მთავარი » საზოგადოება

ვაჟა-ფშაველა: “რას ჰქვიან თავისუფლება?”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.06.2018 | 404 ნახვა

ვაჟა-ფშაველა როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!” რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე, როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო?

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი – თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი, სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიაღ, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენა ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება. მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერებაო!

თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული, ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში.

ნაწყვეტი პუბლიცისტური წერილიდან “რას ჰქვიან თავისუფლება?”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.