მთავარი » სხვადასხვა

რა მდგომარეობაშია სომხეთში არსებული ქართული ძეგლები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.07.2012 3 კომენტარი | 5,333 ნახვა

დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მდგომარეობის, ამ მემკვიდრეობის დაცვისა და ქართველების მხრიდან მათი მონახულების მნიშვნელობაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი:

“დღეს სომხეთში არსებულ ყველა ქართულ ძეგლთან მისვლა ადვილადაა შესაძლებელი. რამდენიმე წლის წინ კი ახტალის მონასტერთან გაგვიჭირდა მიღწევა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის არსებობის არანაირი მინიშნება არ იყო, დასახლებულ პუნქტში კი ისეთ დროს მივედით, ვერავინ ვნახეთ.

როცა ახტალის ტაძარში მოხვდები, ფიქრობ, დავა იმაზე, რომ არის თუ არა ის ქართულ ძეგლი, უსაფუძვლოა. ამას მოწმობს ქართული საფლავები, უზარმაზარი და უნიკალური ხატწერა. შეიძლება ითქვას, ახტალის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც დღეს გუმბათი აღარ აქვს, თავისი ფრესკებით ერთ-ერთი უდიდესი ქართული ტაძარია, რაც შეიძლება ვიზიტორმა ნახოს ისტორიულ ლორეში. საუკუნის განმავლობაში ამ ფრესკებმა ჩვენამდე მოაღწია და კარგადაა შემონახული. კედლებზე შემორჩენილია ქართული წარწერებიც… ამასთან, სომხური ძეგლები ასეთი მდიდარი ფრესკებითაც არ გამოირჩევა…

ბოლო დროს ახტალის ტაძარში სომხური ეკლესია წირვა-ლოცვას ატარებს. ტაძარი სომხური სტილითაა მოწყობილი. აქ 2011 წლიდან დაიდგა სკამები, მანამდე შიდა ინტერიერი ცარიელი გახლდათ. სომხები ღვთისმსახურებას სხვა ქართულ ტაძრებში – ახპატში, სანაინში, ქობაირშიც ატარებენ, მაგრამ იქ წირვა აღესრულება არა მთავარ ტაძარში, არამედ მოგვიანებით მიშენებულ ნაგებობებში.”

რომელ ენებზე გვხვდება საინფორმაციო დაფები სომხეთში არსებულ ქართულ ტაძრებზე?

საინფორმაციო დაფა გვხვდება იმ ორ ძეგლზე, რომელიც იუნესკოს ნუსხაშია შეტანილი. ესენია: ახპატი და სანაინი; ასევე, ახტალის ტაძრის ეზოს შესასვლელთან. ახტალაში საინფორმაციო წარწერა 6 ენაზეა შესრულებული: სომხურად, რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, იტალიურად. ტექსტი ბრაილის შრიფტითაცაა დაბეჭდილი. საწყენია, რომ საქართველოს საზღვრიდან, სომხეთში 15 კილომეტრში მდებარე ქართულ ძეგლზე ქართული წარწერა არ არის მაშინ, როცა სხვა სახელმწიფოთა ენაზე ვხვდებით ინფორმაციას და არც მათ წარწერებშია ნახსენები რაიმე ქართულ კვალზე. საინფორმაციო დაფა მხოლოდ სამენოვანი რომ იყოს, შეიძლება ჩვენი უკმაყოფილებაც არ გამოგვეთქვა, მაგრამ დღეს ამ ფაქტზე რეაგირებაა საჭირო.

2011 წლამდე ამ ტაძრებთან ზოგადი ინფორმაცია მხოლოდ სომხურ ენაზე და რამდენიმეგან რუსულადაც იყო შესრულებული. ანუ მრავალენოვანი წარწერები დაახლოებით 1 წელია, რაც გაჩნდა.

როგორია ამ ტაძრების დღევანდელი მდგომარეობა?

მე-10, მე-11 საუკუნის ძეგლები – ახპატი, ოძუნი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაკეთებულია, გუმბათიც შეცვლილია. ტაძრის ძველ სურათებსაც რომ შეადარო დღევანდელი მდგომარეობა, განსხვავებას ადვილად შეამჩნევ.

უნიკალური გარემოა ქობაირის ტაძართან. საკურთხეველი რამდენიმე წლის წინ გადახურეს, რისი დამსახურებითაც აქ არსებული დიდებული ფრესკები გადარჩენილია.

ახპატში, სანაინში, ქობაირში, ოძუნსა და სხვა ძეგლებში – იქ, სადაც კედლებზე ქართული წარწერები ჩანს და ფრესკის ფრაგმენტები იკითხება, იმას მეტყველებს, რომ ეს ტაძრები ქართულია. ეს კვალი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წაიშალოს.

საერთო მდგომარეობით, ყველა ტაძარი მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაშია. ქართული ძეგლები ბუნებრივი პროცესებით არ ზიანდება, მაგრამ ხელოვნურად იქ ვინ რას აზიანებს, ამის განსაზღვრა ძნელია.

რამდენად ხშირად ჩადიან ქართველები სომხეთში ამ ტაძრების მოსალოცად?

ბოლო 3 წელია ამ რეგიონში ვიზიტებმა მოიმატა. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს საზღვრიდან ძალიან ახლოს, 15-30 კილომეტრში მდებარეობს ქართული წარმომავლობის ახტალისა და ალავერდის ტაძრები. ამ ძეგლების ხსენებისას უმრავლესობას საქართველოში, გურჯაანთან არსებული ახტალა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ტაძარი – ალავერდი აქვს მხედველობაში.
ამ რეგიონში გადაადგილების ნებისმიერ მსურველს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოილოცოს ეს ტაძრები.

საქართველო-სომხეთის სადახლოს საზღვარი ერთ-ერთი კარგად გადასაადგილებელი საკონტროლო პუნქტია საქართველოში. სომხეთში შესვლა რამდენიმე წუთიან პროცედურასთანაა დაკავშირებული. არც ერთ ძეგლთან ზედმეტს არავინ არაფერს გეკითხება.

ერთ დღეში შეგიძლია ნახო ყველა ძირითადი ძეგლი ნებისმიერ სეზონზე, წვიმისა და თოვლის მიუხედავად. ეს ყოველივე არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

თბილისიდან პირველი ქართული ძეგლი სომხეთში 85 კილომეტრში მდებარეობს. მთლიანად ყველა ტაძარი რომ ნახო, ჯამურად მხოლოდ 300 კმ-ის გავლაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბორჯომში ჩასვლა-ჩამოსვლა, ან თუნდაც გურჯაანის გავლით თელავში ჩასვლა უფრო შორია, ვიდრე ამ ტერიტორიაზე 6-7 ქართული წარმომავლობის ტაძრისა თუ სხვა პატარა ბაზილიკური ეკლესიის მონახულება.

რეგიონში ჩასულებს ადგილობრივებიც კარგად გვხვდებიან. მართალია, იქ ქართველები აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ზოგმა ქართულად საუბარი იცის. აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, ახტალის ტაძარში ქართველები სექტემბრის თვეში, ღვთისმშობლობას ღამისთევით ჩადიოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამასთან, ჩვენი ჩასვლა მათთვისაც დადებითი ფაქტია, რადგან გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. ტაძრების სიახლოვეს გაიხსნა არაერთი სწრაფი კვების ობიექტი. ალავერდში ერთ-ერთ კაფეში სომხურ სამზარეულოსთან ერთად ქართული, იმერული და აჭარული ხაჭაპურიც კი შეგხვდებათ. ამასთანავე, შეგიძლიათ ქართული ფულით ისარგებლოთ.

თუ სომხეთშიც ხშირად ჩავლენ ქართველები, იქნებ სხვა ენობრივ წარწერებთან ერთად ქართული წარწერებიც გაჩნდეს. ვფიქრობ, ამ რეგიონზე მეტი უნდა იწერებოდეს. ინფორმაციის მიღების შემდეგ ადამიანებს ამ ძეგლების მონახულების სურვილიც გაუჩნდებათ.

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს

თეონა ნოზაძე

[nggallery id=29]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი