მთავარი » ქრისტიანობა

რამ გამოიწვია ქრისტიანების მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად გაყოფა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.02.2012 ერთი კომენტარი | 6,034 ნახვა

1054 წლის ზაფხულის ერთ დღეს კონსტანტინოპოლის წმ. სოფიას ტაძარში მსახურების დაწყების წინ კარდინალი ჰუმბერტი პაპის ორი ლეგატის თანხლებით შევიდა და საკურთხევლისაკენ გაემართა. ისინი იქ სალოცავად არ მისულან. ლეგატებმა საკურთხეველზე დადეს პაპის ბულა განდგომის შესახებ და გავიდნენ. გასვლისას კარდინალმა მტვერი დაიბერტყა ფეხებიდან და წარმოთქვა: “დაე, უფალმა ნახოს და განსაჯოს”.

სწორედ ეს მოვლენა მიიჩნევა დიდი საეკლესიო სქიზმის დასაბამად, თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ ზაფხულის ერთ დღეს განვითარებული მოვლენების შედეგი. მართალია, 1054 წლამდე აშკარა გათიშულობა ჯერ კიდევ სახეზე არ იყო, მაგრამ არც მათ შორის ერთობა არსებობდა. განხეთქილება საუკუნეების განმავლობაში მწიფდებოდა და ასევე ასწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა ეკლესიებს შორის „ჩატეხილი ხიდის“ გამთელების მცდელობა.

კონსტანტინოპოლის იმ დროინდელი სავაჭრო სტატუსი – “ოქროს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” – ბუნებრივია, საფრთხეს უქმნიდა იტალიელების მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ სავაჭრო ურთიერთობებს. ეკონომიკა ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს, პოლიტიკა კი, საჭიროებისამებრ, ეკლესიის მეშვეობით ახდენდა საკუთარი ინტერესების განხორციელებას. მაშინ, როდესაც მეორე დედაქალაქის კონსტანტინოპოლში გადატანითა და ერთ სივრცეში ორი დედაქალაქის არსებობით იმპერია ორად იყო გაყოფილი, პაპ ლეონ III-ის მიერ რომის იმპერიის მემკვიდრედ კარლოს დიდის კურთხევა, რაც ბიზანტიის იმპერატორებთან ხანგრძლივი დავის საპასუხო ქმედება გახლდათ, ფაქტობრივად, ბიზანტიის იმპერატორის იგნორირებას უდრიდა.

დაძაბულ გეოპოლიტიკურ სივრცეში სამების დოგმატში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც ფილიოკვეს სახელითაა ცნობილი და გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის მიერ მრწამსის თავდაპირველ ფორმულირებაში “მწამს… სული წმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანისიცემების და იდიდების…” დამატებითი სიტყვის – “…და ძისაგნ” (ლათინურად – filioqvie) შეტანას, გამოიწვია აღმოსავლეთის უკმაყოფილება. სარწმუნოების სიმბოლოს აღმოსავლეთის დაუკითხავად და რჩევის გარეშე შეცვლით მათ დასავლეთი ზნეობრივად დამნაშავედ მიიჩნიეს, რადგან ეს ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ ქმედებას წარმოადგენდა.

აღნიშნულ მოვლენებს თან ერთვოდა აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის კონსტანტინოპოლის ეკლესიის დაწინაურება, რაც ნავთს ასხამდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ურთიერთობებზე. დაძაბულობამ პიკს მიაღწია VI საუკუნის მიწურულს, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს იოანე II-ეს მიანიჭეს ტიტული „მსოფლიო პატრიარქი“, რაც, ბუნებრივია, რომის პაპის, როგორც მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიის საჭეთმპყრობლის კულტს ფუნქციას უკარგავდა.

რომის იმპერიაში ოდითგანვე გამეფებული იყო აზრი რომის მოქალაქეების უპირატესობის თაობაზე სხვა ხალხებთან შედარებით. ანალოგიური დამოკიდებულება გააჩნდათ რომაელებს ბერძნებთან მიმართებაში. თავდაპირველად უკმაყოფილება რომაელებსა და ბერძნებს შორის მაშინ გაჩნდა, როდესაც პირველებმა არ ცნეს ბერძნული ენა, ხოლო მეორეებმა – ლათინური. “ენების გამიჯვნამ” გამოიწვია აზროვნების, იდეებისა და სულიერების დაშორიშორება. IV საუკუნეში რომის ომპერიის დედაქალაქის აღმოსავლეთში გადატანამ, ლათინური განათლების რეაქციამ ელინურ განათლებაზე ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამოიწვია ნაციონალური განკერძოება, რასაც შემდგომში პოლიტიკური და რელიგიური ურთიერთობების გათიშვაც მოჰყვა.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და მოსაზრებათა მრავალფეროვნებისა სქიზმის გამომწვევ მიზეზთა ირგვლივ, აღნიშნული მოვლენის შედეგი ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა ერთიანი ქრისტიანული სამყაროს არსებობის დასასრულს, რამაც საფუძველი ჩაუყარა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების დამოუკიდებლად არსებობას.

თათია გაგუა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი