მთავარი » სხვადასხვა

რატომ უნდა აღდგეს კირით ლესვის ტრადიცია?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.07.2012 9 კომენტარი | 4,595 ნახვა

დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი კირით ლესვის შესწავლას ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეუდგა. მალე ეს ხელსაქმე მის პროფესიად იქცა… წლების წინ თბილისში პირველად ჩიტაძის ქუჩაზე წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, პირველ სართულზე მდებარე წმიდანების – მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია კირით შელესა. მამა გიორგი თიკანაშვილი ამ დროს სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი გახლდათ… მოგვიანებით მისი ცხოვრების გზა ეკლესიას დაუკავშირდა. მამა გიორგი ხუთი წელია, რაც სასულიერო პირია, თუმცა თავის პროფესიას არ ივიწყებს და დღემდე განაგრძობს ტაძრების კირით შელესვასა და თავის ცოდნას დაინტერესებულ ადამიანებსაც უზიარებს. გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი “ამბიონს” თავად გაესაუბრა:

“ხარაგაულის რაიონში, სოფელ ზვარეში, სადაც დავიბადე, სამი საკირე იყო. მამა კირით-ხურო გახლდათ. მე-7 კლასიდან მასთან ერთად სახლების კირით შელესვას შევუდექი. თანდათან ლესვის ტექნოლოგია დავხვეწე… დღემდე 9 ტაძარი მაქვს კირით შელესილი, მათ შორის, ერთი – მოსკოვში, წმიდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია.”

მამაო, რა თვისებებით ხასიათდება კირი?

საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები კირით აშენებდნენ ციხე-ქალაქებს, ტაძრებს… კირით ნაშენი უფრო მაგარია და დროს უძლებს. სამწუხაროდ, დღეს ტაძრების უმრავლესობა კირითაც აღარ ილესება, რაც გარკვეული დროის შემდეგ პრობლემებს ქმნის.

შელესვის პროცესში თუ კირის შესაზელ მასალას შესაბამის კლიმატს, ტენიანობას შევუქმნით, შემდგომი ნალესი უფრო ძლიერი გამოდის. დიდი მნიშვნელობა აქვს ლესვის პროცესსაც. ტაძრის კირით გალესვა შრომატევადია და უფრო დიდ დროს მოითხოვს. კირით ლესვის ტექონოლოგია გარკვეულ საიდუმლოებებთანაა დაკავშირებული, რომლის დაცვაც აუცილებელია, თუ გვინდა სასურველი შედეგი მივიღოთ.

კირით ნალესი შენობა უფრო თბილია, ვიდრე – ცემენტით. გაჯით ნალესი რამდენჯერმე დანესტიანების შემდეგ შლას იწყებს. კირი კი სიძლიერეს ინარჩუნებს.

კირი ჰაერს დეზინფექციასაც უკეთებს. შენობაში, რომელიც კირითაა შელესილი, ჯანსაღი ჰაერი ტრიალებს.
ხატმწერების უმრავლესობა კირით შელესილი ტაძრის მოხატვას ამჯობინებს. გაჯზე მოხატული ფრესკა ადვილად იცვლის ფერს…

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ფრესკები უმთავრესად კირზეა მოხატული…

დღეს თუ ინტერესდებიან კირით ლესვით შესწავლით?

სამწუხაროა, დღეს ეს ხელობა იკარგება, არც ინტერესია დიდი. საქართველოში კირით ლესვის კარგი სპეციალისტი ცოტაა, ახალბედები კი ოსტატებად ნელ-ნელა ყალიბდებიან. 2 წლის წინ უწმიდესთან მქონდა საუბარი, შეგვენარჩუნებინა და აღგვედგინა ეს უძველესი ტრადიცია. კარგი იქნებოდა, ამ საქმის შესასწავლად ახალგაზრდები ეპარქიებიდანაც გამოეგზავნათ, მაგრამ, ალბათ, ინფორმირებულებიც არ არიან. სემინარიის სტუდენტების ჩართვაც მინდოდა… ჩემი სისუსტეცაა, რომ ამ მიზნის განხორციელება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თითქოს პატრიარქის შეწუხება მომერიდა, სასურველი იყო, შემეხსენებინა ამ პროექტის შესახებ.

ამჟამად მსახურობთ ტაძარში, რომელიც ასევე თქვენ მიერაა შელესილი…

გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიასთან შემთხვევით მოვხვდი. ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით დათუაშვილს გავესაუბრე და გამოვთქვი სურვილი, ეს ტაძარიც კირით შეგველესა. მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა… ტაძრის ლესვაში ადგილობრივი მრევლი ჩაერთო. ამ ხელობის შესწავლით ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ. ამ პროცესში ჩემი ძმა, ვახტან თიკანაშვილიც იღებდა მონაწილეობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მამა დავითის სურვილით, მშენებარე ტაძრის გახსნის დღიდან აქ მსახურება დავიწყე.

ამ ტაძარში მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ნიჭის რეალიზება მოვახდინო, თითქოს მეტი ინტერესი მომეცა და სულიერადაც უკეთესად ვარ. ჩვენს ეკლესიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. მამა დავითის ხელმძღვანელობით ტაძრის ტერიტორიაზე დიდი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. შესაბამისად, აქ უფრო შევძლებ, კირით ლესვით დაინტერესებულ პირებს ხელსაქმე ადგილზე შევასწავლო…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.