მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

რეგენტის როლი ღვთისმსახურებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2013 | 3,150 ნახვა

დაწყებითი მუსიკალური განათლების მიღებისა და მოგვიანებით, პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ ნათია ამილახვარმა თავისი გზა გალობას დაუკავშირა. ნათია ამილახვარი ამჟამად ის გლდანის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის მგალობელთა გუნდების რეგენტია. გალობას ასწავლის ამავე ეკლესიასთან არსებულ სასწავლო ცენტრში და ფიქრობს, რომ გალობას, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სარგებლობა მისი სულისთვის მოაქვს. ნათია ამილახვარის აზრით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულებმა უნდა უგალობონ უფალს, რადგანაც როცა სულში არაწმინდა შემოაღწევს, ფსალმუნთ გალობით მოვუხმობთ ქრისტეს და განვდევნით მას. „ამბიონს“ ნათია ამილახვარი თავად ესაუბრა:

„1995 წელს წმ. ნინოს ტაძრის (ჩუღურეთის რაიონი) მრევლი გავხდი. მალე ღვთის ნებითა და მეგობრის დაჟინებული თხოვნით მგალობლობის კურთხევა მივიღე. 1998 წლიდან გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძარში დავიწყე გალობა. გალობის პედაგოგის ფარული ნიჭი კი ჩემში დეკანოზმა დავით დათუაშვილმა აღმოაჩინა, როცა პატრიარქის კურთხევით ადიგენის რაიონში მიემგზავრებოდა. მის სტიქაროსნებს პარაკლისის საგალობლები ვასწავლე…

სწავლების პროცესში ვხვდებოდი, რომ ეს იყო ჩემი ნამდვილი საქმე. დღეს გალობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის მეშვეობითაც განვადიდებ უფალს და უდიდეს ბედნიერებასაც მანიჭებს.

როდესაც მამა დავითმა გლდანში წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის აგება გადაწყვიტა, გამიმხილა, რომ სურდა, ამ ტაძარში მგალობელთა ქალთა და ვაჟთა გუნდები ყოფილიყო. ამიტომ მრევლიდან გამოვარჩიეთ განსაკუთრებული მონაცემების მქონე ვაჟები და მუშაობა 2008 წლიდან დავიწყეთ. გუნდის წევრები საკმაოდ შრომისმოყვარენი აღმოჩდნენ. მათ შეისწავლეს სხვადასხვა კილოს მწუხრის, ცისკრის, წირვის, სადღესასწაულო საგალობლები. ვაჟთა გუნდში 7 მგალობელია. ამ გუნდის ბაზაზე ანსამბლი „მადლი“ შეიქმნა. მათ კიდევ 3 წევრი დაემატათ. გუნდი დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მოწონებით სარგებლობს მრევლში.

2010 წელს მთავარანგელოზთა ტაძარში დაარსდა სასწავლო ცენტრი, სადაც გალობის პედაგოგად ვმუშაობ. განსაკუთრებულად გამორჩეული მოსწავლეებით შევავსეთ ქალთა გუნდი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტდა ლომისის წმ. გიორგის ტაძრიდან გადმოსული მგალობლებით. ქალთა გუნდში 6 მგალობელია. რეპეტიციები ორივე გუნდთან რეგულარულად მიმდინარეობს. ჩვენ ერთი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები ვართ.“

რა როლს ასრულებს რეგენტი წირვა–ლოცვის წარმატებით წარმართვაში?

რეგენტი – regens (regentis) – მმართველი. 1) მონარქიულ ქვეყნებში სახელმწიფოს დროებით მმართველს და ასევე, მგალობელთა გუნდის ლოტბარსაც ნიშნავს. მე–9–10 საუკუნეების საქართველოში საგალობო ხელოვნებას „ხმითა სასწავლელი სწავლა“, ხოლო მასწავლებელს – „გალობის მოძღვარი“ ან „მგალობელთუხუცესი“ ეწოდებოდა. მე–18 საუკუნეში ჩნდება ტერმინი „სრული მგალობელი“. იგი სულხან–საბას ლექსიკონში „ლოტბარის“ პარალელური ტერმინია. მოგვიანებით ლოტბარი მგალობელთა გუნდის ხელმძღვანლის მნიშვნელობას იძენს.

რეგენტზე ბევრი რამაა დამოკიდებული წარმატებული გალობისთვის. იგი გუნდის წევრებს საგანგებო ჟესტებით მიუთითებს საგალობლის დინამიკას, ტემპს, ნიუანსებს, დაწყება–დამთავრებას.

წარუმატებელი გალობის ორი მთავარი მიზეზი არსებობს: საგალობელი ან კარგად არ არის შესწავლილი გუნდის მიერ, ან რეგენტის მიერ მოუმზადებლადაა დაწყებული. მგალობლები და რეგენტი მან თავიდანვე მკაფიოდ უნდა მიანიშნოს საწყისი ტონები გუნდის წევრებს. უნდა აკონტროლებდეს ტემპს, როდესაც მიმდინარეობს აქტიური „დიალოგი“ მედავითნეს, მოძღვარსა და მგალობლებს შორის. უნდა აკონტროლებდეს ტონალობას და ა.შ.

თავად რეგენტობის გამოცდილება მცირე ხნით ლომისის წმ.გიორგის ტაძარში მივიღე. როდესაც ჩემი გუნდი ჩამოყალიბდა მთავარანგელოზთა ტაძარში, მას ჩავუდექი სათავეში.

უპირველეს ყოვლისა, წარმატების საწინდარია სიყვარულის უნარი, რომელიც უნდა გააჩნდეს რეგენტს საქმისა და მგალობლების მიმართ.

რა მნიშვნელობა აქვს გალობას ადამიანისთვის?

გალობა საღვთო ლიტურგიის ნაწილია. მას მუსიკალური ბგერებით შემკულ ხატსაც უწოდებენ. განსაკუთრებულად კეთილხმოვანი გალობა საუკეთესო განწყობას ქმნის საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად და უფლის სადიდებლად.

საგალობლის სიტყვები განწმენდს ადამიანის სულს და სულიწმინდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლის აღმვლენელის სულში. მგალობელი ცნობიერად მოუხმობს სულიწმინდის მადლს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოთქვამს, სული ისმენს მას და იზიარებს, აცნობიერებს.

ქართული გალობა სამხმიანია. ამის საფუძველზე მას წმიდა სამებასაც ადარებენ. გალობის ფორმით ვამბობთ, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი. ქართულ გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს, მხოლოდ სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნება–სურვილს გამოხატავს. ამავდროულად, თავისი ინდივიდუალური თვისება არ ეკარგება.

გალობა ყველგან შესაძლებელია სულის გამოსაფხიზლებლად, ყოველი სამუშაოს შესრულებისას. „გალობად მადლი წინამძღვრობს კაცსა“, – ამის შესაბამისად გალობის ნიჭი არის ღვთისგან მომადლებული განსაკუთრებული უნარი და ამ უნარის გამოუყენებლობა ტოლფასია იმ სახარებისეული ტალანტისა, რომელიც გაუმრავლებლად დაიმარხა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.