მთავარი » ქრისტიანობა

რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის ვცხოვრობთ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.04.2023 | 1,997 ნახვა

გვპასუხობს მოძღვარი (დეკანოზი ანდრია კემულარია):

“ადრე თუ გვიან ყოველ ადამიანს უჩნდება კითხვა: ვინ ვარ და რისთვის ვცხოვრობ? მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ არსებობა მაშინ იქცევა ცხოვრებად, როცა ადამიანი სვამს ამ კითხვას, ცდილობს უპასუხოს და კონკრეტული მარადიული მიზნისაკენ წარმართავს მიწიერ ცხოვრებას. მრავალ ბრძენს ამასოფლისა უცდია პასუხის გაცემა, თითქოს უპოვია კიდევაც, მაგრამ ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელიც პასუხით ბედნიერი გამხდარა. ქრისტეანებს კი გვაქვს მარტივი პასუხი, რომელიც ერთი სიტყვით გამოითქმის: განღმრთობა. დიახ, ადამიანის მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი არის ის, რისი ნაადრევად, მოუმწიფებლად მოპოვება შესთავაზა ეშმაკმა ადამს სამოთხეში – იყოს ვითარცა ღმერთი. მაცხოვარი ბრძანებს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48). მიწიერი ცხოვრების აზრი არის სწორედ ამ მიზნისაკენ სვლა. განღმრთობა ნიშნავს ღმრთის მადლის მიერ ღმრთის შვილობას. რასაც ვაკეთებთ ჩვენ ზნეობრივი ცხოვრების მოწესრიგებით დაწყებული, არის მადლის შემწყნარებლად სული მომზადების მცდელობა. ნათლობით ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს და მთელი ცხოვრება უნდა წარემართოს ისე, რომ ჩვენ მას შევეთვისოთ. ეს არის მთავარი საზრუნავი მიწიერი ცხოვრებისა.

როცა ადამიანმა იცის სად არის ნათელი, აუცილებელია ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ მისი ცხოვრება ამ ნათლისაკენ წარიმართოს, ამ უხილავი მარადიული ნათლით გაცისკროვნდეს. ამის საშუალება არის მოსაგრე ცხოვრება. შეიძლება სიტყვა „ასკეტიზმი“ მიუსადაგად მიგვაჩნდეს ერში ცხოვრებასთან, მაგრამ სინამდვილეში არ არის ასე. მოღვაწეობა, სულიერი მარხვა ყველას ძალგვიძს, რა თქმა უნდა საზომისაებრ ჩვენისა. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს“ (1კორ. 6,12). ბევრი რამ არის ცხოვრებაში რაც თავისთავად არ არის ცოდვა და ამდენად დასაშვები და მისაღებია ქრისტეანესათვის, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის მავნეა და მიუღებელი. პირველ რიგში ეს ეხება წუთისოფლის სიამეებს, რომლებიც უკარგავენ სულს ბრძოლისუნარიანობას, გვითრევენ და შვებისმოყვარეს, წუთისოფლის სულთან შემრიგებელს გვხდიან. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მარტივი, აუცილებლობით შემოფარგლული, და თუ არის შვება, ეს არ იყოს ე.წ. სულიერი გემოთმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ სულის მოსვენება და შემდგომი ბრძოლისათვის მომზადება. ვისაც არ ემეტება თავი ასეთი ცხოვრებისათვის, ვისაც უნდა დატკბეს აქაც და იქაც, ვერც აქ განძღება შვებით და ვერც მერმინდელ ცხოვრებაში იხილავს ნეტარებას. როცა გავითვლისწინებთ ამას და სწორად მივუდგებით ცხოვრებას, განღმრთობის სურვილი, როგორც მიზანი რეალური ცხოვრების მთავარ იმპულსად იქცევა.”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი