მთავარი » ქრისტიანობა

რას ნიშნავს ლოცვა-კურთხევა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2009 2 კომენტარი | 4,834 ნახვა

ილია IIლოცვა-კურთხევას დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. ბევრმა არ იცის, რომ ლოცვა-კურთხევით დაწყებული საქმე გაცილებით უკეთ წარიმართება, ვიდრე თვითნებურად გადადგმული ნაბიჯი, რაც ადამიანისთვის დამღუპველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. რას ნიშნავს ლოცვა-კურთხევა და რა ძალა აქვს მას? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, მამა ვახტანგს გაესაუბრა.

მამა ვახტანგი: “ლოცვა-კურთხევა ყველასათვის საჭირო და აუცილებელია. თუ ადამიანი შემეცნებულად ცხოვრობს და თავისი არსებობის საზრისს ხედავს, მან იცის, ამქვეყნად რატომ მოევლინა, რა არის მისი დანიშნულება, რისთვის უნდა იღვაწოს… ჩვენი უმთავრესი ვალია ის სულიერი ამაღლება და წარმატება მოვიპოვოთ, რისკენაც უფალი მოგვიწოდებს. ეს მაცხოვრისაკენ, განღმრთობისაკენ სავალი გზაა, რაც ქრისტემ თავისი წუთისოფელში მოსვლით მოგვანიჭა.

თვითნებურად აღსრულებული ნებისმიერი საქმე ღვთისათვის მიუღებელია. წმინდა წერილში ვკითხულობთ: როდესაც ნოე წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გადმოვიდა, პირველივე, რაც მან აღასრულა, ის იყო, რომ სამსხვერპლო აღმართა და უფალს მსხვერპლი შესწირა. იქვე წერია, რომ მაცხოვარმა ნოეს მსხვერპლი იყნოსა და მისთვის სათნო იყო, მაგრამ უფალი ამბობს: მიწას აღარ დავსჯი, ქვეყნიერებას არც წარღვნას მოვუვლენ, რადგან ადამიანის გული ცოდვისაკენ არის მიდრეკილიო. ანუ ამით წმინდა მამები რას განგვიმარტავენ? იმას, რომ ნოემ მსხვერპლი თვითნებურად შესწირა, უფალს ეს მისთვის არ უთხოვია. შესაწირი კი მიიღო, მაგრამ რადგანაც ნოემ თვითნებურობა გამოავლინა, სწორედ ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: ადამიანის გული ცოდვისკენაა მიდრეკილიო. აქედან გამომდინარე, მოძღვრის ლოცვა-კურთხევა უფლის ნების გამოვლენა და აღსრულებაა. მაგალითად, მე, როგორც პიროვნება, გარდა იმისა, რომ ღმერთმა აქ მომიყვანა და, უხეშად რომ ვთქვათ, განმადიდა, აბსოლუტურად არაფერს წარმოვადგენ. ჩემდამი პატივისცემა სხვა ადამიანებისაგან სწორედ ტიტულისა და შესამოსელის დამსახურებაა, ანუ ღმრთისაა. მე უბრალოდ ვიღწვი, რომ უფლის ნება აღვასრულო.

სიტყვა თუ საქმეს არ ეხამება, ტყუილადაა დაკარგული და ჰაერშია დაფანტული. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით თავად მაცხოვრის დალოცვა გადმოდის ჩვენზე. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს კავშირი მოციქულთაგან უწყვეტად მომდინარეობს. ღვთისმშობელმა კურთხევა სწორედ უფლისაგან მიიღო, რომ ანდრია პირველწოდებული თავისი ხელთუქმნელი ხატით ჩვენს სამშობლოში გამოეგზავნა. კურთხევა მიიღო მოსემაც, რომ მის ნაცვლად აარონი ისაუბრებდა და ეგვიპტის ფარაონთან ღვთის სიტყვების გამომთქმელიც ის იქნებოდა. მოსე კი უფლის ნებას შეასრულებდა. დიდი დატვირთვა აქვს აღსრულებას, მადლმოსილებისა და საზრისის ხედვას, ანუ იმ მადლის შეცნობას, რაც ჩვენზე მაცხოვრისაგან გადმოდის. უფალს ფანატიკურად კი არ უნდა ვჭვრეტდეთ, არამედ ჩვენში უნდა ვეძებდეთ მას, მოვიპოვოთ მშვიდობა და მაცხოვარიც ჩვენთან იქნება.

თუმცა კურთხევა არ ნიშნავს იმას, რომ არ იღვაწო, ამქვეყნიური შემოქმედებითობა არ გქონდეს. ადამიანი შემოქმედია და ის ღვთის ხატი ამოტომაც არის. მან საკუთარ თავში უფლის შემოქმედებითობა უნდა დაინახოს და მღვდლის ლოცვა-კურთხევა აღასრულოს. მოძღვარი თვითნებურად ვერაფერს გეტყვის. ის წმინდა მამების სწავლებით იძლევა კურთხევას. მისი მეშვეობით ღვთის კურთხევა გვენიჭება და არა კონკრეტული პიროვნებისა.

აუცილებელია ისიც ითქვას, რომ უფლის სიტყვის, ლოცვა-კურთხევის მიმოფანტვა არ შეიძლება. მაცხოვარი გვასწავლის: ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრითო, რადგან ღორმა მარგალიტის ფასი არ იცის. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: გნოსტიკოსებს ანუ მწვალებლებს მშვიდობას ნუ ეტყვით და კარს ნუ გაუღებთ, რადგან ისინი მგლების სახით გვევლინებიან და ყველაფერს გვტაცებენო. ეს იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევაა და ისევე უნდა აღვასრულოთ, როგორც უფლისაგან მომდინარე ნებისმიერი ლოცვა-კურთხევა. ადამიანი, რომელიც თვითნებურად დგამს ნაბიჯს, მისი მოქმედება შეიძლება ხრამში გადავარდნის ტოლფასი აღმოჩნდეს. ახალ აღთქმაში უფალმა აღსარების საიდუმლო დაადგინა იმისათვის, რომ მოძღვარი მრევლს მართლმადიდებლური სწავლებებით დაეხმაროს, განუმარტოს, რას ნიშნავს ქრისტიანობა და ღვთის სათნოდ როგორ უნდა იცხოვროს. ქრისტიანობის აღიარება ნათლობით იწყება, მაგრამ ნათლობა ქრისტიანობა არ არის. უფლისაგან ბოძებულ ჯილდოს კი იმის მიხედვით ვიღებთ, თუ როგორ ვიღწვით და ვშრომობთ. გნოსტიკოსებიც მოინათლნენ, მაგრამ შემდეგ ღმერთი დაივიწყეს. ეს არის მწვალებლობისაკენ გადახრა. ამას დანახვა უნდა, რაც მხოლოდ ლოცვა-კურთხევის საშუალებითაა შესაძლებელი. მოძღვარი როდესაც სამწყსოს ლოცავს, ამბობს: “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოცვა-კურთხევას მოძღვრის შუამდგომლობით თავად უფლისაგან ვიღებთ.

ქრისტიანული სამართალი არის ერთ-ერთი დარგი ქრისტიანობაში, რომელშიც კანონებია მოცემული. ეს კანონები განაკანონებს პიროვნებას, რომელიც ლოცვა-კურთხევას არ ასრულებს. მორჩილმა ერთ წმინდა მამას ჰკითხა: მამაო, ადამიანი ქრისტიანი არ არის, მაგრამ კეთილად ცხოვრობს და იღწვის. ნუთუ მას ღმერთი წარწყმედს და არ აცხოვნებსო? მოძღვარმა უპასუხა: ღვთის განგებულებით ცხონდება. უფალი ან მას მიუვლენს ქრისტიანს, ვინც ქრისტიანული ცხოვრების არსს აუხსნის, ან ამ პიროვნებას ქრისტიანებთან მიიყვანს და ადამიანის ჭეშმარიტ დანიშნულებას, ცხოვრების საზრისს დაანახებსო. ამით კი ის უფლის ლოცვა-კურთხევას მიიღებს.

მოგეხსენებათ, პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგვცა, ყოველ დილით თავი მშობლებს დავალოცინოთ. მცნებებში უფლისაგან ბოძებული ერთი ლოცვა-კურთხევა გვაქვს: “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რამეთუ კეთილი გეყოს შენ”. უწმიდესიც სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს და ცდილობს გვასწავლოს, მშობლებს როგორი პატივისცემით უნდა მოვექცეთ, რომ ქვეყანასა ზედა კეთილი გვეყოს და ადამიანურად ვიცხოვროთ. პიროვნება, რომელიც მშობელს პატივს არ სცემს, ვერც სხვას მიაგებს პატივს. დედ-მამის პატივისცემით საკუთარ თავს ამაღლებ, რადგან მშობლისაგან კურთხევას იღებ, რაც უფლის დალოცვის ტოლფასია.

დედა ეკლესია ყველას ელის. უფლის მსგავსად ის ნებისმიერ ჩვენგანს მიიღებს, როგორც უძღებ შვილს. მთავარია, ფარისევლები არ ვიყოთ. მერწმუნეთ, ჩვენს ერს ძალიან კარგი ახალგაზრდობა ჰყავს, მაგრამ მას სწორი გზის ჩვენება, ჭეშმარიტი საზრისის შეცნობა სჭირდება. ამისთვის ღვაწლია აუცილებელი. მშობელმა ბავშვში ეს შრომა უნდა ჩადოს, სიყვარული ასწავლოს და პატივისცემა დაიმსახუროს მისგან, რომ შვილმა მოკრძალებით მიიღოს დედ-მამისაგან ის ლოცვა-კურთხევა, რისკენაც პატრიარქი მოგვიწოდებს.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ჩვენი ერისა და ქვეყნის გაერთიანებისა და გამთლიანების წელი ყოფილიყოს.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი