მთავარი » ქრისტიანობა

რატომ არ უფრთხილდებიან ადამიანები სხვა ადამიანების სიცოცხლეს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2017 | 2,164 ნახვა

ბოლო დროს მომხდარმა ტრაგედიებმა, ბათუმის სასტუმროში მოულოდნელად 12 ახალგაზრდის გარდაცვალებამ და თბილისში, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებამ, რასაც 2 სკოლის მოსწავლის მკვლელობა მოჰყვა, ბერდიაკონი სტეფანე (ნატროშვილი) დიდი დარტყმა მიაყენა თითოეულ ადამიანს. რატომ ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები… რატომ უშვებს ღმერთი ამ განსაცდელს? ეს არის ის ძირითადი კითხვები, რაც თითოეულ ჩვენგანს ებადება. როგორ უნდა შევხვდეთ ასეთ მოვლენებს? გვესაუბრება წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის კანონიკური სამართლის ინსტიტუტის წევრი – ბერდიაკონი სტეფანე (ნატროშვილი)

“ბოლო დღეების განმავლობაში მართლაც მძიმე და ტრაგიკული მოვლენების მომსწრენი გავხდით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ეკლესია განიცდის თავისი შვილების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს და ლოცულობს თითოეული მათგანის სულისთვის. ყოველმა პიროვნებამ, მიუხედავად მისი აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, იცის, რომ ამქვეყნად დროებითაა მოსული და ბოლოს აუცილებლად გარდაიცვლება, მოხდება სულის სხეულთან გაყრა. ჩვენ არ გავჩენილვართ წუთისოფელში მუდმივი ცხოვრების გარანტიით, ამგვარი განსაცდელები, რაც ბათუმში მოხდა, ხშირად გვაფიქრებს საკუთარ ცოდვებსა და გარდაცვალებაზე. შესაძლოა მათ ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი ვყოფილიყავით. შესაბამისად, უნდა დავსვათ კითხვა – ვცხოვრობთ კი ისე, როდესაც უფლის წინაშე წარვსდგებით, გაგვამართლოს ღვთის მართლმსაჯულებამ?! საღვთო განგებულება ადამიანური გონებისთვის ძნელად მისაწვდომი გახლავთ. არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ოჯახის წევრის თუ ახლო მეგობრის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ბევრ მომაკვდინებელი ცოდვით დამძიმებულ ადამიანს შეუნანია და საღვთო გზას დადგომია. ქრისტიანებმა ვიცით, რომ სული უკვდავია და მარადიულად აგრძელებს არსებობას. ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ მუდმივი უხილავი კავშირი მათთან და დიდად შევეწიოთ ლოცვით, ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე მოხსენიებით, მათ სახელზე კეთილი საქმეების აღსრულებით. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში და არ მივეცეთ დრტვინვას. ესაა ყველაზე მართებული და სწორი პოზიცია.”

– დღეს ადამიანები ნაკლებად უფრთხილდებიან სხვა ადამიანების სიცოცხლეს. რა არის ამ რეალობის მიზეზი?

თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას შეეხეთ. მიზეზი მრავალგვარი გახლავთ. უმთავრესი კი პიროვნების ღვთისგან გაუცხოებაა, რასაც შედეგად მოჰყვება ყველგვარი ცოდვა, უკანონობა და სიბილწე. დღეს ცხოვრება გვიწევს უკიდურესი ეგოცენტრიზმის ეპოქაში. ადამიანს საკუთარი თავი დაყენებული ჰყავს სამყაროს ცენტრში. სურვილი აქვს ყველა და ყველაფერი მის გარშემო ბრუნავდეს, რაც სავსებით ეწინააღმდეგება სახარებისეულ სულს… როგორც იცით, წმინდა წერილი გვასწავლის, რომ მთავარია ღმერთის და მოყვასის სიყვარული. კაცს თუ არ უყვარს ძმა, რომელიც ყოველდღიურად მის გვერდშია და ურთიერთობა აქვს, წარმოუდგენელია უყვარდეს უფალი, რომელიც არასოდეს უნახავს… ქართველი ადამიანი მართლმადიდებლობიდან გამომდინარე, თვით მოსისხლე მტრის მიმართაც ყოველთვის ტოლერანტი და შემწყნარებელი იყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში გამეფებული სიძულვილი, აგრესია და ერთმანეთის გაუტანლობა ცალსახად სარწმუნოებრივ-კულტურული ფესვებისგან მოწყვეტის შედეგია. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი კი კვლავ ამ ფესვებთან დაბრუნება გახლავთ.

– სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემთხვევაზე, რამდენად გამართლებულია ერთი კონკრეტული ინსტიტუტის – სკოლის, ოჯახის … დადანაშაულება ? არის თუ არა სისტემური პრობლემა, როგორ უნდა შევძლოთ არსებულის შეცვლა?

ამა თუ იმ ინსტიტუტის ბრალეულობაზე აპელირება არასწორ მიდგომად მიმაჩნია. ჩვენ სახეზე გვაქვს ტრაგიკული შედეგი, რომელსაც სამწუხაროდ ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში ვეღარაფრით გამოვასწორებთ. რაც შეეხება სისტემურ პრობლემებს, ნამდვილად ბევრ ხარვეზთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ბოლო დროინდელი რეფორმების შედეგად, განათლების შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ ვინაიდან საჯარო სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სეკულარული სასწავლებლებია, დაუშვებელია იქ ისწავლებოდეს რელიგია. ასევე აკრძალულია სახარების ქადაგება. მოძღვრებს არ აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ მოსწავლეებს და ესაუბრონ მათთვის საინტერესო თემებზე. კიდევ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ახალგაზრდებს ზემეტად ფაქიზი სულიერი და ემოციური სამყარო აქვთ. ამიტომ მზრუნველი, სწორი, და ფრთხილი მიდგომა სჭირდება თითოეულ მათგანს. შესაბამისად, მხოლოდ მანდატურების იმედზე ვერ ვიქნებით. ერთ-ერთი აღმოსავლელი ფილოსოფოსი წერდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე – ,,რაც მეტია ბრძანება და კანონი, მით მეტია დანაშაულიო“. ფაქტია, რომ პოლიციური სისტემის შექმნამ სკოლებში არ გაამართლა. აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნა. ნაყოფს ძალიან მალე დავინახავთ და თავიდან ავიცილებთ ისეთ შემზარავ ტრაგედიებს, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა.

– რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გაითავისოს თავისი როლი, პასუხისმგებლობა ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ ვართ ერთი სოციუმის წევრები და ეს ფაქტორი გარდა უფლებებისა, გარკვეულ მოვალეობებსაც გვაკისრებს. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა და მოსაზრებებისა, უნდა შეგვეძლოს სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა. ვეცადოთ, გარშემომყოფებს უხაროდეთ და სიამოვნებდეთ ჩვენთან ურთიერთობა. თუ გვინდა ბედნიერება მოვუტანოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ვიყოთ უბრალოები. გენიალურობა უბრალოებაშია. ხელოვნურად შექმნილი იმიჯი დაკომპლექსებულობაზე მეტყველებს. გავცეთ მეტი დადებითი ემოცია, ღიმილი და სიყვარული. ადამიანი არაა ჩაკეტილი სისტემა – რაც მეტად გასცემს, უფრო მეტად ივსება. აუცილებლად პირნათლად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და ღვთის მცნებები გავატაროთ საკუთარ ცხოვრებაში. როგორც წმ.სერაფიმე საროველი ბრძანებს, თუ მოვახერხებთ საკუთარი თავის გადარჩენას ჩვენ გარშემო ათასეულები გადარჩებიან.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი