მთავარი » საზოგადოება

როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2009 16 კომენტარი | 20,649 ნახვა

მამა გაბრიელი: “სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს”

ქართველი ემიგრანტებიარაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ არის გასული. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ემიგრანტთა ძირითადი ნაწილი – დაახლოებით 80% – არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყანაში. მათ შორის ახალგაზრდობა ჭარბობს. პროფესიით მხოლოდ 5,1% მუშაობს, 67,5% კი – ფიზიკურად. უმეტეს შემთხვევაში, წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირეა. რატომღაც გვგონია, უცხოეთში გამგზავრებით პრობლემები გადაიჭრება… რომ იქ ყველაფერი იოლია და თავისით მოდის… მაგრამ ეს ასე არ არის! ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის. ვისაც არასოდეს უტარებია ემიგრანტობის ტვირთი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რაც უცხოობაში მყოფ ადამიანს სამშობლოს მიტოვებისთანავე ექმნება. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” გაესაუბრა ემიგრანტებს და სცადა, ნათლად ეჩვენებინა ის სევდა, მონატრება, სიყვარული, რაც დღემდე გააჩნიათ საქართველოდან კილომეტრებით დაშორებულ ქართველებს. მჯერა, მათი ნაამბობის მოსმენით ბევრს გაუქრება საზღვარგარეთ წასვლის სურვილი.

ანი (35 წლის): “1995 წელს გავთხოვდი. ალბათ, ყველას ახსოვს ის პერიოდი: უმუშევრობა, გაჭირვება… მე და ჩემი ქმარი სტუდენტები ვიყავით. ოჯახში მხოლოდ მამამთილი მუშაობდა. მატერიალური მდგომარეობის გამო მეუღლემ საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა. ერთი წლის შემდეგ ორ მცირეწლოვან ბავშვთან და ბიძაშვილთან ერთად მეც გავემგზავრე. ჯერ ჩეხეთში ჩავედით. რამდენიმე დღე სასტუმროში უნდა გავჩერებულიყავით და გვენახა ადამიანი, რომელიც არალეგალური გზით გადაგვიყვანდა გერმანიაში მეუღლესთან. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ეს პიროვნება აფერისტი აღმოჩნდა.

იქ ქართველები გავიცანით. ისინიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ. გადავწყვიტეთ პრაღაში, ლაგერში ჩავბარებულიყავით, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ძნელია პატარებით აქეთ-იქით სიარული, მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უცხოა. თავშესაფარი კითხვა-კითხვითა და წვალებით მოვძებნეთ, მაგრამ გვითხრეს: დღეს უკვე გვიან არის, ვეღარ მიგიღებთო. წვიმდა. სად უნდა წავსულიყავი?! ვტიროდი და ვეხვეწებოდი: პატარები მყავს, შეგვიშვით-მეთქი. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შეგვიფარეს. საერთო საცხოვრებელ ოთახში იატაკზე ლეიბები დაგვიგეს და ღამე ასე გაგვათენებინეს. დილით სხვაგან გადაგვიყვანეს. სამედიცინო შემოწმება ჩაგვიტარეს, დაგვკითხეს. მეორე დღეს უმცროსი შვილი ცუდად გახდა. ინფექციურში წაგვიყვანეს. საავადმყოფოში ერთი კვირა ვიყავით. შემდეგ სხვადასხვა ქალაქის საერთო საცხოვრებლებში გაგვანაწილეს.

პატარა მთიან ქალაქში მოვხვდით, სადაც, საბედნიეროდ, ქართველებიც იყვნენ. შედარებით ნორმალური პირობები დაგვხვდა: საჭმელს გვაჭმევდნენ, ცოტაოდენ ფულსაც გვიხდიდნენ. გავიცანით ქალბატონი. შეგვპირდა, რომ გაგვაცნობდა პიროვნებას, ვინც დაგვეხმარებოდა და წაგვიყვანდა გერმანიაში. ეს ყველაფერი საკმაო თანხასთან იყო დაკავშირებული. უცნობმა მამაკაცმა მიგვიყვანა ერთ-ერთ ქალაქამდე, შემდეგ ტყეში ფეხით გვატარა. გვითხრა, რომ იქიდან გასულებს მანქანა დაგვხვდებოდა, რომელიც საზღვარზე გადაგვიყვანდა და დაგვტოვა. ტყის ბოლოს მდინარე დავინახეთ. გადავწყვიტეთ გზა მაინც გაგვეგრძელებინა. არ დამავიწყდება ის სცენა: ბიძაშვილმა ჯერ ბავშვები გადაიყვანა, მე ნაპირიდან ვყვიროდი, ერთმანეთს ხელი მოკიდეთ-მეთქი. დაღმართი იყო, მეშინოდა წყალში არ ჩავარდნილიყვნენ. ღმერთს გადარჩენას ვევედრებოდი. როგორც იქნა, მდინარე გადავლახეთ. სულ სველები ვიყავით. წვიმდა… მანქანა არსად ჩანდა. დავადექით გზას, მაგრამ არ ვიცოდით სად მივდიოდით. პოლიციელებმა დაგვინახეს და განყოფილებაში წაგვიყვანეს. დილით კი ჩეხეთის პოლიციაში გაგვგზავნეს უკან დასაბრუნებლად.

ამ დროს შემატყობინეს, რომ ჩემი ქმარი გერმანიის ციხეში აღმოჩნდა. ამის გაგება სიკვდილის ტოლფასი იყო. დალაპარაკების საშუალებაც არ იყო. ოთახში საქართველოდან წამოღებული ხატები მქონდა დაბრძანებული. მახსოვს, გიორგობის დღესასწაულზე ღმერთს ვთხოვე, იქნებ დღეს მაინც დარეკოს მეთქი. ძალიან მალე გაისმა ტელეფონის ზარი და მეუღლის ხმა. ეს ხომ ღვთის სასწაული იყო?! ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ჩეხეთიდან ავსტრიაში რამდენიმე ადამიანი მშვიდობიანად გადასულა. ჩვენც გავრისკეთ. თოვდა. ვიარეთ ტყეში. პერიოდულად დამალვაც გვიხდებოდა. ასე მივედით ავსტრიის საზღვრამდე, მაგრამ იქაც პოლიციელებმა დაგვიჭირეს. განყოფილებაში ერთი დღე გაგვაჩერეს. მე თავშესაფარში გადამიყვანეს ბავშვებთან ერთად, ბიძაშვილი და ნაცნობი ქალები – ციხეში. დავრჩი მარტო შვილებთან ერთად. საერთო საცხოვრებელში ქართველებიც იყვნენ. ეს ფაქტი შედარებით მიმსუბუქებდა მდგომარეობას.

ორი კვირის შემდეგ ბიძაშვილი გაათავისუფლეს. შევიტყვეთ, რომ შესაძლებელი იყო იტალიის გავლით საფრანგეთში გადასვლა. ავტობუსით წავედით იტალიამდე. იქ ნაცნობები დაგვხვდნენ და საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში გადაგვიყვანეს. რამდენიმე დღეში გავიგე, რომ მეუღლე ციხიდან გამოუშვეს. ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ორი წლის წვალების შემდეგ დადგა ნანატრი დღე. გერმანიაში წავედით და შევხვდით მას. საფრანგეთში შედარებით იოლად გაძლევენ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, ამიტომ ერთად დავბრუნდით უკან. ერთ თვეში ბინა მოგვცეს. აქ მესამე ვაჟი შეგვეძინა. ორი თვის შემდეგ საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო სახლი დაგვატოვებინეს. ზაფხული იყო და კარავში დაგვაბინავეს, სამი თვე იქ გავატარეთ, ექვსი თვე – საერთო საცხოვრებელში. ცოტა ხნით სოფელშიც გადაგვასახლეს და ბინის რიგში ჩაგვაყენეს. ამ პერიოდში საბუთების საქმე მოგვარებული გვქონდა. ორი თვის შემდეგ მოგვცეს სახლი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ამჟამად კარგად ვართ და ამისთვის უფალს მადლობა! აქ შეგვეძინა მეოთხე ვაჟი… საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ ოთხ შვილს ვერ გავაჩენდი გაჭირვების გამო. დღეს მეუღლე მუშაობს. ბავშვები დადიან სკოლაში, ძიუდოზე, ფეხბურთზე. პატარ-პატარა წარმატებებიც აქვთ. ვასწავლე ქართული წერა-კითხვა და მშვენივრად საუბრობენ მშობლიურ ენაზე. კარგად იციან ფრანგულიც. ყველაზე მეტად გვაწუხებს ის, რომ ჩვენს ქალაქში არ არის ეკლესია. ღვთის შიში და რწმენა ყოველთვის გვქონდა, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც უფრო მორწმუნე გახდა ჩემი მეუღლე. გარკვეულ პერიოდში ბელგიაში უხდებოდა წასვლა საქმეების გამო. იქ არის ქართული მონასტერი, სადაც ხშირად რჩებოდა ხოლმე. ჩვენგან ას კილომეტრზე ეკლესიის აშენებასაც აპირებენ. პარიზშიც გაიხსნა თამარ მეფის სახელობის ტაძარი. სახლში ჩვენი “პატარა ეკლესია”გვაქვს. მეუღლემ ერთ-ერთ ოთახში სამლოცველო მოაწყო და ბავშვებიც ლოცულობენ ხოლმე.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვენატრება სამშობლო და ახლობლები. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და გამთლიანდეს, შეიქმნას ცხოვრებისათვის ნორმალური პირობები, რომ დაბრუნებულ ქართველებს აღარ გვეშინოდეს გაჭირვების. იმედს არ ვკარგავ, დადგება დრო და ჩემი ოჯახიც დაბრუნდება ბედნიერ და გაერთიანებულ საქართველოში”.

ბექა მაღალაშვილი (22წლის): “საბერძნეთში 2006 წლის 13 აგვისტოს წამოვედი. მიზეზი, რა თქმა უნდა, მატერიალური გაჭირვება იყო. ერთი-ორი კაპიკის შოვნა მინდოდა მომავლის ასაწყობად. თავდაპირველად, ეს ძალიან იოლი გეჩვენება. გგონია, იქ ყველაფერი მზამზარეული დაგხვდება, მაგრამ ჩასვლისთანავე ხვდები, თურმე ცდებოდი. საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული სამსახურის პოვნა. ამას ისიც ემატება, რომ ენა არ იცი, უცხო ქვეყანაში ხარ და არ გაქვს საბუთები. ხელფასი მხოლოდ თავის შესანახად და ბინის ქირის გადასახდელად გყოფნის. კაპიკიც კი არ გრჩება ზედმეტი. ფაქტობრივად, იგივე მდგომარეობაში ხვდები, როგორშიც საქართველოში იყავი. მეტიც, აქაური პირობები სანატრელი გიხდება. სამშობლოში გაჭირვებას უფრო იოლად გადაიტან, რადგან გვერდით გყავს ახლობლები, მეგობრები, რომლებიც სიტყვით მაინც შეგეწევიან და განუგეშებენ. უცხოობაში კი ორმაგად რთულია დაბრკოლებების გადალახვა. აქ ყველაზე მეტად ხარ მინდობილი ღმერთს.

საბერძნეთში არალეგარულად ვარ. მილიციის დანახვა ჩემთვის აპოკალიფსის ტოლფასია. ერთადერთი რაც მეხმარება ისაა, რომ სპორტზე დავდივარ და სპორტსმეინს ბარათი მაქვს. თბილისიდან მოცეკვავეთა ანსამბლს გამოვყევი. სხვებისგან განსხვავებით, არ მიწვალია და არსად დავმალულვარ. არც ტყე-ღრე მივლია. სამთვიანი ვიზა მქონდა. საბერძნეთში მამაჩემი დამხვდა. ის ერთი წლით ადრე ჩამოვიდა აქ. რამდენიმე დღეში გემზე მუშაობა დავიწყე. რა თქმა უნდა, დროებით. ლაინერებზე დალექილი ჭუჭყის წმენდა გვევალებოდა. ეს შედარებით იოლი იყო, ჰაერს მაინც ვსუნთქავდი. შემდეგ ძრავებთან ჩაგვიშვეს ჯოჯოხეთურ სიცხეში. პაპანაქება ზაფხული იდგა, მაგრამ გარეთ გამოსულებს გვციოდა ხოლმე.

მომდევნო ხუთი თვე უმუშევარი ვიყავი. საღამოობით ვარჯიშზე დავდიოდი. ეს ძალიან დამეხმარა ნოსტალგიისა და მელანქოლიის გადატანაში. საშინელებაა სახლში უსაქმოდ ჯდომა, ოთხ კედელს შორის, თან სხვა ქვეყანაში გადმოხვეწილი, სამშობლოდან 300 კილომეტრით მოშორებული, გული გასკდომის პირასაა, ფიქრები ფიქრებს მოსდევს და ყველა უსიამოვნო აზრი თავში გიტრიალებს. არავის ვუსურვებ ამის განცდას!

დღესდღეობით ათენში კერძო ფირმაში ვმუშაობ, რესტორნებისა და სხვადასხვა სტრუქტურის რეკლამებს ვარიგებ. დაბალი ხელფასი მაქვს, მაგრამ ამ ეკონომიკურ კრიზისში ესეც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. სახლთან ახლოს აგიოს პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაა. ყოველ კვირას ქართველები იქ ვიკრიბებით ხოლმე. მართალია, ამჟამად შედარებით უკეთესი მატერიალური მდგომარეობა მაქვს, მაგრამ სამშობლოს მოწყვეტილი თავს დაკარგული უმწეო ბავშვივით ვგრძნობ. ბევრი ადგილი მახსენებს საქართველოს. ვერ წარმოიდგენთ, ასეთ დროს როგორი სინანული, ნატვრა და ტკივილი გეუფლება… სურნელითაც კი მომგონებია ჩემი ქვეყანა. ერთხელ, რეკლამების დარიგებისას მე და ჩემი თანამშრომელი ნაკრძალს წავაწყდით. გაქვავებულები ვიდექით და ათი წუთის გაანმავლობაში თვალმოუშორებლად ვუცქერდით. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, იმ წუთებში ფიქრებით ორივე ჩვენს საქართველოში ვიმყოფებოდით… უზომოდ მენატრება დედმამიშვილები, პატარა ძამიკო, რომელიც ჩემს ხელშია გაზრდილი, მეგობრები… მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გამთლიანდეს და ცოტაოდენ მაინც გაძლიერდეს ეკონომიურად, რათა თამამად შევძლოთ დაბრუნება და ჩვენი ენერგიისა და ცოდნის სამშობლოსათვს მოხმარება”.

მამა გაბრიელი ამბობდა: “სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ ღვთისმშობელი… ადამიანი სადაც დაიბადა, იქ გადმოდის მასზე კურთხევა”. დავუჯეროთ ბერს. ვილოცოთ ჩვენი ემიგრანტებისთვის, რათა მალე დაუბრუნდნენ მშობლიურ მიწა-წყალს და გაახარონ დედა ღვთისა.

უფალი ამბობს: ნუ ჰზრუნავთ და იტყვით: რაი ვჰსჭამოთ? ანუ რაი ვჰსუათ? ანუ რაი შევიმოსოთ?… თქუენ ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.

ასე რომ, თუკი რწმენით და უფლის სწავლებებით იცხოვრებთ, ღმერთი ყველა გაჭირვებას გადაგატანინებთ საკუთარ სამშობლოში.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • lady georgiana says:

    kvelaperi, rasac tatia ambobs martalia, magram paktia, rom bevristvis, matshoris chemtvisac emigraciashi casvla ojaxis shimshilisgan daxsnis ertaderti gza iko da akedan gamomdinare chvens mier gagebul am usashvelod did msxverpls gtismshobeli xedavs da shegvindobs… aris ragaceebi, rasac ver sheeguebi da gamosavali brdzolashia… upali shegeciot emigrantebo, gvtismshobeli chventanaa…

  • ilia says:

    qartul emigraciaze da mat istoriebze bevri icereba da mat erti saerto aqvt.izulebit qveynidan casvla.

  • ლია says:

    visac emigrantoba ar ganucdia is verasodes gaigebs ra xdeba da rogor xdeba,ramdenic ar unda daiweros. ghmertis meti sheni mshveleli aravinaa.

  • Tsira says:

    Dzalian ganzogadebuli statiaa, ar vpikrob rom kvelaperi martalia, adamiani tviton kmnis tavis beds da sad icxovros da rogor tviton ckvitavs! samshoblo isaa sadac tavs kargad grdznob, irgvliv kargi megobrebi gkavs, ar gshia, ar gckuria, sulierad aravin grtgunavs, shuriani da bogmiani xalxi ar gkavs irgvliv da carmatebis migcevashi natesavebi, sakvarlebi an axloblebi ar gchirdeba. aketeb shens sakmes da cxovrobs tavisuplad! sad aketeb da vistvis amas aravitari mnishvneloba ar akvs, mtavaria shens tavtan iko martali da siketes tesavde am kveknad. boroti adamiani gind samshobloshi ikos da gind sxvagan mainc borotia…. me ase vpikrob . vinc chems azrs iziarebs madloba, vinc arada, kvela tavisupal azrs gaumarjos!

  • ნანა says:

    გამარჯობათ, სტატია მარტლაც მწვავეა, მაგრამ მინდა ჩემი ისტორიაც მოგიყვეთ, რომელიც საქარტველოც ჯერ ვერ გასცდა. მყავს 19 წლის ბიჭი, უკვე 12 წელი აქ დიაგნოზსაც ვერ უსვამენ. ბავშვი სისხლს არებინებს, ყოველი მორიგი სისხლდენა შეიძლება სასიკვდილო იყოს. ნუ რატომრაც ღვიზლი სისხლს არ ატარებს, კარის ვენის პრობლემაა, სახელმწიფო ვერ გვეხმარება. ეხლა გადავწყვიტე არალეგალად წავიდეთ. ეხლა რა მაინტერესებს, ნუთუ ალეკოს სიკვდილი ღვთისსობელს უნდა? საქართველოსი ხალხი უპატრონოდ ვართ მიგდებული და არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას არ აინტერესებს ჩვენი ბედი. მერწმუნეთ ეს მაინც გამოვცადე ამ 12 წელიწადში. ისე ტუ ვინმეს შეგიძლიათ გასვლაზე დამეხმროთ გთხოვთ მომწეროთ nanabili@mail.ru. ღმერთი გფარავდეთ

  • Lali says:

    Dzalian rtulia martla ase shors da aset gachirvebashi eh cdoebi arian emigrantebic mec emgiranti var da dzalian dznelia chemtvis radgan saqartvelo menatreba tumca me ki chamoval mainc saqartvelo male magram mainc dznelia mitumetes 14 wlis asakshi dzalian dznelia :)):): imedi maqvs male davbrundebi chems samshobloshi da yvelaperi kargad iqneba..!!!

  • ლანა says:

    მართლა ძალიან რთულია ემიგრანტობა, ყველა ქართველს რომელსაც სამშობლო ენატრება საქართველოში დაბრუნებას ვუსურვებ,მაგრამ საქართველოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა აქ რომ, მე მათ ადგილზე არ დავბვრუნდებოდი, პირიქით კარიერა რომ აიწყო აუცილებლად უნდა წახვიდე საზღვარგარეთ!!!

    • MURADI says:

      Aba es qveyanaa sadac samushao ara, pensia ara,mkurnaloba ara,gripit xalxi kvdeba.am qveyanashi sashualo fena ar aris.mxolod mdidari da garibi.nu wuwunebt safrangeti zan magari qveana guli mtkiva rom frangad ar davibade.shemezlos chamoval mag safrangeti cavbardebi ltolvilad venacvale safrangets.aba tuqetshi qartvelebi suftad monebia.icit aq magar saqartveloshi visac eubnebian rom mokvdeio.chamodian safrangetshi dacocxloben.mash sheveci aset saqartvelos.

  • ქართველი says:

    იცხოვრე სწორედ არ აქვს მნიშვნელობა სად!

  • ლელა says:

    me guli mtkiva am statistikis chvenebit.. am yvelafershi ki mxolod da mxolod mtavrobis uyuradgebobit gamowveuli problemebia.. isini gulgatexilebi arian, warmatebebs ara taviant qveyanashi aramed ucxo qveyvebashi agweven.. mtavrobam unda izrunon mat dasaqmebaze radgan mat ojaxebi arhinon :))

  • :- says:

    chemi azrit es ar aris namdvili…
    da tu namdvilia dzaalian codoebi arian

  • zurab says:

    სადაც დაიბადე იქ გამოდექი!

    Где родился там и Сгодился!

    Dove è nato lì e si adatta!

  • Tea says:

    Gamarjobat maintetesebs rogor chacvedit germaniashi da chabardit ltovilebad.tu shegidzliat momerot da gamarkhiot ra rohor xdeba

  • ruska says:

    gamarjobat, mainteresebs axloxanshi germaniashi tu vinme modixart momwere zalian gtxovt.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.