მთავარი » ქრისტიანობა

რა არის ჩვენი არსებობის მიზანი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2010 12 კომენტარი | 15,989 ნახვა

ეკლესიაბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების უმთავრესი მიზანი. ადამიანები, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, რომ ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ; რატომღაც არც კი სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას? რისთვის მოავლინა უფალმა ამქვეყნად? თანამედროვე ადამიანი მხოლოდ თავის გადარჩენასა და ამქვეყნიურ სიამეზე ფიქრობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ამბიონი” ესაუბრა მამა დავით ციცქიშვილს (კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური):

როდის ეკითხება ადამიანი საკუთარ თავს: რა არის ჩემი ამქვეყნიური მისია?

უბედურება ის არის, რომ ძალიან ხშირად ადამიანები საკუთარ თავს ამ კითხვით არ მიმართავენ. მთელი პრობლემა ის არის, რომ მატერიალური საკითხებით არიან დაინტერესებულნი, როგორ მოიწყონ ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ და ასე შემდეგ. მცირე კატეგორიაა, ვინც ფიქრობს იმაზე, თუ რა არის ამქვეყნად მათი არსებობის ნამდვილი მიზანი. როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას დაიწყებს და ღვთის მადლი შეეხება მის გონებას, მაშინ უფრო მეტად ცდილობს პასუხი გასცეს ამ კითხვას. თუმცა, ასე ვთქვათ, კაცობრიობის დაკვირვება ამ მხრივ არ გვაძლევს მაინცდამაინც სასარგებლო სურათს.

თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს ადამიანთა ამა თუ იმ მიმართულებებით ძიებას: ადამიანის ღირებულები, პიროვნული ხასიათი, ინტერესები თუ მთავარია, უფლის მადლი, რომ ადამიანმა სწორი გზით იაროს?

მთავარია უფლის მადლი. ეს განაპირობებს, ასე ვთქვათ, ამ კითხვაზე პასუხის ძიების სურვილს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოვრიცხოთ ადამიანთა ღირებულებები და პიროვნული ხასიათი და ინტერესებიც. ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი შერწყმა ხდება ხოლმე ღვთაებრივი და ადამიანური ნების ანუ სინერგია. ასე რომ, მთავარი მაინც უფლის მადლია, მაგრამ პიროვნული თვისებები ადამიანისა, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ამ მიმართულებით მონდომებას, რომ გაიცეს პასუხები ადამიანთა მიერ დასმულ ყველა კითხვაზე.

რატომ არის, რომ ადამიანები აღსარებაში ხშირად ერთსადაიმავეს იმეორებენ, შეცვლით კი ვერაფერს ცვლიან? რა არის უმთავრესი, რაც ადამიანს სულიერად გაზრდის?

იმიტომ რომ, ადამიანებში ვნებები ძალიან ღრმად არის გამჯდარი და ერთი აღსარება ხშირად ვერ ცვლის სურათს. ამას განაპირობებს ისიც, რომ შეიძლება აღსარება ხშირად თქვა, მაგრამ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინო იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოასწორო, ანუ ამ მიმართულებით ადამიანის ნაკლები მონდომებაა. ის, რომ მღვდლის მიერ წაკითხული შენდობის ლოცვით ცოდვების მიტევება ხდება, ცნობილია, მაგრამ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების გამოსწორებისას მათი ხშირად აღსარებაში აღნიშვნა, ეს შეიძლება ბევრს არ ესმოდეს. ამ შემთხვევაში ორი პირობის დაცვაა მნიშვნელოვანი: ერთი – აღსარებაში ნაკლოვანებების ხშირი აღნიშვნა და მეორე – ძალისხმევის გამოჩენა მათ გამოსასწორებლად.

რაც შეეხება ადამიანის სულიერ ზრდას, უმთავრესი არის ის, რომ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი დაცემული ბუნება, ნაკლოვანებები, სუსტი მხარეები და შემდეგ ისწრაფონ მათი გამოსწორებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკლესიის წიაღში მოხდეს. თუ არ ილოცა, აღსარება არ თქვა, არ ეზიარა ისე ადამიანში ღვთაებრივი მადლი არ შევა და მის გარეშე კი სულიერი ზრდა შეუძლებელია.

ადამიანური ცოდვილი ბუნების გარდაქმნამდე ჯერ მისი შემეცნებაა საჭირო, ამისთვის კი საჭიროა აგეხილოს სულიერების თვალი, რაც უფლის ნების გარეშე არ ხდება, როდის უშვებს უფალი ასეთ მადლს და როდის – არა?

ასეთ მადლს უშვებს მაშინ, როცა ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას ცდილობს. ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი შემეცნება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ზოგჯერ ამჩნევენ თავის ნაკლოვანებებს, ღირსებებს, მაგრამ ეს შორს დგას საკუთარი მეს ნამდვილი გაგებისგან. იმისთვის, რომ ადამიანური ბუნების შემეცნება შეძლო, უფლის წყალობით, უნდა გაგეხსნას სულიერი თვალი. თუ ეს არ დაიმსახურე, რატომ მოხდება იგი? უწესოდ მოქცევის, არასწორად ცხოვრების შემთხვევვაში უფალი არ დაუშვებს გაიგო, თუ რას წარმოადგენ სინამდვილეში. ამ შემთხვევაში პიროვნულ თვისებებზე არ არის ლაპარაკი, რომელსაც ხშირად ყველა ამჩნევს, არამედ იმ მრავალ ნაკლზე, ცოდვილ მიდრეკილებებზე, რომელსაც მხოლოდ უფლისმიერი მადლი გვიჩვენებს.

უფალი ადამიანს ერთბაშად არ უჩვენებს მის ყველა ცოდვილ მხარეზე. ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, მერე მეორეზე. იქნებ მკითხველს ავუხსნათ, რატომ ხდება ასე?

იმიტომ, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს თავის ყველა ნაკლოვანების ერთბაშად გაცნობიერებას. მართლაც, უფალი ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, შემდეგ მეორეზე. მათი გამოსწორების შემთხვევაში, საკუთარი ცოდვილი ბუნების სხვა მხარეებს ამოუტივტივებს. რთული ამოცანა იქნება, ყველა ნაკლის გამოსწორება უცებ მოინდომო. არიან ასეთი ადამიანები – ხუცესები, რომლებიც რენდგენივით აშუქებენ ადამიანის შინაგან სამყაროს. თუ დიდი სულიერების მატარებელი ადამიანი არ ხარ, ფსიქოლოგიურად ამას ვერ გაუძლებ. ამიტომ უფალი თანდათანობით გვიხსნის ჩვენი დაცემული ბუნების სხვადასხვა მხარეებს და გვაჩვევს ამ ნაკლოვანებების თანდათანობით გამოსწორებას.

ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში ცოდვით ცხოვრობდეს და არ აწუხებდეს, მაგრამ ერთ დღეს საშინელი სინანულის გრძნობა დაეუფლოს. როდის იწყებს ადამიანი საკუთარი დაცემულობის შეგრძნებას?

როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ამის შემდეგ ეუფლება დაცემულობის გრძნობა. ხშირად პირველი აღსარების დროს ადამიანს ასეთი მომენტი აქვს: ფიქრობს, რომ მე ისეთი რა ცოდვა მაქვს, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, კაცურად ვიცხოვრე. თითქოს ვერაფერს ვერ იხსენებს, მაგრამ როცა ნელ-ნელა გაერკვევა ეკლესიურ ცხოვრებაშიმ თანდათან გამოჩნდება ის ნაკლოვანებები, რაც მთელი ცხოვრება გააჩნდა. ასე რომ, სულიერი მადლი ადამიანს თვალს უხელს, რათა დაინახოს, ასე ვთქვათ, საკუთარი დაცემული ბუნება.

რამდენად სწორია, როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას გაჭირვების ჟამს იწყებს? როგორი იქნება ასე მოაზროვნე ადამიანებისადმი უფლის დამოკიდებულება? არის თუ არა ეს ერთგვარი ანგარება?

როცა ადამიანი ეკლესიისკენ ნაბიჯს არ დგამს, უფალი უშვებს იმას, რომ განსაცდელის მეშვეობით მიიყვანოს ეკლესიაში. ასე რომ, ეს ხერხი გამართლებულია, თუ ადამიანის მისვლა ტაძარში ამით მოხდება. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფალს უხარია ჩვენი განსაცდელი, ამით ის საშუალებას გვაძლევს, გამოვსწორდეთ და სულიერად ამაღლებულად ვიცხოვროთ. ეს შეიძლება ერთგვარი ანგარება იყოს, რადგან გაჭირვებაში ახსენდება ადამიანს უფალი. მაგალითს გეტყვით, აგვისტოს ომის დროს ტაძრები სავსე იყო, საფრთხემ გადაიარა და ისევ დაცარიელდა, ეს ადამიანის ბუნებაა. თუმცა, ამ ანგარების მომენტსაც უფალი შეწყნარებით უყურებს იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ამ მომენტს გადავლახავთ, უფრო მეტი სულიერებით შევალთ ტაძარში. ეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მაგრამ დასაწყისში შეიძლება, რაღაც ანგარების მომენტი ჩანდეს.

ზოგჯერ ადამიანები თითქოს სხვისი წამხედურობით დადიან ტაძრებში ისე, რომ გაცნობიერებული არც აქვთ რისთვის მიდიან. რამდენად გამართლებულია ეს?

ზოგიერთი შეიძლება მოდას არის აყოლილი და ამის გამო დადის ტაძარში, მაგრამ ვფიქრობ, საერთოდ არწასვლას, სჯობს, მივიდნენ და როცა პირველი ნაბიჯს გადადგამენ, იქნებ, უფრო მეტად გაეხსნათ სულიერი თვალი და სხვა კუთხით დაინახონ ყველაფერი. იდეალურია ეკლესიური იყოს ადამიანი, მაგრამ მისი მსახურების შემსრულებლები, ხშირად ამა თუ იმ ნაკლოვანებებით აღსავსენი არიან, ეს კი შეიძლება ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი იყოს. ასე რომ, სჯობს მივიდნენ ტაძრებში, ამით შეიძლება გარდაიქმნან, თუმცა შეიძლება ისევ იმ დონეზე დარჩნენ.

ჩვენ გვასწავლიდნენ – ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამო, რა ხდება დღეს ამ მხრივ? რამდენად არის მართლმადიდებლობა ერის შემაკავშირებელი?

ქრისტიანობამ მართლაც გადაარჩინა საქართველო, შეუნარჩუნა თავისი სახე, თუ აქამდე მოვედით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლით მოხდა. ამხელა მაჰმადიანურ ოკეანეში, ამდენი მტრით გარემოცული საქართველო მაინც გადარჩა. მსოფლიოში პატრონი ჩვენ მაინც არავინ არ გვყავს, მხოლოდ უფალზე ვართ დამოკიდებულნი. მართლმადიდებლობა ერის შემაკავშირებელია დღესაც, უხილავად და ხილული სახითაც. მადლობა ღმერთს, მრევლი საკმარისად გამრავლდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აზროვნების ხალხია, მათ მართლმადიდებლობა აერთიანებს. მრევლი ერთად რომ დადგეს, ძალიან დიდი რამე იქნება საქართველოსთვის. ამას თვითონ ვერ აცნობიერებენ, მაგრამ უფლის მადლით გაერთიანებულნი არიან.

და ბოლოს, რა არის ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი?

სულიერი, პიროვნული სრულყოფა ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით – ეს არის ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი. სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის დი ნაწილსაც. უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნული სრულყოფის გარეშე.
უფალმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო!

ქრისტინე მაისაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • გიორგი says:

    გილოცავ ქრისტინე ამბიონთან თანამშრომლობას. კარგი სტატიაა, საინტერესოდაა გახსნილი.

  • ქრისტინე says:

    დიდი მადლობა გიორგი.

  • ლაშა says:

    ქრისტინე მაისაშვილის ცხოვრებისეულ თავისებურებებიდან ნიშანდობლივია შთაბეჭდილებების სიღრმე იგი ამჯღავნებს მართმადიბლებლობით გამოწვეულ ძლიერ სურვილს რათა ქრისტიანები ილტვოდნენ ღვთისაკენ რამეთუ ადამიანებს თვალი აეხილოთ გონება გაუნათდეთ და ხელი მოემართოთ სწორედ ამას ემსახურება მისი სტატია რადგან მართმადიდებლებმა თავიანთი მომავალი ხვთის დიდებას და სამშობლოს სიყვარულს უნდა დაუკავშირონ. სწორედ ამიტომ ბედნიერების სიყვარულის სიკეთის წყაროდ ჭეშმარიტი რწმენით მინდა ქრისტინე მაისაშვილს უსურვო წარმატებული მომავალი . ადიდეთ ღმერთი რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა და ყოველი სულიერი თუ უსულო ამ ქვეყანაზე

  • ქრისტინე says:

    დიდი მადლობა ჩემზე ასე რომ ფიქრობ ლაშაა

  • თამრიკო დეიდა says:

    კარგი სტატიაა.წარმატებებს გისურვებ ქრისტინე

  • ქრისტინე says:

    დიდი მადლობა

  • lingvo says:

    საინტერესოა სტატიაა. ქრისტინე, გისურვებ წარმატებებს პროფესიულ ასპარეზზე. შეგეწიოს დედა ღმრთისა.

  • ქრისტინე says:

    მადლობთ

  • ნატალია says:

    დზალიან საინტერესო სტატიაა,დიდი მადლობა

  • სერგი says:

    მიხარია ის რასაც აქ ვკითხულობ, უფლის ასეთ სიყვარულს რომ ვხედავ ქართველებში ეს მახარებს. გაიხარეთ და გაგაძლიეროთ უფალმა!

  • ავთანდილი says:

    და ბოლოს, რა არის ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი?

    სულიერი, პიროვნული სრულყოფა ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით – ეს არის ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი. სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის დი ნაწილსაც. უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნული სრულყოფის გარეშე.
    უფალმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო!

    რა ნიშნავს პიროვნული სრულყოფა? რას მოუტანს ის ადამიანს?

  • გიორგი(გრატო) says:

    სტატია მართლაც და მოსაწონია, კარგი იქნებოდა თუ შესაქმიდან დაიწყებდი ადამიანის მიზნის ახსნას, როცა მან თავისი გაუგონრობით პირველად დაარღვია უმთავრესი წესი და ამის გამო განიდევნა სამოთხიდან, და სწორედ მის შემდეგაა, რომ იგი დღეს უკვე საჭიროებს ღვაწლს პიროვნული სრულყოფილებისაკენ აღსავლენს, რომელიც მას ისევ იმ ლამაზ მარადიულობასთან აზიარებს და დააბრუნებს. ღვთის წიაღში, მარადიულ ნეტარებასა და სიმშვიდეში.

    გისურვებ წარმატებებს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი