როგორ აისახა თანამედროვეობა ანდაზებში?
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი; ბრმა თვალხილულს ატყუებდაო; ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყანსო; კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო; ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნიო, ეს ანდაზები თაობიდან თაობას გადმოეცემა და დღევანდელობამდე მოაღწია. თუმცა, ბევრი ანდაზა ხალხისთვის გაუცხოვდა კიდეც და დავიწყებას მიეცა. როგორია ანდაზების წარმოშობის ისტორია, რა დანიშნულება აქვს მას და რაზე მიგვანიშნებს ანდაზების ხშირი გამოყენება, “ამბიონი” ფოლკლორისტ თემურ ჯაგოდნიშვილს ესაუბრა.
თემურ ჯაგოდნიშვილი (ფოლკლორისტი): “ანდაზა ბრძნული გამონათქვამია, რომელიც ცხოვრებისეული სიტუაციის დასახასიათებლად გამოიყენება. გარკვეული შეგონება, ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა-წონასწორობის უზრუნველყოფა – ეს არის ანდაზის ძირითადი დანიშნულება. საერთოდ, ანდაზა ხატოვანი სიტყვა – თქმების სფეროს განეკუთვნება და ერის ინტელექტუალური მოწიფულობის და მხატვრული აზროვნების პოტენციის მაჩვენებელია. ნებისმიერი კულტუროსანი ერი გამოირჩევა ანდაზათა სიუხვითა და მრავალფეროვნებით. ამ მხრივ, არც ძველი ცივილიზაციის ქვეყანა, საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. ანდაზა საინტერესო მხატვრული ძეგლია.
ჩვეულებრივი მომხმარებელი ანდაზას ვერბალურ კომუნიკაციებში, აზრის ადეკვატურობის და გასაგებობის უმაღლესი ხარისხის მისაღწევად იყენეს. იგი რიტორიკაში, მჭერმეტყველებაში ავტორიტეტის მოხმობის ცნობილ ხერხს მოგვაგონებს. ადამიანი როგორც კამათში იყენებს ავტორიტეტულ მოსაზრებას თავისი პოზიციის გასამყარებლად, ასევე, ანდაზას საუბარში ამა თუ იმ დებულების, თეზისის გასამყარებლად მოიშველიებს და როდესაც საუბარში ასეთ საჭირო ანდაზას აღმოაჩენს, ეს მისი ინტელექტუალურობასა და ენის კარგად ცოდნაზე მიგვანიშნებს.
ჩვენში ანდაზის რამოდენიმე კრებული არსებობს. ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, პირველი ანდაზების პატარა თავმოყრა, საჟურნალო სტატიის სახით, “ხალხური ანდაზები” რაფიელ ერისთავმა 1871 წელს, ჟურნალ “კრებულში” წარმოგვიდგინა. იმ დროს გავრცელებული იყო ფოლკლორული ჟანრი ნაკვესები. ნაკვესი მახვილგონივრულია, მაგრამ იგი ანდაზას ვერ შეედრება. ნაკვესი უფრო მეტად მიბმულია თავის წარმომშობ, კონკრეტულ სიტუაციასთან. ანდაზა კი სიტუაციის მოდელთან, პარადიგმატიკასთანაა მიბმული”.
როგორია ანდაზის წარმოშობის ისტორია და როგორ ხდება მისი გავრცელება?
ანდაზას ძირითადად ხალხი ქმნის. მას წარმომავლობის სამი წყარო აქვს: ერთი – ცხოვრებისეული პრაქტიკა, ანუ ადამიანი მისდაუნებურად ქმნის ანდაზას, რაღაცნაირად წარმოთქვამს, მერე ვიღაც მოისმენს, გაიმეორებს და ასე გაგრძელდება პროცესი. მეორე და მნიშვნელოვანი წყარო, ეს არის ლიტერატურა, მწერლობა. ნიჭიერი მწერლის გამონათქვამი, რომელსაც ჩვენ შეიძლება მაქსიმა ვუწოდოთ ან აფორიზმი, მოგვიანებით ანდაზად იქცევა. ჩვენში ვეფხისტყაოსნის დიდი პოპულარობის გამო, შოთა რუსთაველის აფორიზმები ანდაზებში, არ გაითქვიფა თორემ, “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია” თავისი ორწევრა შემადგენლობით სუფთა ანდაზაა. მესამე პირობა ეს არის უცხო ენოვანი გავლენა. მხედვეობაში კულტურული გავლენა მაქვს. ადამიანები ბუნებრივია მეზობლობენ და კულტურული ზეგავლენაც საძრახისად არ უნდა ჩავთვალოთ. რომელიმე ერის მოხდენილი ანდაზა ასე გადმოდის და ვრცელდება ჩვენში.
ანდაზის გავრცელების ფორმა კი ზეპირია. მართალია, მეცნიერული მიზნით არსებობს ანდაზათა ტექსტების გამოცემები, მაგრამ მისი ცხოველმყოფელობა და დიდი ძალა იმაშია, რომ ის ხალხს ზეპირად ახსოვს და ხალხი მას გამოიყენებს თავის ყოველდღიურ სასაუბრო მეტყველებაში. ადამიანი რაც უფრო მეტად გამოიყენებს ანდაზას, ცხადია, მისი მეტყველება უფრო ლაკონურია და შინაარსობრივი, რადგან ანდაზა ხშირად ისეთი შინაარსის მქონეა, რომლის გადმოცემასაც, აღწერის გზით რამოდენიმე გვერდი სჭირდება. მაგალითად, ანდაზის “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი” შინაარსობრივი გაშლა რომ მოვიწადინოთ, შესაძლოა დიდი რომანიც კი გამოგვივიდეს. ჯერ იმის ახსნით რატომ მწყერი, შემდეგ მისი არშეჯდომა ხეზე. მეორეც, რატომ არის მწყერის ქმედებასთან დაკავშირებული ადამიანის იმდაგვარი ქმედება, რომელსაც ის იმიტომ ვერ და არ სჩადის, რომ მას ჯიშით, მოდგმით არ უწერია. ანუ ადამიანს რაც არ აქვს ჩვევასა და გენეტიკაში, დაახლოებით იმას რომ ვერ ჩაიდენს და ვერც ვერასდროს გააკეთებინებს. ანდაზა ამ სათქმელს ძალიან მოკლედ ამბობს. ბუნებრივია, როდესაც ამას ვამბობთ, არც მწყერი გვიდგება თვალწინ, არც მისი აფრენის და ხეზე შეჯდომის წარუმატებელი მცდელობანი. ადამიანის ცნობიერებაში შემოდის დასრულებული სურათი, სახესიმბოლო, რომელიც რაღაც ადამიანურ უნარსა და თვისებებზე მიგვითითებს. ამაშია ანდაზის ძალა.
ზოგი ანდაზა აქტუალურობას დღესაც არ კარგავს, ბევრი მათგანი კი დავიწყებას მიეცა. რა არის ამის მიზეზი?
ანდაზა მიბმულია კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან. თუ გარკვეული ცხოვრებისეული სიტუაცია ხშირია, გარკვეულ დროს, გარკვეულ ეპოქაში, ანდაზა ბუნებრივია ხშირია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანდაზაზე მოთხოვნილება არაა და არც მისი გამოყენება ხდება. მაგრამ ერი, თავისი ანდაზების დიდ საუნჯეს, მთიალობაში როგორც ჰიპერტექსტს ვირტუალურად, წარმოსახვაში ატარებს და მეხსიერებით ინახავს.
დღეს, ღირებულებათა გადაფასების ჟამს ჩვენ ბევრი ანდაზის შინაარსი უკვე თვალსა და ხელს შუა გვეცლება. იგივე, ჩვენ მიერ მოყვანილი ანდაზა, “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”, დღეს შეიძლება ბევრს მოეჩვენოს მოძველებულად. იმიტომ, რომ დღეს ადამიანები იმისთანას სჩადიან, რაც თავადვე წარმოუდგენლად მოეჩვენებოდათ ცოტა ხნის წინ. ანუ ცხოვრება იცვლება და ცხადია ანდაზაც იცვლება.
რამდენად ადვილად და ხშირად იცვლის ანდაზა ფორმა-შინაარსს?
მასალების უქონლობის გამო წინა პერიოდზე რაიმეს თქმა გაჭირდება, მაგრამ თუ ბოლო სამ საუკუნეს ავიღებთ, შევნიშნავთ, რომ ცვლილება ანდაზის სტრუქტურაში უცილობლად ხდება. მართალია, მწირი მასალები ანდაზების დიდ სიმყარეს გვიჩვენებს, მაგრამ ერთი ტენდენციაც იკვეთება. ანდაზა საერთოდ ორწევრიანი გამონათქვამია. პირველ წევრში პირობა, მეორეში კი შედეგია წარმოდგენილი. XIX საუკუნის ბოლოდან და ეს მარტო ქართული ანდაზის ხვედრი არ არის, ის ორწევრიანობას კარგავს და ხდება მისი ერთწევრამდე დაყვანა. იგივე, მწყერის ანდაზაში, “არა შეჯდა მწყერი ხესა…” – დღეს ქართველი ამას მოიმარჯვებს, მეორე ნაწილს კი აღარ ამბობს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ანდაზამ დაკარგა მხატვრული ღირსება, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი მას ზეპირად ინახავს, ეკონომიის პრინციპი კი სამეტყველო ფუნქციურ სტილს ახასიათებს. მთქმელს ზედმეტად მიაჩნია მისი დაბოლოება და გულისხმობს, რომ მეორე ნაწილი ყველამ იცის.
საქართველოს რომელი მხარე გამოირჩევა უხვი ანდაზების შექმნით?
ასეთი მონაცემები არ არსებობს. მაგრამ ინტელექტუალურად გამორჩეულ რეგიონებში გაცილებით მეტია საგულვებელი, ანდაზების შექმნის შესაძლებლობა, ვიდრე სხვაგან, მაგრამ რომელიმე მხარე რომ ამით ღარიბი იყოს, არა მგონია. თუ ვიცით, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ისტორიული ფხოვი თუ ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი, გამორჩეულია ზეპირსიტყვიერების დიდი ტრადიციით, სადაც ერთმანეთში ლექსით უბნობენ და ლექსად მეტყველება უფრო ეხერხებათ, შეიძლება ვიგულისხმოთ აქ უფრო მეტი ანდაზები იყოს შექმნილი, მაგრამ რატომ უნდა იყოს სხვაგან ნაკლები, არ ვიცი. სტატისტიკა ნამდვილად საინტერესო იქნებოდა.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ვაა არ ვიცოდი ბაბუაჩემს ვიღაც “ამბიონი” ელაპარაკებოდა ანდაზაზე, თვით ბაბუაჩემი იმაზე ჭკვიანი ყოფილა, ვიდრე მეგონა :D
ქეთი ეტყობა ბაბუათქვენი ,,ამაყობს” თქვენით …. :(((
:D :D :D