რატომ უნდა აღდგეს კირით ლესვის ტრადიცია?
დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი კირით ლესვის შესწავლას ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეუდგა. მალე ეს ხელსაქმე მის პროფესიად იქცა… წლების წინ თბილისში პირველად ჩიტაძის ქუჩაზე წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, პირველ სართულზე მდებარე წმიდანების – მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია კირით შელესა. ამ დროს სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი გახლდათ… მოგვიანებით მისი ცხოვრების გზა ეკლესიას დაუკავშირდა. მამა გიორგი ხუთი წელია, რაც სასულიერო პირია, თუმცა თავის პროფესიას არ ივიწყებს და დღემდე განაგრძობს ტაძრების კირით შელესვასა და თავის ცოდნას დაინტერესებულ ადამიანებსაც უზიარებს. გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი “ამბიონს” თავად გაესაუბრა:
“ხარაგაულის რაიონში, სოფელ ზვარეში, სადაც დავიბადე, სამი საკირე იყო. მამა კირით-ხურო გახლდათ. მე-7 კლასიდან მასთან ერთად სახლების კირით შელესვას შევუდექი. თანდათან ლესვის ტექნოლოგია დავხვეწე… დღემდე 9 ტაძარი მაქვს კირით შელესილი, მათ შორის, ერთი – მოსკოვში, წმიდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია.”
მამაო, რა თვისებებით ხასიათდება კირი?
საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები კირით აშენებდნენ ციხე-ქალაქებს, ტაძრებს… კირით ნაშენი უფრო მაგარია და დროს უძლებს. სამწუხაროდ, დღეს ტაძრების უმრავლესობა კირითაც აღარ ილესება, რაც გარკვეული დროის შემდეგ პრობლემებს ქმნის.
შელესვის პროცესში თუ კირის შესაზელ მასალას შესაბამის კლიმატს, ტენიანობას შევუქმნით, შემდგომი ნალესი უფრო ძლიერი გამოდის. დიდი მნიშვნელობა აქვს ლესვის პროცესსაც. ტაძრის კირით გალესვა შრომატევადია და უფრო დიდ დროს მოითხოვს. კირით ლესვის ტექონოლოგია გარკვეულ საიდუმლოებებთანაა დაკავშირებული, რომლის დაცვაც აუცილებელია, თუ გვინდა სასურველი შედეგი მივიღოთ.
კირით ნალესი შენობა უფრო თბილია, ვიდრე – ცემენტით. გაჯით ნალესი რამდენჯერმე დანესტიანების შემდეგ შლას იწყებს. კირი კი სიძლიერეს ინარჩუნებს.
კირი ჰაერს დეზინფექციასაც უკეთებს. შენობაში, რომელიც კირითაა შელესილი, ჯანსაღი ჰაერი ტრიალებს.
ხატმწერების უმრავლესობა კირით შელესილი ტაძრის მოხატვას ამჯობინებს. გაჯზე მოხატული ფრესკა ადვილად იცვლის ფერს…
ჩვენამდე მოღწეული უძველესი ფრესკები უმთავრესად კირზეა მოხატული…
დღეს თუ ინტერესდებიან კირით ლესვით შესწავლით?
სამწუხაროა, დღეს ეს ხელობა იკარგება, არც ინტერესია დიდი. საქართველოში კირით ლესვის კარგი სპეციალისტი ცოტაა, ახალბედები კი ოსტატებად ნელ-ნელა ყალიბდებიან. 2 წლის წინ უწმიდესთან მქონდა საუბარი, შეგვენარჩუნებინა და აღგვედგინა ეს უძველესი ტრადიცია. კარგი იქნებოდა, ამ საქმის შესასწავლად ახალგაზრდები ეპარქიებიდანაც გამოეგზავნათ, მაგრამ, ალბათ, ინფორმირებულებიც არ არიან. სემინარიის სტუდენტების ჩართვაც მინდოდა… ჩემი სისუსტეცაა, რომ ამ მიზნის განხორციელება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თითქოს პატრიარქის შეწუხება მომერიდა, სასურველი იყო, შემეხსენებინა ამ პროექტის შესახებ.
ამჟამად მსახურობთ ტაძარში, რომელიც ასევე თქვენ მიერაა შელესილი…
გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიასთან შემთხვევით მოვხვდი. ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით დათუაშვილს გავესაუბრე და გამოვთქვი სურვილი, ეს ტაძარიც კირით შეგველესა. მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა… ტაძრის ლესვაში ადგილობრივი მრევლი ჩაერთო. ამ ხელობის შესწავლით ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ. ამ პროცესში ჩემი ძმა, ვახტან თიკანაშვილიც იღებდა მონაწილეობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მამა დავითის სურვილით, მშენებარე ტაძრის გახსნის დღიდან აქ მსახურება დავიწყე.
ამ ტაძარში მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ნიჭის რეალიზება მოვახდინო, თითქოს მეტი ინტერესი მომეცა და სულიერადაც უკეთესად ვარ. ჩვენს ეკლესიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. მამა დავითის ხელმძღვანელობით ტაძრის ტერიტორიაზე დიდი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. შესაბამისად, აქ უფრო შევძლებ, კირით ლესვით დაინტერესებულ პირებს ხელსაქმე ადგილზე შევასწავლო…
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
უფალი შეგეწიოთ მამა გიორგი!
საინტერესოა დასავლეთ საქართველოს ნესტიან კლიმატში თუ არის გამართლებული კირით შელესვა?
თუ შეიძლება კედლები გარეთაც კირით შეილესოს?
dasavlet saqartvelshii sheidzleba kirit galesva rogorc garet ise shignit
გარედანნნ ცემენტი უნდა დაემატოს კირიან ხსნარს ….
მინახავს რომ კირს და ცემენტს ერთად ზელენ და ისე აშენებენ. რამდენად მყარი იქნება აშენებული კედელი მამაო? და თუ შეიძლება მითხარით ერთ ტომარა ცემენტზე რა დოზა კირია საჭირო? ანუ კირი ცემენტთან ერთად უ და ავზილოთ?
–დაგლოცოთ უ ფ ა ლ მ ა !!!–და ხელი გაგიმართოთ…
იქნებ გვირჩიოთ როგორ შევაზავოთ კირის საღებავი კედლების შესათეთრებლად საცხოვრებელ სახლში.
გმადლობთ
ძალიან მინდა ჩემი სახლი სოფელში კირით შევათეთრო შიგნიდან და გარედან.
ღმერთმა დაგლოცოთ,თუ კი ახალგაზრდების ჯგუფს შექმნით,გთხოვთ შემომეხმიანოთ,შემოგიერთებთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
ღმერთმა დაგლოცოთ მამაო .ძალიან დამაინტერესა თქვენმა სტატიამ,დიდი ხანია ვეძებ პიროვნებას რომელიც კირით ლესვის ტექნოლოგიის მცოდნეა.ჩემს სოფელში ტაძარი შესალესია.იქნებ მომცეთ ინფორმაცია ვის დავეკონტაქტო.
მეც მაინტერესებს კირის დუღაბები და ჯერ თეორიულად ვსწავლობ, გამიხარდება თუ მეც ჩამრთავთ ჯგუფში.
დამლოცეთ მამაო, ნამჯის სახლს ვიშენებთ მე და ჩემი მეუღლე, ა გვჭირდება კირით მლესავები, ხო ვერ ამეხმარებით, შემთხვევით ხო არ იცნობთ ვინმეს ვინც იცის
აი მამა გიორგის ნომერი, 597 77 24 44 მას დაუკავშირდით და კონსულტაციას გაგიწევთ ყველას ვინც დაინტერესებული ბრძანდებით!