მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რჩევები მშობლებს თუ როგორ დაძლიონ ემოციური რეგულაციის სირთულეები კორონავირუსით გამოწვეული გარემოებების დროს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.04.2020 | 188 ნახვა

სანამ ბავშვზე ზრუნვას დაიწყებთ, დაფიქრდით, როგორ ხართ თქვენ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ჩვენი ემოციები და განწყობა განსაზღვრავს ჩვენი შვილების ემოციებსა და განწყობას. სანამ ვიზრუნებთ მათზე, სიტყვით თუ ქცევით, საკუთარ ემოციებს და ფიქრებს დავაკვირდეთ. სად ვართ ფიქრით, განცდით. ბავშვებს ვერ მოვატყუებთ. ისინი ყველაფერს გრძნობენ! რეალობას გავუსწოროთ თვალი, მაგრამ ძლიერად, იმედიანად და ცხოვრების სიყვარულით! რაც, პირდაპირ აისახება და განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

არ დატოვოთ ბავშვი მარტო საკუთარ განცდებთან. ისაუბრეთ არა მის გასაგონად, არამედ ესაუბრეთ მას! ეს მნიშვნელოვანია!

კარგია, თუ გულახდილი იქნებით მასთან. საუბრისას შეგიძლიათ უთხრათ სიმართლე, რომ სიტუაცია არ არის სახარბიელო, მაგრამ თქვენ სახლში ხართ, ხართ დაცულად და რაც მთავარია ერთად! თქვენი ერთად ყოფნა, პირველ რიგში გულისხმობს ემოციურ სიახლოვეს, რაც აზრების, ემოციების, გაზიარებით და თანაგანცდით მოხდება!ბავშვს ამ თემაზე საუბრის არ უნდა ეშინოდეს. ფრაზით – ნუ გეშინია! არ შეზღუდოთ მისი ბუნებრივი განცდების, შიშების, აზრების, მოლოდინების გამოხატვა. მოუსმინეთ და უთხარით, რომ მისი გესმით! ბავშვმა უნდა იგრძნოს თქვენი პოზიტიური განწყობა, რომ არაფერია მუდმივად უცვლელი, რომ ყველაფერი დროებითია და ესეც გაივლის.

დროის საინტერესოდ გაყვანის მიზნით, შესთავაზეთ თამაში – „გამომგონებლობანა“ ყოველ დღე, თქვენც და თქვენი შვილიც, გამოიგონებთ რაღაცას, ისეთს, რაც ჯერ არ გიცდიათ – ექსპერიმენტის სახით, ნებისმიერი რამ…დღის ბოლოს ერთმანეთს გააოცებთ. ამით ხასიათიც გაგიუმჯობესდებათ და ურთიერთობაც!

აარჩიეთ საერთო საქმიანობა, იქნება ეს მზარეულობა, ხატვა, კედლის მოხატვა, ავეჯის გადაადგილება თუ სხვა რამ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გსიამოვნებდეთ ეს აქტივობა. შესთავაზეთ ენთუზიაზმით. ბავშვი აუცილებლად გაიხარებს თქვენთან ურთიერთობით, მითუმეტეს თუ თქვენ მას გულწრფელად აგრძნობინებთ, რომ გიხარიათ და გსიამოვნებთ მასთან ერთად ყოფნა და საქმიანობა!გამოხატეთ მადლიერება და აღფრთოვანება, რომ ძლაიან გსიამოვნებთ მასთან ერთად დროსი გატარება და რომ ეს ძალიან გჭირდებოდათ და გაკლდათ.

კარგი იქნება თუ იუმორსაც მიმართავთ და იტყვით მსგავს ფრაზებს: „კორონამ ჩვენზე იზრუნა და ჩაგვახუტა, აგვანაზღაურებინა ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა!”

უამბეთ მძაფრი ამბები, ეს ბავშვებს ძალიან სიამოვნებთ! უამბეთ წარსულ „ომებზე“. აუხსენით, რომ მიუხედავათ სირთულეებისაადრე თუ გვიან ყველაფერი ლაგდება. ასე იყო ადრეც და ასე იქნება ახლაც! მთავარია იყოთ ერთად და სიყვარულით.

ეცადეთ ბავშვს ისიც აუხსნათ, რომ დედამიწაზე მსგავსი შემთხვევები იყო, არის და იქნება. იყავით გულწრფელი და უთხარით, რომ არ იცით, ზუსტად რისთვის ხდება ეს, თუმცა შეგიძლიათ საკუთარი ვარაუდები გაუზიაროთ. ეცადეთ მასში გააღვივოთ არა შიში, არამედ ცნობისმოყვარეობა. კითხვა – „რა გვეშველება“ შეცვალოს კითხვამ – „რა იქნება, ნეტა?!“

გამოიყენეთ არსებული სიტუაციით გამოწვეული საერთო ემოცია თქვენი კავშირისთვის ხიდად, თქვენი მდგომარეობა არ უნდა ასახავდეს უიმედობას და უსუსურობას. ბავშვი მშობელში ყოველთვის ეძებს იმედს და ძალას. ეცადეთ არ დაკარგოთ „ყველაფერი კარგად იქნება“ განწყობა. აცადეთ ღია საუბარი ბავშვს, იმდენი და იმ ფორმით, როგორც მას დასჭირდება. თქვენი გულწრფელობით და სიმშვიდით შეუქმნით უსაფრთხოებას თქვენთან თქვას ის, რაც მისი ნამდვილი ფიქრი და ემოციაა. ამას მოახერხებთ მხოლოდ გულწრფელობით და ზრუნვით, როგორც საკუთარ თავზე, ისე ბავშვზე.
თუ ბავშვი საერთოდ არ ლაპარაკობს ამ თემაზე, ეს შეიძლება სიმპტომი იმისა, რომ ბავშვი განიცდის გადამეტებულ შიშსა და შფოთვას.

თუ თქვენ თვითონ ხართ ძალიან დაზაფრული, ეცადეთ დაკავდეთ საქმით. არ იყოთ უმოქმედოდ, არ უსმინოთ უარყოფით ტელეგადაცემებს, რაც კიდევ უფრო დაამძიემბს თქვენს განწყობას და პირდაპირ აისახება თქვენი შვილის ემოციურ ფონზე. გახსოვდეთ, განწყობა გადამდებია!

ბავშვი, რომელიც მშობელში ხედავს შიშს და უსუსურობას, იკეტება და მალავს საკუთარ განცდებს. ცდილობს მისი ემოცია არ გაამჟღავნოს. ამით ის ზრუნავს მშობელზე. სინამდვილეში კი ამ დროს მას ძალიან უჭირს და თვითონ ჭირდება დახმარება!

რაც უფრო ახლოს იქნებით ერთმანეთთან არსებული პრობლემით, არ ჩაკეტავთ თემას, არც გადამეტებულად ისაუბრებთ დღედაღამ შიშით, მით ნაკლები იქნება შფოთვა და ღელვა, რაც გაადვილებს თქვენი და ბავშვის ცხოვრებას და ურთიერთობას. თუ ღიად ისაუბრეთ სიტუაციაზე, ნაკლები ემოციით, აჩვენებთ მოვლენების დადებითისკენ შეცვლის მოლოდინს, ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ!

გახსოვდეთ, რომ განსაცდელი აძლიერებს და ყველა დიდ ღელვას სიმშვიდე მოსდევს!

“თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი”
მზია დალაქიშვილი
ფსიქოთერაპევტი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი