მთავარი » ქრისტიანობა

როგორ დავაღწიოთ თავი სიზმრებს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2009 12 კომენტარი | 14,794 ნახვა

“თავი ხილვების ღირსად არ უნდა ჩავთვალოთ”

სიზმარიადამიანთა უმრავლესობა სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რის გამოც, ხშირად მოსვენებაც დაკარგული აქვთ და ყველანაირად ცდილობენ, ახსნა მოუძებნონ მის მნიშვნელობას. ასეთ ადამიანებს თავიანთი დამარწმუნებელი არგუმენტაციებიც გააჩნიათ, რომ სიზმარი სანდოა და ღმერთი სიზმრის საშუალებით გაფრთხილებას უგზავნის.

ირმა კაცაძე: “პატარაობისას, ერთსა და იმავე საშინელ სიზმარს ხშირად ვხედავდი. ამბობენ, დანა უნდა დაიდო თავქვეშ და ცუდი სიზმარი აღარ დაგესიზმრებაო. ბავშვობაში ასე ვაკეთებდი და მაშინ დანაც მშველოდა. ხშირად კი სიზმრისგან შეშინებული დედას ვაღვიძებდი, ის ლოცვებს კითხულობდა და ასე მაძინებდა.
ვიცი, სიზმარი ეშმაკისაა და არ უნდა დაუჯერო, მაგრამ რეალობაში რომ მემთხვევა სიზმარში ნანახი, რა ვქნა არ დავიჯერო? ღმერთს რომ არ უნდოდეს, სიზმარსაც ვერ ვნახავდით. გამაფრთხილებელი სიზმრისას კი უფალს ჩვენი გაფრთხილება უნდა, რომ გეგმები შევცვალოთ და ასეც ვიქცევი. რამდენიმე დღის წინ დისშვილზე ცუდი სიზმარი ვნახე, გამოღვიძებულს გული ცუდად მქონდა, დაძინებისაც მეშინოდა, ისევ არ მენახა მისი გაგრძელება. მაგრამ სხვა რაიმე რიტუალის ჩატარების ნაცვლად, მეორე დღეს ეკლესიაში წავედი და სანთელი ავანთე.

სამწუხაროდ, სიზმრებისგან თავის დაღწევას მაინც ვერ ვახერხებ”.

“ამბიონი” გთავაზობთ წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვრის მოსაზრებებს სიზმრის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდს მის მიმართ, რა შემთხვევაშია სიზმრის დაჯერება გამართლებული და როგორ შეიძლება დავაღწიოთ მას თავი.

მამა მალხაზი ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია): “წარმართულ ეპოქაში სიზმრისადმი დამოკიდებულების ორი ურთიერთგამომრიცხავი ჰიპოთეზა არსებობდა. ერთნი ამბობდნენ, რომ სიზმარი არის არა მარტო სასარგებლო, არამედ მისით ყოველდღიური ცხოვრებაც შეიძლება განსაზღვრო. მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ ყოველგვარი სიზმარი ცრუ, ამაო, ფუჭი და უსარგებლოა და სიზმრით არ შეიძლება ჩვენი ცხოვრების განსაზღვრა.

ჩვენ გვაქვს ღვთივსულიერი წიგნი – ბიბლია, რომლის მაგალითებითაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ხელმძღვანელობდეს. ძველი აღთქმის ისტორიაში სიზმრების შესახებ არსებობს მაგალითი იაკობის ძის, იოსების სიზმარი, რომელიც ძმებმა ეგვიპტეში გაყიდეს. იოსები კი ფარაონს სიზმარს აუხსნის და მთელ ქვეყანას შიმშილისაგან იხსნის. და რომ ამ სიზმრის ახსნა გათვალისწინებული არ ყოფილიყო უამრავი ადამიანი შიმშილით დაიღუპებოდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სიზმართგანჭვრეტის და ახსნის ნიჭით არც ერთი ჩვენგანი არა ვართ დაჯილდოებული. უნდა ვეცადოთ, თავი არ ჩათვალოთ ღვთიური ხილვების ღირსად, რათა ხიბლის მდგომარეობაში არ ჩავარდეთ.

წმინდა მამათა ცხოვრებაში წერია ასეთი ისტორია, რომ ერთ-ერთმა წმინდანმა, რომელმაც ნახევარი საუკუნე მონასტრულ საქმიანობაში განლია, ბოროტისაგან მოვლენილ დაბრკოლებასა და საცდურს განრიდებული, თავს სიზმრისეული ხილვების ღირსად არ თვლიდა. ერთხელაც მას ცეცხლოვანი ეტლის სახით თითქოსდა ელია წინასწარმეტყველი მოევლინა და უთხრა, რომ მან წმინდა ცხოვრების შედეგად იმდენად დიდ სულიერების საზომს მიაღწია, რომ ცეცხლოვანი ეტლით ცაში უნდა აღიტაცონ, როგორც ელია. წმინდანი ცდუნდა და როდესაც პირჯვარი გადაიწერა და მარჯვენა ფეხი გადადგა, ცეცხლოვანი ეტლი გაქრა. ის მიხვდა, რომ ეს ბოროტის მზაკვარება იყო და მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ ცალფეხზე მდგომარე გაატარა, რომლითაც ცეცხლოვან ეტლში უნდა შესულიყო. თუ ასეთი ღვთივსულიერი, სიფრთხილითა და სიფხიზლით აღჭურვილი ადამიანი ცდუნებაში ჩავარდა, რა უნდა ვთქვათ ადამიანებმა დღევანდელ ცხოვრებაში, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად ვიწოდებით ქრისტიანებად. ამიტომ ჩვენი თავი ხილვების ღირსად არ უნდა ჩავთვალოთ.

მართლმადიდებლური ეკლესიის შეხედულებით, სიზმარი შესაძლებელია ღვთისაგან იყოს, მაგრამ თუ ჩვენ მას სიფხიზლისა და სიფრთხილის გამო არ ვენდობით მას და ჩავთვლით, რომ სიზმრისეული ხილვისა და გამოცხადების ღირსი არ ვართ და არ გავითვალისწინებთ, ამის გამო უფლისაგან არ დავისჯებით და არც ცოდვად ჩაგვეთვლება.

წმინდა მამები ამბობენ: სიზმრის მიმყოლი ადამიანი ჰგავს მას, რომელიც საკუთარ აჩრდილს დაყვებაო. რა თქმა უნდა, სწორი მიმართულება იქნება, თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი არანაირ სიზმრისეულ ხილვას არ მიენდობა.

როგორ მოქმედებს სიზმარი ადამიანზე და რა შემთხვევაში შეიძლება ვერწმუნოთ მას?

სიზმარი ჩვენი ბიწიერი გულისთქმების, უხამსი წარმოდგენებისა და ფანტაზიების ნაყოფია, რომელსაც შემდგომ ადამიანი სიზმრისეულ ხილვაში ხედავს. ის ადამიანის სულისათვის სასარგებლო არც ერთ შემთხვევაში არ არის.
ის სიზმარი, რომელიც ადამიანს ეკლესიური ცხოვრებისაკენ წარმართავს ეკლესიის მიერ შესაწყნარებელია, მაგრამ ის რომ სიზმარმა რაღაც დაგიდგინოს და მასზე დამოკიდებული იყო წარმოუდგენელია, რადგან აზრიც არ აქვს შენს ცხოვრებას, სიზმარში ნანახი თუ რამდენიმე დღეში ახდება, ადამიანი უმოქმედობაში გადავარდება.

ეკლესიის წიაღში სიზმრის დაჯერების ცოდვა არსებობს და ადამიანმა აღსარების საიდუმლოში გულწრფელად უნდა მოინანიოს.

ადამიანებს, ხშირად გარდაცვლილი ადამიანები ან წმინდანები ესიზმრებათ, შესაბამისად, სიზმრის სინამდვილეში ეჭვის შეტანაც უჭირთ…

ბოროტი საკმაოდ მზაკვარია და იმის მიხედვით, ადამიანს რა სისუსტე გააჩნია, ცდილობს, საკუთარ ტყვეობაში მოაქციოს და სიზმრებში მოწევნილი ხილვებით წარმართოს ადამიანი მცდარი გზისაკენ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს გარდაცვლილი ან წმინდა ადამიანები ესიზმრება, სასურველია, მან სასულიერო პირს მიმართოს და რჩევა ჰკითხოს. ბოროტს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახის მიღება არ შეუძლია და სხვა ნებისმიერი წმინდანის სახით შეუძლია ეჩვენოს ადამიანს. ქრისტიანს სარწმუნოებრივი ცხოვრება ავალდებულებს, იზრუნოს გარდაცვლილი ადამიანის სულისთვის, მაგრამ არ შეიძლება თუნდაც, სანთლის დანთება სრულდებოდეს იმის გამო, რომ სიზმრისეულ ხილვებში ითხოვა გარდაცვლილმა. სიზმარზე დამოკიდებულ ადამიანს დაბრკოლების მიზეზი შეიძლება შეექმნას მომავალში, რადგან ის სიზმრის მიხედვით განსაზღვრავს დღეებსა და ცხოვრების წლებს.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა სიზმრისგან შეშინებული ძილის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა?

ასეთ დროს ის, უნდა წამოდგეს, წმინდა სამლოცველო კუთხესთან, ხატების წინაშე მუხლზე ჩოქვით, სანთელი დაიჭიროს ხელში და უფლისადმი სავედრეებელი ლოცვა აღავლინოს, რათა მისი სული დაწყნარდეს. მეორე დღეს კი, სხვა რაიმე რიტუალის ჩატარების ნაცვლად (სიზმრის წყლისთვის გაყოლება…), უმჯობესია უფალს მადლობა შესწიროს გათენებული დილისთვის.

მარხვის დაცვით, ხშირი აღსარების თქმით, ზიარებით, წირვა-ლოცვაზე დასწრებით შესაძლებელია სიზმართდაჯერების ცოდვას თავი დავაღწიოთ, რათა არ დაგვატყვევოს და სხვა მიმართულებით არ წარმართოს ამ გრძნობამ ჩვენი ცხოვრება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • nana modebadze says:

    dalian mixaria rom es internet jurnali gamokvekda cavikitxe stati titkmis kvela da dzalian kmakofili davhi

  • ირინა says:

    didi didi madloba, tqven dzalian did saqmes aketebt!! UPALI shegvecios!!!

  • ნინო says:

    მოხარული ვარ, რომ არსებობს თქვენი ვებ- გვერდი, ღმერთმა გააძლიეროს ყველა ქრისტიანი.

  • მანანა says:

    9 აპრილის შემდეგ ერთ დღეს დამესიზმრა, თითქოს მეგობრებთან ერთად ყავას ვსვამდი, გადავაბრუნე სამკითხაოდ ჭიქა და მასში გამოისახა 4-ვე მხარეს ჯვრის სახით მარიამ ღვთისმშობელი შარავანდედით და მაშინვე მითხრეს ამის მკითხაობა არ შეიძლებაო, მერე რომ დავიძინე იმავე სიზმარში გრძელდება, თითქოს გამომეცხადა თეთრ სამოსში წმინდა ნინო, რომელმაც მითხრა ზეთში გამოაცხვეო მჭადები და ჭამეო და გაქრა, მას მერე გავიდა 20 წელზე მეტი და დღევანდელი დღესავით მახსენდება ის სიზმარი და არ უნდა მივაქციო მსგავს სიზმრებს ყურადრება?

  • დოდო says:

    მე კიდევ, ერთ ღამეს სიზმარში ტრიალ მინდორზე მოვხვდი; ღამეა,მაგრამ ისე განათებულია მიდამო,რომ გავიფიქრე: “ცაზე ალბათ უზარმაზარი, ბადრი მთვარეა”__მეთქი, ცაში ავიხედე და…დიდება შენდა ღმერთო!!! ცაზე დასავლეთის მხარეს წმინდა გიორგის ხატი ეკიდა მთვარესავით და მზესავით ანათებდა!!! 91 წელი იყო…და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, არც მოძღვარი მყავდა…პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი: “ღმერთო,შენ დაიფარე და გაამთლიანე საქართველო…და ეს სამჯერ ვთქვი. მერე შემოვბრუნდი რატომღაც და წამოვედი…რამოდენიმე ნაბიჯი გადმოვდგი და ხატი ახლა ჰაერში მოლივლივე(ადამიანივით) შემომხვდა გზაში.მისი დანახვისთანავე იგივე გავაკეთე და კიდევ ერთხელ შევავედრე სამშობლო უფალს! მე და ხატმა ერთმანეთს გვერდი ავუარეთ და გამომეღვიძა…რამდენიმე თვეში აფხაზეთის ომი დაიწყო… და ასეთი სიზმრები ძალიან ბევრი მაქვს.

    • სახელი says:

      ხშირად მსგავს “ახდენებს” ეშმაკი თავად ამთხვევს, რომ სიზმარზე და შესაბამისად მასზე დამოკიდებული გახდეთ. კონკრეტულად ამ სიზმარზეც კი ეშმაკის კვალი ჩანს – სამშობლოს გაერთიანება სთღხოვე და პირიქით მოხდა – ანუ ეშმაკს სსურს, რომ ღმერთის რწმენა დაგიკარგოს!…

  • giorgi says:

    Sizmrebshi magiuri da cudi araferia, mag dros rogorc wesi gaucnobierebeli azrebi amotivtivdeba xolme, romelsac tqven sakutar tavs umalavdit. Sizmrebisgan tavis dasagweevad mxolod erti gza arsebobs – unda gaacnobierot is azrebi rac mteli dgis ganmavlobashi tqvens tvinshi modis

  • ეკა says:

    გამარჯობა,,რაუნდა გავაკეთოთ ლოცვის გარდა ისეთი რომ ცუდი სიზმარი არ ვნახოთ,ან თუ ვნახავთ რომ არ ასრულდეს,

  • თამუნა says:

    ყოველღამე სიზმრება ვნახულობ რამოდენიმესაც კი ღამეში რაც ჩემს არასრულფასოვან ძილს ნიშნავს დილით დაღლილი ვიღვიძებ სიზმრებისგან გონება მაქვს ხოლმე
    გადატვირთული რა გავაკეთო ვინმემ იქნებ მირჩიოს რომ აღარაფერი არ დამესიზმროს ნუ ყოველღამე მითუმეტეს არ ვაქცევ ყურადღებას სიზმრებს და არც იმას ახდა თუ არა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი