მთავარი » ჯანმრთელობა

რა შემთხვევაშია საშიში გველის ნაკბენი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.07.2011 7 კომენტარი | 14,954 ნახვა

ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად ქვეწარმავლებიც გააქტიურდნენ. დედამიწაზე გველის 3000 – მდე სახეობაა ცნობილი. მათგან საქართველოში 20-22 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან 4 შხამიანია, 2 კი საეჭვოს მიეკუთვნება. ამ 4 შხამიანი გველიდან კი ყველაზე შხამიანი გიურზაა.

გიურზაუნდა აღინიშნოს, რომ თბილისში შხამიანი გველი არ არის. თუმცა თბილისსა და მის გარშემო 10-12 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს. მათი უმრავლესობა მცურავია – მცურავი კრებითი სახელწოდებაა, რომელიც გულისხმობს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. თბილისში გავრცელებული მცურავები უსაფრთხოა ადამიანებისთვის. ქალაქში ასევე მრავლადაა გველხოკერები. გველის ეს ჯიში აბსოლუტურად უვნებელია. მას არც კბილები აქვს და არც შხამი. ასე რომ, ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისისგან განსხვავებით, რაიონებში მეტად რთული მდგომარეობაა. საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გავრცელებულია რამდენიმე ჯიშის შხამიანი გველი. მათგან ყველაზე საშიში და შხამიანი კავკასიური გიურზაა. გიურზას გავრცელების არეალი კრწანისიდან იწყება და აღმოსავლეთისკენ, რუსთავისკენ და კიდევ უფრო იქით გრძელდება. ეს ქვეწარმავალი, გარდა ჩამოთვლილისა, მრავლადაა კახეთსა და ქვემო ქართლშიც. ასევე დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია კავკასიური გველგესლა, მთაში კი, განსაკუთრებით რაჭაში, გვხვდება ველის გველგესლა.

როგორც უკვე ვთქვით, გიურზას ნაკბენი განსაკუთრებით საშიშია. როდესაც გიურზა, ან სხვა ნებისმიერი გველი საშიშროებას გრძნობს ადამიანისგან, ცდილობს გაქცევას, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს.

გიურზას სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს, ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახვრეტა მოუწიოს. კბენის დროს ორგანიზმში შეჰყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს ჩამოუვარდება.

გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებსა და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმლის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ვითარდება ქსოვილის ნეკროზი. იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

– როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?

ზოგადად, გველი არ არის აგრესიული და ყოველთვის გაურბის ადამიანს. ამიტომ აუცილებელია ფრთხილად ვიყოთ და მოვერიდით მაღალ ბალახებს, რათა შემთხვევით ფეხი არ დავადგათ, ან ძალიან ახლოს არ მივიდეთ მასთან, რადგან ამ შემთხვევაში გველი, თავდაცვის მიზნით, თავს ესხმის ადამიანს და კბენს.

თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ მიეცემით პანიკას. თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ; ერიდეთ აქტიურ ქმედებებს. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა, ან დაჭერა. თუ მაინც გიკბინათ, ძალიან სწრაფად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს, ანტიგიურზინს, ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.

– როგორ უნდა ვიცნოთ შხამიანი გველის ნაკბენი?

შხამიანი გველი
დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:

• წყვილი ნაკბენი;
• ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
• შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
• სუნთქვის გაძნელება;
• მხედველობის დაბინდვა;
• ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.

– პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

• მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
• ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. შეამშრალეთ
სუფთა მარლით;
• მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს
არტერიის გადაკეტვა;

როგორც უკვე ვთქვით, გველის კბენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გაგიწევენ კვალიფიციურ დახმარებას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი