რა არის მოუნანიებლობა?

რადგანაც გამოჩნდა ქრისტიანული მიტევებისა და სულიწმიდის გმობის რაობის შესახებ განმარტების საჭიროება, დაინტერესებული მკითხველისათვის გთავაზობთ ზოგიერთ ამონარიდს წმინდა მამათა სწავლებიდან.
მაშ ასე, ვკითხულობთ მათეს სახარებაში:
„ხოლო თუ შეგცოდებს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის იქნებით მარტო. თუ შეისმინა შენი, შეიძინე შენი ძმა; ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ (მათ. 18, 15-17).
„ხოლო თუ არ ისმინა“, ანუ თუ საკუთარ ცოდვას გაამართლებს და მას კანონიერ საქციელად წარმოაჩენს, „მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“, – აღარ მიიჩნიო ის შენს ძმად; მაგრამ ნურც მისი ცხონების შესაძლებლობას უარყოფ. ჩვენ არც წარმართებს მივიჩნევთ ჩვენს ძმებად, მაგრამ მუდამ ვლოცულობთ მათი ცხონებისათვის.
მოუნანიებლობა – მხოლოდ ეს სახელი შეგვიძლია ვუწოდოთ სულიწმიდის გმობას და სიტყვას სულიწმიდის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს არავის მიეტევება! სწორედ მოუნანიებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ წინამორბედიც და მსაჯულიც: „შეინანეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა“ (მათ. 3,2; 4,17). სწორედ ამ მოუნანიებლობის წინააღმდეგ ქადაგებდა უფალი სახარებაში და ამ მოუნანიებლობის წინააღმდეგ იქადაგება სახარება მთელ მსოფლიოში… მხოლოდ მოუნანიებლობას არ აქვს შენდობა არც ამ საუკუნეში და არც მომავალში, რადგან სინანულს მოჰყვება ცოდვათა შენდობა ამჟამად, რომლებიც მომავალშიც შენდობილია.
ავგუსტინე იპონელი
სულიწმიდის გმობა – ესაა მოუნანიებლობა. სულიწმიდის ამ უანგარო მადლის, ღვთის ამ უდიდესი წყალობის წინააღმდეგ მეტყველებს მოუნანიებელი გული!
ამგვარად, თავად ეს მოუნანიებლობა არის სულიწმიდის გმობა, რომელიც არ მიეტევება ადამიანს არც ამ საუკუნეში და არც მომავალში; ვინაიდან (ასეთი ადამიანი) ძალიან ცუდს და უკიდურესად ბილწ სიტყვას ამბობს (პირით თუ გულში გაივლებს) სწორედ იმ სულიწმიდის წინააღმდეგ, რომელმაც მას სცა ნათელი და ყველა ცოდვა მიუტევა, იმ სულიწმიდის წინააღმდეგ, რომელიც ეკლესიამ მიიღო და ვისაც ამ მადლით ეკლესია მიუტევებს ცოდვებს!
ამ მიზანმიმართულ წინააღმდეგობას ღვთის მაცხონებელი მადლისადმი, რომელიც არის სულიწმიდის მადლი – უწოდებს უფალი სულიწმიდის გმობას.
ფარისეველთა წინააღმდეგობა სულიწმიდის მადლისადმი ნათლად გამჟღავნდა, როდესაც მათ გაბედეს და ღვთის ყოვლისშემძლე საქმეებს ეშმაკის ქმედებანი უწოდეს.
რატომ არ მიეტევება ეს ცოდვა არც ამ საუკუნეში და არც მომავალში?
რადგან თუ ადამიანი უარყოფს სულიწმიდის მაცხონებელი მადლის აშკარა მოქმედებას – არსაიდან აღიძრება მასში სინანული, რომლის გარეშეც არც ცხონება არსებობს: მას მონანიება არ შეუძლია!
ვინც შეურაცხყოფს ქრისტეს, იხილავს რა მას დამცირებულს, მიეტევება, რადგან ეს ცოდვა – მისი შეცდომაა და იგი ადვილად ჩამოირეცხება სინანულით; მაგრამ სულ სხვაგვარია ჯიუტი წინააღმდეგობა ღვთის მაცხონებელი ძალის აშკარა ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც ფარისევლებს ჰქონდათ და რომელიც შორს იდგა სინანულისგან! ფარისეველთა ცილისწამებას უფალი მათი ბოროტი გულით ხსნის: „რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირნი მისნი“ (ლუკ. 6, 45) და აფრთხილებს მათ, რომ ყოველი უქმი სიტყვისთვის მათ პასუხის გაცემა მოუწევთ საყოველთაო განკითხვის დღეს, რადგან ცრუ და ბოროტი სიტყვები ბოროტი გულის არსებობაზე მიუთითებს.
თუ ძმამ ჩვენ წინაშე შესცოდა და რაიმე ზიანი მოგვაყენა, ჩვენ შეგვიძლია მივუტევოთ მას და ვალდებულიც ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან მოვალენი ვართ მივუტევოთ „თანამდებთა მათ ჩვენთა“; მაგრამ თუ ვინმე ღვთის წინააღმდეგ შესცოდავს, მაშინ ეს ჩვენი განსასჯელი არ არის.
საღვთო წერილი ასე ამბობს: „თუ კაცმა კაცს შესცოდა, ღვთის სამართალია ქომაგი; თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება?“ (1 მეფ. 2, 25).
იერონიმე სტრიდონელი
მართლმადიდებელი ქრისტიანის მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც არ განკურნებულა სათანადო სინანულით, ცოდვილს მარადიულ ტანჯვას უქადის. მცირე ცოდვა ქრისტიანს ღვთაებრივი მადლისაგან არ განაშორებს და მის სულს არ კლავს, როგორც ამას მომაკვდინებელი ცოდვა იქმს; მაგრამ მცირე ცოდვებიც დამღუპველია, როდესაც მათ არ ვინანიებთ, არამედ მხოლოდ განვამრავლებთ მათ ტვირთს.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.
ნეტარი ავგუსტინე: ღვთის ამ წყალობის (შეწყალება) წინააღმდეგ მხოლოდ შეუნანებელ გულს შეუძლია წასვლა. ამდენად, თვითონ ეს უნანებლობაა სულიწმიდის გმობა. ისინი ხომ იმ სულიწმიდას გმობენ, ვისითაც მათთვის ცოდვები უნდა შეენდოთ და რომელიც ეკლესიამ მიიღო.
ამ უნანებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა მართალი (იგულისხმება წმინდა იოანე ნათლისმცემელი) და მსაჯული (იგულისხმება ჩვენი მაცხოვარი), როდესაც ადამიანებს მოუწოდებდნენ: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 3:2; 4:17).
დასკვნა: ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, სულიწმიდის მგმობელი გმობს იმას, რომელიც ცოდვათა შენდობის მადლს იძლევა ეკლესიაში და, შესაბამისად, ვეღარ იღებს ცოდვათა შენდობას. ამდენად, საამქვეყნოდ მიუტევებელი ცოდვა, იმქვეყნადაც შეუნდობელი რჩება.
სულიწმიდის მგმობელთა კატეგორია უნანელთა სახით არის წარმოდგენილი.
წმინდა ბასილი დიდი აღნიშნული სახარებისეული ადგილის კომენტირებისას ბრძანებს:
ის გმობს სულიწმიდას, რომელიც სულიწმიდის მოქმედებასა და ნიჭს, მის მოწინააღმდეგეს მიაწერს. იმავე აზრს იმეორებს ის თავის ,,ღვთივსათნო ცხოვრების წესების” 35-ე კანონში, სადაც, სხვათა შორის, ამატებს, რომ ასევე სულიწმიდის გმობაა ქრისტიანზე ცილის წამება, რომელიც სულიწმიდისაგან ქრისტიანისათვის მიცემული ნიჭისადმი შურითაა გამოხატული.
სინანულის გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა სასიკვდილო ცოდვაა, რომლის გამოც, თუნდაც წმინდანი ლოცულობდეს სხვისთვის, არ იქნება შესმენილი.
არავინაა ისე კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ უნანელთ არ პატიობს იგი.
ღირსი მარკოზ მმარხველი.
უნანელობისა და სულიწმიდის გმობის შესახებ განმარტებები არ ამოიწურება წმინდა მამათა ნაშრომებიდან ამ მაგალითებით. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება კი აქვე შეიძლება:
უნანელობა და სულიწმიდის გმობა დაშორებული არ არის ერთმანეთისაგან, რადგან ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს და მრავალგზის მიეტევება სინანულის შემთხვევაში. სინანულის უგულებელყოფა კი სულიწმიდის მიერ საცხოვნებელად მოცემული მადლის უარყოფაა და ამიტომ საუბრობს მაცხოვარი ამ ცოდვის მიუტევლობაზე.
ამრიგად, ეკლესიის მხრიდან სინანულისაკენ მოწოდება და მხილება იმავდროულად სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლის, საკუთარი თავისადმი განკუთვნებისაკენ მოწოდებაა, ხოლო ყოველგვარი საეკლესიო ზომა მხოლოდ სამკურნალოა და მას მხოლოდ პირობითად ეწოდება სასჯელი.
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.