მთავარი » საზოგადოება

რატომ შეჩერდა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის, 12 აგვისტოს უქმედ გამოცხადების კანონპროექტი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2017 4 კომენტარი | 3,715 ნახვა

დიდგორი 23 მარტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. კანონპროექტი სამი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. შესაბამისად, თუ პროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს, საქართველოში 12 აგვისტო უქმე დღეების ჩამონათვალს შეემატება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ნუკრი ქანთარია თურქ-სელჩუკების დამარცხების თარიღს 12 აგვისტოს დიდი სახალხო ზეიმის მიზეზად მიიჩნევს.

იმისთვის, რომ 12 აგვისტო სახალხო ზეიმით აღნიშნოს საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. კანონპროექტის მსვლელობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ერთი მიზეზი ის არის, რომ კანონპროექტის ინიციატორები კონსულტაციას მართავენ ისტორიკოსებთან, ხოლო მეორე მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნაა. თურქეთის საელჩოს პოზიციამ კი საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

დეპუტატის თქმით, თურქეთის საელჩომ პარლამენტს მეგობრული თხოვნით მიმართა, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ:

“თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა და გვითხრა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და პარლამენტის ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება გარკვეული „უსიამოვნება“ შეიტანოს ურთიერთობებში. მეგობრული თხოვნა იყო. რა თქმა უნდა, საელჩოს ჩვენს საშინაო საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კანონს ვერც ერთი ქვეყანა გაგვიჩერებს, ეს ჩვენი საქმეა,” – აღნიშნავს ქანთარია. მისივე განმარტებით, თურქეთი საქართველოს მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, რომელთანაც ურთიერთობის დაძაბვა არ გვაწყობს.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ თურქეთის პოზიციაზე ოფიციალურად ვერ ვისაუბრებთ, სანამ თავად თურქული მხარე არ გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას და ფიქრობს, რომ ამ დღის პოპულარიზაციისთვის უქმე დღედ გამოცხადების ნაცვლად სხვა ღონისძიებების განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია.

„დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება ამ მართლაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი დღის დაფასების ყველაზე ნაკლებად შესაფერისი და ამავდროულად, ყველაზე პოპულისტური ნაბიჯია. ამ საქმის ინიციატორების ადგილას რომ ვყოფილიყავი, ვეცდებოდი ხელი შემეწყო არა ტაშფანდურისა და სადღეგრძელოებისათვის, არამედ ამ ბრძოლის პოპულარიზებისათვის. ჩვენ მართლა გვგონია რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო აკადემიებში დიდგორის ბრძოლას ასწავლიან? არათუ არ ასწავლიან, მსოფლიომ თითქმის არც არაფერი იცის ამ ბრძოლის შესახებ, ამიტომ ხელს შევუწყობდი თუნდაც ოსპრეის უპოპულარულეს ან სხვა სამხედრო-პოპულარულ წიგნების სერიაში ამ ომის შესახებ წიგნის გამოცემას; ინგლისურად დიდგორზე სამეცნიერო მონოგრაფიის გამოცემას, ხელს შევუწყობდი დოკუმენტური ფილმების გადაღებას, არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას ბრძოლის ადგილას …

მაგრამ, დღეს თუ მართლა თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე კანონპროექტის ავტორებს უკან მიაქვთ საკუთარი ინიციატივა, ამას არაფერი ჰქვია თუ არა დიდი სიმხდალე და სირცხვილი.
ეს ძალიან არასწორია, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ მაშინ ჩვენ არ ვებრძოდით იმ სახელმწიფოს, რომელიც ამ თურქეთის წინამორბედი კი არა, ოსმალეთის წინამორბედიც კი არ იყო. ეს იყო კოალიცია ალეპოს მმართველის ილღაზის მეთაურობით დაძრული, რომელსაც თანამედროვე თურქეთთან კავშირი არ აქვს და თურქეთის რესპუბლიკისთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს. თუ ამ თემაზე კითხვები არსებობს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს უნდა დავუსაბუთოთ ეს ამბავი“, – აღნიშნა ისტორიკოსმა „ამბიონთან“ საუბრისას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია:

„კანონპროექტის მიღების ძირითადი საფუძველია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. ეს დღე არის მეფე დავით აღმაშენებლის, როგორც უდიდესი სამხედრო სტრატეგის, მისი საბრძოლო მანევრის შედეგი და ამავე დროს, ეს არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს, ეროვნული სულის გამარჯვების დღე. ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღეს, როდესაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც „სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და მასშტაბურად აღნიშვნა, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება.“

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

„ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება … უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,“ – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ეს ხალხი სულ დასვენებაზე რატომ ფიქრობს, ისედაც გაზარმაცებულია ხალხი. ვეთანხმები ისტორიკოსს, რომ სხვა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს. თურქეთის საელჩოს პოზიცია თუ ამ რესპუბლიკის პოზიციაა, ძალიან ცუდია და მათი აზრიც არ უნდა გავიდეს. დიდგორი ჩვენი გამარჯვებაა

  • ზვიადი says:

    რა “მეგობრობა”, დიდგორი მაგათი დამარცხების დღე არის მაგრამ რაში? – საქართველოს განადგურებაში. ესეიგი, საქართველოს განადგურება ვერ მოახერხეს და მაგას გლოვობენ, ამიტომ არის ეგ მაგათი “დამარცხების” დღე და ჩვენთვის რომ გადარჩენის დღეა, თურმე არ უნდა ვიზეიმოთ ჩვენი გადარჩენა? წარმოგიდგენიათ, პირდაპირ გვეუბნებიან. ეს უკვე მეტისმეტია.

    • ალექსანდრე says:

      ზვიად, ნამდვილად მასეა.
      ჩვენი გამარჯვება დიდგორის ომში ქვეყნის განადგურებისაგან დაცვაში არ შეიძლება აღქმულ იქნას თურქების დამარცხებად, ამ სიტყვის საბოლოო და გამოუსწორებელი შედეგის გაგებით.
      იმას, რაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე განადგურებისაგან გამრჯვება იყო, თურქების მაშინდელი ძლევამოსილი სახელმწიფოსთვის გარკვეული სამხედრო და პოლიტიკური ინტერესების შეფერხებად წოდება უფრო შეეფერება.
      არ მგონია, რომ თურქეთის საელჩოს ინიციატივა ქვეყნის ოფიციალურ განცხადებად გადაიზარდოს.

  • ლაზი says:

    ცოლები და ქალიშვილები ჩაუწვინეთ ლოგინში ძუნგლიან თურქებს ამ საქმის მოწინააღმდეგებო…
    ვაი თქვე დედლებო. თურქებს არ ესიამოვნებათ და არ დავაწესოთ ეს დღე დღესასწაულადო… პეტუხები ხართ დიდიან პატარიანად. თქვენი დ…. …….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი