მთავარი » სხვადასხვა

რატომ ხდება მიწისძვრა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2013 6 კომენტარი | 14,156 ნახვა

მიწისძვრის არსის შესახებ ადამიანები ნაკლებად ინფორმირებულები არიან, რის გამოც ხშირად ამ ბუნებრივი მოვლენის მიმართ საზოგადოების რეაქცია შეუსაბამოა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ პოპულარულ ენაზე მოსახლეობაში ნაკლებად ვრცელდება ინფორმაცია, სასარგებლო რჩევები, მიწისძვრა თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ბუნების ერთ-ერთი მრისხანე მოვლენისას, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად თან სდევს მსხვერპლი, ნგრევა, ზარალი და პანიკური შიში. “ამბიონი” შეეცადა მიწისძვრის შესახებ მკითხველისათვის სასარგებლო რჩევები მიეწოდებინა და გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილს ესაუბრა:

“მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა. საქართველოს ტერიტორია და მთლიანად კავკასია მდებარეობს ზონაში, რომელსაც მეცნიერულად ალპურ-ჰიმალაური სეისმო აქტიური სარტყელი ჰქვია. აქ ახალგაზრდა მთებია და მიწისძვრები ყოველთვის ხდება. ჩვენნაირი რეგიონებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველი მიწისძვრის შემდეგ თუ მოსახლეობა პანიკაში ჩავარდება, ეს გაცილებით დიდ ზარალსა და მსხვერპლს გამოიწვევს, ვიდრე უშუალოდ მიწისძვრა.

მიწისძვრა დედამიწის წიაღში, რამდენიმე კილომეტრის სიღმეზე ვითარდება. ფიზიკურად მიწისძვრის არსი ისეთივეა, როგორიცაა ჭექა-ქუხილის. ჭექა-ქუხილისას ერთმანეთს ეჯახება ღრუბლები და ხდება დაელექტროება. მიწისძვრა-საქართველო მიწისძვრისას კი სიღრმეში ხდება ბლოკების გადაადგილება, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ამ ძლიერი ბლოკების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება მიწისძვრა, რომელიც ზედაპირზე სხვადასხვა ეფექტით გამოისახება.

ძირითადი მიწისძვრა როდესაც ხდება, ეს არის ყველაზე მძლავრი. შემდგომი მიწისძვრები, რომელსაც აფთერშოკებს უწოდებენ, პირველ მიწისძვრაზე გაცილებით მცირე სიმძლავრისაა. განმეორებით მიწისძვრას მოსახლეობა საშიშად მიიჩნევს და ამ დროს პანიკაში ვარდება. ადამიანებმა კარგად უნდა გაიგონ, რომ მთავარი მიწისძვრის დაფიქსირების შემდეგ მომდევნო მიწისქვეშა ბიძგები ნაკლებად საშიში და საზიანოა.”

შესაძლებელია თუ არა მიწისძვრის პროგნოზირება?

მიწისძვრის არსის შესახებ საზოგადოებაში ძალიან მცირე ინფორმაციაა და ამიტომაა, რომ მოსახლეობა ყოველთვის პანიკაში ვარდება. ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონკრეტულ დღეს შეიძლება მიწისძვრა მოხდეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს ზუსტი მექანიზმი, რომ მიწისძვრა რამდენიმე ხნით ადრე იქნეს პროგნოზირებადი, ეს არავინ იცის მსოფლიოში. თუ ისეთი პიროვნება აღმოჩნდება, ვინც იწინასწარმეტყველებს ამ მოვლენას და გამართლდება, ეს აღმოჩენა იქნება. როგორც აღვნიშნეთ, მიწისქვეშა ბიძგები ათეულ კილომეტრობით სიღრმეში მიმდინარეობს. იქ ბლოკები როგორ მოძრაობენ, უცნობია. თუმცა ვიცით, ტერიტორიულად სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა და როგორც ვთქვით, ამ ტერიტორიაზე საქართველოს დიდი ნაწილი თავსდება.

როგორ ხდება მიწისძვრის სიძლიერის გაზომვა?

ჩვენთან ყოფილ საბჭოთა სისტემაში მიწისძვრის სიძლიერე ბალიანობით, ბალის სიდიდით იზომებოდა, მსოფლიოში კი – რიხტერის შკალით, მიწისძვრა რაც ხშირად ერთმანეთში ერევათ. რიხტერის შკალა შედარებით მცირე ნიშნულით განისაზღვრება, ხოლო მიწისძვრის ბალიანობა შეიძლება გაცილებით უფრო მეტი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას როგორი ფორმით მივაწვდით ინფორმაციას. თუ რიხტერის შკალით ვეტყვით, ის ბალებში სიმძლავრეს არ შეესაბამება.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრისას?

მიწისძვრის დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ადამიანმა მისი არსი უნდა იცოდეს, პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. არსებობს სტატისტიკები, როდესაც მიწისძვრის დროს პანიკამ უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვია, ვიდრე უშულოდ იმ მიწისძვრის სიმძლავრით დაფიქსირებულა. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ამ ბუნებრივ პროცესს უნდა შევეგუოთ.

მიწისძვრა, როგორც წესი, რამდენიმე წამი გრძელდება და ვიდრე ის არ დასრულდება, ადამიანი შენობიდან არ უნდა გავიდეს. როცა ადამიანი შენობიდან გარბის, შეიძლება ლიფტი გამოირთოს, ან კიბეზე რაღაც საგანი დაეცეს, ხშირია შენობიდან მინების მსხვრევის შემთხვევები და ამ დროს ხდება ყველაზე მეტი მსხვერპლი. ძლიერი ბიძგებისას უნდა მოვერიდოთ ისეთ საგნებთან ყოფნას, რაც შეიძლება კედლიდან ჩამოვარდეს, ან მსხვრევადი იყოს. თუ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა და შემდგომიც ასეთივე მოხდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავტოვოთ შენობა, მიწისძვრა თუ მას ბზარები აქვს მიღებული. თუ პირველი მიწისძვრისას შენობა არ დაიბზარა, ყველაზე უსაფრთხო ამ შემთხვევაში ისევ სახლში ყოფნაა.

გავიხსენებ ერთ შემთხვევას, რომელიც იაპონიაში ჩასულ ქართველი მეცნიერების ჯგუფს შეემთხვა. მოგეხსენებათ, იაპონიაში მიწისძვრა ყოველდღიურად ხდება, როგორც ჩვენთან გაზაფხულზე ხშირია ჭექა-ქუხილი. ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ეს ჯგუფი დაბანაკდა, არსებული ავეჯი რამდენიმე სანტიმეტრით გადააადგილეს. როდესაც სასტუმროდან გამოვიდნენ, მოუვიდათ საკმაოდ დიდი ჯარიმა იმის გამო, რომ იქ ყველაფერი მიწისქვეშა ბიძგებზეა გათვლილი და ავეჯის გადაადგილებასაც კი მიწისძვრის დროს ზარალი და მსხვერპლი შეიძლება გამოეწვია. იაპონიაში ყოფილა შემთხვევებიც, მიწისძვრის შემდგომ გაგრძელებულა სწავლა, მუშაობა და ეს მოვლენა ჩვეულებრივად მიუღიათ, არ ჩავარდნილან პანიკაში.

ყველაზე მთავარი პროფილაქტიკაა, სიმშვიდე და ნაკლები პანიკურობა მოსახლეობაში.

რამდენად ხშირად ხდება საქართველოში ძლიერი მიწისძვრები?

ყოველ საუკუნეში 1 ან 2 ისეთი ძლიერი მიწისძვრა ხდება, როდესაც საკმაოდ დიდი ზარალი და მსხვერპლია.
საქართველოში ცნობილია ჯერ კიდევ 1088 წელს, დავით აღმაშენებლის გამეფების პერიოდში ჯავახეთში მომხდარი სოფელი ხახიეთიძლიერი მიწისძვრა, რომელიც თმოგვის მიწისძვრის სახელითაა ცნობილი. ასევე, ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ვარძია.

ბოლო საუკუნეებში მომხდარმა ყველაზე ძლიერმა 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც 1991 წლის 29 აპრილს, 13:13 წუთზე საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სოფელი ხახიეთი მთლიანად გაანადგურა. ეს იყო ნაკლებად დასახლებული ტერიტორია და 100 ადამიანზე მეტი მსხვერპლი არ იყო. ასეთი მიწისძვრის ეპიცენტრი დიდ დასახლებულ პუნქტში რომ ყოფილიყო, იქ, ალბათ, ვერაფერი გადარჩებოდა.

ბოლო დროს მიწისძვრა რამდენჯერმე შავ ზღვაშიც დაფიქსირდა.

რაც უფრო დიდი დრო გადის და მიწისძვრა არ ფიქსირდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლოა მოხდეს, ანუ სეისმურად აქტიურ ზონაში, უფრო საშიშია. რაც უფრო იზრდება დედამიწის მიწისქვეშეთში ენერგია და გროვდება, ეს შეიძლება იყოს საბაბი იმისა, რომ შემდგომში ძლიერ მიწისძვრასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ მცირე მიწისძვრებმა არ უნდა შეგვაშინოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი