მთავარი » საზოგადოება

რა გავლენას ახდენს პატიმარზე არაადამიანური მოპყრობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.09.2012 | 2,171 ნახვა

როგორია პატიმრის ფსიქოლოგია? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ამბიონს” ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძე ესაუბრა (საპატრიარქოსთან არსებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი):

“ადამიანისთვის სერიოზული ტრავმაა ჩვეული გარემოსაგან იძულებითი იზოლაცია, როდესაც ადამიანისთვის მიუწვდომელია ნაცნობებთან ჩვეული კონტაქტი, პატიმარი ვერ ახორციელებს ჩვეულ ქცევებს, იძულებით ხვდება განსხვავებულ სოციუმში და გარკვეული დროით კარგავს შესაძლებლობას, დაუბრუნდეს მისთვის სასურველ გარემოს თუ ცხოვრების წესს. ეს ყველაფერი უკვე სერიოზული სასჯელია და როდესაც ამ სასჯელის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამართლიანი, ობიექტური სასამართლოს მიერ ქვეყანაში არსებული კანონის შესაბამისად, ეს უკვე ნიშნავს, რომ დამნაშავე ადეკვატურად ისჯება.”

რამდენად მართებულია, როცა პატიმრის წამება და მასზე არაადამინური მოპყრობა ხორციელდება?

თავისუფლების შეზღუდვას თუ დაემატება დასჯის სხვა ფორმებიც, როგორიცაა აბუჩად აგდება, ცემა, სხვადასხვა ფორმის ფსიქოლოგიური წნეხი, საკვების ან წყლის შეზღუდვა და სხვა, ეს უკვე არის პატიმარი მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. ასეთ დანაშაულზე სახელმწიფომ, მისმა შესაბამისმა სტრუქტურებმა, ყველა პასუხისმგებლმა პირმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულ, უფლება და ღირსებაშელახულ პატიმარს გაუჩნდება აგრესია სახელმწიფოსა და კანონდამცველი სტრუქტურების, მათი თანამშრომლების მიმართ.

თუკი დამნაშავის პატიმრობის მიზანი არის არა შურისძიება საზოგადოების მხრიდან, არამედ იძულებითი ღონისძიება, რომლითაც იცავს საზოგადოებას დამნაშავისგან და ამასთანავე, პატიმრობის პერიოდში საშუალებას აძლევს დამნაშავეს, გააცნობიეროს თავისი დანაშაული, გადააფასოს ღირებულებები და დაეხმაროს მას, ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას. ყოველი ნორმალური ქვეყანა, ნორმალური საზოგადოება ზრუნავს თავიანთ პატიმრებზე, მათ პიროვნულ ზრდაზე და საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნებაზე.

ნორვეგიელი ტერორისტი ბრეივიკი, რომელმაც 77 ახალგაზრდა, მათ შორის ერთი ქართველი გოგონა მოკლა ახალგაზრდულ ბანაკში, არ ნანობს თავის დანაშაულს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნორვეგიის მთავრობა არ კლავს და არ აწამებს მას. სასამართლოს მიერ მისჯილ წლებს იგი კეთილმოწყობილ საპატიმროში გაატარებს, სადაც ისეთი საყოფაცხოვრებო პირობებია, როგორიც სანატრელი აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ნორვეგიის სახელმწიფო და საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს არის უალტერნატივო გზა იმისა, რომ დადებითი ცვლილებების საშუალება მიეცეს პიროვნებას. ყველა სხვა გზა იქნება შურისძიება, რაზეც ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს.

საზოგადოებამ, თავისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე უარი თქვა სასჯელის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ჩაქოლვა, ჯვარცმა, ჩამოხრჩობა, გაზის კამერაში თუ ელექტროსკამზე მკვლელობა, მომაკვდინებელი პრეპარატის ინექცია ან სხვა მსგავსი მეთოდები და გადაწყვიტა შედარებით მძიმე სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არანაირი გამართლება არა აქვს პატიმრის დამატებით დასჯას თავისუფლების აღკვეთის ადგილზე, რა ფორმით ან ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის. სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყოს პატიმრის დაცვა სხვა პატიმრებისგან და მით უმეტეს, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მხრიდან.

საბედნიეროდ, არ არსებობს ძალადობის ფორმა ან მეთოდოლოგია, რომელსაც შეეძლოს ადამიანს უპირობოდ სახე დაუკარგოს. ისტორიას ახსოვს ენითაუწერელი ძალადობის უამრავი შემთხვევა, რომლის დროსაც ძალადობის მსხვერპლები არათუ ინარჩუნებდნენ ღირსებას, არამედ ამტკიცებდნენ კიდეც მას. ადამიანები წამების მიუხედავად რჩებოდნენ თავიანთი იდეის ერთგულები, არ ნებდებოდნენ მოძალადეს. ასეთი ღირსეული მოწამეები ყოფილან როგორც მეცნიერები (ჯორდანო ბრუნო ვერ გატეხა 8 წლიანმა პატიმრობამ და კოცონზე გარდაუვალი დაწვის შიშმა), ისე ეროვნული საჭიროებისთვის მებრძოლი მამულიშვილები მსოფლიოს თითქმის ყოველ ერსა და ტომში. რაღა გასაკვირია, რომ მოძალადე მიზანს ვერ აღწევდა სარწმუნოებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთ ძალადობას, მიუხედავად გამოუთქმელი სისასტიკისა, მოჰქონდა საწინააღმდეგო შედეგი. წამება შობდა წმიდანებს და ჩვენ ვზეიმობთ ასეთი მოწამეების გამარჯვების დღეებს, როდესაც ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ და გაბრწყინდნენ როგორც წმიდანები.

ეშინოდეთ მათ, ვინც ძალადობს, რადგან თავისი ნებით ისჯიან თავს საშინელი სასჯელით. მიხარია, რომ ვიცნობ სამაგალითო ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა ფორმით ზეწოლების მიუხედავად შეინარჩუნეს ადამიანობა, ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით. არ შემიძლია აქ არ გავიხსენო და თუ ვინმეს აქამდე არ სმენია 14 წლის სკოლის მოსწავლის (დღეს უკვე სტუდენტის) გვანცა ყუფარაძის სრულიად უდანაშაულოდ დაკავების და ხუთწლიანი პატიმრობის შესახებ, ყველას ვურჩევ, გაეცნოს ინტერნეტში არსებულ მასალებს. გვანცას შემთხვევა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს სახე, ღირსება, პიროვნული ღირებულებები, გასაქანი არ მისცეს ბოღმას, შურისძიების სურვილს და დარჩეს საზოგადოების, მისი მომავლის იმედად.

მიზანშეწონილი იყო თუ არა პატიმრების წამების კადრების საჯაროდ გავრცელება?

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების საჯაროდ გავრცელება მძიმე დარტყმა იყო საზოგადოებისთვის, თუმცა, ალბათ არ არსებობს სხვა გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათი ღისების შელახვის აღკვეთა.

სამწუხაროდ, ინტერნეტით გავრცელდა “დაუმუშავებელი” ვიდეოჩანაწერები, სადაც არ იყო დაფარული სახეები და ძალადობაც სრულად ჩანდა. ეს ნამდვილად არ იყო საჭირო. ჩანაწერების იმ ფორმით მოწოდება, როგორც ეს გააკეთა მაესტრომ, მე-9 არხმა და სხვა ტელევიზიებმა, სრულიად საკმარისი იყო იმ საშინელებების სრულყოფილი წარმოდგენისთვის, ხოლო დაუმუშავებელი მასალის სხვა არხებით გავრცელებამ დამატებით ტრავმა მიაყენა ადამიანებს. პირველ რიგში, კი უფლებაშელახულ პატიმრებს და მათ ოჯახებს. საშინლად დაითრგუნენ პატიმრობაში მყოფთა ოჯახის წევრები და ნათესავები, განსაკუთრებით კი შვილები, მოზარდები.

არასოდეს დამავიწყდება გუშინდელი შეხვედრა 12 წლის ბიჭთან, რომელმაც მიუხედავად დიდი სურვილისა, ძვლივს მოახერხა ამოეთქვა, თუ როგორ ეფიქრებოდა მუდმივად, რომ მამას ხელკეტით აუპატიურებდნენ ციხეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვმა ინფორმაცია სკოლაში მიიღო მეგობრებისგან. შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რამდენად უფრო მძაფრი იქნებოდა რეაქცია, ტელეეკრანზე საკუთარი თვალით რომ ენახა და საკუთარი ყურით გაეგონა სიუჟეტებში ასახული მოვლენები. ასეთი ბავშვი კი უამრავია. თუკი ზემოთნახსენებ ბავშვთან მოხერხდა ტრავმის გადამუშავება, დანარჩენი ტრავმირებული ბავშვების უმრავლესობა დროულ დახმარებას, თანადგომას საჭიროებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი