მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი ათანასე ათონელი (+1000)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2016 | 3,534 ნახვა

წმიდა ათანასე დიდის ხსენების დღეა 18 ივლისი.

ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში – აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. ღირსი ათანასე ათონელი აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.

დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს. იმ ხანებში კონსტანტინოპოლში ღირსი მიქაელ მალეინი ჩავიდა, კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისათვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. მან ყველა და ყველაფერი მიატოვა, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. იღუმენი დარწმუნდა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.

ათანასე ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა ამ ლოცვა-კურთხევასაც, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ წმიდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასეს კიმინის მთა დაატოვებინა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს – მელანას მიაშურა. აქ წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა.

როცა ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი აეშენებინა, თავდაპირველად ათანასე დიდმა უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, რადგან არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავით დაემძიმებინა. მაგრამ შემდეგ ამ ყოველივეში ღვთის ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი… და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.

სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებს: იოანესა და ექვთიმეს, იოანე-თორნიკყოფილს. წმიდა იღუმენმა თავისი მონასტრის წეს-განგება ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა. თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მფარველობდა წმიდანს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმიდა ქალწულის ხილვისა.

ლავრაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, როცა ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამ სოფლიდან და ძმებს სთხოვა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს. სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდეგ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიაშურა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: ”დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი