მთავარი » ქრისტიანობა

რატომ განკაცდა უფალი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.12.2012 | 3,198 ნახვა

მას შემდეგ, რაც ადამი დაეცა, ადამიანის უკვდავმა ბუნებამ მოკვდავობა შეიძინა, საღვთო თავისუფლება დაკარგა და ცოდვის ტყვეობაში მოექცა. ადამისგან შობილი ყველა ადამიანი მას შემდეგ იშვა, რაც ადამი დაეცა. შედეგად, ადამის შთამომავლობა გენეტიკურადაც და პიროვნულადაც ელ გრეკო ადამისეული ცოდვის მონაწილეა, რის გამოც ადამიანი, რომელიც ბედნიერებისა და სიხარულისთვის გაჩნდა, ჯოჯოხეთისეული გამოუხსნელი ტყვეობის მკვიდრი გახდა, ვინაიდან მხსნელი მოვლინებული არ იყო და მაცხოვრის განკაცებამდე ყველა ადამიანი აღსრულების შემდეგ ჯოჯოხეთს შთახდებოდა.

“რატომ განკაცდა უფალი? და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული? დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისათვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა, იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა.”

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უფლის განკაცების მნიშვნელობის შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე ესაუბრა:

“განკაცების დოგმატი ეკლესიის ერთ-ერთი ფუძემდებლური მოძღვრებაა. პირობითად ცალკე დოგმატად გამოვყოფთ მას, თუმცა სინამდვილეში, თავისი არსით, განკაცების დოგმატი ყოვლადწმიდა სამების დოგმატში შედის გამომდინარე იქიდან, რომ განკაცება ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასს უკავშირდება.

კითხვაზე, რატომ განკაცდა უფალი, დღესდღეობით კიდევ უფრო მეტადაა აუცილებელი მართებული პასუხის გაცემა გამომდინარე იქიდან, რომ, ფაქტობრივად, უკვე ვრცელდება და მკვიდრდება აზრი იმის შესახებ, რომ უფალი არ განკაცებულა მხოლოდდამხოლოდ ადამიანთა გამოხსნისათვის.

სინამდვილეში, რადგან მოძღვრება განკაცების შესახებ ურყევი დოგმატია, მსოფლიო კრებათა ეპოქაში, პირველ რვა საუკუნეში იგი მთელი თავისი მოცულობითაა უკვე ჩამოყალიბებული. ჩვენ დღეისათვის ახლებურად კი არ უნდა განვმარტავდეთ რაიმეს, არამედ რაც უკვე განმარტებულია, უცდომელად გადმოცემულია და დებულებითად ზედმიწევნით განსაზღვრებულია, უცვალებლად უნდა ვიცავდეთ და შევიმეცნებდეთ. შესაბამისად, უნდა ვემორჩილებოდეთ იმ განწესს მოძღვრებისას, რაც ეკლესიის მამათა ღმრთივსულიერმა ხედვამ მოგვცა.

თუ რატომ განკაცდა უფალი, ამაზე ყველა მოძღვარს, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეხებია, ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს გაცემული. მათ შორის გამოვყოფდით ქრონოლოგიურად შედარებით უფრო გვიანდელ მოღვაწეს, კერძოდ, VII საუკუნის უდიდეს დოგმატიკოსს, წმიდა ანასტასი სინელს, რომლის უმნისვნელოვანეს საღვთისმეტყველო სანუშაკევს ეწოდა “წინამძღვარი”. თვით სახელწოდებაც ცხადყოფს, რომ განსაკუთრებული დანიშნულების დოგმატურ ძეგლთან გვაქვს საქმე. ძველ ქართულად იგი თარგმნილია არსენ იყალთოელის მიერ, რომელმაც თავის თარგმანს ანდერძი დაურთო, სადაც ამბობს: ეს წიგნი ის თვალია, რომლითაც ხედავს ეკლესია,ის პირია, რომლითაც მეტყველებს ეკლესია, ის ყურია, რომლითაც ისმენს ეკლესია, ის ისარია, რომლითაც ეკლესია მარადის განდევნის და განგმირავს გესლიან მხეცთა სიბოროტეს.

ანასტასი სინელის ნაშრომში ყველაზე მთავარი განსაზღვრება სწორედ იმ კითხვაზე პასუხია, თუ რატომ განკაცდა უფალი (თითქოს წინასწარ გულმოდგინეობდეს ხსენებული მოღვაწე თანამოდროვეთა გაუკუღმართებული აზრის აღმოფხვრას).
პირდაპირ ასე იწყება პასუხი: ხოლო სხვა არაფრისთვის არ განკაცებულა ღმერთი-სიტყვა და ზეციური ცეცხლი, თუ არა იმისთვის, რომ ცოდვით დატყვევებული და ეშმაკის ტყვეობაში შთაკვეთებული ადამიანი კვლავ ზე ამოეყვანა დავიწყების უფსკრულიდან და დასაბამიერი კეთილდღეობისკენ უკუაღმოეწოდებინა მისთვის.

დასაბამიერი კეთილდღეობა, ცოდვამდელი სიხარული, რომელშიც ადამი და ევა მკვიდრობდნენ, ეს გახლდათ ყოველგვარი ტყვეობისა და ტანჯვისგან განზღუდული უზენაესი თავისუფლება. ცოდვის, როგორც გარეგანი მოვლენის, შედეგი სწორედ ეს გახლავთ, რომ ადამიანმა საღვთო თავისუფლება დაკარგა და ცოდვის ტყვეობაში, ეშმაკეულ, პირველცოდვის ბორკილში მოექცა, რაც გენეტიკური გახდა ადამიანთათვის.

ყველა ადამიანი მას შემდეგ იშვა, რაც ადამი და ევა დაეცნენ. ცოდვამდელ პერიოდში ადამსა და ევას ნაშიერი არ ჰყავდათ. ჩადენილმა ცოდვამ ჩვენს პირველ პირველმშობელთა უკვდავ ბუნებას მოკვდავობა განუწესა, უხრწნელს ხრწნადობა შესძინა, ტკივილგანუცდელსა და მოუწყვლელს მოწყვლადობა, დაჭრადობა, ტკივილგანმცდელობა შეუმსჭვალა.

აღნიშნული თვისებები ადამიანის ბუნებაში ცოდვის შედეგად გაჩნდა. ესაა ადამიანური ბუნების ხრწნილებითი მდგობარეობა. ამის შემდეგ იწყება ადამისა და ევას შვილიერება (ძველი ქართულით “შვილთსხმა”) ანუ შთამომავლობის აღმოცენება მათგან, ხოლო ვინაიდან შეუძლებელი იყო, რომ ცოდვილისა და დაცემულისგან ანუ ხრწნადისა და მოკვდავისგან უკვდავი და უხრწნელი შობილიყო, შედეგად, ყველა ის, ვინც ადამის შთამომავლობაში იშვა, ცხადია, პირველცოდვით გადაგვარებული (როგორც მონაწილე ადამისეული ცოდვისა გენეტიკურადაც და თავისი პიროვნულობითაც). პირველცოდვისადმი ტყვეობა იმ მძიმე შედეგის მომტანია, რომ ადამიანი, რომელიც სუფევისა, ნეტარებისა და საღვთო ცხოვრების შვილი იყო, ცოდვის, წარწყმედისა და ჯოჯოხეთისეული მარადიული გამოუხსნელი ტყვეობის მკვიდრი გახდა, ვინაიდან მხსნელი მოვლინებული არ გახლდათ, საუკუნოვანი ბორკილი გახსნილი არ იყო და მაცხოვრის განკაცებამდე ყველა ადამიანი, უკლებლივ, თუნდაც იმჟამინდელი სათნოების მწვერვალზე მყოფი, ხორციელი აღსრულების შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, როგორც თვით იაკობ მამამთავარიც ამბობს: “გლოვით შთავხდები ჯოჯოხეთს…”.

მხსნელის მოვლინებამდე ნებისმიერ მოღვაწეობას დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი ფასი (თუ არა მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაში), გამომხსნელობითი შედეგი აწმყოში არც ერთ მათგანს არ შეეძლო ჰქონოდა, რადგან კაცთაგან არავის არანაირად არ ძალუძდა შემუსვრა ადამისეული პირველცოდვის ბორკილისა. მართლაც, თვითვე იყო დაბადებიდან ამავე ცოდვით გენეტიკურადაც და პიროვნულადაც ბორკილდებული და როგორღა განაქარვებდა მას?
გონებით აღუქმელი საკვირველება უნდა მომხდარიყო, რომ ერთი მხრივ, ადამისეული შეცოდება, სამართლიანობის კვალობაზე, ადამისეული ბუნების მქონეს უნდა გამოესყიდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უნდა აღესრულებინა მხოლოდ იმას, ვინც ყოვლითურთ უცოდველი იქნებოდა (რომ მისგან აღსრულებული გამოხსნა და გამოსყიდვა უმტკიცესი ყოფილიყო). დიახ, ერთი მხრივ, ადამიანური ბუნების მქონე, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოვლითურთ უცოდველი შეიძლებოდა გამხდარიყო იმ პირველცოდვის ამხსნელი და ადამიანის გამომხსნელი, რამაც ჯოჯოხეთს კაცთა მოდგმა დაუქვემდებარა. ყოვლითურთ უცოდველი მხოლოდ ღმერთია, რადგან ცოდვის შესაძლებლობა ანგელოზებშიცაა (იქაც მოხდა დაცემა, რაჟამს გაეშმაკეულდნენ ღვთის მხდომი ანგელოზები). ამიტომ, კაცთა გამოსახსნელად ადამიანი ხდება ის, ვინც ბუნებითად უცოდველია, რომელსაც ვერანაირად ცოდვის ვერარა აჩრდილი ვერ შეეხება, რადგან თავადი ღმერთი არა მხოლოდ ნებელობითად, არამედ ბუნებითადაც ვერმიმღებია ცოდვისა ანუ იგი ოდენ ნებაყოფლობით კი არ განაყენებს თავს ცოდვისგან, არამედ ბუნებითად არის ყოვლად შეუძლებელი მისთვის მცოდველობა,ისევე როგორც შეუძლებელია ცეცხლისთვის, რომ იყოს გრილი, ან თოვლისთვის, რომ იყოს ცხელი. ამგვარად, ბუნებითადაა შეუძლებელი ღვთისთვის, რომ ცოდვილიანობა შეეხოს მას. განკაცება სწორედ იმას ეწოდება, როდესაც ბუნებითად უცოდველი ღმერთი ყოვლადუცოდველად ცოდვითდაცემული ადამიანური ბუნების მიმღები ხდება.

მას არ მიუღია ცოდვამდელი ადამიანური ბუნება, რადგან ცოდვამდელს არ სჭირდებოდა კურნება და გამოხსნა. ნებაყოფლობით მიიღო ცოდვის შედეგი, მაგრამ ყოველგვარი ცოდვის გარეშე, ანუ მისგან მიღებული კაცება ისევე იყო მოკვდავობითი თვისებისა, როგორც ეს გვაქვს ყველა ჩვენგანს. კვლავ აღვნიშნავთ, ფორმულირება ამგვარია: ყოვლადუცოდველმა უფალმა ყოვლადუცოდველად ცოდვითდაცემული და დასნეულებული კაცობრივი ბუნება მიიღო, განკურნა იგი და აღადგინა თავდაპირველ დაუცემელობაში, როგორიც იყო ადამი, ვიდრე ცოდვისმიერი სნეულება შეეყრებოდა. ამრიგად, თუ რატომ განკაცდა უფალი, ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი ცოდვით დაცემული კაცობრიობის გამოხსნა გახლავთ. არანაირი სხვა მიზანდასახულობა უფლის განკაცებას არ ჰქონია.

დღეს ძიება იმისა, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, თითქოს მაინც განკაცდებოდა უფალი, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა საეკლესიო დოგმატური განჩინებისა, რაც ყველა წმიდა მოძღვართან, რომელიც ამ საკითხს შეხებია, აბსოლუტური მკაფიოობითაა გამოთქმული“.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი