მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა ქმნის კარგ განათლებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2019 | 242 ნახვა

სოფო ტალახაძე,
ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, ფსიქოსინტეზისა და B.O.P. სპეციალისტი, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი

განათლება ფართო ცნებაა და გულისხმობს ადამიანის განვითარების ხელშემწყობ პროცესს, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ფორმალურად (სკოლა, უნივერსიტეტი), ასევე არაფორმალურად (თვითგანათლება და ა.შ). ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განათლების დონე საქართველოში დაბალია. აღნიშნული საკითხი ბევრ შფოთვას იწვევს საზოგადოებაში და მრავალ კითხვასაც ჰბადებს. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ორი მთავრი კითხვა: რას ნიშნავს განათლება? რა არის იმ ნიშნულის საზომი, რომელსაც ვედრებით?

სხვადასხვა კვლევები (UNICEF, PISA) ადასტურებენ, რომ მსოფლიოში საგანმანათლებლო სისტემებით წამყვანი პოზიციები: სინგაპურმა, იაპონიამ ესტონეთმა, ფინეთმა და სხვა ქვეყნებმა დაიკავეს. ისმის ლოგიკური კითვა: რა აქვთ ამ ქვეყნებს ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? ცოდნის დაგროვების უნარი თუ საერთოდაც, ფსიქიკური უნარები: აღქმა, აზროვნება, მეხსიერება და ა.შ.
პიროვნების განათლება დაბადებისთანავე იწყება, რაც მის სამყაროსთან შეგუების მუდმივ პროცესს გულისხმობს. ჩვენთვის საინტერესოა რამდენად შეძლო პაწაწინა არსებამ მატერიალურ გარემოსთან ადაპტაცია, რამდენად მიეცა მას უფლება გამოეჩინა ინიციატივა, როცა მას განვითარების ეს ეტაპი ეწვია(იხ. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარები სტადიები) მიეცა თუ არა მას კითხვების დასმის უფლება, როცა ის ჯერ კიდევ გაოცებული თვალებით უყურებდა სამყაროს მრავალფეროვნებას? ჩვენ, უფროსები, რა „მზა ფრაზებს“ ვახვედრებთ ბავშვების შემოქმედებით და კრეატიულ ინტერესებს

განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ფსიქოლოგიური მიზეზების გარკვევის გარეშე თანამედროვე და მსოფლიოში ადაპტირებული მეთოდების შემოტანა, ჩვენი მხრიდან, მხოლოდ სიახლეების ძიებაა და მეტი არაფერი, რადგან ვიდრე შურითა და ბოღმით ვზრდით ჩვენს შვილებს („იმან როგორ უნდა გაჯობოს სწავლაში)“ და არაჯანსაღ კონკურენციას ვუბეჭდავთ მათ გონებაში, წინსვლას ვერ შევძლებთ.

მსოფლიო სტანდარტებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე. ფინეთის სწავლების პარადიგმა თანასწორობაზე დგას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის, მეგობრობის, თანაგანცდის მოდელის შემოტანას და არა კონკურენციისა და შეჯიბრის (ვინ ვისზე უკეთესია, ვინ გაჯობა). მათი მთავარი მიზანი პიროვნების ფსიქოლოგიური სიმშვიდეა. ბევრ დროს უთმობენ დასვენებას, ოროენტირებულები არიან ხარისხზე და არა რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ გადაღლილობა გარკვეულწილად მექანიკური ქცევისკენ უბიძგებს ადამიანს. მექანიკური ქცევა კი, თავის მხრივ, მოკლებულია რაციონალურობას. ფინეთში ბაგა-ბაღისა და მაღალი კლასის სააღმზრდელო სისტემა მნიშვნელოვან ეტაპებად განიხილება თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებისათვის.

ესტონეთის მთავრი მიზანი ინტერაქციულ სწავლებაზეა ორიენტირებული. მათთვის მნიშვნელოვანია პედაგოგის ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეების მიმართ, ისინი თითონ ქმნიან საკუთარ სილაბუსს და ამით მეტი პასუხისმგებლობისა და კრეატიულობის გამოხატვის საშუალება ეძლევათ. პედაგოგმა რომ კარგად ასწავლოს, ჯერ თვითონ უნდა სჯეროდეს საკუთარი შემოქმედებითობის, მაგრამ რამდენადაც ჩვენი კულტურული აღზრდის სტილი უფრო დირექტიულობისაკენ (მკაცრი აღზრდა) არის მიმართული, ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე რიგიდულები და შეშინებულები ვართ ყველა სფეროში. სისტემას პიროვნებები უნდა ქმნიდნენ და არა მასა, რომელიც გაწვრთნილია არსებული „შაბლონების“ შესრულებაში, ინსტიტუციურობის და სისტემურობის შეგრძნება აუცილებელია ადამიანისათვის, მაგრამ ამას უნდა ქმნიდეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამშრომლური გარემო და არა პირველობის სარბიელზე მყოფი მასა

იაპონიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლებას სწავლების შესახებ. პედაგოგები მოსწავლეებს უვითარებენ გამოგონებისა და კვლევის უნარებს. მათემატიკის იაპონელი პედაგოგები, ამოცანისა და მაგალითების ამოხსნის პროცესში, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დისკუსიის მნიშვნელობაზე. ისინი თვლიან, რომ მოსწავლემ უნდა გაიაზროს დადებითი და უარყოფითი მეთოდები. როგორც ისინი აღნიშნავენ მათ მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომების დაშვების. სინგაპურელი პედაგოგების აზრით, მოსწავლეს უნდა განუვითარო მოსმენის, ინფორმაციის მიღებისა და გადმოცემის უნარი. მათი სასწავლო გარემო მეგობრული და უსაფრთხოა, თუმცა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ავტორიტეტების პატივისცემას, საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ეროვნულობას. ეროვნული იდენტობა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ როლს ასრულებს ადამიანის ცნობიერებაში.

ამდენად, განათლების ამოცანა ფსიქოლოგიურ თავისებურებებში უნდა ვეძებოთ, რომელსაც სჭირდება ანალიზი და კვლევა. სასურველია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და გაზიარება, მაგრამ მთავარი გასაღები სწორ აღზრდაში და გამოხატვის თავისუფლებაში უნდა ვეძებოთ (არ ვგულისხმობ ეპატაჟებს და არაეთიკურობას). მიუხედავად ეროვნებისა, ნებისმიერი ადამიანი განვითარებისკენ ბუნებრივად მიისწრაფვის (თუ რამე ბიოლოგიური პრობლემა არ აქვს). ჩვენი კულტურული აღზრდის სტილი, უმეტესწილად, ორ პოლარობაში მონაცვლეობს, ან გაწვრთნილი და კარგად დამჯერი შვილების „გამოყვანა“ გვინდა, ან ყველაფრის უფლებას ვაძლევთ, რაც სისტემურობის შეგრძნებას აკარგვინებს მათ. აღზრდაში ოქროს შუალედი ჩვენი შვილების/მოსწავლეების მოსმენით და ემოციური თანადგომით იწყება. ჩვენი მთავარი ვალდებულება მათ მიმართ არის ის, რომ მინიმუმ არ დავაზიანოთ ისინი, არ წავართვათ ფანტაზიის, აზროვნების, აზრის გამოხატვის, ინიციატივისა და კითხვების დასმის უფლება, რადგან აქედან იწყება განათლება. ჯანსაღ IQ-ს ჯანსაღი EQ (ემოციური ინტელექტი) სჭირდება საფუძვლად. თუ ჩვენს შვილებს ვასწავლით ემოციურ თანადგომას, ისინი ისწავლიან თანამშრომლობას და შექმნიან ჯანსაღ, განათლებულ საზოგადოებას. თუ ჩვენს შვილებს ვაგრძნობინებთ მათ მნიშვნელობას სამყაროში, მათი განვითარებაც შინაგანად იქნება მოტივირებული და არა გარეგან, წამახალისებელ და შემაჯიბრებელ გარემოზე ორიენტირებული. როდესაც ჩვენი სწავლების მიზანი გარეგანი მოტივაციის წახალისება ხდება (ცოდნას ვაგროვებ მხოლოდ იმისთვის, რომ შემაქონ, მაღიარონ, ტაში დამიკრან, ვიღაცაზე უკეთესი წარმოვჩნდე), ეს მდგომარეობა ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული, რადგან თავისი ბუნებით ნამდვილ განათლებას მოკლებულია. ადამიანის ცოდნის დაგროვების სურვილი საკუთარი თავის განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც არასოდეს სრულდება. სწორედ ეს პროცესი ქმნის ჯანსაღ მოტივაციას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. www.edu.aris.ge
  2. www. Borgenproject.org
  3. www.bigthink.com
  4. www.morningfuture.com
  5. www.prezi.com




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი