მთავარი » ქრისტიანობა

რატომ გვევლინება ავადმყოფობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.04.2012 6 კომენტარი | 8,217 ნახვა

“ყოველგვარ მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება.”

ღირსი ანტონ ოპტინელი

ავადმყოფობის შესახებ “ამბიონს” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზ ყიფიანი ესაუბრა:

“ჩვენი ცხოვრება სავსეა განსაცდელებით. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინება, თავი განსაცდელებისთვის უნდა შეამზადოსო. ავადმყოფობა ადამიანი სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ცხოვრებისეული სიძნელეები გადალახოს და ის გამოცდა, რომელიც ყოფიერ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა სახით ევლინება, ღირსეულად ჩააბაროს. ხშირად განსაცდელში მყოფს ავიწყდება ღვთის არსებობა და ვერ აანალიზებს, რომ ესა თუ ის განსაცდელი მისთვის ღვთის მიერ სასიკეთოდაა დაშვებული. როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: „უფალსა ნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისას მისვლა“. ურწმუნოებასა და უღვთოობას კარგი არავისთვის მოუტანია.

განსაცდელის ერთ-ერთი გამოვლინებაა სნეულება, ანუ ავადმყოფობა. წმიდა მამები ავადმყოფობას ხშირად ქრისტეს სტუმრობასაც უწოდებენ, რადგან ადამიანი იმას, რასაც არ ფიქრობდა ჯანმრთელად ყოფნის პერიოდში, სნეულებისას, ხშირად, უფიქრდება, იხსენებს თავის წარსულს, განვლილ წლებს, თითქოს მისი გული უფრო ლმობიერი და მოსიყვარულე ხდება. თუმცა კი არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ავადმყოფი ურწმუნოა და განკურნების იმედით შემწედ არა ღმერთს მოუხმობს, არამედ ექსტრასენსებთან და შემლოცველებთან მიდის, მჩხიბავებსა და მკითხავებს მიმართავს, რაც ეშმაკისთვის სულის მიყიდვის ტოლფასია. ასეთი ადამიანი ხორციელად ავადაა, რასაც თან ერთვის სულიერი ავადმყოფობა. ეს უფრო ამძიმებს მის ჯანმრთელობას და უკვე ძნელდება შველა. სამწუხაროდ, ასე იღუპავენ სულს ბოროტ ძალაზე მოიმედე ადამიანები.”

რა მიზეზით გვევლინება სნეულება?

უფალი ადამიანებს უგზავნის ავადმყოფობას, მწუხარებასა და ნაღველს ცოდვების გამო. სახარებაში, როდესაც მოციქულები უფალს ეკითხებიან დავრდომილი, სნეული ადამიანის შესახებ, რომ ვინ სცოდა, ამან თუ ამისმა წინაპარმაო, ეს გვაფიქრებინებს, რომ მოციქულებს ადამიანის ავადმყოფობაზე ჰქონდათ ისეთი წარმოდგენა, რომ ეს იყო (მისი სნეულება) მიზეზი მისი ცოდვიანი და არასწორი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა, ან კიდევ მისი მშობლების ან წინაპრების მემკვიდრეობით გადმოცემული ცოდვებისა. უფლის პასუხი სახარებაში ასეთია: “არცა ამას სცოდა, არცა მისთა წინაპართა, არამედ რათა განცხადდეს დიდება ღვთისა”. ანუ ადამიანის ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც პირადი ცოდვები, ასევე მისი წინაპრების მემკვიდრეობითი ცოდვებიც, თუ ეს ადამიანი მათ მსგავსად აგრძელებს მათი მანკიერი ცხოვრების წესს. და მესამე, რათა „განცხადდეს დიდება უფლისა”. ზოგჯერ ავადმყოფობით უფალი ამაო ცხოვრების ფერხულიდან გამოგვიტაცებს, საწოლს მიგვაჯაჭვებს და ასე განგვარიდებს რაიმე მოსალოდნელ უბედურებას, რომელსაც ვერ ავცდებოდით ჯანმრთელად ყოფნის პერიოდში.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური სნეულებისას ლოცვა?

ავადმყოფობისას, სანამ ექიმს მივმართავდეთ, აუცილებელია უფლისაგან გამოვითხოვოთ კურთხევა და ამავე დროს, საჭიროა გვახსოვდეს, ღმერთმა ჩვენი ლოცვა რომ შეისმინოს, უნდა მივმართოთ რწმენითა და გულიდან წამოსული სიტყვებით, შემდეგ მივენდოთ ღვთის ნებას. მაშინ უფალი შეგვიწყალებს და გვიბოძებს განკურნებას.
არსებობს სხვადასხვა ფიზიკური ავადმყოფობისას სათქმელი ლოცვები, რომლებიც მიემართება უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმიდა ანგელოზებსა და ღვთისათვის სათნოდ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრებით, ქრისტესთვის მსახურებითა თუ მოწამეობრივი აღსასრულით მოიპოვეს ცათა სასუფეველი, წმიდანებად შეირაცხნენ და მიიღეს ნიჭი სხვადასხვა ავადმყოფობის განკურნებისა.
ბევრმა ჩვენგანმა იცის ჩვენი დროის სასწაულები, თუ რამდენი ადამიანი განკურნებულა მრავალგვარი სნეულებისგან ჩვენ გვერდით: ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებისა და სინანულის საიდუმლოებასთან მიახლებით. ამიტომ არ უნდა მოვაკლდეთ ლოცვას, ღვთისმსახურებას, ზეთისცხებას.

რატომ ივიწყებენ ადამიანები ავადმყოფობისას დაპირებულ კეთილ საქმეთა აღსრულებას?

ხშირად ხდება ხოლმე, ადამიანი მოდის ტაძარში რაიმე ავადმყოფობის მიზეზით, იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და რა დროსაც მისი ჯანმრთელობა გამოსწორდება, თითქოს ყველაფერი შემდეგ დავიწყებას ეძლევა და ის ვალდებულება და პირობა წირვა-ლოცვაზე დასწრების, ზეთისცხების, ზიარების, მარხვის დაცვისა და აღსარების თქმისა თითქმის შორეულ წარსულში გადაინაცვლებს ხოლმე, რაც ძალიან დიდი დანაშაული და შეცდომაა, რადგან ეს ხაზს უსვამს ადამიანის თითქოსდა მომხმარებლურ ბუნებას, რომ თავისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის როდესაც დასჭირდა, მიაკითხა უფალს და განიკურნა მისი გულმოწყალებით და ნაცვლად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მადლიერებითა და სარწმუნოებრივი გზით გაეგრძელებინა, მან ზურგი აქცია ამ საჩუქარს, საბოძვარს, რასაც სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღე ჰქვია და ამით უმადურება გამოამჟღავნა უფლის წინაშე.

ღმერთს უყვარს ერთგული და სანდო ადამიანები და მხოლოდ სიტყვებით გამოხატული სიყვარული და რწმენა უფლისადმი საკმარისი არაა. წმ. მოციქული იაკობი გვასწავლის: სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარიაო (2.20) და თუ ჩვენ საკუთარი რწმენა ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით, მოწყალების გაღებითა და სხვა სათნოებებით არ განვამტკიცეთ, მაშინ ვერ ვიქნებით ჭეშმარიტი ქრისტიანები.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ლაშა says:

    წინაპრის ცოდვაზე რატო უნდა აგოს პასუხი მისმა მემკვიდრემ არ მესმის, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ უსამართლოა.

    • ადამიანზე გადადის წინაპრის ცოდვები თუკი მისი ცხოვრება მიმსგავსებულია წინაპრების ცხოვრებას … იგივე გზას თუ გადის ამ შემთხვევაში გადადის … :)

    • ბ-ნო ლაშა, მანდ ლოგიკა არ მოქმედებს. ეგ ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. იმიტომ გვიქადაგებენ, ვიცხოვროთ სწორედ. რა გგონიათ სააკაშვილსა და მის ბანდას არ მოეკითხება განაგისიდან განაგისამდე?

  • მარიამი says:

    იცით… ჩემი აზრით აქ ის არის გადმოცემული, რომ თუ ადამიანი წინაპრის ცოდვას და ცოდვილ საქმეებს გააგრძელებს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს…. ამ შემთხვევაში კი უსამართლობა აღარ იქნება.

  • თემო says:

    გეთანხმები მარიამ ეგ აზრი დევს ზუსტად… მადლობა მინდა გადავუხადო თეონა ნოზაძეს, ასეთი კარგი თემისთვის, ყოველთვის მაინტერესებდა რატომ მოდის განსაცდელი და ეს სტატია დამეხმარა გავრკვეულიყავი. ასევე მადლობა მამა მალხაზ ყიფიანს… გმერთმა დალოცოთ ყველა…

  • გიორგი says:

    ლაშა, ადამის ცოდვის გამო მთელი კაცობრიობა არ ვჯახირობთ? ეგეთი ლოგიკით ხომ ეგეც უსამართლოა? მაგრამ პასუხი ის არის რომ ადამი მთელი კაცობრიობის მამა იყო და ის რომ დაეცა ჩვენც მასთან ერთად დავეცით, ჩვენც მისნაირი დაცემულები დავიბადეთ. ისე, არ დაგვავიწყდეს რომ ასეთ საკითხებში რასაც ეკლესია და წმინდა მამები გვეუბნებიან, რასაც ვერ გაიგებ იმით მხოლოდ გაკვირვება შეგიძლია, უარყოფას კი ნუ გაბედავო.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი