მთავარი » სხვადასხვა

რა წყალს მიაქვს ძველი და ახალი თბილისი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2010 3 კომენტარი | 4,586 ნახვა

ძველი თბილისითბილისის თითქმის ყველა უბანში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს. გრუნტის წყლები, ამორტიზირებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა შენობა-ნაგებობებს დიდ საფრთხეს უქმნის.

მიწისქვეშა წყლები თანამედროვე ნაგებობებსაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ამიტომ მშენებლობის დაწყების წინ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას, თუ რა მდგომარეობაა ამ ტერიტორიაზე გრუნტის წყლების არსებობის მხრივ. ამ საკითხს კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, თუკი მაღალსართულიანი შენობის აშენება იგეგმება, რადგან ასეთი ნაგებობისთვის საძირკვლის ღრმად გაჭრაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში კი უფრო დიდია ალბათობა, რომ გრუნტის წყლებმა შემდგომში საძირკვლის დაზიანება გამოიწვიოს.

* * *

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრუნტის წყლები პრობლემურია როგორც ძველი, ასევე ახალი უბნებისთვის. თუმცა, უდავოა, რომ მიწისქვეშა წყლები დამანგრეველ გავლენას ძველ შენობებზე უფრო ახდენს. როგორც ამბობენ, თბილისის ისტორიული სახლების უმრავლესობა წყალზე დგას. ხშირ შემთხვევაში სარდაფებში წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ იქ ჩასვლა შეუძლებელია.

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, თბილისში გრუნტის წყლების ნიშნულის დონის აწევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქში მტკვრის სანაპიროებს ბეტონის ჯებირები გაუკეთდა. მანამდე მტკვარში წყალი თავისუფლად ჩაედინებოდა. ბეტონის კონსტრუქციამ წყლის ნაკადი აღარ გაატარა და გრუნტის წყლების ნიშნულმა ყველგან აიწია.

თუმცა, კვლევებით დადასტურებულია, რომ ძველ უბნებში გრუნტის წყლებზე მეტ პრობლემას ამორტიზირებული საკანალიზაციო ჭები, მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე სისტემები და სრულიად მოძველებული წყალგაყვანილობა ქმნის. გარდა იმისა, რომ ეს სისტემები გამტარუნარიანობის თვალსაზრისით აღარ არის საკმარისი, მათი ტექნიკური მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს. თანაც ძველ უბნებში შენობათა ძირითადი ნაწილის საძირკვლები ნაყარ (ტექტოგენურ) გრუნტზეა დაფუძნებული და ამორტიზებული სველი კომუნიკაციებიდან წყლების ინფილტრაცია მკვეთრად აუარესებს მათ მდგომარეობას, ზოგ შემთხვევაში კი ნგრევასაც იწვევს.

საგულისხმოა, რომ საბჭოთა საქართველოს დროს, როდესაც მაშინდელ ლენინის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი გაკეთდა, დავითაშვილის ქუჩიდან მომავალი კოლექტორი გადაიკეტა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ბარათაშვილის ქუჩის სახლების მდგომარეობა, რადგან მტკვრისკენ წყლის გატარება აღარ მოხდა. სოლოლაკიდან მომავალმა წყალმა გასასვლელი სხვაგან იპოვა და მაშინდელი ლენინის მოედნის ქვემოთ მდებარე ქუჩების სახლების მდგომარეობა საგრძნობლად გაართულა.

ძველ თბილისში მიწისქვეშა წყლების პრობლემა 1997 წლისთვის ზედმიწევნით იყო შესწავლილი. მისი კვლევა “თბილისის საცდელი პროექტის” ფარგლებში მოხდა. “თბილისის საცდელი პროექტი” “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის” მიერ შემუშავდა. თავად ეს პროექტი კი 1998 წელს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის “კულტურული მემკვიდრეობის პროექტის” ფარგლებში გაკეთდა.

მარიკა დიდებულიძე (“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის” პროექტების კოორდინატორი): “თბილისის საცდელი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ეტაპობრივი, მეთოდოლოგიურად გამართული საერთაშორისო გამოცდილებაზე დამყარებული პროგრამა – მოხდა კომპლექსური მიდგომებისა და მეთოდების შემუშავება, გამოცდა და დანერგვა ძველი თბილისის ერთ-ერთი უბნის – ზემო კალას მაგალითზე. შესწავლილი იქნა საცდელი პროექტის ტერიტორია, კვლევა ყველა მიმართულებით ჩატარდა: შესწავლილი იყო სოციოლოგიურად, საინჟინრო თვალსაზრისით, არქიტექტურულად, ძეგლების მხრივ. გამოკვლეული იქნა მოსახლეობის დამოკიდებულება, მისი შესაძლებლობები. ერთი სიტყვით, ზემო კალას სრული ინვენტარიზაცია ჩატარდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წინასაპროექტო სამუშაოების ჩატარების დროს სწორედ მიწისქვეშა წყლების მდგომარეობა იყო”.

ზემო კალაში (ეს უბანი მოიცავს ლესელიძისა და ბარათაშვილის ქუჩების შორის მდებარე ტერიტორიას მტკვრის სანაპირომდე) 1997-98 წლებში ჩატარებული სამუშაოების დროს შედგა 366 შენობის სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შეივსო ყველა არსებულ შენობა-ნაგებობაზე, განურჩევლად მათი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებისა. გადაღებულ იქნა 1000-მდე ფოტოსურათი, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა მონაცემთა კომპიუტერული ბაზა, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა სხვადსხვა შინაარსის 33 თემატური რუკა. ეს რუკები არის თარიღების მიხედვით, დაზიანებების, ფუნქციის მიხედვით. ასევე არის გადახურვების სპეციფიკის რუკა, ეზოიანი სახლების რუკა და სხვა.

1999 წელს დაიწყო საინვენტარიზაციო სამუშაოები ქვემო კალას უბანში, შეგროვებული იქნა მონაცემები 519 ნაგებობაზე და 475 სხვა ობიექტზე (მინაშენები, მშენებარე ობიექტები, ე.წ. ცარიელი ადგილები). ჩატარებული მთელი სამუშაოები შეჯამებული იქნა დოკუმნეტში “ქვემო კალა – რეკომენდაციები უბნის შენარჩუნებისთვის”.

ამ სამუშაობის ჩატარების დროს სრულად იქნა შესწავლილი, თუ რა ვითარებაა ზემო კალას უბანში მიწისქვეშა წყლების მხრივ. მიწისქვეშა წყლების კვლევითი სამუშაოები ჰოლანდიურმა ფირმამ DHV და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სტიქიამ” ჩაატარეს. კვლევამ ერთ წელიწადს გასტანა.

გამოკვლევის დროს, ზემო და ქვემო კალას მიდამოებში გაკეთდა ჭები, დაკვირვება მოხდა დავითაშვილის ქუჩის გაყოლებაზე გამავალ კოლექტორსა და მტკვრის გაყოლებაზე არსებულ კოლექტორზი. ამ ჭებზე დაკვირვება მუდმივად ხდებოდა. საბოლოოდ კი დასვნა დაიდო, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გრუნტის წყლებზე მეტად ქალაქს ანგრევს და შენობა-ნაგებობების საძირველს აზიანებს საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემებიდან გამოჟონილი წყალი. ამ დასკვნის მიხედვით, ძალიან მაღალია გამოჟონვის დონე ასევე სანიაღვრე სისტემიდან. მისი გაუმართაობის გამო წვიმის წყალი მიწაში იჟონება და პირდაპირ სახლების სარდაფებისკენ მიედინება.

რთული ვითარება იყო მტკვრის გაყოლებაზე არსებულ კოლექტორზე. აღმოჩნდა, რომ ისე გავსებულია ნალექით, ნაშალითა და შლამით. ფაქტობრივად, ეს კოლექტორი წყალს მტკვარში კი არ უშვებს, პირიქით, უკან აბრუნებს, ამით კიდევ უფრო მეტი საშიშროება იქნება კალას უბანში მდებარე სახლებისთვის.

კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გეოლოგიური თუ სხვა პირობების გამო, ზოგიერთ ადგილას წყლის დონე დაბალია. დაკვირვების საფუძველზე გამოყვეს ე.წ. უსაფრთხოების კუნძულები. ანუ, ის ადგილები, სადაც წყლის გაჟონვის მხრივ ნაკლები საშიშროები იყო.

ამ კვლევების შედეგად დამუშავდა პროექტი. ზედმიწევნით გაიზომა, თუ რა მილი სად უნდა გამოიცვალოს, სად რა დიამეტრისა და რა სისქის მილების გამოყენებაა საჭირო. წინასწარი გათვლებით, 1998 წლისთვის ამ სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის 9 მილიონი დოლარი იყო საჭირო. შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში, საჭირო იყო მთელი სისტემის გაწმენდა, შემოწმება, გამოცვლა, აღდეგა, მუდმივი მონიტორინგი.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია წყლის გადასახადის გაზრდა იყო. დასკვნის მიხედვით, რომც გამოცვლილიყო მთელი სისტემა, მისი მოვლა გაჭირდებოდა, თუკი წყლის გადასახადი არ გაძვირდებოდა.

დასკვნის მიხედვით, გრუნტის წყლების მიერ ქალაქისთვის საზიანო ზემოქმედების ხარისხი ძალიან დაბალი იყო. ანუ, გრუნტის წყალი არ არის იმ საფრთხის შემცვლი, რომელიც სახლებს დაანგრევს.

მარიკა დიდებულიძე: “ქალაქის შესანარჩუნებლად მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა აუცილებელი რამ არის. სანამ ეს პრობლემა არ მოწესრიგდება, რეალურად მნიშვნელოვან რეაბილიტაციაზე საუბარი ზედმეტია. სახლების შეკეთებასა და დროებით დახმარებაზე უფრო შეიძლება საუბარი. მაგრამ მთავარია, გაჯანსაღდეს ის გარემო, სადაც სახლი დგას. “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა” 2005-2006 წლებში შეიმუშავა “ძველი თბილისის სახელმწიფო პროგრამა”, რომელშიც საგანგებო ადგილი დაეთმო ძველი უბნების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და მისი გამოსწორების გზებსა და მეთოდებს. ამჟამად ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ დაიწყო სოლოლაკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სრულ გამოცვლას ითვალისწინებს”.

“ზემო კალაში” ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შეიქმნა სამწლიანი დოკუმენტი “თბილისის საცდელი პროექტი – ზემო კალა”, რომლის საფუძველზეც 2001 წლიდან მსოფლიო ბანკისა და ქალაქის მერიის თანადაფინანსებით დაიწყო “ზემო კალას” უბნის რამდენიმე არეალის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. “ზემო კალას” მაგალითზე შეიქმნა ერთგვარი მეთოდოლოგიური და ფინანსური მოდელი ძველი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისათვის.

მარიკა დიდებულიძე: “საბოლოოდ ჩვენი მოქმედებისთვის შეირჩა შარდენის ქუჩა, ბამბისა და რკინის რიგი, სიონის ქუჩა და ერეკლეს ქუჩა. ზედმიწევნითი კვლევის შემდეგ უკვე განხორციელდა სამუშაოები. ამ ქუჩებზე საშინელი მდგომარეობა იყო. შეზღუდული ვიყავით თანხებში, თუმცა ამ ქუჩებზე სახლების უმეტესობა გამაგრდა, გამოიცვალა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა. დღეს ეს ქუჩები სრულიად გამოცვლილია. გაიხსნა კაფე-ბარები, მაღაზიები. ეს უბანი უფრო მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. ამავე დროს, უბანმა შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა როგორც ურბანული, ასევე სოციალური თვალსაზრისით”.

ასე რომ, ძველი შენობების მოვლა და პატრონობა მხოლოდ მისი გადაღებვა და აივნებზე ჭრელ-ჭრელი ყვავილების გადმოკიდება არ არის. მთავარია, შენობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ. პირველ რიგში, კი გაჯანსაღდეს ის გარემო, რაზეც სახლი დგას. ამ მიმართულებით ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ სერიოზული სამუშაოები დაიწყო. მალე ისტორიულ უბნებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასე რომ, ქალაქი, რომლის სახლებიც წყალში დგას, დროულად არის გადასარჩენი.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • marika says:

    აღფრთოვანებული ვარ ამ ინფორმაციით. მეც ძველ უბანში ვცხოვრობ (აბანოთუბანი) და კარგი იქნება , თუ ჩემს ქუჩასაც მოელის რეკონსტრუქცია, ოღონდ ისე ნამდვილად არ მინდა, რომ ამ გალამაზებულ და განახლებულ სახლებში უცხოელებმა დაიდონ ბინა. უფლის მადლით, ალბათ ისევ ქართველებს შეგვასახლებენ!..

  • ლელა says:

    გამარჯობათ მაინტერესებს ვის უნდ ამივმართოთ კორპუსში არსებული გრუნტის წყალთან დაკავშირებით?

  • თეონა ნოზაძე says:

    ქალბატონო ლელა, გამგეობას მიმართეთ და დაგაკვალიანებენ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი