მთავარი » ქრისტიანობა

როდის უნდა მოინათლოს ადამიანი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2011 ერთი კომენტარი | 9,216 ნახვა

მოუნათლავი ადამიანი სულიერად ვერ ვითარდება

ნათლობა, როგორც ადამიანში სულიწმიდის მოქმედების დასაწყისი, პირველქმნილი და პირადი ცოდვებისაგან გასათავისუფლებლად ხდება, საფუძველი ეყრება ღმერთთან კავშირს. მიუხედავად ამ უდიდესი მადლის მიღების აუცილებლობისა, განსხვავებულია მოსაზრებები, თუ როდის უნდა მოინათლოს ადამიანი.ნათლობა არსებობს შეხედულება, რომ ჩვილის მონათვლის შემთხვევაში ის კარგავს თავისუფალი არჩევანის უფლებას – იცხოვროს ღმერთთან, თუ მის გარეშე?! მშობლები, ნათლიები ხშირად ძალადობრივად ატარებენ პატარებს ტაძრებში, გაუცნობიერებლადვე ხდება მათი ნათლობა…
ამ დროს კი ხშირია მოულოდნელი გარდაცვალება… ადამიანები ისე მიდიან წუთისოფლიდან, რომ ერთხელაც ვერ ეზიარებიან ღმერთთან კავშირს. თუ როგორია ეკლესიის შეხედულება ადამიანთა, ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებით? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი დიონისე (გვიმრაძე).

მამა დიონისე: “ეს საინტერესო თემა გახლავთ, რადგან გარკვეულწილად სხვადასხვა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

მთავარია, ეკლესიის გამოძახილი გავითვალისწინოთ. თუ თავდაპირველ ეკლესიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ნათლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომა არსებობდა. პირველ ხანებში მხოლოდ ებრაელები ინათლებოდნენ, სანამ ღმერთისგან სულიწმიდის მადლით გამოცხადება არ მოხდა პეტრე მოციქულისადმი, რომ შეიძლებოდა წარმართი კორნელიუსიც მონათლულიყო. ებრაელ ქრისტიანებსაც კი გაუჭირდათ იმის მიღება, რომ დასაშვები იყო წარმართის მონათვლა. ნელ-ნელა გამოცხადდა, რომ ყველა უნდა მონათლულიყო და რომ ქრისტე მხოლოდ ებრაელებისთვის არ გახლდათ მოსული. მცირე ხნით გარკვეული წინააღმდეგობა მოციქულებს შორისაც იყო. რაც იმას მიანიშნებს, რომ ეკლესიის მიდგომა ისეთი საკითხებისადმი, რომლის შესახებაც პირდაპირი მითითება არ გვაქვს წმიდა წერილში, შეიძლება გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდეს. ცხადია, ეს ცვლილებები უფლის სიტყვას კი არ შეეხება, არამედ ამ სიტყვის უფრო ღრმად წვდომას. ეს კი ყოველთვის ადამიანის კეთილდღეობაზეა გათვლილი და არა – პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებითაც ბევრი რამ შეიცვალა.

თავდაპირველად ჩვილთა ნათლობას არავინ უარყოფდა, მაგრამ მაინც იშვიათად აღესრულებოდა. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ძირითადად ზრდასრული და კარგად ჩამოყალიბებული ადამიანები ინათლებოდნენ. ნათლობა წელიწადში რამდენჯერმე აღესრულებოდა: აღდგომის, შობის და ზოგიერთ საუფლო დღესასწაულების მოახლოებისას.

ნათლობას, როგორც უდიდესი მადლის მიღებას, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ წმიდა მამები. მაგალითად, ბასილი დიდი დაახლოებით 30 წლის ასაკში მოინათლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები და წინაპრები წმიდათა დასში არიან შერაცხილნი, სანამ სათანადოდ არ მოემზადა, მანამდე არ დათანხმდა ნათლობას. კონსტანტინე დიდიც სიკვდილის წინ მოინათლა. ეს სიფრთხილით იყო განპირობებული, რაც იმით გახლდათ გამართლებული, რომ ზრდასრული და შეგნებული ადამიანი ღვთის მადლს, სიწმიდეს ნაკლებად შებილწავდა.

მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ ვიცით, როდის გარდაიცვლება ადამიანი, ხშირია მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, უკვე ნელ-ნელა საჭიროება გახდა ბავშვების მონათვლისა. V საუკუნეში კართაგენის კრებაზე იმის საჭიროება შეიქმნა, რომ არავის აეკრძალა ჩვილ ბავშვთა ნათლობა და ვინც აკრძალავდა, ანათემას უნდა გადაეცათ. ასეთი მკაცრია უკვე ეკლესია V საუკუნის დასაწყისში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ბიძგი მიეცა ჩვილთა ნათლობას.

ჩვილი ბავშვების მონათვლასთან დაკავშირებითაც თუ დავაკვირდებით ეკლესიის მამების მიდგომას, აქაც არაერთმნიშვნელოვნებას დავინახავთ. დღეს თუ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, მოვნათლოთ ბავშვები ჩვილობიდანვე, ადრე ასე არ ხდებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ისედაც წმიდაა, ანგელოზების დასშია. ამის მაგალითისთვის თუნდაც მაცხოვრის მოწოდება მოჰყავთ: “უკუეთუ არა მოიქცეთ, და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“(მათ.18:3). საჭიროება ღვთის მადლის მიღებისა იმდენად არ იყო, რადგან ფიქრობდნენ, თვითონ ბავშვს კარგად უნდა გაეანალიზებინა, რა ნაბიჯს დგამდა და თვითშემეცნებით, საკუთარი სურვილით მისულიყო ნათლობამდე. რომ ეს, ერთი მხრივ, არ ყოფილიყო უფლის ჩარევა მის თავისუფალ ნებაში და მეორე მხრივ, გააზრებით მიეღო მადლი ღვთისა, რადგან იყო შემთხვევები, მონათლული ბავშვი წარმართობას დაბრუნებია, შესაბამისად, ხდებოდა სიწმიდის შებილწვა.

ნელ-ნელა ეკლესია იმ აზრისკენ გადაიხარა, რომ ბავშვების ჩვილ ასაკში მონათვლა უფრო მიზანშეწონილია. არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: სჯობს, ადამიანი გარდაიცვალოს მონათლული, ვიდრე მოუნათლავი, რადგან უფალი ამბობს: “უკუეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ შხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (იოან.3:5). არ ვიცით, თუნდაც ქრისტიანი, წარმართად ქცეული, სიკვდილის წინ რა მდგომარეობაშია, იქნებ მას მეზვერისეული ან ავაზაკისეული სინანული გააჩნია?! ნათლობა შესაძლოა მისთვის მაცხონებელი გახდეს, მოუნათლაობა კი დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს. სწორედ ამ მიდგომით ხელმძღვანელობს ეკლესია, როდესაც ცდილობს, რომ ბავშვი პატარა ასაკშივე მონათლოს, მაგრამ დღესაც არის ორგვარი მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში.

მართალია ტრადიციად ჩამოყალიბდა თითქოს, მაგრამ სავალდებულო არ არის მე-40 დღეს ბავშვთა ნათლობა. მართლმადიდებლურ წიაღში სასულიერო პირებისა თუ ღვთისმეტყველების მხრიდან ამ ფაქტსაც ჰყავს მოწინააღმდეგენი, რადგან ამ ასაკში გაუაზრებელია ადამიანის ნათლობა, არ არსებობს მასში რწმენა და მადლსაც ვერ მიიღებს. რა სახის რწმენაც გვაქვს, იმ სახით ვიღებთ ჩვენ მადლსაც. ამიტომ ამბობენ, სჯობს თავად მივიდეს პიროვნება ამ გადაწყვეტილებამდე.

მაგრამ ჩვენს რეალობაში მონათვლასთან დაკავშირებული აზრი, ალბათ, უფრო გამართლებულია. ვცდილობთ ბავშვი მოვნათლოთ, რის შემდეგაც მას მადლის მიღების, ზიარების საშუალება ეძლევა. თუკი ის კეთილზნეობრივ ოჯახში იზრდება და ღირსეული ქრისტიანი ნათლიები ჰყავს, თავიდანვე სწავლობს და ეჩვევა ღვთის მადლთან ურთიერთობას. ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია. ბავშვი კი ანგელოზია, მაგრამ მასში მაინც არის ადამისეული ცოდვის მემკვიდრეობა, ამიტომ ნათლობით ის განიწმიდება და უკვე ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას ეძლევა შეიძლება გაუთვითცნობიერებელი, მაგრამ მაინც გარკვეული ფორმა. ხდება ღვთის მადლთან ზიარება, რაც არ უნდა მოვაკლოთ პატარებსაც.

ბავშვის აღზრდა მას შემდეგ არ იწყება, როცა ჩამოყალიბდება. პირველი დღეებიდანვე ის მშობლისგან ითვისებს გარკვეულ თვისებებს. როცა მშობელი შვილს ლოცვის მოსმენას შეაჩვევს, პატარაც ლოცვას შეიყვარებს. მოუნათლავი ბავშვი კი არ შეგვიძლია დავასწროთ ზიარებას, წირვაზე დგომისგან შეზღუდული იქნება, მონაწილეობას ვერ მიიღებს წმიდა საიდუმლოებებში. სულიერი ცხოვრების მიზანია, ჩვენში გავამრავლოთ მადლი ღვთისა. მოუნათლავი ადამიანის სული კი ვერ ვითარდება.

ვთქვათ, ზრდასრული ადამიანი მიხვდა, რომ არ სურს მას ქრისტიანობა. ამ გზიდან გადახვევა, ცხადია, სიწმიდის შებღალვაა, მაგრამ არ ვიცით, სიკვდილის წინ მას როგორი სინანული ექნება. სჯობს, ადამიანი პატარაობიდანვე მონათლული იყოს.

ადამიანი რასაც ბავშვობიდანვე მიეჩვევა, რაც პატარაობიდანვე ახარებს მის სულს, შეიძლება დაკარგოს ეს წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არსებობს მის მეხსიერებაში, ცხოვრების გამოცდილებაა და მისი სული, აქედან გამომიმდინარე, ყოველთვის უკმაყოფილო იქნება, სინდისის ქენჯნა არ მოასვენებს და უფრო მეტად დაბრუნდება ის ეკლესიის წიაღში, ვიდრე მოუნათლავი ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი უცხოა და არ აქვს ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება.

გვახსოვდეს, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში ხდება ბავშვის მონათვლა. თუ მშობლები და ნათლიები არ არიან ეკლესიურად მაცხოვრებლები, ვერ ითავისებენ ნათლობის მნიშვნელობას და ჰგონიათ, რადგან მონათლეს, უკვე მოიხადეს მის წინაშე ქრისტიანული ვალი, რა აზრი აქვს ასეთ ნათლობას?! ნათლობით უნდა მოხდეს სულიწმიდის მადლთან ზიარება და დასაბამი მიეცეს ღმერთთან ურთიერთობას”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნატო says:

    ყოველი დილა ჩემთვის იწყება იმ მოლოდინით,რომ აბა რა სტატიები დამხვდება.ყოველთვის ძალიან საინტერესო თემებია განხილული,დიდი მადლობა თკვენ ამისთვის