მთავარი » ქრისტიანობა

რამდენიმე შტრიხი გიორგი II-ის პორტრეტისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.08.2018 | 993 ნახვა

ავტორი: ნანა ბახსოლიანი

მეფეთ მეფე გიორგი II-ის, როგორც პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწისადმი ინტერესი დიდი ხანია ქართველ მკვლევართა ყურადღების არეალშია მოქცეული (თ. ჟორდანია, რ. მეტრეველი, ი. სურგულაძე, ვ. სილოგავა, შ. მესხია, ლ. გრიგოლაშვილი, ე. გაბიძაშვილი, ი. ანთელავა, ჯ. სამუშია…)

ამჯერად, კვლევის ფოკუსშია გიორგი II-ის როგორც შვილისა და მამის პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის წარმოჩენა.

ადამიანთა ურთიერთობაში მიზნის მიღწევა საამისოდ შერჩეულ საშუალებებზე ჰკიდია, შედეგი კი თვით ურთიერთობათა განვითარების პროცესზეა დამოკიდებული [10, 81]. გიორგი II-ის როგორც შვილის მიმართება მამის მიერ გატარებული საშიანო პოლიტიკისადმი თითქოს წინააღმდეგობრივი ხასიათის მატარებელი ჩანს იმ რეალიაში, რომელიც სეპარატისტულად განწყობილი დიდი ფეოდალების დამორჩილებას ეხება. მაგრამ, თუ ღრმად ჩავუფიქრდებით, დავინახავთ, რომ ისევე როგორც ბაგრატ IV-მ ძალისმიერი გზით ბაღვაშთა კლანის დამარცხების შემდეგ მეორე მსხვილი ფეოდალური საგვარეულოს – აბაზასძეთა დამორჩილებაც მოახერხა და ქვეყანამ ათწლეულობით არსებული სამოქალაქო ომისაგან დაისვენა, გიორგი II-მ გამდგარი ფეოდალების მიმართ მამისაგან განსხვავებული ღონისძიებები გაატარა. 1073 წელს ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი მეფეს განუდგნენ. ნიანიამ ქუთაისი დაიკავა და საჭურჭლე გაიტაცა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნის პირი დაიპყრო, ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მტრული განწყობა და კონფლიქტი პრივილეგიებისა და უფლებების არათანაბარი განაწილებით იყო გამოწვეული, რაც ხელს უწყობდა კონკრეტული პირების თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

გასაზიარებელია რ. მეტრეველისა და ჯ. სამუშიას დაკვირვება, რომ აღნიშნული ფაქტი კარგად მოფიქრებული და დიდი ხნის ჩატარებული მუშაობის შედეგი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართო მასშტაბს ვერ შეიძენდა. გიორგი II-მ კარგად გაანალიზა არსებული მდგომარეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და კონფლიქტის გადასაჭრელად მან შემდეგი ნაბიჯები გადადგა: “ხოლო გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა და ძჳრუჴსენებელ იქმნა: უბოძა ივანეს სამშვილდე და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მისცა კახთა; და ნიანიას – თმოგჳ და სხუანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთაღუბო ჯაყელთა ივანეს სიტყჳთ უბოძა. და ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა და დაიწყნარა მეფობაჲ თჳსი გიორგი მეფემან”. აქ, შესაძლოა, გავითვალისწინოთ გ. ზიმელის დებულება იმის შესახებ, რომ კონფლიქტს შემდეგი პოზიტიური ფუნქციები აქვს: 1. კონფლიქტი ქმნის სოციალურ სისტემებში საზღვრებს ჯგუფებს შორის ჯგუფური ცხოვრებისა და თვითმყოფადობის გრძნობის გაძლიერების გზით და აქედან გამომდინარე, აყალიბებს ჯგუფის ინდივიდუალობას სოციალური სისტემის შიგნით. 2. `ურთიერთგანზიდვები” ხელს უწყობს სოციალური სისტემის შენარჩუნებას მის სხვადასხვა ჯგუფებს შორის წონასწორობის დამყარების გზით.

ჯ. რექსის აზრით, კონფლიქტს ცენტრალური ადგილი ეთმობა საზოგადოებაში, წესრიგი კი ხასიათდება ერთ-ერთი მხარის გამარჯვების შედეგად მიღწეული “დაზავების” ნიშნებით. სწორედ გიორგი II-ის მიერ გაღებული “წყალობით” იქნა კონფლიქტი მოგვარებული და საზოგადოებაში წესრიგი დამყარებული. ეს ტრადიცია მკაფიოდ აისახა “ვეფხისტყაოსანში”, სადაც: “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია: უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია”. ვფიქრობ, გიორგი II-ის აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა ქვეყნისათვის სამოქალაქო ომის გაჩაღების თავიდან აცილების მიზანს ემსახურებოდა.

“მატიანე ქართლისაჲ”-ში დაცულია ცნობა, სადაც გიორგი II-ის გამეფებასთან დაკავშირებით მეტად საინტერესოდ იკვეთება მისი დამოკიდებულება მამა-მეფისადმი. პირველწყაროდან ცნობილია, რომ ბაგრატ IV-მ ბიზანტიაში გამგზავრების წინ გიორგი ქუთაისში მეფედ აკურთხა. ამასობაში “…ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რაჲთა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი, გუარანდუხტ დედოფალი”. აღნიშნული ქმედება ლიპარიტის მხრიდან, შესაძლოა, არა მარტო ქვეყნის გაერთიანებისკენ მართებული ნაბიჯის გადადგმას ისახავდა მიზნად, არამედ, ქვეყანაში თანამეფობის დანერგვით პოტენციურად კონფლიქტის დანერგვასაც გულისხმობდა. ყოველ შემთხვევაში, სამეფო ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და შესუსტება დიდ ფეოდალთა ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული მოსაზრების მართებულობას უნდა პასუხობდეს კონსტანტინეპოლში ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის შემდგარი შეთანხმება. დაპირისპირების მიუხედავად, მხარეები ცნობდნენ ერთიან საქართველოს ერთიანი მონარქიით სათავეში. სკილიტე-კედრენეს ცნობით `იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს ცნობს ბატონად და მეფედ”. იმავდროულად, შეთანხმება ერთ საინტერესო მუხლსაც ითვალისწინებდა: `ლიპარიტი აღიარებდა ბაგრატიონთა სიუზერენობას, მაგრამ გიორგი მისი მფარველობის ქვეშ უნდა გაზრდილიყო. ლიპარიტმა გიორგი საქართველოს მეფედ აკურთხა. ამ აქტით თანამეფობის ინსტიტუტის ბიზანტიური მოდელი დამკვიდრდა. “მატიანე ქართლისაჲ”-ს მიხედვით, ბიზანტიიდან დაბრუნებისთანავე ბაგრატ IV ქვეყანას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მართავს. გიორგი II წყაროებში მამის გვერდითაა მოხსენიებული. გიორგი მთაწმინდელის საქართველოში ჩამოსვლისას მეფემ წმიდა ბერს გიორგის დალოცვა სთხოვა. ბერი მის აღზრდას თვალყურს ადევნებდა: `და ვითარცა შვენოდა, სწავლანი ღმრთივ-სულიერნი და მცნებანი საღმრთონი აღუწერნა და მისცნა, რაჲთა სამარადისოდ იკითხვიდეს და იწურთიდეს სიხარულით შეიწყნარნა და დღე და ღამე იწურთინ და ესრეთ შეუდგა, ვითარცა შვილი საყვარელი მამასა სახიერსა და ვითარცა მოწაფე ერთგული მოძღვარსა თჳსსა”.

გიორგი II-ის, როგორც მამის დამოკიდებულება დავით IV-თან კარგად ჩანს რუის-ურბნისის კრების სინოდიკონიდან, სადაც დავითი, როგორც თანამეფე და მოსაყდრე გიორგი II მეფეთ მეფის “მარჯუენე” და “მარჯუენით” მჯდომი იყო. აქ გიორგი II პირველია დასახელებული. ი. ანთელავას მოსაზრებით, ამიტომ უნდა იწოდებოდეს “მრჩობლ მარჯუენედ”, თამარი რომ თანამოსაყდრედ ეკურთხა, გიორგი III-მ ის დაისვა “მარჯუენით მისსა”. დავითის “მრჩობლ მარჯუენეობაც” მისი “ქრისტეს სწორობით” და თანამოსაყდრეობით (მეფეთ მეფის “სწორობით”) უნდა აიხსნებოდეს.

საისტორიო მასალიდან ჩანს, რომ გიორგი II უმნიშვნელოვანეს სამეფო პრეროგატივებზე `ბოძებისა” და `შერისხვის” კონტროლს ინარჩუნებდა. საფიქრებელია, სიგელები მისი სახელითაც გამოდიოდა, რის დასტურადაც ი. ანთელავას დავითის მიერ 1123-1124 წწ. შიომღვიმის ანდერძი მიაჩნია. მისივე აზრით, გიორგი II-სა და დავით IV-ს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ქვეყნისათვის ძნელბედობის ჟამს გიორგი II-მ თანამოსაყდრედ აკურთხა და გვერდით ამოიყენა თავისი ვაჟი დავით IV, რომელიც სამხედრო და ორგანიზაციული ნიჭით იყო დაჯილდოებული. გიორგი II-ის სიცოცხლეში, მისი მეფეთ მეფობის ჟამს, მეფე დავითი მახვილით თრგუნავდა “მტერთა და წინააღმდგომთა” და ქვეყანას განაგებდა მამასთან ერთად. გიორგი II ინარჩუნებდა არა მხოლოდ ტიტულს, არამედ რეალურ ხელისუფლებასაც.მამა-შვილის დაპირისპირების შემთხვევაში გიორგი II დავითის მოწინააღმდეგეთა ხელში დროშად იქცეოდა, რომლებიც მას უმარავი ჰყავდა. ასეთი რამ არსად დასტურდება. გიორგი II თავისთან “თანააღზრდილ” და სანდო კაცს გიორგი მწიგნობართუხუცესს აბარებს ერთადერთი შვილის აღზრდას.

ამდენად, გიორგი II-ის ფსიქოლოგიურ პორტრეტში პიროვნების ავტონომია იკითხება. საკუთარი ავტონომიურობის გაცნობიერება ინდივიდს ეხმარება იყოს თავისუფალი თვითნებური სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებისაგან, ხელისფლების დიქტატისაგან, არ დაკარგოს საკუთარი თავის ფლობა დესტაბილიზაციისა და ტოტალიტარული რეპრესიების პირობებში. პიროვნების ავტონომია უკავშირდება მის უმაღლეს ფსიქიკურ თვისებას – სულიერებას. პიროვნების ავტონომია ესაა მისი თავისუფლება ამორალური სურვილებისაგან, წუთიერი პრესტიჟულობისაგან, პოლიტიკური ქაოსისაგან. პიროვნების ავტონომია ადამიანს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ღირსება, პიროვნული პოზიციები, გამოავლინოს ნონკომფორმულობა.

ვფიქრობ, ყველა ეს ნიშანი სავსებით ახასიათებს გიორგი II-ს, რაზეც ისტორიული რეალიები ნათლად მეტყველებენ.

“მატიანე ქართლისაჲ”-ს მიხედვით `ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხუესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული”.

დამოწმებული პირველწყაროები და ლიტერატურა

1. Жордаия Ф. Завещание царя Давиа Возобновитея данное Шио-Мгвимской лавре в 1123 г., Тифлис, 1895.

2. მეტრეველი რ., გიორგი მეორის მოღვაწეობის შეფასების საკითხი, ნარკვევები ფეოდალური საქართველოს ისტორიიდან, თბილისი, 1972.

3. სურგულაძე ი., სახელმწიფოსა და სამართლის საკითხები `ვეფხისტყაოსნის” მიხედვით, თბილისი, 1977.

4. სილოგავა ვ., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, მრავალთავი, IX, თბილისი, 1981.

5. მესხია შ., ძლევაÁ საკვირველი, თბილისი, 1972.

6. გრიგოლაშვილი ლ., დავით აღმაშენებლის `გალობანი სინანულისანის” კონცეფციისათვის, ქართული ლიტერატურის საკითხები, II, თბილისი, 1971.

7. გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბილისი, 1978.

8. ანთელავა ი., საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბილისი, 2002.

9. მეტრეველი რ., სამუშია ჯ., მეფეთ მეფე გიორგი II, თბილისი, 2003.

10. ჯაინოტი ჰაიმ ჯ., მშობლები და შვილები, თბილისი, 1991.

11. მატიანე ქართლისაÁ, ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი, თბილისი, 2008.

12. მელიქიშვილი ლ., კონფლიქტის ანთროპოლოგია, თბილისი, 2006.

13. გიორგი მცირე, ცხორებაÁ და მოქალაქობაÁ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისაÁ, ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები (XI-XV სს.), წიგნ. II, თბილისი, 1967.

14. თეზელიშვილი ს.,Fფსიქოლოგიური ენციკლოპედია, თბილისი, 2007.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი