მთავარი » საზოგადოება

რა როლი აქვს განათლებას დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბებაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.10.2016 | 1,218 ნახვა

დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სამი სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტი. ესენია: ოჯახი, სახელმწიფო და სკოლა. ოჯახი – ეს არის პირადი ფასეულობების შემსწავლელი ინსტიტუტი, სახელმწიფო – საზოგადო ფასეულობათა ინსტიტუტი, წიგნები ხოლო სკოლა – პირად და საზოგადო ინტერესთა ერთობლიობა.

თუ რა როლი აქვს თითოეულ ინსტიტუტს დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბებაში, ასრულებს თუ არა ეს ინტიტუტები თავის დანიშნულებას, როგორია განათლებული ადამიანი? ამ და სხვა თემებზე “ამბიონი” ესაუბრა განთლების მკვლევარს, ქალბატონ ნათია ვაჩეიშვილს.

როგორ ხდება დემოკრატი მოქალაქის ჩამოყალიბება?

დღევანდელი ცივილიზებული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესია დემოკრატი მოქალაქის ჩამოყალიბება. ადამიანი ბავშვობიდან იღებს აღზრდა-განათლებას. უპირველეს ყოვლისა, ამაში მონაწილეობას იღებს ოჯახი, დედა, რომელიც დაბადებიდან ზრდის შვილს. შემდეგი ეტაპია საბავშვო ბაღი, დედასთან ერთად, მასწავლებელი ზრუნავს ბავშვზე და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით გარკვეულ ცოდნას გადასცემს. მაგრამ, უპირველესად, პიროვნების თუ მოქალაქის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებს სკოლა. რა ფუნქცია აქვს სკოლას? სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს აღზრდა-განათლება დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. სკოლაში მიღებული განათლება მულტიფუნქციურია; სკოლაში იქმნება პიროვნება, რომელიც ასაკობრივად ვითარდება, ცოდნას იძენს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება დემოკრატ მოქალაქედ და სოციუმში ინტეგრირდება. აი, სწორედ ეს ინტეგრირება უნდა იყოს მარტივი, მოქნილი, რაც თავისთავად საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხის შემფასებელი იქნება. მაგრამ სამწუხაროდ, დემოკრატი მოქალაქის ჩამოყალიბების აუცილებლობა დღემდე ვერ გაგვიცნობიერებია და სწორედ ამიტომ იჩენს თავს მრავალი პრობლემა.

რა ვითარებაა დღევანდელ სკოლებში?

ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ კვლევა ოთხ სკოლაში, თუ რა როლს შეასრულებენ თანამედროვე ტექნოლოგიები ფასეულობების სწავლაში. იგულისხმებოდა სწავლების სტილის შეცვლა. ამ სკოლებში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა დაგვხვდა. სკოლა მოკლებულია 21-ე საუკუნის მოთხოვნებს როგორც სასწავლო, ასევე ტექნოლოგიური ასპექტით. როგორც ვიცით, სასწავლო პროცესში მასწავლებელ-მოსწავლის კავშირი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სინქრონული თანხვედრა დაკარგულია. მასწავლებელი დაკავებულია პირადი სასწავლო გეგმების შესრულებით, რაც გაწერილია სილაბუსში და მას ნაკლები დრო რჩება მოსწავლეებთან არასაპროგრამო მუშაობისათვის. დღევანდელი მასწავლებლის „კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით, პედაგოგი ორიენტირებულია კრედიტების დაგროვებაზე და მაღალი კატეგორიის მოპოვებაზე, რათა ფინანსური შემოსავალი გაზარდოს, აქედან გამომდინარე, მოსწავლის ცოდნაზე და პრობლემების გადაჭრაზე ნაკლებად ფიქრობს. შედეგიც სახეზეა, სკოლადამთავრებული მოზარდი უმეტესწილად კერძო რეპეტიტორებთან ემზადება, რათა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. ასევე სამწუხარო რეალობაა, რომ სკოლის სასწავლო პროცესი არ არის მოწესრიგებული. ხშირია დისციპლინის დარღვევა, ტექნოლოგიური სწავლების ნაკლებობა, პროგრამის შეუთავსებლობა საგაკვეთილო პროცესთან და ა. შ.

თანამედროვე შეხედულებებით, სკოლის მიზანია მოზარდის დემოკრატ მოქალაქედ ჩამოყალიბება. ცოდნის მიცემასთან ერთად, სკოლა უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროს მოზარდებს, თუ გვსურს რომ მოხდეს ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში, მაგრამ დღეს სკოლაში არ ისწავლება ფასეულობები ცალკე საგნად. პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობას, მეგობრობას თუ სხვა ღირებულებას ადამიანი დაბადებიდან არ იღებს, მას ინდივიდი გამოიმუშავებს გარკვეულ ასაკში სწავლებით. დღევანდელ სასკოლო რეალობაში ფასეულობათა სწავლება მხოლოდ „სამოქალაქო განათლების“ პროგრამაშია შეტანილი, ისიც ნაწილობრივ. დასავლეთში განსხვავებული სიტუაციაა, ფასეულობათა სწავლება ცალკე საგნადაა წარმოდგენილი. რამდენიმე წლის წინ, ქართული ლიტერატურის პედაგოგს, ევალებოდა ბავშვებისათვის ესწავლებინა სხვადასხვა ღირებულებების გააზრება ტექსტების მეშვეობით. დღეს ქართული ლიტერატურა ცალკე საგნად აღარც კი ისწავლება. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ მოზარდებს სწორად აზროვნების პრობლემაც ექმნებათ, ვინაიდან სასწავლო პროგრამა რეალურად არ ითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებას ევალება. ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სილაბუსები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფურცელზე გაწერილი დოკუმენტის როლს ასრულებს და რეალობას მოკლებულია.

როგორია განათლებული ადამიანი?

თანამედროვე შეხედულებით, განათლებულ ადამიანს მიღებული აქვს ცოდნა, ფლობს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა დემოკრატი მოქალაქისთვის, ამასთანავე არის აქტიური მოქალაქე და საზოგადოებრივ საქმიანობაში იღებს მონაწილეობას. შეუძლია ცოდნის გამოყენება და მისი განვითარება. ცოდნის მიღება არ მთავრდება უნივერსიტეტის დამთავრებით, ცხოვრების მანძილზე ინდივიდი ხანგრძლივი პროცესის მეშვეობით მუდმივად იღებს ცოდნას. საზოგადოებას ცოდნა გაიგივებული აქვს განათლებასთან; ხშირ შემთხვევაში განათლებაში გულისხმობენ მხოლოდ ცოდნის მიღებას, რაც არ არის მართებული.

დღეს ოჯახი ბავშვის აღზრდაში ნაკლებად იღებს მონაწილეობას, მშობლები ძირითადად დაკავებული არიან ფინანსური პრობლემების გადაჭრით, მოზარდი კი განზე რჩება. საზოგადოება ამას სათანადოდ ვერ აცნობიერებს, რადგან ჰგონია, რომ აღზრდა-განათლება მხოლოდ სკოლის ფუნქციაა.

როგორია საზოგადოების როლი პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

საზოგადოების როლი ძალიან დიდია. ნებისმიერი ინდივიდი უნდა აცნობიერებდეს, რომ მოზარდი თაობის აღზრდაში გარკვეული, მცირედი მონაწილეობა მაინც მიიღოს, სკოლაში, აღზრდაში თუ განათლების მიღებაში, საზოგადოების ჩართულობა მცირეა. დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაკეთდეს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ბავშვებს საზოგადოებრივ საქმიანობასთან დააახლოვებს და მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებას ხელს შეუწყობს.

ამდენად, სამივე ინსტიტუტის თანამონაწილეობა დემოკრატი მოქალაქის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია. თუ ერთ-ერთი ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, შედეგის მიღება საკმაოდ რთულია.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.