მთავარი » ეკლესია-მონასტრები

რკონის სამონასტრო კომპლექსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2011 5 კომენტარი | 7,664 ნახვა

(VII -XVIII სს)

rkoniრკონის სამონასტრო კომპლექსი, ანუ კრკონი, როგორც მას ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებს, მდებარეობს შუა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე თეძმის ზემო წელში, მის მარცხენა ნაპირას. “…ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილს. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვან ვეცხლსაცა. ზის წინამძღუარი,“ – ამბობს ვახუშტი. უახლოესი დასახლებული პუნქტი, სოფელი ჩარუბეთი მისგან 8 კმ-ზეა. კომპლექსთან ახლოს მდებარეობდა სოფელი რკონი. „…აქამომდე არს თეძამი ვენახ-ხილითა ნაყოფიერი. ამას ზეით, ვითარცა თრიალეთი ჭვარებითურთ. კრკონს ზეით, კევღომას, არს მონასტერი“, – წერს ბაგრატიონი.

შთამბეჭდავია რკონის მონასტრისაკენ მიმავალი გზა.ერთფეროვან შარაგზაზე მიმავალი მომლოცველის თვალწინ მდიდარი ბუნება იშლება. ხეობა ვიწროვდება და მდინარე თეძამიც ანკარა მთის მდინარედ იქცევა პატარ-პატარა ჭორომებითა და ჩანჩქერებით. გზის ეს მცირე მონაკვეთი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. ტყეში აქა-იქ მწვანე პატარა მდელოებია, ხან კი ფიჭვნარი ცვლის ფართოფოთლოვან ტყეს. თვით რკონის კომპლექსიდან ხეობის გასწვრივ დათოვლილი არჯევანის მთა ჩანს. ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.

რკონის სამონასტრო კომპლექსში, რომლის საერთო ფართობი თითქმის 1 ჰა-ია (130X70 მ.), გამოირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს.

I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის თავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და განვითარებული შუა საუკუნე). II ფენა – XIII-XIV საუკუნეების მიჯნა – ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა – XVI-XVIII საუკუნეები – სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი.

მონასტერსა და ნასოფლარს შორის XVII საუკუნეში აგებული რკონის ციხეა აღმართული – როგორც ჩანს, ფეოდალის რეზიდენცია. მისი გალავნის შიგნით კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია. მონასტრის შორიახლოს მდინარე თეძამზე პირვანდელი სახით შემორჩენილი ერთმალიანი ქვის თაღოვანი ხიდია გადებული – ამ ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა. მდინარის გადაღმა ტყიან ფერდობზე სვიმეონ მესვეტის საყდარი დგას, ხოლო კლდეებზე ბერთა სამყოფელი მიუვალი გამოქვაბულია ამოშენებული, რომლის ფრესკებს დღეს იქ დაბუდებული მერცხლები თუღა ხედავენ.

ღვთისმშობლის ეკლესია კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება და თარიღდება VII საუკუნის II მეოთხედით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (18,2X12,1 მ), სამი მხრიდან შესასვლელით (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია). აფსიდის გვერდით სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი წყვილი სვეტით. სვეტებზე გადასროლილი თაღები თითქმის ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გადახურვა კამაროვანია. ადრეული საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნალისებური თაღები, რომელიც ეკლესიას ამკობდა, ახლა მხოლოდ დასავლეთ კარის თავზე და სადიაკვნის სარკმლის შიდა მხარეს გვხვდება. ინტერიერში გამოსახულია გვიანი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები, რომელიც სხვადასხვა დროსაა შესრულებული. ძირითად სივრცეში და სადიაკვნეში შემორჩენილი ფრაგმენტები XII საუკუნეს განეკუთვნება. ეკლესიის სამკვეთლოში XVII საუკუნის მოხატულობაა, თუმცა შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე შესრულებული საერო პირის გამოსახულება არაუგვიანეს X საუკუნისაა. ეგვტერის მოხატულობა კი განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება. ტაძრის დასავლეთ კედელზე ამაღლების კომპოზიციაა.

კარიბჭე (3,8X9,5 მ) ეკლესიისთვის XIII საუკუნის მეორე ნახევარში მიუშენებიათ, რომელიც დასავლეთით გახსნილია განიერი თაღით. იგი სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას განეკუთვნება. კარიბჭის ცენტრალურ ნაწილში ეკვდერია, გეგმით კვადრატული. ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერის იატაკი ჩანგრეულია. აქვს სამი სარკმელი: ერთი – აღმოსავლეთით, ორი – დასავლეთით. ფასადები დეკორატიული ნახევარსვეტებიანი თაღებით არის მორთული. ნახევარსვეტების ბაზისები, კაპიტელები, თაღი და სარკმლის საპირეები მოჩუქურთმებულია.

სამლოცველოც სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას განეკუთვნება. იგი დარბაზული ეკლესიაა (5,8X3,6 მ). ტაძარს მცირე ზომის შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამლოცველოში შემორჩენილი ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. სამლოცველოს ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული და დეკორატიული თაღებითა და ჩუქურთმებითაა შემკული.

სატრაპეზო მთავარი ეკლესიის ჩრდილო – დასავლეთით დგას. ძირითადი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება. 6 საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსი (5,2 X 16,6 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთის მხარეს შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული. ერთი სარკმელი აქვს სამხრეთით, სამი – დასავლეთით. გადახურულია ლორფინით. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.

კოშკი სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით დგას და მისგან 40-ოდე მეტრითაა დაშორებული. იგი სატრაპეზოს მსგავასად ნატეხი ქვითაა ნაგები. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულს თითო სარკმელი აქვს.

სამრეკლო ღვთისმშობლის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. თარიღდება XVII-XVIII სს. იგი სამონასტრო ცხოვრების მესამე ფენას განეკუთვნება. სამრეკლო ორსართულიანია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კედლები და სახურავი დაზიანებულია. პირველი სართული მოხატული იყო (მხატვრობა სამრეკლოს თანადროულია. ამჟამად, იმის გამო, რომ ბათქაშის დიდი ნაწილი ჩამოშლილია და დანარჩენი ნაწილი ძალზე გაჭვარტლული, მოხატულობა ძნელად გაირჩევა). მეორე სართული რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, რომელსაც გარშემო თლილი ქვის ლავგარდანი შემოუყვება. ფანჩატურში დასავლეთიდან მიშენებულ კიბეს ავყავართ. კედელში არის ნიში, რომელზედაც გარედან უფრო დიდი ნიში, ე.წ ”ხატის ნიში” მიუშენებიათ.

სენაკებისა და სხვა ნაგებობებისგან მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა, რომელიც რკონის კომპლექსში შემავალ ფერდობზეა აშენებული.

ღვთისმშობლის ეკლესიის (მთავარი ეკლესიის) სამხრეთით შვიდიოდე მეტრში დგას ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც XIII-XIV საუკუნის მიჯნით თარიღდება. ორსაფეხურიან სოკოლზე აღმართული ეკლესია დარბაზულია (7,3 X4,3 მ), ნაგებია კარგად გათლილი ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი. ორი სარკმელი სამხრეთითაა. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომლის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ფასადები, გარდა სამხრეთისა, საითკენაც ღრმა ხევია, მორთულია დეკორატიული თაღედით, რომლის ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები მოჩუქურთმებულია. ასევე, მოჩუქურთმებულია სარკმლებიც.
სამხრეთით სპეციალურად ამოყვანილ სუბსტრუქციაში გაჭრილია სამარხი. მოგვიანებით ეკლესიას დასავლეთიდან კარიბჭე (4,5 X4,8 მ) მიაშენეს.

tamaris xidiრკონის (თამარის) ხიდი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული. თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. მისი ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

საყურადღებოა, რომ რკონის კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით ერთ ათასწლეულს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში იგი მრავალჯერ იქნა გადაკეთებული და განახლებული. კომპლექსის მშენებლობის ისტორიაში შესაბამისად აისახა სათანადო საუკუნეების პოლიტიკურ – ეკონომიკური ვითარება და მხატვრულ – სტილისტიკური თავისებურებები. VII საუკუნის დამდეგს კავკასიაში დამთავრდა მძაფრი ბრძოლა ქრისტიანობის ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის. საქართველოში გაიმარჯვა დიოფიზიტობამ, რომელიც ქრისტეს ორ ბუნებას აღიარებდა. ამას ეკლესიათა ინტენსიური აგება მოჰყვა. სწორედ ამ დროს შენდებოდა რკონის ღვთისმშობლის ეკლესიაც. XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც გაერთიანებული, მძლავრი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს არსებობის პირობებში ქართული კულტურა და ხელოვნება დიდ აღმავლობას განიცდიდა, რკონის მონასტერი და, ალბათ, დასახლებაც გაიზარდა. მომდევნო საუკუნეებში, კერძოდ, მონღოლთა ბატონობისა და თემურ-ლენგის ურდოების შემოსევების მძიმე ხანაში, ბარში შევიწროებული მოსახლეობა მთას ეხიზნებოდა, ამიტომ იმატა ირგვლივ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობამ. XVI-XVII საუკუნეებში რკონი საკმაოდ საიმედოდ გამაგრებული პუნქტია. გიორგი XI (1676 – 1688 წწ), რომელიც ირანის შაჰს აუჯანყდა, სწორედ აქ აფარებდა თავს და აქედან წარმართავდა ბრძოლას შაჰის მიერ მეფედ დანიშნულ ერეკლე I – ის (1688-1703 წწ.) ლაშქართან.

საინტერესო ნაგებობათა სისტემას წარმოადგენს ე.წ. ბერთა საცხოვრებელი. სათავსები სხვადასხვა დონეზე მდებარეობს. შეიმჩნევა წყობის ერთი, ან ორი სართული. ეს საცხოვრებლები ერთმანეთთან მჭიდროდ არის განლაგებული. თუ გავიხსენებთ ამ რაიონში მომხდარ ხშირ მიწისძვრებს (თუნდაც 1920 წლის გორის მიწისძვრა), ჩამოშვავებულ კლდეს, რომელსაც ეკვრის ნაგებობათა ნაშთები, აგრეთვე იმასაც, რომ საცხოვრისები თითქმის ამოვსებულია ჩამოშვავებული მიწით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ერთი დიდი სისტემის შემადგენელი ნაწილებია. კერძოდ, ეს ნაგებობები ერთი მთლიანი სასახლის ნაშთები უნდა იყოს. აქ სასახლის არსებობაზე მიგვითითებს წერილობით წყაროებში დადასტურებული ცნობებიც. ქართველი მეფეები და მათი ოჯახის წევრები ხშირად იხიზნებოდნენ რკონში. “…ამისთვის წარმოვიდა მეფე კრკონს. აჰყარა მუნ მდგომნი დედაწულნი თვისნი და სახლეულნი და წარვიდა იმერეთს,“ – წერს ვახუშტი.

rkonis monasteriრკონის კომპლექსი ორჯერ იქნა რესტავრირებული. პირველად 1938-1939 წლებში, ხოლო მეორედ – 1972-1974 წლებში (ხელმძღვანელობდა თ. ნემსაძე). პირველი რესტავრაცია მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიას შეეხო და ისიც უხეშად. აღმოსავლეთის კედელი გამაგრების მიზნით კონტრფორსებით იქნა “დამშვენებული”. მეორე რესტავრაციის დროს აღდგენილ იქნა სატრაპეზო, შეკეთდა ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის ეკლესიები. სამივე შენობა გადაიხურა თუნუქით. ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრი დარჩა. საჭირო იქნება ფრესკათა რესტავრაცია და გამაგრება. თუნუქის სახურავს, ალბათ, ლორფინის ქვებით გადახურვა აჯობებს, თუ კონტრფორსებიც მოინგრევა, ძეგლი, ასე თუ ისე, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. აუცილებელია, აგრეთვე, არქეოლოგიური ექსპედიციის მოწყობა, რათა ე.წ. ბერთა საცხოვრებლები, თუ სასახლე გაიწმინდოს ჩამოშვავებული მიწისგან. კოშკების აღდგენაც საინტერესო ელფერს შეჰმატებს კომპლექსს. ადვილად შეიძლება აღდგეს დარჩენილი ოვალის ნაწილით რკონის მეორე ხიდიც. სავალალო მდგომარეობაშია წმ. ნიკოლოზის სამსართულიანი ბაზილიკაც. ამ უნიკალურ ძეგლს, უპირველ ყოვლისა, სჭირდება ყურადღება. სამუშაოების ჩატარების შემდეგ კომპლექსი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება მნახველთათვის.

ხალხმა რკონის შესახებ რამდენიმე ლეგენდა შემოგვინახა. როგორც მთელ საქართველოში, ისე აქაც თითქმის ყველა ნაგებობის ისტორიას თამარის სახელს უკავშირებენ. გადმოცემით, რკონის ნათლისმცემლის ეკლესიასა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიას შორის საიდუმლო გვირაბი არსებობდა. ამ გადმოცემის საფუძველი უნდა იყოს წმ. ნიკოლოზის ეკლესიის პირველ სართულზე შემორჩენილი ხვრელის დასაწყისი.

არის ლეგენდა, რომელიც ფანტასტიკური ხასიათისაა: თითქოს რკონიდან ქვათახევისაკენ სამი გვირაბი გადიოდა. როცა ქვათახევს მტერი ჰყავდა გარშემორტყმული, სოფელს ერთი გვირაბით წყალს აწვდიდნენ, მეორით – რძეს, ხოლო მესამის საშუალებით წყალს თევზი მოჰყვებოდა; მოღალატემ მესამე გვირაბში თევზის ნაცვლად გველები გაუშვა და ამის შემდეგ გვირაბი გაუქმდაო.

გადმოცემის თანახმად, რკონში იყო დიდი ცაცხვის ხე, ე.წ. “სალოცავი ხე”, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას. საქართველოს სხვა კუთხეებშიც საკმაოდ გავრცელებული ეს რიტუალი წარმართობის დროინდელია. ფეოდალიზმის პერიოდში XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან – ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხითის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო რკონსა და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. გარკვეულ როლს რკონისა და მისი მიდამოების ეკონომიკურ ცხოვრებაში თამაშობდა აქ წიაღისეულის სიმდიდრის – ფერადი ლითონებისა და ვერცხლის არსებობა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვიან ვერცხლსაცა“. მოგვიანებით, მეფე ერეკლე II-ის (1720-1798 წწ.) ბრძანებით ჯავახიშვილების მამული რკონი შეტანილია იმ პუნქტების სიაში, სადაც უნდა ეძიონ და მოიპოვონ ოქრო და ვერცხლი. XIII საუკუნის II ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ – კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს თემურ ლენგის (1336-1405 წწ.) ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგლივ მდებარე ეკლესიები და მონასტრები. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რკონი გარკვეულ როლს ასრულებდა გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდშიც. XVI-XVIII საუკუნეებში იგი საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. 1690 – 95 წწ. აქ თავს აფარებდა ქართლის მეფე გიორგი XI (მეფობის წლები 1677-88) ოჯახით და აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I-ის (მეფობის წლები 1688-1703) ჯართან. დამარცხებული გიორგი XI ოჯახითურთ გაიქცა დასავლეთ საქართველოში.

რკონის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ის ამჟამად მოქმედი არ არის.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.