მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის თამაშს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2022 | 695 ნახვა

ფსიქოლოგი მედეა გელდიაშვილი: თამაში ხელს უწყობს მოტორულ და კოგნიტურ განვითარებას.

ჩვენ ვიცით, რომ პატარა მუდმივად იცვლება და მისი შესაძლებლობები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება როდესაც ვსაუბრობთ თამაშზე და განვიხილავთ მას ბავშვთა ფსიქოლოგიის ჭრილში ბუნებრივია უნდა შევეხოთ ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარებს. მაგალითად, პატარების თამაშის პროცესის დაკვირვებისას შევნიშნავთ, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის სათამაშო საგანს. თოჯინას უვლის ისე თითქოს მართლაც სულიერი არსება იყოს. ამის მიუხედავად იცის, რომ ეს ასე არაა. თამაშის თავისებურებაც ეს გახლავთ, რომ ერთდროულად იგი ფანტაზიით მოცული რელობაცაა და ასევე სინამდვილეც.

ორი წლიდან ბავშვი ვირტუალურ, თამაშის სამყაროში ცხოვრობს. ისინი ირგვლივ მდებარე საგნებს სუბიექტურად აღიქვამენ. მათ ასაკისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები აქვთ საგნებსა და მოვლენებზე, რაც განსაკუთრებით ნათლადაა გამოკვეთილი თამაშისას. შეუძლიათ ყველაფერს უნიკალური ახსნა მოუძებნონ, ან ერთი კონკრეტული საგანი სასურველ სათამაშოდ გადააქციონ. პატარებს მოსწონთ თამაში, ამ დროს მათ თავიანთი ავტონომია აქვთ. თავს თავისუფლად გრძნობენ, თავად ადგენენ წესებსა და პრინციპებს. ისინი ქმნიან სუბიექტურ რეალობას, სადაც მუდმივად ერთი რაღაცის სხვა რამედ გადაქცევაა შესაძლებელი.

ბავშვი თავისი სისუსტისა და უნარჩვევების ნაკლებობას ყოველთვის განიცდის. არ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც ამას ოჯახის წევრები ახერხებენ, უმეტესად დამოუკიდებლად ვერ იკმაყოფილებენ სურვილებს. ამაში ზრდასრული ადამიანის ჩართულობა ეხმარებათ. იმას, რასაც სინამდვილეში ვერ ანხორციელებენ თამაშის პროცესში გადააქვთ და, სწორედ ამ გზით ცდილობენ დაიკმაყოფილონ მისწრაფებები და სურვილები. მაგალითად, მათ არ ხელეწიფებათ სამზარეულოში რაიმე აქტივობა დამოუკიდებლად მოიმოქმედონ. ვინაიდან ეს გარკვეული პერიოდი შეუძლებელია, ისინი იყენებენ სათამაშო მოწყობილობებს, რომლის მსგავსებსაც დედა მოიხმარს. ბავშვი იმ ქცევის იმიტირებას ახდენს, რომელიც ზრდასრული ადამანის სერიოზულ საქმიანობად მიიჩნევა. ამ გზით მომავალი ცხოვრებისთვის გაუცნობიერებლად ემზადებიან. რასაც დღევანდელ დღეს ფანტაზიისა და წარმოსახვის დახმარებით ასრულებენ წლების შემდეგ რეალურად განახორციელებენ.

მშობლისა და ბავშვის თამაშის დროს ინფორმაციები იცვლება. მათი ემოციური მდგომარეობისათვის ეს პროცესი დადებითად მოქმედებს. მნიშვნელოვანია უფროსი არ შეიჭრას ბავშვის სურვილებში, არამედ ის უნდა მიჰყვეს პატარის მიერ შედგენილ წესებს, მხარი დაუჭიროს და მასთან ერთად განიცადოს ესა თუ ის ირეალური მდგომარეობა მშობელს შეუძლია გამოიცნოს შვილს რისი დანაკლისი აქვს ან რისკენ მიისწრაფვის.

უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს თამაშის დროს მუდმივად გამოხატული ნეგატივი, აგრესია და სხვა უარყოფითი ქმედებები თუ ემოციები. აგრესია ბავშვის ფსიქიკურ და ემოციურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს და როგორც წესი, აგრესიის გამოვლინებას აქვს ღრმა, ფარული საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მოცემულობა უყურადღებოდ არ დავტოვოთ.
ადრეული ასაკი მომზადებაა შემდგომი, სოციალური ცხოვრებისათვის. თამაშის გავლენა აქაც შესამჩნევია. მაგალითად, ზოგიერთი პატარა უპირატესობას მარტო თამაშს ანიჭებს და უარს ამბობს გუნდურ აქტივობაზე. როდესაც ეს მდგომარეობა უცვლელია და მუდმივად იზოლაციას ამჯობინებს ბავშვი, მშობელი უნდა დაეხმაროს შვილს ამ პრობლემის გადალახვაში.

დაუთმეთ დრო პატარებთან ურთიერთობას სხვადასხვა გასართობი აქტივობები შეგიქმნით წარმოდგენას ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის სურვილებსა თუ მოთხოვნილებებზე.

წყარო: Facebook მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოკონსულტანტი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი