მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი საბა განწმენდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.12.2019 6 კომენტარი | 27,222 ნახვა

18 დეკემბერი ღირსი საბა განწმენდილის ხსენების დღეა. ის ოჯახების მფარველია და შვილიერებისათვის ევედრებიან. მშობლები ამ დღეს სპეციალურ მარხვას ინახავენ.

saba ganmcmedeliსაბა განწმენდილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ “ამბიონს” (კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური) მამა არჩილ ხაჩიძე ესაუბრა:

“ღირსი საბა განწმენდილი V საუკუნეში კაბადოკიაში კეთილმსახური ქრისტიანების – იოანესა და სოფიას ოჯახში დაიბადა. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. როდესაც იგი სამსახურის საქმეებზე გაგზავნეს, მეუღლეც თან წაიყვანა. 5 წლის ძე კი ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.

გავიდა დრო. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო მტრობა ჩამოვარდა. უფალზე შეყვარებულმა წმიდა საბამ ყველაფერი ამაოდ შერაცხა და ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. იმ დროს ის 8 წლის იყო. ბევრს ეცადნენ, რომ საერო ცხოვრებისკენ შემოებრუნებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

მან სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი “და ყოველი წესი მონაზონებისაი”. 17 წლისა ბერად შედგა. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთმოქმედების მადლი მიენიჭა.

ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული 10 წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა. იქედან კი ათანასე დიდის ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდა საბას ტეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩულმა კი მდაბლად მიუგო: “ვითარცა მიბრძანო ეგრეცა ვყო“.

წმიდა საბა 30 წლის განმავლობაში ამ მონასტერში მორჩილად იმყოფებოდა, წინამძღვრის – ტეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე არაფერს ჭამდა, გამუდმებით ლოცულობდა, შაბათსა და კვირას საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს.

რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.

ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ბერის მოღვაწეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს სავანის სიახლოვეს დაბინავდა.

ერთხელ წმიდა საბას უფლის ბრწყინვალე ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. ბერი დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. მისი ახალი სენაკი ძნელად მისადგომი იყო. იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან მის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდენენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივად მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარი მოაწყვეს. აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, თუმცა უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა, თითქოს და გარეშე მიზეზით, იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.
ექვთიმეს დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდ მარხვაში უდაბნოში გადიოდა.

ერთხელ მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, იქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით “შთავარდა ადგილსა ერთსა მის ძღვასა, ბნელსა და ცეცხლსა და გამოხდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი” და რამდენიმე დღე უგონოდ იყო. შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა. თუმცა მოტრუსული წვერი არ წამოზრდია. უწვეროდ დარჩა.

წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე გახლდათ. მან, გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა. უფლის რჩეული შეუპოვრად იბრძოდა მართლამდიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად.

ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი გამოცდილი მოძღვარიც იყო და მკაცრი მმარხველიც. მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა. უძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა. “შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შვიდეულთა მარხვით აღასრულებდა”, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, “დღესა 2-ჯერ ჭამის და განძღის და გადაერიის, და სიყვარულით სტომაქსა არა ევნის”. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ და “ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა”.

უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყალი აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა წამოვიდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ. ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბას ლავრის ეზოში მცენარე იზრდება. ხატებზეც ამ მცენარესთან ერთად არის გამოსახული. ხე არის საშულო ზომის, ბუჩქზე დიდი. მისი ფესვები რიგდება და საქართველოშიც ჩამოაქვთ ხოლმე. ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს. მისგან ღვინოს ამზადებენ და სპეციალური წესით სვამენ შვილიერებისთვის. მას თავისი ლოცვაც მოჰყვება.

წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა 4 დღე “არარაისა გემოი იხილა, არც ავის თანა ზრახვიდა”. შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მისი წმიდა ნაწილები მისსავე ლავრაშია დაცული.
წმიდა საბას დღესასწაულს საქართველოში ჩვეულებრივად ხვდებიან. თუ ვინმეს საბა არ ჰქვია, შეიძლება არც გაახსენდეთ. სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილი წმიდანია”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ნონა says:

    გმადლობთ საინტერესო ინფორმაციისათვის. ვერ გავიგე და იქნებ განგვიმარტოთ (თუ შესაძლებელია)რის საფუძველზე ევედრებიან შვილიერებისათვის

  • მირიანი says:

    გილოცავთ!!!წმ.საბას ლოცვით და მეოხებით უფალმა გაგახაროთ!

  • ბაია says:

    გილოცავთ…მადლობა ამ ინფორმაციისთვის გაიხარეთ…ცმინდაო საბა მიმადლე ყველას შვილიერებით დიდი სიხარული…ამინ…

  • ნანა says:

    ძალიან მიყვარს წმ. საბა განწმენდელი,რატომღაც ჩემში გრიგოლ ხანძთელთან სიახლოვე მსგავსებას იწვევს.გვეწეოდეს მათი ლოცვა სრულიად საქართველოს

  • იყო დრო როცა უშვილობას განიცდიდნენ მშობლები.უფალს ევედრებოდნენ შვილიერებისთვის.დღეს კი პირიქით უშვილობის წამლებს ეტანებიან.

  • tami says:

    სად შეიძლება ეს მცენარე მოვიპოვოთ? გთხოვთ თუ მისაწ
    დომია მაცნობოთ.. (შვილს ქვია საბა)ძალინ მინდა.

    წმიდა საბას ლავრის ეზოში მცენარე იზრდება. მისი ფესვები რიგდება და საქართველოშიც ჩამოაქვთ ხოლმე. ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს. მისგან ღვინოს ამზადებენ და სპეციალური წესით სვამენ შვილიერებისთვის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი