მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი ამბა იოსებ ალავერდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2021 ერთი კომენტარი | 6,804 ნახვა

VI საუკუნეში, ქართლში ქრისტიანული რელიგიის დაცვის მიზნით, სამეტი ასურელი მამა მობრძანდა. იოსებ ამბა ალავერდელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. მისმა მოღვაწეობამ კახეთის მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას შეუწყო ხელი.

იოსებ ალავერდელი ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, წმიდა იოსები, საქართველოში VI საუკუნეში მოვიდა. თავის მასწავლებელ, წმიდა იოანე ზედაზნელთან ერთად, იგი მცირე ხნით ზედაზენზე მოღვაწეობდა. ზეგარდმო მითითების შედეგად იგი გაემართა კახეთში, დაემკვიდრა იორსა და ალაზანს შორის მოქცეულ ალავერდის გაუვალ, უდაბურ, დაუსახლებელ, უნაყოფო ადგილას და ფარულ, მძიმე ბერულ ცხოვრებას შეუდგა.

ამბა იოსების მოღვაწეობა დიდხანს არ დარჩენილა მოსახლეობისაგან ფარული. ერთხელაც, მრავალ თანმხლებ პირთან ერთად მონადირე დიდებული თავზე წაადგა მლოცველ ბერს. ამბა იოსების მძიმე ღვაწლით მოხიბლულმა და მადლიანი სიტყვით მოქცეულმა დიდებულმა წმიდა იოსებთან ერთად დაიწყო ბერული ცხოვრება.

მოგვიანებით, წმიდა იოსებ ალავერდელის მოღვაწეობის ადგილზე მანვე ააგო წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. მომხდარმა წმიდა მამას ძალზე გაუთქვა სახელი. მალე ხსენებული წმიდა ადგილი ბერებით აივსო. წმიდა იოსები დაუღალავად ქადაგებდა კახეთში. მის ქადაგებას თან სასწაულები სდევდა, რასაც მოძღვარი უფლის იმ ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილით აღასრულებდა, რომელსაც ბავშვობიდან თან ატარებდა. მოსახლეობის მართლმადიდებლობაში განსამტკიცებლად წმიდა იოსებმა კატეხიზმო დაწერა და ყველა ღვთისმსახურს დაურიგა.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ხალხში ამგვარი გადმოცემა იყო შემორჩენილი: წმიდა იოსები სადღაც სხვაგან, არა ალავერდში, ძველ მონასტერში ყოფილა. იმ მონასტერში ერთი მოლოზანი დაორსულებულა. მისი შეცდენა წმიდა იოსებისთვის დაუბრალებიათ. გაუხურებიათ საკირე და წმიდა მამის დასჯა ამ საკირეში ჩაგდებით გადაუწყვეტიათ. როდესაც წმიდა იოსები საკირესთან მიუყვანიათ, იგი ბერებს მიბრუნებია და უთქვამს: “ხომ ვიწვები ღვთით მართალი მამის სულიო და სამი სიტყვა მათქმევინეთო”. ბერებმაც დართეს უფლება. წმიდა იოსებმა ყავარჯენი მიადო მოლოზანს მუცელზე და ჰკითხა: ვინ არის მამაშენი? მაშინ ბავშვმა მუცლიდან დაიძახა: მეღორისა ვარო. ამის შემდეგ წმიდანი გაუშვეს.

კახეთის მოქცევის შემდეგ ამბა იოსები მონასტრის ერთ-ერთ სენაკში დაეყუდა, სადაც კიდევაც აღესრულა. იგი იმ ტაძარში დაკრძალეს, რომელიც დიდებულმა ააშენა. ის სასწაულები, რომლებიც თან სდევდა წმიდა იოსების ქადაგებას თუ მოღვაწეობას, მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი ხსენების დღედ 28 (15) სექტემბერი დააწესა.

დიმიტრი ფურცელაძის აზრით, რომელიც თავის მხრივ ჩვენთვის უცნობ ავტორს ეყრდნობა, ამბა იოსები წმიდანად არაუგვიანეს VII საუკუნისა უნდა შეერაცხათ. თუმცა, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების მიხედვით იგი ლიტურგიკულ კალენდარში მოიხსენიება არაუადრეს XVIII საუკუნისა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი