მთავარი » ქრისტიანობა

რა შემთხვევაშია გამართლებული თავის მართლება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.06.2018 | 571 ნახვა

თავის მართლების შესახებ გვესაუბრება მღვდელი გიორგი ბედიაშვილი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): “თავის მართლება ნიშნავს ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედების ან ნებისმიერი საქციელის, ვინმეს წინაშე (ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის) ახსნას და გამართლებას იმ ქმედებისა, რაც მან ჩაიდინა, ან შეიძლება ადამიანის ქმედება მიემართებოდეს რამე საგანსაც. სინოდი ამქვეყნიური ცხოვრების პირობებში ძალიან ხშირად ხვდება ადამიანი ისეთ სიტუაციაში, სადაც თავის მართლება უწევს, ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, თუ ის ჯანსაღ გარემოშია, თავი იმართლოს, ის კიდევ სხვა საკითხია, ადამიანი თავის გამართლებას შეეცდება თუ არა, მაგრამ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ადამიანს ამის საშუალება უნდა მიეცეს.”

ხშირად შეცდომას დაუკვირვებლობის, არცოდნის გამო ვუშვებთ… რის შემდეგაც თავს ვიმართლებთ. არ ვიცოდი, არ ცოდნა-არ ცოდვა. შეიძლება ეს დამოკიდებულება სიტყვიერადაც გამოვამჟღავნოთ, ან გულში გვქონდეს… რამდენად მართელულია ასეთი მიდგომა?

თავის მართლება ზოგადად ცოდვა არ არის, გააჩნია ადამიანს რის გამო იმართლებს თავს. აი, მაგალითად, პავლე მოციქული როცა სინედრიონის წინაშე წარდგა, მან თავი იმართლა და ისეთი არგუმენტები მოიყვანა, რომ ის რომში გადაგზავნეს, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე, ანუ მისი ეს საქციელი გამართლებული იყო იმის გამო, რომ მან თავი არა საკუთარი ამპარტავნების გამო იმართლა, არამედ მისმა თავის მართლებამ შემდეგში დიდი ნაყოფი გამოიღო. ის მოყვასზე ზრუნავდა და მისი თავის მართლება დიდ მისიონერულ მოღვაწეობას უკავშირდებოდა. თუ ადამიანი თავს იმიტომ იმართლებს, რომ მას რცხვენია, სხვის თვალში არ გამტყუნდეს, ან საერთოდ არ უყვარს შეცდომილი ადამიანის მდგომარეობაში ყოფნა, ასეთი თავის მართლება, რა თქმა უნდა, ცოდვაა. ის ამპარტავნებას უკავშირდება. ასეთ ადამიანს არ აქვს სინანული, ვერ ხედავს თავის ცოდვებს და ჰგონია, რომ ის არაფერში ცდება, ასეთმა მდგომარეობამ თუ ის სისტემატურ ხასიათს იძენს, ადამიანი შეიძლება მძიმე სულიერ მდგომარეობამდე მიიყვანოს. რაც შეეხება არცოდნას ის ნამდვილად არ არის “არცოდვა”, ეს არის უღმერთო ადამიანთა იდეოლოგიის “ლოზუნგი”, რომ ადამიანები უმეცრებაში ამყოფონ. ეს ხომ მარტივია, ადამიანს ურჩევნია არ გაიგოს, არ ისწავლოს, არ ეძებოს, არამედ მარტივად თქვას რომ არ ცოდნა არ ცოდვაა. პირიქით, ადამიანი სულ უნდა ვითარდებოდეს და ესწრაფვოდეს სრულყოფილებას ღმერთში და ყოველგვარ კეთილ საქმეში თავისი შესაძლებლობების მიხედვით.


თავის მართლებისას, შეიძლება საკუთარ თავს დამნაშავედაც ვაღიარებთ, მაგრამ მაინც ვიტანჯებით. თუ თავის მართლებას შევწყვეტთ, შეიძლება სულიერი სიმშივიდე მოვიპოვოთ?

თუ ადამიანი თავს არ იმართლებს, ეს სიმდაბლეს უკავშირდება. როცა ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს და ის მაინც თავს იმართლებს ეს იმ მდგომარეობაზე უკეთესია, როცა ადამიანს საკუთარ თავშიც კი არ აქვს განცდა დანაშაულისა. ადამიანს ამპარტავნება არ აძლევს საშუალებას აღიაროს შეცდომა, უჭირს ამის თქმა, თან გრძნობს რომ მას შეცდომა მოუვიდა. რა თქმა უნდა, ამ დროს განიცდის შინაგან დისკომფორტს და არის აფორიაქებული. ასეთ მდგომარეობაში მან თავი უნდა აიძულოს, თავის ეგოიზმს შეელიოს და აღიაროს, ის რაც მართალია. თუ ასე მოიქცევა, ხშირად ადამიანში დაისადგურებს სიმშვიდე და დროთა განმავლობაში მუდმივი აღიარებით დაიძლევა ის სახიფათო მდგომარეობა, რასაც თავის მართლება ჰქვია.

აქვს თუ არა თავის მართლებას გამართლება რაიმე შემთხვევაში?

ზემოთ მოვიყვანე მაგალითი პავლე მოციქულთან დაკავშირებით, სადაც მოციქული თავს იმართლებს სინედრიონის წინაშე, რასაც შემდეგ მოჰყვა მრავალი ადამიანის ქრისტიანობაზე მოქცევა. ადამიანის თავის მართლება იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ის სიკეთის მომტანია და არ ემსახურება რაიმე ცოდვის დამალვას. პირად ეგიოზმსა და ამპარტავნებას. შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ადამიანის საქციელი სხვაგარად იყოს გაგებული საზოგადოების ან პიროვნების მიერ და ამან ზიანი მოუტანოს ვინმეს. ამ დროს აუცილებელიც კი არის სიტუაციის დეტალურად წარმოჩენა და არგუმენტირებულად განმარტება იმისა, რაც არასწორად იყო გაგებული. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ჩვენს თანამედროვე რეალობაში, რომელიმე მღვდელმთავრის ან მღვდლის მიმართ, ან თუნდაც საპატრიარქოს მიმართულებით გაჟღერებული არასწორად გაგებული შემთხვევები, რაც საზოგადოებაში იწვევდა ეჭვს და ხდებოდა განითხვის საგანი, ამიტომ იძულებული გამხდარან სასულიერო პირები აეხსნათ რეალობა საზოგადოებისთვის, რომ ადამიანები დაეცვა განკითხვისგან, სიცრუისგან ან ნებისმიერი სხვა ცოდვისგან, რომელიც არასწორი გაგების შედეგად იქნებოდა განვითარებული. ასეთი შემთხვევებიც შეიძლება თავის მართლებად ჩაითვალოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევას მიეკუთვნება, სადაც თავის მართლება აუცილებელია.

როგორ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდეს მუდმივად თავის მართლების პოზიციიდან, რა შეიძლება ვურჩიოთ ასეთ ადამიანს?

ძალიან საშიშია თუ ადამიანს ჩვევაში აქვს გადასული თავის მართლება. რთული იქნება მისი განკურნება, პირველ რიგში, ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ქრისტიანობა არის ბრძოლა ვნებებთან, ეს გულისხმობს თავშეკავებას. თუ ადამიანს სურვილი აქვს ქრისტიანული ცხოვრებისა, ის აუცილებლად იბრძოლებს, მრავალი დამარცხების მიუხედავად, ის შეეცდება წამოდგეს და გააგრძელოს სვლა მაცხოვნებელ გზაზე. ამაში რწმენა შეეწევა და თავის იძულება, მაგრამ ადამიანს თუ სარწმუნოება მცირე აქვს, მას ბრძოლა ეზარება და არც კი ცდილობს რამე შეცვალოს ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, თავის მართლება მისთვის არც იქნება შემაწუხებელი. მორწმუნე ადამიანი კი თავის თავს სულ უნდა აკვირდებოდეს და თუ შენიშნავს, რომ ის მუდმივად თავის მართლების პოზიციაშია, ეს უნდა შეწყვიტოს და გაჩუმება არჩიოს იმ დროს, ჩაუღმავდეს საკუთარ თავს, ცოდვებს, გაიხსენოს რომ უფალმა თავი დაიმდაბლა „ვიდრე სიკვდილამდე“. ყველა წმინდანი თავმდაბლობის მაგალითი იყო, ასევე ისინი თავს არასდროს იმართლებდნენ და ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ისინი მართლები ყოფილან და არ გაუმართლებიათ თავი. უნდა იკითხონ წმინდა მამათა ცხოვრება და კარგად გამოიკვლონ ამ „სენის“ შედეგები, ასეთი მიდგომით და მოძღვრის დახმარებით, დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება თავის დაღწევა მუდმივი თავის მართლების პოზიციიდან.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.