მთავარი » ქრისტიანობა

“რამეთუ სიტყუათა შენთაგან განმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.03.2019 ერთი კომენტარი | 248 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: ადამიანი პირმეტყველია, რაც მას ყოველი სხვა არსებისაგან განარჩევს. პირმეტყველება მის განსაკუთრებულობასა და აღმატებულობაზე მიუთითებს. ვინც მეტყველებს, ის ჯერ აზროვნებს და შემდეგ გამოთქვამს მასში წარმოქმნილ ფიქრებს. ვისაც აზროვნებისა და განსჯის უნარი არ გააჩნია, ის მარტივად ურთიერთობს თავისსავე მსგავს არსებებთან.

ადამიანი რთული არსებაა. მის სირთულეზე თავად მეტყველების უნარი მიანიშნებს. ეკლესია პირუტყვი რა ემოციასაც განიცდის, იმასვე გამოხატავს გარეგნულად, ადამიანი ამას ყოველთვის როდი აკეთებს; ზოგჯერ არაფერს იტყობს და არც ამბობს; ზოგჯერ განსხვავებულ ემოციას გამოხატავს, მოჩვენებითად იქცევა; ზოგჯერ კი ნამდვილი გრძნობის გამოვლინებას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე სიტყვებით მაინც ვერ გამოხატავს. მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევაში ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვას დიდი ძალა გააჩნია.

თავად წმიდა წერილი მიგვანიშნებს სიტყვის ძალაზე: “სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს” (ფს.32:6). ყოველივე სიტყვის ძალით შეიქმნა: “ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა” (იოან.1:3). სამყაროს შექმნის ყოველ დღეს წინ უფლის სიტყვები მიუძღვის: “და თქვა ღმერთმა იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი (დაბ. 1:3).

შემდეგ წმიდა მახარებელი იოანე გვამცნობს: “და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის” (იოან.1:14) ღვთის სიტყვა ანუ ძე ღმრთისა ხორციელ იქმნა, იშვა. ქრისტეს განკაცება დაცემული ადამიანის გამოხსნას ემსახურება, მაგრამ მისი მხრიდან ადამიანური მეტყველების გარეშე არც კაცობრიობის გამოხსნას ექნებოდა სრულყოფილი სახე; არავის ეცოდინებოდა საღვთო განგებულების შესახებ. გამოისხნიდა კაცობრიობას, მაგრამ მისი მსახურება დაფარული დარჩებოდა. თავად სასწაულებიც კი ყოველთვის სიტყვის თანხლებით აღესრულებოდა, რითაც ფიზიკურად თუ სულიერად სნეული ზნეობრივად განისწავლებოდა. სწორედ მისმა ქადაგებამ დაფარული საჩინო ჰყო და საიდუმლო-მისაწვდომი. ამიტომ საუბარს, ქადაგებას, შეგონებასა და მეტყველებას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა გააჩნია.

ქრისტე ქადაგებას და ადამიანის დამოძღვრას უდიდეს სიკეთედ მიიჩნევს, იგი სამარიტელ დედაკაცს დაწვრილებით ესაუბრება და მაცხოვნებელი წყლის მნიშვნელობას განუმარტავს. დამმოძღვრელი ქრისტე ამ სამარიტელ დედაკაცთან საუბრის შემდეგ უარს განაცხადებს მიწიერ საზრდელზე: “ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი” (იოან.4:34). მისი ჭამადი ღვთის ნების აღსრულებაა, ხოლო ღვთის ნება – ადამიანის სულიერად დამოძღვრა.

სამარიტელი დედაკაცი ქრისტეს განეშორება, ქალაქში წავა და ხალხს მოუწოდებს: “მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ, ნუუკუე იგი არს ქრისტე? გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა” (იოან.4:29-30). ამის შემდეგ მახარებელი იოანე თხრობას აგრძელებს: “ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ სამარიტელთა მათ სიტყვითა მის დედაკაცისათა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: “ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ” (იოან.4:39). ამრიგად, ჭეშმარიტების დამმოწმებელი ცოდვილი დედაკაცი თავისი სიტყვით თითქმის მთელი ქალაქის განმანათლებელი გახდა, რაც სიტყვის უდიდეს ძალაზე მიუთითებს.

მაცხოვარი სიტყვის ქადაგებას არამარტო თვითონ აღასრულებს, არამედ სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს, როგორც აუცილებელ და ძალმოსილ საშუალებაზე. გავიხსენოთ ღადარინელი ეშმაკეულის მაგალითი; განკურნების შემდეგ ეშმაკეული შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: “მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა, და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მისთვის იესო” (ლუკა.8:39). ამ შემთხვევაში ქრისტესთვის, მის მოწაფეობაზე მეტად, სხვა დაბნეულ ცხვართა მოქცევაა ღირებული.

ყველაზე მეტად ქადაგების ძალას მოციქულთა მაგალითი წარმოაჩენს. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი მათ ქადაგებისკენ მოუწოდებს; “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი” (მათ.28:19) და ისინიც, სული წმიდის გარდამოსვლის შემდეგ, პეტრე მოციქულის მეთაურობით, ქადაგებას იწყებენ და პირველივე დღეს, წარმოთქმული სიტყვის ძალით, სამიათას კაცს მოაქცევენ.

ამდენად, წმიდა წერილის მიხედვით, სიტყვის ძალა განუზომელია. მას საზოგადოების მთლიანად შეცვლა შეუძლია. თვით წარმართული სამყარო ქრისტეს სიტყვით შეიარაღებულმა მორწმუნეებმა დაამხეს. თუმცა სიტყვას წარმართულ სამყაროშიც უდიდესი როლი ეკისრებოდა. იგივე ითქმის თანამედროვე საზოგადოებაზე, უბრალოდ მისი გავრცელების საშუალებები ბევრად უფრო დახვეწილია.

სწორედ ამიტომ, წმიდა მოციქული იაკობი ენადმეტყველებას დიდ ყურადღებას უთმობს და ამბობს: “ენაი მცირე ასოი არს და დიდად მაღლოის. აჰა, ესერა, მცირემან ცეცხლმან რაოდენი ნივთი აღაგზნის! და ენაი ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისა. (იაკ.3:5-6).

როგორც ღვთის სიტყვის მოსმენა ჭეშმარიტებას გვაახლოებს, ასეთივე წარმატებით ენა, “სავსე გესლითა მაკუდინებელითა”(იაკ.3:8) – სიცრუეს. ამის შესახებ წმიდა პავლე მოციქულიც გვაფრთხილებს: “ტკბილადმეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი” (რომ.16:18).

ამრიგად, მხოლოდ აშკარად გამოთქმული ბოროტება კი არ აცდუნებს ადამიანს, არამედ ტკბილადმეტყველი და სიტყვაკაზმულიც. ამიტომ “სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა” (1კორ.2:13) წარმოთქმული სიტყვა კი არ უნდა მივიღოთ (განუსჯელად), არამედ – “სწავლითა სულისა წმიდასაითა” გამოთქმული (1კორ.2:13). წმიდა პავლე მოციქულის ეს სწავლება მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ღვთაებრივი სიტყვის განმარტება მარტოოდენ სულიერ ადამიანებს შეუძლიათ, ამიტომ რაც არ უნდა სიბრძნედ მოგვეჩვენოს ამქვეყნის ბრძენთა განმარტებანი, ის სიცრუეა, რადგან “სულიერთა სულიერად შევატყუებთ” (1კორ.2:13) (განვმარტავთ). მითუმეტეს, რაღა ითქმის მიწიერ სიბრძნეზე, როდესაც ღვთაებრივი სიტყვის (წმიდა წერილი) დამახინჯებასაც ახერხებენ. ამიტომ ნებისმიერი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა ადვილად დაინერგება თანამედროვე პიარტექნოლოგიათა საშუალებით, რადგან არ არსებობს მათი გადამოწმების პირველწყარო.

მაშინ რაღა ვქნათ, სიცრუეს თავი როგორ დავაღწიოთ? მითუმეტეს, თავად მაცხოვარი გვეუბნება, ორგული მნეს იგავის დასასრულს: “რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროის ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა” (ლუკ.16:8). მართლაც, ნათლის ძენი თავიანთი უბიწოებით, სულის სიწმინდით, კეთილგანზრახულობითა და სამართლით არასოდეს ეშმაკობენ, არამედ მართალ, სწორ გზას ადგანან და მხოლოდ ამდენად არიან ნაკლებად გონიერნი.

ვინაიდან თავად უფალი მოგვიწოდებს: “იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო ვითარცა ტრედნი (მათე 10,16). ამიტომ, ნათლის ძე სიწმინდესთან ერთად სიბრძნესაც უნდა ფლობდეს, უფრო მიხვედრილი და მიზანსწრაფული უნდა იყოს, მაგრამ არა ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის შებღალვის ხარჯზე.

ზოგადად სიტყვის გადმოცემის ხელოვნება ჯერ კიდევ ქრისტემდე ჩამოყალიბდა. გამოჩნდნენ დახელოვნებული ორატორები, რომლებიც თავიანთი სიტყვით ადამიანებზე დიდ ზეგავლენასა და შთაბეჭდილებებს ახდენდნენ. ქრისტიანობის გავრცელებამ კი სიტყვის გადმოცემის ხელოვნებას დამატებითი ელფერი შესძინა. კარგ მქადაგებლად ვერ ჩაითვლება ის, ვისაც დიდი ცოდნა, განსწავლულობა და მჭერმეტყველების უნარი გააჩნია, თუკი თავად მქადაგებელი არ არის სიწმინდით მცხოვრები და მსმენელისადმი სიყვარულით განმსჭვალული.

ასე რომ, საუბარი ადამიანის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს. ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი სიტყვა შეიძლება ახალ სიცოცხლესთან გავაიგივოთ. როგორც ყოველი ცოცხალი არსება თავის გარემომცველ სამყაროზე წარუშლელს კვალს ტოვებს, ასევე, ჩვენ მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება. როგორც მუხლუხებიანი მანქანა უკვალოდ ვერსად დადის, ასევეა ბაგეთაგან გამომავალი სიტყვაც. ამიტომ გვეუბნება მაცხოვარი: “ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო” (მათ.12:36-37). ამიტომ სიტყვა თავისი, ძალმოსილების გამო, ჩვენი დასჯისა და განმართლების მიზეზი ხდება.
მაცხოვარი ერთერთ ქადაგებაში სიტყვის ძალმოსილებაზე კიდევ უფრო მძაფრად და დაწვრილებით საუბრობს.- ბოროტად წარმოთქმული სიტყვისთვის იმავე სასჯელს აწესებს, რაც ძველ აღთქმაში კაცის მკვლელისთვის იყო დადგენილი: “გესმა, რამეთუ ითქვა პირველთა მათ მიმართ: არა კაც ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს სასჯელისა. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა” (მათ.5:21-22).

ამრიგად, ვინც სიტყვის ძალა შეიცნო, მასთან მიმართებაში ფრთხილი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა და თავის სათქმელს სიყვარულით გამოხატავს, იგი მის წინაშე აღმართულ ყოველგვარ იდეოლოგიას, კაცობრივ სიბრძნისმეტყველებას, დემაგოგიას უვნებლად ეგებება და ულმობლად ანადგურებს.

ერთია ცოდნით, გამოცდილებით, მჭერმეტყველებით, სიცრუეზე დაყრდნობით და უსიყვარულოდ წარმოთქმული სიტყვა, მეორე-ცოდნით, გამოცდილებით, უბრალოებით, ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით და სიყვარულით წარმოთქმული. ჭეშმარიტება და სიყვარული თავად ღმერთია, ღმერთი ნათელია და სადაც სინათლეა, იქ ყოველგვარი ბნელი ადვილად განქარდება.

ამრიგად, სიტყვა ცოცხალია, ისევე როგორც წიგნი, რომელსაც ავტორის სული დაჰყვება. თუმცა ცოცხალი სიტყვა წიგნთან შედარებით უფრო ძალმოსილია, რადგან მას შინაარსთან ერთად ხმით, ინტონაციით და ემოციით წარმოვთქვავთ. ამ ქვეყნად სიტყვა ცოცხლობს მანამ, სანამ მისი ხსოვნა ერთ პიროვნებაში მაინც არსებობს, ხოლო ღვთაებრივი სამსჯავრო კი მის უკვდავებაზე მიანიშნებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.