუნდოთ ერთმანეთს და ასე უნდა მოხდეს დიდი შერიგება.სხვანაირად არ გვექნება არანაირი პერსპექტივა.რაც შეეხება წარსულს მე მაოცებს ზოგიერთების მონაყოლი.ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე,რომ თითქოს შეგნებულად ცრუობენ.მაგალითად:მე კარგად მახსოვს 70-80 წლების აფხაზეთი.ბევრჯერ ვყოფილვარ იქ,ისიც მახსოვს,რომ ისენი ყოველთვის ჩვენთან მიმართებაში გაუცხოვებას იჩენდნენ და რუსეთისა და რუსების მიმართ ჰქონდათ კეთილგანწყობა და სიმპათია.ამას მოწმობს ის ფაქტიც,რომ სოხუმში ქართული ენა სანახევროდ “გადიოდა” გუდაუთაში საერთოდ არ გადიოდა,და ასე შემდეგ.ზოგან ნაწილობრივ ზოგან საერთოდ არ გადიოდა.ამ მხრივ გამონაკლისი იყო,მხოლოდ და მხოლოდ გალი.ჩვენ გვინდა თუ არა უნდა შევეგუოთ რეალობას. აფხაზეთი ისეთი ფორმით როგორიც აქამდეს იყი ჩვენი ქვეყნის ნაწილი აღარასოდეს იქნება.უკეთეს შემთხვევაში ფედერაციულ სივრცეში(ეს დიდი მსჯელობის საგანია,თუ როგორი ფედერაციის ფორმით)იქნება ჩვენი ქვეყნის ნაწილი,სამწუხაროდ ეს არის რეალობა,თუ აფხაზეთი გვინდა საქართველო უნდა გახდეს ფედერეციული ქვეყანა.ჩვენგან უნიტარული სისტემის სახელმწიფო აფხაზეთთან ერთად აღარასოდეს შედგება.აი ეს რეალობა უნდა გააცნობიეროს სწორედ როგორც პოლიტიკოსებმა ასევე ქართველმა ხალხმა.ფედერაციული სახელმწიფოს მოწყობზე ჩვენს ხალხს აქვს მცდარი წარმოდგენა.ეს სულაც არ არის ცუდი,მითუმეტეს როცა გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის პანაცია,სხვა შემთვევაში აფხაზეთს ვერასოდეს დავიბრუნებთ და დავრჩებით ცრუ მოლოდინებისა და ილუზიების ჭაობში!!!!!

  • guliko says:

    me dzalian cudad vxdebi roca vixseneb afxadzets da mis qalaqebs mis kutxeebs da ubnebs cveni diidii tkivilia es me imeid ma tumca mais imedi xo yvelas gvaq rom odesme isev cveni gaxdeba afxazeti

  • ელენე says:

    აფხაზეთი როგორც წაგვართვეს ისევე შეგვიძლია დავიბრუნოთ!
    უბრალო ლოზუნგები,კომენტარები რომ აფხაზეთი ჩვენი გულის ტკივილია უბრალოდ დიდი სისულელეა ჩემი აზრით თუ საქმით არ დავამთავრეთ.ყველამ ვიცით აფხაზეთი როგორ წაგვართვეს.და ჩვენც აფხაზ ხალხთან კეთილი,მეგობრული განწყობით შევძლებთ ქვეყნის”გულის” დაბრუნებას.რუსეთმაც ასე კეთილი დამოკიდებულებით ააჯანყა აფხაზი ხალხი და ჩვენც შეგვიძლია ამავე ხერხით ვიმოქმედოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი