მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

რაჟდენ ხუნდაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.06.2012 2 კომენტარი | 4,244 ნახვა

“გალობა ჩვენი ქართველი ხალხის გულიდან ამოღებული ჰიმნია…”

საისტორიო ცენტრალურ არქივში საინტერესო ცნობებია დაცული რაჟდენ ხუნდაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე. ის იყო შესანიშნავი მგალობელი, ლოტბარი, მასწავლებელი, პოეტი-ჟურნალისტი. რაჟდენ ხუნდაძე დოკუმენტებში შემონახულია მისი შვილის, ქეთევან ხუნდაძის მოგონება მამის შესახებ, ლადო გავაშელის პუბლიცისტური წერილი “ქართული მუსიკის დაუცხრომელი მოღვაწე” და თავად რაჟდენის წინასიტყვაობა, რომელიც წინ უძღვის ესტატე კერესელიძის დახმარებით რაჟდენ ხუნდაძის მიერ გამოცემულ საეკლესიო და საერო სიმღერათა კრებულს. “ამბიონი” გაგაცნობთ საისტორიო არქივში არსებულ მასალებს რაჟდენ ხუნდაძის შესახებ.

“ქართული მუსიკის დაუცხრომელი მოღვაწე
ლადო გავაშელი
“საბჭოთა ხელოვნება”, №7

“სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის რაჟდენ ხუნდაძეს. ის იყო შესანიშნავი მგალობელი, აქტიური მებრძოლი ქართული ხალხური საერო და საეკლესიო სიმღერების შეურყვნელად შემონახვისა, აღორძინებისა და გავრცელებისათვის. ამასთან იგი ყურადღებას იქცევდა, როგორც მასწავლებელი, ლოტბარი, პოეტი-ჟურნალისტი, როგორც ორიგინალურ მუსიკალურ ნაწარმოებთა და სახელმძღვანელოთა ავტორი. ბავშვობიდანვე რაჟდენ ხუნდაძე ძლიერ ცოცხალი, ხალისიანი ახალგაზრდა ყოფილა. ამასთან იმდენად დახელოვნებული მხედარი, რომ ხშირად გაქცეულ ცხენს მოახტებოდა ხოლმე. შემთხვევით ერთხელ ცხენს გადმოუგდია, მძიმედ დაუშავებია და ამის გამო 1883 წელს მისთვის მარცხენა ფეხი მოუკვეთიათ. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი რაჟდენისათვის მორალური და მატერიალური დახმარება აღმოუჩენია ხალხური სიმღერების კარგ მცოდნეს და მგალობელს თეიმურაზ გეგეჭკორს. რაჟდენი მასთან ერთად მუშაობდა მარტვილში, ავრცელებდა ქართულ ხალხურ საეკლესიო და საერო სიმღერა-გალობას.

თითქმის ხუთი ათეული წლის განმავლობაში, რ. ხუნდაძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა სიმღერას ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სასულიერო, ეპარქიალურ სასწავლებლებში და მრავალი თაობა აღზარდა. ნოტი” თვით რაჟდენი ეკუთვნოდა ქართული გალობის ოქროს ხანაში წარმოშობილ სკოლას. იგი იყო მოწაფე მომღერალთა იმ უკანასკნელი თაობისა, რომელსაც ეკუთვნოდნენ ანტონი და დავით დუმბაძეები. რაჟდენი მოესწრო იმ დროსაც, როდესაც ქართული სიმღერა-გალობა განვითარების მაღალ დონეზე იდგა და იმ ხანასაც, როდესაც ის გადაგვარების გზას დაადგა.

რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე დაიბადა 1845 წელს სოფ. კალაგონში (ჩოხატაურის რაიონი). ხუნდაძეთა გვარს იმ თავითვე მოდგამდა მუსიკალობა. რაჟდენის უფროსი ძმა ერმალო ქართული საეკლესიო და საერო სიმღერების სახელგანთქმული შემსრულებელი იყო. ფრიად მუსიკალური იყვნენ რაჟდენის ოჯახის წევრებიც, განსაკუთრებით, რაჟდენის უმცროსი ვაჟი ელიზბარი (ჭულა) და ქალიშვილი ბაბო, რომლებიც მამას დახმარებას უწევდნენ ქართული მუსიკალური ხელოვნების საკეთილდღეოდ მიმართულ მძიმე შრომაში”.

ქეთევან ხუნდაძე: “ხუნდაძეთა გვარეულობას შთამომავლობით ახასიათებდა სიმღერა-გალობის ნიჭი… მოგონება როდესაც შემთხვევა ეძლეოდათ და სამივე ძმები ერთად მოიყრიდნენ თავს, მათ სიმღერის მოსმენას არაფერი სჯობდა; რა ნაღვლიან გუნებაზეც არ უნდა ყოფილიყო კაცი, ის დამამშვიდებელი, ხმაშეწყობილი ჰანგები ამქვეყნიურ დარდ-ჭირვარამს დაგავიწყებდა.

რაჟდენ ხუნდაძეს სკოლის კარები არ უნახავს. იშვიათი ხმით და მდიდარი სმენით დაჯილდოებული მშობლებმა მიაბარეს განთქმულ მგალობლებს – ანტონ და დავით დუმბაძეებს, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია და როგორც “სრული მგალობელი” მარტვილის მონასტერში იქნა განწესებული… საღმრთო წერილი რაჟდენმა შეისწავლა ცნობილ მღვდელ ჩაჩუასაგან, რომლის დეტალურად შესწავლა მან განაგრძო თავისივე დაუცხრომელი შრომით და ნიჭით, როგორც ნიჭიერი და მცოდნე, ზედმიწევნით შესწავლილი ქონდა სამღვდელო-სადიაკვნო წირვის წესების შესრულება. თვით მან შეადგინა სახელმძღვანელო “ტიბიკონი”. მღვდლობის, ან დიაკვნის წოდების მიღება ვისაც უნდოდა, ეს სახელმძღვანელო უნდა შეესწავლა, რის შემდეგ წარსდგებოდენ გამოცდაზე ისევ რაჟდენთან, რომელიც იყო დანიშნული მათ გამომცდელ ეგზამენატორად მღვდელმთავრის გაბრიელის მიერ ათეულ წლების მანძილზე, რომლის დასტურის შემდეგ, ეპისკოპოსი გაბრიელი აკურთხებდა მღვდლათ ან დიაკვნათ, შესაფერ გამოცდის შემდეგ დასტურისა.

რაჟდენ ხუნდაძე, ქუთაისში გადმოსახლების შემდეგ, როგორც წარჩინებული მგალობელი იმერეთის ეპარქიის მღვდელ მთავარ გაბრიელთან (ქიქოძესთან) გუნდს ხელმძღვანელობდა. მას ცოლად მეგრელის ქალი – ოლღა ასათიანი ჰყავდა.

რადგან რაჟდენს მარცხენა ფეხი მოკვეთილი ქონდა, უხერხულობის ასაცდენათ გაბრიელმა აკურთხა მთავარ დიაკვნათ, რომ ანაფორა ეტარებია, როგორც სასულიერო პირი და ანაფორის ტარებით უხერხულობასაც იყო ამცდარი. წესით ძველ დროში ასეთ ნაკლით მღვდლად არ აკურთხებდენ.

1896 წ. იანვარში გაბრიელი გარდაიცვალა. იმერეთის მღვდელმთავრად დანიშნულმა ეპისკოპოზმა ლეონიდემ, გაითვალისწინა რა, ის დიდი დამსახურება რ. ხუნდაძისა ქართველი ერის წინაშე და რადგან მრევლი არასოდეს არ ყოლია, ამდენ დამსახურებასთან დაკავშირებით, აკურთხა მღვდლათ. რამდენიმე წლის შემდეგ მიტროპოლიტმა ანტონ ქუთათელმა დეკანოზათ.
გაბრიელ ეპისკოპოზის გარდაცვალების შემდეგ რაჟდენი ინიშნება სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში გალობის მასწავლებლად, სადაც გალობდა და ლოტბარობდა კიდეც, როგორც ქართული სიმღერა-გალობის წარჩინებული მცოდნე.
რაჟდენ ხუნდაძის მოწაფეები იყვნენ: ანგია ბოჭორიშვილი – სამეცნიერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი შანიძე – აკადემიკოსი, ღრმა მცოდნე ქართული ენისა და მებრძოლი მისი სიწმინდის დაცვისა, გრიგოლ კიკოლაძე – კომპოზიტორი, კოტე ფოცხვერაშვილი და სხვ.

რაჟდენი სასულიერო საგალობელთა გარდა, ჩვენი ხალხური სიმღერების შესანიშნავი მცოდნეც იყო. ძვირფასი ხალხური სიმღერები აქვს შეკრებილი და ჩაწერილი. 40 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, როგორც ძველი ქართული საერო და საეკლესიო სიმღერების შემკრები და ჩამწერი. ის ითვლებოდა ერთ-ერთ ღრმა მცოდნეთ დასავლეთ საქართველოში ძველი სიმღერებისა”.

ლადო გავაშელი: “დიდ განძს წარმოადგენს უანგარო პატრიოტის ესტატე კერესელიძის დახმარებით, 1912 წელს რ. ხუნდაძის მიერ გამოცემული საეკლესიო და საერო სიმღერათა კრებული წინასიტყვაობით, სადაც ის სახავს ქართულ-გურულ-იმერული სიმღერა-გალობის შეურყვნელად შემონახვის, აღდგენისა და გავრცელების გზებს. აქვე ხუნდაძე გამოსთქვამს თავის გულისტკივილს იმის გამო, რომ იმ ხანებში ქართული, კერძოდ, გურულ-იმერული სიმღერა-გალობა გადაგვარების გზას ადგა. ეს კრებული წარმოადგენს გურულ-იმერულ სიმღერა-გალობათა სადა კილოების პარტიტურას, რომელიც რაჟდენს გადაუღია სამ ხმაზე, მეტად მძიმე პირობებში. საგალობელთა ჩაწერის დროს მას არ ჰქონია არც ფისგარმონია და არც სხვა რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი. ამ პარტიტურის სამ ხმაზე გადაღებაში რაჟდენს ეხმარებოდნენ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შვილები ბაბო და ელიზბარ ხუნდაძეები; პირველ ხმას მღეროდა ბაბო, მეორეს – ელიზბარი, მესამეს კი – თვითონ რაჟდენი. ასე იწერდა იგი ნოტებზე სიმღერა-გალობას და ამოწმებდა ჩანაწერის სისწორეს”.

რაჟდენ ხუნდაძე (წინასიტყვაობა):
“ქართული გალობა
ლიტურღია:
იოანე ოქროპირისა, ვასილი დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა.
პარტიტურა.

ნოტებზე გადაღებული მღვდლის რაჟდენ თ. ხუნდაძის მიერ. – გურულ-მეგრულ სადა კილოზე.

საზოგადოთ, იმერეთში 1850 წლამდის ისე გავრცელებული იყო ქართული გალობა, რომ თვალსაჩინო ოჯახი ძვირათ მოიპოებოდა, რომ გალობა არ სცოდნოდათ… მოგონება დაიწყებოდა ლოცვა თუ არა, მოაწყდებოდა ეკლესიას ლოცვის მსმენელნი, ასე, რომ ეკლესიაში ტევა ძლივს იყო. ამგვარ საღვთო მსახურების მოსმენით, სულით და გულით დამტკბარნი მლოცველები, სრულიად ვერ ამჩნევდნენ გალობის მიზეზით ლოცვის სიგრძეს; წმინდა, საღვთო აზრებით გატაცებულნი, ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, ძლივს, ძლივს, სულ გვიან ურიგდებოდენ საამქვეყნო ზრუნვათა ფიქრს და მოქმედებას, რადგან სასოებით დამტკბართ, კვლავ გულიდან არ შორდებოდათ ეკლესიაში ნაგრძნობი სულისა და გულის დამამშვიდებელი საღვთო სიტყვები და ყურთა სმენის დამტკბობი, ზეცად გონების აღმავლენელი ხმები. ამ დროს ქართულ გალობას: ოქროს ხანა უდგა ჩვენში და დიდებულათ ყვაოდა იგი. ერთაშორის კი, ქორწილი და ნადიმი, ნახევარ ლოცვას წარმოადგენდა: თან სმა-ჭამა და მხიარულება იყო და თან ღვთის სადიდებელი სძლისპირების ღაღადი. რომელ ქორწილსაც გალობა არ ამკობდა, არ ამხიარულებდა, ის ქორწილი უმნიშვნელო იყო. ჯერ “მამაო ჩვენოს” იგალობებდენ და მერმე ლხინს პირველად ღვინის დალოცვიდანვე დაიწყებდენ ასე: “დიდება აქვს ღმერთსა, ღმერთო გაუმარჯვე სტუმრებს და მასპინძელსა, – შენდობა ბატონო”.”

ქართული გალობა… მეტისმეტათ უყვარდათ, მეტისმეტათ პატივცემული იყო საზოგადოებისაგან კარგი გალობელი და ამიტომაც ყველანი სიამოვნებით და გულსმოდგინეთ სწავლობდენ და კიდევაც კარგათ, და მტკიცედ იცოდენ. სუბსა – ამის შემდეგ ნელ-ნელა “დრონი იცვალნენ”, ახალი სწავლა-განათლების სიომ დაბერა და ახალი მოზარდი თაობა მას დაეწაფა. სიყრმიდან მუდამ დღე, მუდამ წამში უცხო ხმების ყურში ჩაბერვამ, ძალა უნებურათ შეაჩვია, შეუსისხლხორცა უცხო ხმები, ისე რომ ქართული ხმები ქართველის სულსა და გულს ძველებრივის მეასედათაც ვეღარ ათბობს…

ამ გვარათ იკლო ქართული გალობის გავრცელებამ საზოგადოთ ჩვენში და დღეს მეტს ყურადღებას თხოულობს იგი, რომ კვლავ შემობრუნდეს. შემობრუნებისათვის კი, მიუცილებელი საჭიროა… ძირი გალობიდან დაწყება…

ვისაც პირველათ სადა კილოზე უსწავლია გალობა, მას ყოველთვის ახსოვს ნამდვილი მოტივი… ამ გვარათ, კილო (სადა თქმა) არის საფუძველი გალობისა…

ჩვენმა წინაპრებმა მეტის შრომითა და ღვაწლით შექმნეს ეს ძვირფასი ქართული ხმები, ქართული გალობა. სირცხვილია ჩვენთვის, დღეს, მეოცე საუკუნეში, ამ დიდებული რამ გამოგონების ხანაში, ძველთაგან და დღემდის მოწევნილი გალობა რომ დავკარგოთ. ეს გალობა ჩვენი ქართველი ხალხის გულიდან ამოღებული ჰიმნია; იმ დროს შექმნილი და ქართველთა სულსა და გულთან შესისხლხორცებული, როცა სარწმუნოება მტკიცე, ძლიერი იყო და როგორც ქართველთა ხმები, ისე ენა ზნე-წესი და ყოველი ელფერი ქართველს თავისი საკუთარი ჰქონდათ და არ იყო შერეულ გადამახინჯებული სხვათა წაბაძვით…

გავბედე და ვაწვდი ამ ჩემს მცირე შრომას, ვისაც ქართული გალობის მასწავლებლობა უკისრია, იხელმძღვანელოს ამ ნაშრომით და ნუ დაიკარგება, იმ საცოდავ მამაპაპათაგან (საცოდავი ჩვენ ვართ, ისინი კი, დიდებულნი) ნაშთი და ნაგალობევი ეს წირვის გალობა მაინც და დაკარგვათ აუარებელი და უთვალავი გალობათა დაკარგვაც გვეყოფა… ვისურვებ, რომ ეს წიგნი გამხდარიყოს ჩვენში ქართული გალობის გავრცელების მიზეზათ.
მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე.”

ლადო გავაშელი: “რაჟდენმა, ქართული ძველი სიმღერა-გალობის მცოდნე პირების ზეპირი გადმოცემით, 5.100 სიმღერა-გალობა შეითვისა და შეისწავლა.

რაჟდენის მუსიკალური მემკვიდრეობა მრავალი საერო და საეკლესიო სიმღერის შემცველი რამდენიმე სანოტო რვეულისგან შესდგება. ამ რვეულებს თან ახლავს რაჟდენის პატარა წარწერა: “დიდი ხანია მცოდნე მგალობლები მიიცვალნენ და დღეს არავინ არის! საუკუნოდ იყო მათი ხსენება! ეს ხმები ჩვენი ერის ჰარმონიული შემოქმედებაა. ბევრს შეუგნებელს კი მიუღებელი და გადასაყრელი ჰგონია, რაკი ეკლესიური სიტყვებით არის დაწერილი”.

სწორედ ამ შეუგნებლობას ებრძოდა მთელ თავის სიცოცხლეში რ. ხუნდაძე ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თავისი მრავალრიცხოვანი წერილებით.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში და ხალხური შემოქმედების სახლში დაცულია თვით რაჟდენის მიერ ნაგალობები და ნოტებზე გადაღებული 1641 საგალობელი და 277 ხალხური საერო სიმღერა.

1916 წელს ქ. ქუთაისში გამართული კონცერტისათვის რაჟდენს წაუმძღვარებია პატარა მოხსენება, სადაც ნათქვამია “ჩვენი გალობისთანა მდიდარი გალობა ხმების სხვადასხვაობით, მე არა მგონია, სხვა რომელიმე ერს ჰქონდეს. სარჩევი მარტო სძლის პირები იანგარიშება 590. ყველა ამათგანს სხვადასხვა ხმა აქვს და ერთი მეორეს ძალიან ცოტათი წააგავს. ყველა ამათ ზეპირად სწავლობდნენ მხოლოდ წიგნების საშუალებით და ამ გზით გადასცემდნენ ერთმანეთს. ნოტები არ იცოდნენ. იმის დამახსოვრება, თუ რომელი რომელ ხმაზე დაიწყებოდა, იმის ზეპირად მოგონება, რასაკვირველია, ძნელი იყო.

ამგვარად, რ. ხუნდაძე აღნიშნავს რა ქართული გალობის სავალალო მდგომარეობას მე-20 საუკუნის დამდეგს, როგორც პედაგოგი და მოღვაწე, ანხორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს მის გადასარჩენად: ასწავლის ქართულ გალობას, სკოლებში ქმნის მომღერალთა გუნდებს, მართავს საჯარო კონცერტებს”.

ქეთევან ხუნდაძე: “1916 წ. 27 მარტს ქუთაისში მოეწყო გრანდიოზული კონცერტი: პლატონ ცქიტიშვილთან და ბართლომე კუხიანიძესთან ერთად, სადაც ლოტბარობდა და გალობდა თვითონაც მაშინდელ აფიშის ცნობიდან.
ამ კონცერტზე უმეტესი ნაწილი საგალობლებისა ისეთი ქართული საგალობლები იყო, რომლებიც არ თქმულა 70 წლის მანძილზე, როგორც თვით ქართული გალობის ზეპირად მცოდნე სამივე ხმისა მისივე გადაღებულია ნოტებზე სამ ხმათ…”

ლადო გავაშელი: “1921 წელს რ. ხუნდაძემ სამუსიკო ქრესტომატიისათვის შეაგროვა და შეადგინა ხალხური სიმღერები. უცნაური ქორწილი ამავე წელში დაამთავრა სამმოქმედებიანი მუსიკალური პიესა “უცნაური ქორწილი”.

რ. ხუნდაძეს შეუდგენია აგრეთვე ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი სათანადო ახსნა-განმარტებით. რაჟდენის უფროს ქალიშვილს ეს ლექსიკონი გადაუცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის.

საინტერესოა რ. ხუნდაძის ლიტერატურული მოღვაწეობაც. 1884 წლიდან იგი სისტემატურად თანამშრომლობდა “ივერიაში”, “დროებაში”, “კვალში”, “კოლხიდაში”, “მწყემსში”, “ფარაში”, “შინაურ საქმეებში”, “ჩვენს ქვეყანაში”, “განათლებაში” და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ლიტერატურაში რ. ხუნდაძე რაჟდენ საჯავახოელის და ბეკო ქართველიშვილის ფსევდონიმით იყო ცნობილი.ათავსებდა სტატიებს ქართული სიმღერა-გალობის დაცვის და გავრცელების შესახებ. თავს ესხმოდა ცარიზმის აუტანელ რეჟიმს, დარწმუნებული იმაში, რომ დადგებოდა დღე ცარიზმის აღსასრულისა. ერთ ლექსში იგი ასე მიმართავდა თვითმპყრობელობას:
… დაე დასტკბი მტარვალობით,
დაგელევა შენც დღე მალე,
ზეცა გახსნის შუბლს მოჭმუხნულს,
სხივებს მოჰფენს მზე ბრწყინვალე.
იმდენ ღონეს კი მოვიკრეფ,
ზაფხულამდის მიმყვეს სული,
მაშინ ვიგრძნობ ნეტარებას,
ზამთრის სუსხით დაჩაგრული“.

ქეთევან ხუნდაძე: “რ. ხუნდაძის პირველ რვეულში ლექსთა წინასიტყვაობაში აქვს აწერილი თუ, რა პირობებში უხდებოდა საერთოთ წერა, როგორი შეხუთული ცხოვრების ატმოსფერო იყო მთელ რუსეთში, თვითმპყრობელობისა მიზეზით – საერთაშორისო ომის დამთავრებამდე.

მისი ლექსები იწერებოდა ქართული სიმღერა-გალობის შეურყვნელად დაცვისა და გავრცელების მიზნით. დაუღალავათ… ლექსებში გამოსჭვივის ნარკვევები ჩვენ ძველ მოღვაწეებზე, ისტორიულ ძეგლებზე და სხვა.

1905 წელს დაიბეჭდა მისი ლექსთა კრებული, რომელიც სამშობლოზე და ჩვენი ხალხის სიყვარულზეა აგებული. ამ ლექსთა კრებულშია კიდევ “ქორწილი”, რომელიც უძღვნა თავად ჯამბაკურ გურიელს… პარალელური შედარება აქვს ძველი ქორწილის აღწერისა – ახალთან.
“მრავალ გვარი სძლის პირები
მიმოგდებით რომ ითქმოდა,
საღვთო ხმების ღაღადება
სუფრაზედაც რომ იტყოდა…
“კანას ქორწილს გაგონებდა –
ამ დროს ლხინი ჭამა, სმაი,
შეთანხმებით ოხუნჯობა,
მოსწრებული სიტყვა “ზმაი”…
***
ერთმა ჩემმა მეგობარმა
ქორწილი ქნა დიდებული,
ბევრი ყავდა მოწვეული
ქართველები ჩინებული.
ვაი ჩვენი ცოდვის ბრალი!
დახე ჩვენი ფათერაკი?
თურმე მათი ლხინი არის,-
უცხო ენით ლაპარაკი.
სადაც ნახეს საინებზე,
ამოხვრიპეს ხორცის წვენი
თურმე მათი ლხინი არის
ჭამა, კუჭის შესაძენი.
“ვინო გორკო, ვინო გორკო”
აზრიალდა მთელი კრება,
ვნახოთ ამას სასაცილო
რა მოყვება, რა იქნება!
რაჟდენ ხუნდაძე დიდი თანამგრძნობი და ხელის შემწყობი იყო რევოლუციურ მებრძოლ თაობის. ღრმად სწამდა, რომ მეფის დამხობის შემდეგ, ქართველებსაც ეღირსებოდა თავისუფლება”.

ლადო გავაშელი: “რაჟდენი ესარჩლებოდა ცარიზმის მიერ დევნილ ქართულ ენას. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მეფის მთავრობამ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალა და ქართულ ეკლესიაში სლავური შემოიღო.

1893 წელს მეფის მთავრობას განუზრახავს ქართველი ერის სიამაყის – ბაგრატის ტაძრის ნანგრევების აღება და მის ადგილას სემინარიის შენობის აგება. ამ განზრახვას ქართული საზოგადოება აუღელვებია. რაჟდენი საზოგადოების პროტესტს გამოხმაურებია მთელი რიგი ლექსებით.

რაჟდენის ცხოვრებიდან აღსანიშნავია ის თანაგრძნობა, რაც მან პოლიტიკური პატიმრების მიმართ გამოიჩინა. როგორც ცნობილია, მუშათა რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით 1907 წელს ქუთაისის საპატიმროში გვირაბი გაიყვანეს და იქიდან 30 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, რამდენიმე სიკვდილმისჯილი გააქციეს. ერთ-ერთი გაქცეული, ცნობილი რევოლუციონერი თომა ჩუბინიძე, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, რაჟდენ ხუნდაძემ შეიფარა თავის ოჯახში და რამდენიმე ღამის გათევის შემდეგ გააპარა თავისი სახლიდან. თომა ჩუბინიძის წასვლის რამდენიმე საათის შემდეგ რ. ხუნდაძის ეზოს ჭიშკარი შეუღიათ პოლიციელებს და მასპინძლისთვის უთქვამთ: “თანახმად ბრძანებისა, უნდა გაგჩხრიკოთ. შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, ისე ათევდეს ღამეს ვიღაც უცნობი თქვენს ოჯახშიო”. რაჟდენს უპასუხნია: “რას ამბობთ! ჩემ გარეშე ჩემი სახლის კარს ვინ შემოაღებსო”. ამის შემდეგ თვით რაჟდენის თანდასწრებით პილიციელებს ჩხრეკა მოუხდენიათ, მაგრამ ბინაზე ვერავინ და ვერაფერი აღმოუჩენიათ.

ასეთი მოქმედება იმ დროს გმირობას უდრიდა. ასეთი თავდადებული იყო რაჟდენი საზოგადო და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საქმისათვის იმ იმედით, რომ ცარიზმის დამხობის შემდეგ ქართველ ერსაც ეღირსებოდა თავისუფლება.

რაჟდენ ხუნდაძე გარდაიცვალა 1929 წელს”.

ქეთევან ხუნდაძე: “1930 წელს დიდის მწუხარებით მიაცილეს ის საფლავის კარამდე და მრავალი სიტყვები ითქვა მის ნაყოფიერ მოღვაწეობის ირგვლივ. სხვათა შორის, ერთმა რუსმა კომპოზიტორმა ასეთი სიტყვებით დაახასიათა მისი განვლილი გზა:
“Расцвели те розы, которых вы посадили о-ц Раден, обидно и досадно, что самому не приходится собирать, но настанет время, их соберут, а вас бндут величать”.
ამის შემდეგ გაიარა რამოდენიმე თვემ და მოვიდა მოსკოვის დადგენილება: “ძველი, ხალხური ნაციონალური სიმღერების შეგროვების და დაცვის შესახებ“.

ამ საფუძველზე იყო, რომ საქართველოს სახკომ საბჭოთა არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველომ შეიძინა რაჟდენის ძველი ქართული საერო და საეკლესიო სიმღერები. მის პარტიტურაზე რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერი იუწყება: “თუ ქართველმა ერმა იარსება, ეს მასალები ძვირფასი განძია ქართველებისთვის”.

ხუნდაძის მიერ ნოტებზე გადაღებულია 1641 საგალობელი და 277 საერო სიმღერა… აგრეთვე დასტოვა მის მიერ შეკრებილი 700-მდე სიტყვა ლექსიკონისთვის, რომელიც არის არც ჩუბინაშვილისა და არც საბასულხანის ლექსიკონებში.
რაჟდენმა შემდეგი შინაარსის ეპიტაფია დასტოვა:
დეკანოზ რ.თ. ხუნდაძე.
1848-19- –
40 წლის მასწავლებელი “სრული მგალობელი” ლიტერატორი მგოსანი საჯავახოელის ფსევდონიმით ცნობილი.
მრუდე ეს სოფელი,
არ მისანდობელი,
უარ საყოფელი,
ამაო ყოველი,
მშვიდობით განვლო”.

მოამზადა თათია ნავროზაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.