მთავარი » ქრისტიანობა

რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.06.2020 | 298 ნახვა

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულ-გრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არმედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პეტრე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა.

აჰა, დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა. შენ უნდა სრულიად მიანდო თავი შენი ღმერთსა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საჭირო არს და საშიშო, უკეთუ არა-ოდეს ესენი არ გაჰხსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მიჰხედავს ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა. სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ იყოს გული შენი, გვეტყვის უფალი: უკეთუ საუნჯე შენი არ არის ღმერთი და ღვთის სჯული, არამედ სხვა რაიმე, მაშინ გული შენი განეშორება ღმერთსა. მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისთვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა. ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომ იგინი იყვნენ მოკლებულნი რომლითამე ნუგეშითა და კმაყოფილებითა, ვგონებ, რომ თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძინებს ამ სოფლის ბედნიერებასა და ნუგეშსა, ვერ იქმნება თვით ამ სოფელში ისრეთ ნეტარ და ბედნიერ, როგორც იყვნენ მოციქულნი პეტრე და პავლე. მართალია, იგინი იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა; გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი