მთავარი » სხვადასხვა

რატომ ვერ ვითარდება საქართველო აგრარული მიმართულებით?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.09.2009 ერთი კომენტარი | 5,733 ნახვა

რთველიდღეს ქვეყანაში სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, გააჩნია თუ არა ქვეყანას აგრარული პოტენციალი და რა დარგების განვითარება უნდა იყოს უფრო მეტად პრიორიტეტული. საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული აგრარული ბაზრის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოურ საქონელს უპყრია. საგულისხმოა ისიც, რომ ხელისუფლება თავის სტრატეგიულ დოკუმენტებში საუბრობს, რომ ადგილობრივმა პროდუქციამ იმპორტი უნდა ჩაანაცვლოს და ექსპორტზეც კი უნდა გავიდეს. თუმცა, ამ თემაზე ჯერ მხოლოდ საუბარია.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 19 069.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო აქედან მხოლოდ 1 703.9 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის, ნადირობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორზე, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 8.9%-ს შეადგენს.
საგულისხმოა ისიც, რომ 2008 წელს ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 601.9 ათასი ადამიანი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 53%. ანუ, სტატისტიკა ამ სფეროში არსებულ საკმაოდ მძიმე მდგამარეობაზე მეტყველებს, რადგან გამოდის, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 53 პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8.9%-ს ქმნის.

პაატა შეშელიძე: “მიზეზი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას მთლიან შიდა პროდუქტში ასეთი მცირე წილი უკავია, უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ წარმოება არ არის თანამედროვე და შესაბამისად, შედეგებიც ნაკლებია. ამასთან შრომატევადია და არ არის მექანიზირებული. ამ საქმით დაკავებული ადამიანები ჯერჯერობით არ არიან საკმარისად განათლებული იმისათვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიწა კერძო საკუთრება არ იყო, თავისუფალ ყიდვა-გაყიდვაში არ მონაწილეობდა და ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება სარფიანად გაეყიდათ, თუკი ხედავდნენ, რომ მისი გამოყენება არ შეეძლოთ. თანდათან ეს სიტუაცია გვარდება, მაგრამ ბაზარი ჯერ სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული”.

ექსპერტთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნის აგრარული პოტენციალის მხოლოდ მცირედია გამოყენებელი და თუ სოფლის მეურნეობის განვითარების ასეთი ტემპები შენარჩუნდება, უახლოეს წლებში საქართველოს შიმშილი ელის. მიზეზი კი მსოფლიოში მოსალოდნელი სასურსათო კრიზისია, რომელიც 2010 წლიდან დაიწყება და 2015-20 წლებში რთულ სახეს მიიღებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული “სოფლის მეურნეობის სექტორის და პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ანალიზის” დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “სოფლის მეურნეობის განვითარების ზრდის დაბალი ტემპი სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული, მათ შორის, მიწების მაღალი სეგმენტაციით, სუსტად განვითარებული გადამამუშავებელი მრეწველობით, წარმოებული პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობით საერთაშორისო ბაზარზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უცხოური ინვესტიციების (მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 0,5%) სიმცირით და რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – საკრედიტო რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობით, რაც განპირობებულია დღეისათვის ფინანსურ ბაზარზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთით. სოფლის მეურნეობა კი შედარებით გრძელვადიან ინვესტიციებს მოითხოვს”.

საზოგადოებაში ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს აგრარული სექტორის განვითარებაში და ამ სფეროს უფრო მეტი სუბსიდირება უნდა განახორციელოს, ისევე როგორც ეს თურქეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება.

“სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სახელმწიფოს მხრიდან დრო და დრო ხდება ამ სფეროს სუბსიდირება, ისმის სრულიად უსაგნო და უშინაარსო დაპირებები, რაც ხელოვნურად აფერხებს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ახლებური ხედვის დანერგვასა და ახლებური მიდგომის ჩამოყალიბებას. მომხრე ვარ, რომ სახელმწიფომ ამ სფეროში არაფერი გააკეთოს. თუკი იქნება სწორი სიგნალი, რომ მთავრობა არ ერევა ამ საქმეში და არ აძლევს სუბსიდიებს, ადამიანებს ექნებათ სხვაგვარი ანგარიში. დაფიქრდებიან იმაზე გაყიდონ, ან გაამსხვილონ თავისი მიწები. დღეს ერთმანეთთან თანამშრომლობის პრობლემაა, რადგან ხელისუფლებაში ვიღაც ჰპირდებათ, რომ მათ რაღაცას მუქთად მისცემს. საერთოდ, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება დასავლეთშიც ყველაზე დიდი შეცდომაა. ჩვენ რატომ უნდა გავიმეოროთ მათი შეცდომა. თურქეთის მთავრობა თუ მოსახლეობის ერთ ნაწილს მეორე ნაწილის ხარჯზე ეხმარება, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ შეგვიძლია ამით ვისარგებლოთ, უფრო იაფი პროდუქცია შევიძინოთ და ჩვენ კი ის ვაწარმოოთ, რაშიც შედარებითი უპირატესობა გვაქვს და უცხოეთში არ არის. ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის აზრი. თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვაწარმოოთ, ეს არის ანაქრონიზმი და წარსულში დაბრუნება” – ამბობს შეშელიძე.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ძალიან მცირეა. 2008 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 564 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო აქედან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7.8 მილიონი დოლარი იყო, რაც მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 0.5%-ია. 2008 წელს 2007 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 50%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც, ამ პერიოდში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ 22%-ით შემცირდა. “უცხოური ინვესტიციები ამ მიმართულებით მოიკოჭლებს ერთი მხრივ საკუთრებითი უფლებების პრობლემების გამო და მეორე მხრივ, ძალიან ბევრ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა უფრო მეტად არის სუბსიდირებული, ვიდრე საქართველოში და შესაბამისად, ამიტომ მათ არა აქვთ ინტერესი, რომ ინვესტიციები საქართველოში განახორციელონ. თავიანთ ქვეყნებში სუბსიდიებს იღებენ და რატომ უნდა ჩადონ ფული საქართველოში. ამ პრობლემის გამო ბევრი ქვეყნის ბიზნესმენისთვის საქართველოში აგრარულ სექტორში ფულის ჩადება არ იქნება მომგებიანი. ეს არის ამ პრობლემის ერთ-ერთი კომპონენტი” – აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

აგრარული სექტორის საექსპორტო პოტენციალი

ბოჩოლასოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამინისტროს უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დაჩქარებული ტემპებით განვითარებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ექსპორტისათვის და ინვესტიციებისათვის გამარტივებული მარეგულირებელი გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის დაუბრკოლებელ განვითარებას. საქართველოს სოფლის მეურნეობა კი ექსპორტის ზრდაზე უნდა იყოს ძირეულად ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტმა 1 196.8 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 15%-ია. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 250.5 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა _ 946.3 მილიონი დოლარი. სოფლის მეურნეობის პროდუქციის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი 80.8%-ს, ხოლო ექსპორტის წილი მხოლოდ 19.2%-ს შეადგენს. 2009 წლის I კვარტალის მონაცემებით კი ბრუნვა 232.1 მილიონი დოლარი იყო, ხოლო აქედან ექსპორტზე 59.8 მილიონი მოდიოდა, ხოლო იმპორტზე _ 172.2 მილიონი დოლარი.

საქართველოდან ძირითადად ხორციელდება შემდეგი პროდუქციის ექსპორტი: თხილი, ვაშლი, ციტრუსი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, ხილის ნატურალური წვენები, წითელი და თეთრი ღვინოები, ბრენდი და სპირტი, ჩაი და მინერალური წყლები.

ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყნის წინაშე ახლა სხვა გამოწვევები დგას და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის გამოკვება შეძლოს. მით უფრო, რომ მსოფლიოში იაფი პროდუქციის ეპოქა დასრულდა და ყველაზე მეტად დაზარალდება ის, ვისაც არ ექნება სწორად ორგანიზებული სოფლის მეურნეობა.
ექსპერტები შენიშნავენ, რომ ქვეყანა პირველ რიგში მეცხოველეობის მიმართულებით უნდა განვითარდეს. ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ მეცხოველეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან დარგს იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით, როგორიც არის მაგალითად რძის პროდუქტები. ამ დარგისთვის არსებობს რეალური შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა. ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში მეცხოველეობის ბიზნესს გარკვეულწილად საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია.

ნიკოლოზ ზაზაშვილი, “ახალგაზრდა ფერმერთა სახლი”: “დღეს მსოფლიოში რძის დეფიციტია და პრიორიტეტების განსაზღვრაში სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ. საქართველოში სწორედ მეხორცულ-მერძეულ მიმართულებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ჩვენ სწორი პროფესიული მიდგომის შემთხვევაში, შეგვიძლია მთლიანად უზრუნველვყოთ საქართველოს ბაზარი რძითა და რძის პროდუქტით. ასევე, ხორცით. რაც შეეხება ექსპორტს, ეს ჯერ ძალიან ნაადრევია, თუმცა, რძის პროდუქტებიდან მაგალითად ცხვრის ყველის ექსპორტზე ფიქრის საფუძველს გვაძლევს ჩვენი პოტენციალი და ევროპის ქვეყნებში დიდ მოთხოვნა ამ პროდუქტზე. საერთოდ, მეცხვარეობას სწორედ რომ მივუდგეთ, ეს არის უაღრესად მომგებიანი მიმართულება, რომლის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია მოსაზღვრე ქვეყნების დეფიციტები შეავსოს. რაც შეეხება ღორს, ისიც პერსპექტიულია, მაგრამ აფრიკულმა ჭირმა ამ მიმართულების განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხა”.

2007 წელს საქართველოში საქონლის ხორცის მოხმარებამ 39 626 ტონა შეადგინა. აქედან, ადგილობრივმა წარმოებამ 2007 წელს 31 300 (მთლიანი მოხმარების 79%) ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტირებული იქნა 8 327 (მთლიანი მოხმარების 21%) ტონა საქონლის ხორცი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძირითადად დაბალი ხარისხის საქონლის ხორცი შემოდის. ხოლო მომწოდებლები არიან ინდოეთი, აშშ, დომინიკა და სხვა. სულ საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტი 24 ქვეყნიდან განხორციელდა. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 1 266 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რძის პროდუქტის ექსპორტი 38 ქვეყანაში განხორციელდა, ხოლო იმპორტი _ 34 ქვეყნიდან.

2007 წელს საქართველოში ღორის ხორცის მოხმარებამ 31 963 ტონა შეადგინა. აქედან, იმპორტირებული იქნა 5 663 (მთლიანი მოხმარების 18%) ტონა ღორის ხორცი. გაყინული ღორის ხორცი კი ძირითადად ბრაზილიური წარმოშობის. ღორის ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ 2007 წელს 26 300 (მთლიანი მოხმარების 82%) ტონა შეადგინა. 2008 წელს მონაცემებით კი საქართველოში 70,5 ათასს სულამდე ღორი იყო.

რა რესურსია მარცვლეულ კულტურებში

როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში უკიდურესად არის გაზრდილი ფასი სურსათზე და განსაკუთრებით მარცვლეულზე. პირველ რიგში მიზეზი არის ის, რომ ექსპორტიორ ქვეყნებში მარცვლეულის მარაგების შემცირება მოხდა, ამასთან მარცვლეული რესურსები ბიოსაწვავის გამომუშავებისთვის გამოიყენება, ასევე ხორბლის მოხმარების ზრდა დაიწყო ჩინეთსა და ინდოეთში. ყველაფერი ეს უახლოეს წლებში მარაგის მნიშვნელოვნად შემცირებას და მარცვლეულზე ფასების კიდეც უფრო ზრდას გამოიწვევს. ექსპერტები შენიშნავენ, რომ შექმნილ სიტუაციაში პრობლემის გადაჭრის გასაღები მთავრობის ხელშია და ყველაფერი ხელისუფლების სწორ აგრარულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

2007 წელს ხორბლის მარცვლის მოხმარებამ 633 943 ტონა შეადგინა, აქედან იმპორტირებული იქნა 559 943 ტონა, რაც საერთო მოხმარების 88%-ს შეადგენს. იმპორტი კი ხოციელდება რუსეთიდან, ყაზახეთსა და უკრაინიდან. …
ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 74 000 ტონაა (მთლიანი მოხმარების 12%). საქართველოში ხორბლის სულ 45 200 ჰა ნათესი ფართობია.
2007 წელს მარცვეულის იმპორტი ექსპორტზე 149 789 ათასი აშშ დოლარით (102-ჯერ) მეტი იყო, 2008 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტი 28 772 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 71 ათასი აშშ დოლარით გაიზრდა. იმპორტი მეტია ექსპორტზე 120 946 ათასი აშშ დოლარით (79-ჯერ), ხოლო 2009 წლის 3 თვის მონაცემებით იმპორტის მოცულობა ექსპორტზე 21 163 ათასი აშშ დოლარით მეტია, ანუ 8,6-ჯერ.

ექსპერტთა შენიშვნით, იმისათვის რომ მარცვლეული კულტურების საჭირო რაოდენობით მოყვანა დაიწყოს, საჭიროა, მრავალწლიანი ნარგავები დაუბრუნდეს მთისწინეთს და ბარის ზონა გამოთავისუფლდეს მარცვეულისათვის. უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის თითქმი 85 პროცენტია, პრაქტიკულად აგრარული ბალანსის ფორმირებაში არ მონაწილეობს. ექსპერტთა აზრით, ხორბალი 150-170 ჰექტარზე უნდა ითესებოდეს.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • aM says:

    :):):)

    ექსპერტები შენიშნავენ, რომ შექმნილ სიტუაციაში პრობლემის გადაჭრის გასაღები მთავრობის ხელშია და ყველაფერი ხელისუფლების სწორ აგრარულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

    martlac mtavrobis xelshia, magalitistvis signagis raionshi micis gadasaxadi 2010 clis chatvlit 1 hectarze 28 lari iyo saxnav satesi, xolo sazovari 1 hectari 3 lari celicadshi, xolo 2011 clidan saxnav satesi gaxda 86 lari erti hektari (diax 86 lari erti hektari) xolo sazovari gaxda 22 lari erti hektari, sheadaret micis gadasaxadis sxvaoba da darcmundebit mtavrobis xelshecyobasi, ams daamatet kidev rom 2010 cles dizeli 1.6 lari girda litri xolo 2011 cels 2.2 lari minimaluri, xolo mtavrobis nachukari traktorebi rogor ikadrebdnen 2.2 ian dizels, mati motxovna iyo 2.4 iani evro dizeli unda chagesxat mxolod sokaris obiektze, mixvdebit xelshecyobas, ekspertebic kargad mixvdebian, kidev erti xelshecyoba mesakonleobashi, kalak signagshi vidre mixvalt axali gza daages da soplis mosaxleobas aekrzala sakonlis gzaze gadarekva, imitom rom sakoneli gzaze bodishi da nexvs tovebda da gza binzurdebao, amistvis visi zroxac gzaze gadavidoda patruli chasafrebuli iyo da dabinzurebistvis ajarimebda mosaxleobas, mere didi chxubit da xalxis gabrazebit daanebes tavi jarimebis ceras, moklet kargi xelshecyobaa,…chemi azrit ufro uketesi ikneba rom tavi daanebon am xalxs vidre xeli sheucyon, anu xels nu sheushlian da gadasaxadebs nu gazrdian torem danarcheni magati xelshecyoba ar unda aravis, imito rom vicit magati xelshecyoba, mtavaria xeli ar shegvishalon da chven mivxedavt sakmes, ar gvinda magati xelshecyobili hibriduli simindi da xorbali, ro gadagvajishon saertod,

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი